Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
სენტიმენტალიზმი
სენტიმენტალიზმი7-04-2012, 00:12 |
მიხეილ კალანდარიშვილი
ვიტიროთ ერთად – სენტიმენტალიზმი
XVIII ს. მეორე ნახევარში, ინგლისში, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება – სენტიმენტალიზმი, რომელიც კლასიციზმს დაუპირისპირდა და შეიმუშავა ესთეტიკური პროგრამა, სადაც არა გონებას არამედ გრძნობას მიენიჭა გადამწყვეტი როლი. ფრანგული (sentimentalisme) და ინგლისური (sentimental) წარმოადგენს თვით სიტყვის წარმოშობის ეტიმოლოგიურ ფუძეს, თუმცა მიმართულების სათაური აღებულია ლ. სტერნის რომანიდან "სენტიმენტალური მოგზაურობა". სენტიმენტალისტებმა გრძნობის და წარმოსახვის კულტი შექმნეს და ყოველივე ეს განმანათლებლური კლასიციზმის რაციონალისტურ საფუძვლებს დაუპირისპირეს, რომელშიც გონებრივი საწყისი მთლიანად განსაზღვრავდა ხელოვნების ნაწარმოების არსს. ეს იყო გადატრიალება, რომელმაც გაამდიდრა მსოფლიო ხელოვნება, დემოკრატიული გახადა მისი ენა და გამომსახველობითი შესაძლებლობები, შეიმუშავა ახალი ჟანრები და ნიადაგი მოამზადა მომავალი განვითარებისათვის – XIX ს. მძლავრი მიმართულების – რომანტიზმის დამკვიდრებისთვის. სად და როგორ დაიწყო სენტიმენტალიზმის ჩამოყალიბება? ინგლისში, მაგრამ საწყის ეტაპზე იგი იმდენად იყო დაკავშირებული განმანათლებლური კლასიციზმის საერთო დინებასთან, რომ ახალი ნიშნების შემჩნევა შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ ტენდენციების სახით. ჯერ ჯ. ტომსონს თავის პოემაში "წელიწადის დრონი" შემოჰყავს სოფლის იდილიის თემა, რომელიც ბაროკალური ლიტერატურის და დრამატურგიის თავისებურ გადმონაშთს _ თუნდაც პასტორალურ დრამას მოგვაგონებს. მოგვიანებით ე. იუნგი წერს "ღამის ფიქრებს", სადაც პოეტი თავის მელანქოლიურ განწყობას და სიკვდილის მიმართ ლტოლვას სასაფლაოს ფონზე გვიხატავს. ამ პოემის ნაწილმა საფუძველი დაუდო ე. წ. "სასაფლაოს ლირიკას", ტრადიციულ ინგლისურ პასტორალს, რომელშიც სოფლის იდილიის და ქალაქური ცხოვრების დაპირისპირება რჩება (ისევე, როგორც მე XVI ს. მეორე ნახევრის იტალიური ბაროკოსათვის) მთავარ მახასიათებელ თემად. ამ ნაწარმოებებში საზოგადოების კრიტიკა ასევე ითავსებს პატრიარქალური წყობის იდეალიზაციის მოტივს, თუმცა კონკრეტული ყოფითი დეტალები და ნიუანსები უკვე იმას მოწმობენ, რომ საქმე გვაქვს არა ტრადიციულ პასტორალთან, არამედ სრულიად ახალი, სენტიმენტალური სოფლის იდილიასთან. გრძნობის კულტს ხელოვნება მიჰყავდა ადამიანის შინაგანი სამყაროს უფრო ადეკვატურ გახსნამდე; ინდივიდუალური სახის შექმნამდე, რაც თავისთავად ფსიქოლოგიური ანალიზის გაღრმავებას ნიშნავდა. სენტიმენტალისტებს ახასიათებდა ბუნებასთან ისეთი დამოკიდებულება, რომელშიც პეიზაჟიც კი ხდებოდა პირადი განცდის მეგზური. აქედან კი ჩნდებოდა ემოციებით გაჟღენთილ სიტყვის ახლებური ხედვა, რომელიც უკვე თავისებურ ნორმას წარმოადგენს და ხელოვნების განვითარების სრულიად ახალ პერსპექტივებს სახავდა. რა მოყვა ყოველივე ამ ცვლილებას თეატრში და დრამატურგიაში? რა რადიკალური ძვრები შეიმჩნევა სენტიმენტალიზმის ფორმირების უკვე საწყისსვე ეტაპზე? პასუხი ამ კითხვებზე უნდა დავიწყოთ მთავარი მოვლენების მონიშვნით: – დრამატურგიაში შეიცვალა ლექსი პროზით; ავტორის რემარკა პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას უსვამდა ხაზს. ასე მაგალითად _ დაეცა მუხლებზე, ატირდა და ა.შ.. კლასიცისტური პირობითი დეკორაციების ნაცვლად გამოჩნდა სოფლის ხედები, განმარტოებული ქოხები, ქალაქის სახლის ინტერიერი და ყოველივე ამან თეატრს სრულიად ახალი მოთხოვნები და ამოცანები წაუყენა. ტირილი და არა სიცილი იქცა თეატრალური წარმოდგენის მთავარ გმირად. ისევე, როგორც დღევანდელ სერიალებში, სენტიმენტალისტურმა განწყობამ ხელოვნებაში მოიტანა შეცოდების, შეცდომებიდან გათავისუფლების, "პატარა ადამიანის" მნიშვნელობის თემატიკა. დამაჯერებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სენტიმენტალიზმის გავლენა განიცადეს არა მხოლოდ გოეთემ და შილერმა, არამედ ახალგაზრდა დოსტოევსკიმ, გოგოლმა და ჩეხოვმა. ის, რასაც რუსეთში `ნატურალური სკოლა~ უწოდეს სხვა არაფერი იყო, თუ არა სენტიმენტალიზმის ტრადიციის გაგრძელება ლიტერატურაში და თეატრში. რუსული თეატრის ისტორიიდან ცნობილია, რომ მაყურებელი მოდიოდა სპექტაკლზე ცხვირსახოცების დიდი მარაგით. საფრანგეთში ლაშოსემ შექმნა `ცრემლიანი კომედიის~, ხოლო მთელ ევროპაში სენტიმენტალიზმმა მელოდრამატული ჟანრი დანერგა. ე. ბენტლი წერს: `რას ნიშნავს ტირილი? სიცილის ბუნებაზე წერდნენ ბევრს... ერთ-ერთი მიზეზი, რომ სიცილს უფრო გაუმართლა, ვიდრე ტირილს იმაში მდგომარეობს, რომ სიცილი სასიამოვნოა, ხოლო ტირილი – უსიამოვნო... ცრემლები, რომლებსაც ღვრის პუბლიკა მელოდრამის წარმოდგენებზე, იმ კატეგორიაში აღიქმება, როგორც გამოთქმა "კარგად გამოვიტირე". ეს ცრემლები შეიძლება დავახასიათოთ როგორც განწმენდა, რომელზეც არისტოტელე წერდა ... "ოღონდ განწმენდა მიამიტი ადამიანისთვის". ვინაიდან უზომო ტირილი წარმოდგენისთვის ხელშემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს, მაყურებელმა ზოგჯერ უნდა შეიკავოს თავი, რათა წარმოდგენა გაგრძელდეს. ცრემლის უზომო ღვრა პუბლიკაში ისეთნაირ განწყობას ქმნის, რომ მაყურებელი თავს პერსონაჟთან აიგივებს და უკვე საკუთარი თავის მიმართ შეცოდებას გრძნობს. ეს ფენომენი კარგად აქვს აღწერილი ე. ბენტლის: "მ. ფოსტერი ამტკიცებდა, რომ სიბრალული საკუთარი თავის მიმართ გვეხმარება ჩვენ სიბერის მოსვლის გადატანაში. სიბრალული საკუთარი თავის მიმართ – ჩვენი დამხმარეა განგაშის და გამოცდის დროს, ხოლო განგაში და შიში კი ადამიანს დაბადებიდან საფლავამდე თან ახლავს." სენტიმენტალიზმის პროგრამის და მანიფესტის ავტორი ედვარდ იუნგია, რომელიც ტრაქტატში "ფიქრები ორიგინალური შემოქმედების შესახებ" (1759) კლასიციზმის რაციონალისტური ესთეტიკის წინააღმდეგ ილაშქრებს. მან სრულიად ახალი "კონგენიალობის" კონცეფცია შექმნა, რომლის მთავარი აზრი გენიალობასთან თანხვედრად, შესაბამის მოვლენად და ფაქტად იკითხება. ამ ნაშრომში ე. იუნგმა ეჭვი გამოთქვა ხელოვნების ყველა კანონის მიმართ, ხოლო მიბაძვის ობიექტად და ერთადერთ ნიმუშად მხოლოდ შექსპირის დრამატურგია აღიარა. ე. იუნგს დიდი პოპულარობა მოუტანა დიდაქტიკური პოემამ "ჩივილი, ანუ ღამის ფიქრები სიცოცხლეზე, სიკვდილზე და უკვდავებაზე", რომელიც სენტიმენტალიზმის სანიმუშო ნაწარმოებად ითვლება. აქ ე. იუნგი გამოდის განმანათლებლური "ოპტიმიზმის", გედონიზმის და ურწმუნოების წინააღმდეგ, სადაც პოემის ძირითადი პათოსი მიმართულია გრძნობის და არა გონებისკენ. იუნგის პოემამ იმდენად დიდი წარმატება მოიპოვა ევროპაში, რომ იგი უამრავი მიბაძვის ნიმუშად იქცა, რამაც ნიადაგი შეუქმნა ე. წ. "სასაფლაოს პოეზიის" განვითარებას. ვ. ჟირმუნსკი ობიექტურად განიხილავს სენტიმენტალიზმის განვითარების მეორე ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია იუნგის, კოლინზის და გრეის შემოქმედებასთან. ცნობილი მეცნიერის დასკვნა სავსებით დამაჯერებელია, ვინაიდან იგი მთავარი ცვლილებების დახასიათების დროს, "ლირიკული სუბიექტივიზმის" გაძლიერებას, სენტიმენტალური განწყობის გამეფებას, სულიერ არასასიკეთო ტენდენციების მომძლავრებას შენიშნავს: "მგრძნობიარე სული შეიგრძნობს თავის მარტოობას ცივი ეგოიზმის და მატერიალური ინტერესების სამყაროში; იგი იძირება სევდაში, კულტივირებს ცრემლებს, როგორც სულიერი ღელვის გამომხატველს და ოცნებობს სიკვდილზე". კიდევ უფრო გასაგები და განზოგადებული სურათი გვხდება ვ. ჟირმუნსკის წიგნში, როდესაც იგი ეხება იუნგის დიდაქტიკური პოემის შინაარსს – (მხედველობაში გვაქვს "ჩივილი ანუ ღამის ფიქრები სიცოცხლეზე, სიკვდილზე და უკვდავებაზე." ) იუნგის არგუმენტაცია, ჟირმუნსკის აზრით გამომდინარეობს "ადამიანის უკმაყოფილობით არსებულის მიმართ" - ეს კი სულის უკვდავების საწინდარია. თუ დედამიწაზე ბედნიერება – ჩვენი არსებობის ბოლო მიზანია, მაშინ `ცხოველები, რომლებსაც არ გააჩნდათ გონება ვერ მიხვდებიან, რომ - ყველაფერი წარმავალია – ადამიანზე უფრო ბედნიერები იქნებიან~. ჟირმუნსკი ამტკიცებს, რომ იუნგის ირონია განმანათლებლების წარმომადგენლების მიმართ იყო მიმართული. ეს მართლაც ასეა, რადგან თუნდაც ამ ერთ მოკლე ფრაზაში გამოხატულია სენტიმენტალიზმის მთავარი მიზანი – ბრძოლა გონებასთან, გრძნობის და რწმენის მომავალი გამარჯვების იმედი. ფრანგულ დრამატურგიაში სენტიმენტალიზმის მთავარი წარმომადგენელი და "ცრემლიანი კომედიის" ჟანრის შემქმნელი იყო პ. კ. ლაშოსე, რომელმაც თავის კომედიის "ცრუ ანტიპათიის" პროლოგში ამტკიცებდა დრამატურგიაში კომიკური და მგრძნობიარე ელემენტების შემოტანის აუცილებლობას. მისი პიესების ძირითადი თემატიკა შემოიფარგლებოდა ოჯახური კონფლიქტებით და მორალური პრობლემებით. სენტიმენტალიზმის გავლენა გერმანულ ლიტერატურაში და დრამატურგიაში შესამჩნევია გოეთეს და შილერის მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე. მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობა სენტიმენტალიზმი რუსულ ლიტერატურაში, დრამატურგიაში და თეატრში, სადაც ჩამოყალიბდა სენტიმენტალიზმის ტრადიცია და ე. წ. "ნატურალური სკოლა" რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა რუსული ლიტერატურის განვითარებაზე. ნ. კარამზინის შემოქმედება მოწმობს სენტიმენტალიზმის განვითარების მნიშვნელოვან ახალ ეტაპს – სუბიექტივისტურ ხასიათს, სრულიად უჩვეულო პოეტიკის შექმნას, რომლისთვის დამახასიათებელია რეალური სამყაროს იგნორირება – ოცნებებში და მოჩვენებებში გადასვლა. კარამზინის მოთხრობა "საწყალი ლიზა" რუსული სენტიმენტალიზმის უმაღლესი შემოქმედებითი მიღწევაა. რუსულ თეატრში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვ. ლუკინის "ცრემლიანი კომედია" `მფლანგველი, რომელსაც სიყვარულმა გამოასწორა~. ეს დრამატურგის ერთადერთი ორიგინალური პიესა იყო. მისი დანარჩენი კომედიები წარმოადგენდნენ ფრანგული სენტიმენტალისტების კომედიების გადმოკეთებას რუსული ცხოვრების ყაიდაზე. რუსული სენტიმენტალისტებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე მ. ხერასკოვი, რომელმაც დაგვიტოვა რამდენიმე "ცრემლიანი დრამის" ნიმუში ("უბედურთა მეგობარი" და "დევნილები"), სადაც დრამატურგი გვიხატავს მძიმე ცხოვრების სურათს სენტიმენტალიზმისთვის დამახასიათებელი ხერხებით. კიდევ ერთი დრამატურგის მ. ვერიოვკინის "ცრემლიანი კომედიები" სარგებლობდნენ პოპულარობით რუსულ თეატრში: ("ასე უნდა", "ასტრეა", "დღესასწაული ჩვენს ქუჩაზე"). ე. ბენტლი უბრუნდება "ტირილის" თემას და აკეთებს ორიგინალურ დასკვნას: `თუ თქვენ არ აძლევთ თავს უფლებას იტიროთ ან ხმამაღლა იყვიროთ, მაშინ დაუკვირდით, არის თუ არა ცრემლების ლამენტაციები თქვენ სიზმრებში. შეიძლება აღმოჩნდეს... რომ თქვენ სიზმრებში ტირით და იქცევით ისე, როგორც მსახიობი მელოდრამაში... თუ ეს ასეა, იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს სიბრალული საკუთარი თავის მიმართ. სენტიმენტალიზმის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა: რაციონალიზმთან ბრძოლა, გრძნობის კულტი – და ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა სამსახიობო ხელოვნებაში. XVIII ს. მეორე ნახევარში მსახიობებს მიეცა საშუალება უფრო ღრმად გაეხსნათ გმირის შინაგანი სამყარო, გამოევლინათ მხატვრული სახის განვითარების დინამიურობა და, რაც მთავარია, მოეხერხებინთ ცოცხალი, აღელვებული მეტყველების ინტონაციების გადმოცემა. ასეთი ტენდენციები გამოვლინდა დიდი მსახიობების შემოქმედებაში (დ. გარიკი, ფ. შროდერი, ი. ბროკმანი, ი. შუშერინი, ვ. პომერანცევი) და სხვ. სენტიმენტალიზმის გავლენა განიცადა თვით ფრანგულმა სამსახიობო ხელოვნებამაც, რომელიც ყოველთვის იცავდა კლასიცისტური თეატრის კანონებს და ნორმებს. სენტიმენტალური მელოდრამების ბრწყინვალე შემსრულებლად ქართულ თეატრში აღიარებული იყო ლადო მესხიშვილი, რომელიც ჩვენი თეატრის ისტორიაში შევიდა როგორც სცენური რომანტიზმის ბელადი. სენტიმენტალიზმის ძირითადი ტენდენციების ხანგრძლიობაზე მეტყველებს თანამედროვე ხელოვნებაც და პირველ რიგში, მომრავლებული სატელევიზიო სერიალები, რომელთა თემატიკა (სიმდიდრის და სიღარიბის დაპირისპირება, ქალაქური და სოფლის ცხოვრების შედარება, ვნებიანი სიყვარულის კოლიზიების ჩვენება და ა.შ.) არაფრით არ გამოირჩევა სენტიმენტალისტების სიუჟეტებისაგან. ეს ფაქტი კი გვარწმუნებს იმაში, რომ დღეს თვით საზოგადოებაში არსებობს მგრძნობიარე ხელოვნების მოთხოვნა. სენტიმენტალიზმი _ მოხუცებული ადამიანების საყვარელი მიმართულებაა _ ისინი ადვილად აიგივებენ საკუთარი წარსული ცხოვრების კოლიზიებს გმირებთან, პერსონაჟებთან, მსახიობებთან და ამით ახერხებენ იდენტიფიკაციას რეალობასა და ირეალურობის შორის. ამ მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელოვნების განვითარების ისტორიაში, თუმცა ისევე, როგორც სხვა მიმდინარეობების, სკოლების, სტილების შემთხვევაში, სენტიმენტალიზმაც წარმოქმნა თავისი შტამპები, გამომსახველობითი ხერხების ტირაჟირების და გამეორების საშიშროებები, ძირითადი თემატიკის ჩარჩოებში მოქცევა, რამაც საბოლოოდ შეზღუდა მისი შესაძლებლობები. XVIII ს. ბოლოს სენტიმენტალიზმი უკვე ადრეულ რომანტიზმში გადაიზარდა. ვიტიროთ ერთად – ნამდვილად სენტიმენტალისტების მოგონილი ლოზუნგია, რომელიც გვთავაზობს შეცდომების და შეწყალების მიამიტ საშუალებებს; გვარიგებს და გვამშვიდებს, გვიხატავს ცხოვრების ისეთნაირ სურათს, რომელშიც მთავარი ხდება არა მძაფრი კოლიზიები და კონფლიქტები, არამედ წინააღმდეგობრივი ვნებებით აღსავსე გზა, რომელზეც წარსულის და მომავლის ფანტომები ერთიანდებიან. მაშინ, როდესაც ჯერ არ არსებობდა პროფესიული რეჟისურის ჩამოყალიბებული პრინციპები და მით უფრო კონცეფტუალური რეჟისორული ხელოვნების ძირითადი მოთხოვნები, სენტიმენტალისტების მიერ შეტანილი წვლილი ხელოვნებას დემოკრატიულობას სძენდა, აახლოებდა მას საზოგადოების საშუალო ფენასთან და გარკვეულ იმედებს უსახავდა მას.
1. ბენტლი ე. გვ. 227-228. 2. იქვე, გვ.228. 3. ჟირმუნსკი ვ. დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიიდან. ლ.,1 981, გვ.126 (რუსულ ენაზე). 4. ბენტლი ე. გვ.230.
უკან დაბრუნება |