Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > როგორ იქცა ცენზორი ადვოკატად
როგორ იქცა ცენზორი ადვოკატად

როგორ იქცა ცენზორი ადვოკატად


12-04-2012, 23:29

 მანანა გეგეჭკორი

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლ ,,ჟოლოს” პროგრამაში, დამდგმელ ჯგუფთან ერთად, პიესის ორივე მოქმედი პირის საპროგრამო ტექსტიცაა წარმოდგენილი:
ნეო _ ჩვენთან, ცენზორებთან პიესა შემოდის, ჩვენ გულდასმით ვკითხულობთ და საეჭვო ადგილებს წითელ ქაღალდებს ვაკრავთ. რაც მეტია წითელი ქაღალდი, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ დადგმის ნებართვა მივცეთ.
ცუბაკი _ ...არა, უბრალოდ საკუთარი თავის მჯერა. მჯერა, თუ კარგად დავფიქრდები, რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებ, ყოველთვის გამომდის ხოლმე. 
 პროგრამას თავისებურად შევყავართ სპექტაკლის ატმოსფეროში. იგი საკმაოდ  უჩვეულოა. წარმოდგენაზე მისული მაყურებელი  მისთვის განკუთვნილ დარბაზში კი არ შედის, არამედ _ სცენაზე და იქ აგებულ ამფითეატრში იკავებს ადგილს. რატომ დასვა რეჟისორმა მაყურებელი სცენაზე,  მსახიობები კი _ ავანსცენასა და პარტერში სპეციალურად მათთვის შექმნილ სათამაშო მოედანზე მოათავსა? ასეთი რამ დრამატულ თეატრში პირველად არ ხდება. ამ მოვლენას მუდამ თავისი მიზეზი აქვს, უფრო სწორად, შემოქმედებითი აუცილებლობა, რომელიც პიესით ან მისი სარეჟისორო გადაწყვეტითაა ნაკარნახევი. რას მოითხოვს ჩვენგან ასეთი ადგილმონაცვლეობა ამ შემთხვევაში? მსახიობის ,,სულსა და ტყავში” უნდა შევძვრეთ? თეატრალურ პროცესს შიგნიდან შევხედოთ თუ ხელოვანისა და ხელისუფლების ურთიერთობა განმსჯელი მაყურებლის პოზიციიდან შევაფასოთ? დავთრგუნოთ თითოეულ ჩვენგანში ჩაბუდებული ცენზორი თუ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ შემოქმედისა და სახელმწიფოს მმართველის რთულ, არაერთმნიშვნელოვან, წინააღმდეგობებით აღსავსე ურთიერთობაზე? ამ მოვლენაზე საუბრისას უნებურად გახსენდება მოლიერი და ლუდოვიკო XIV, ბულგაკოვი და სტალინი, აგრეთვე ქვეყნის მესაჭეებთან მუდმივ კონფლიქტში, შეურიგებელ ჭიდილში მყოფი სხვა ბევრი გამოჩენილი ხელოვანი. მათი თავისებური ურთიერთდამოკიდებულების საინტერესო პროცესია ასახული თანამედროვე იაპონელი დრამატურგის, კოკი მიტანის პიესაში ,,სიცილის აკადემია” და  ქართველი რეჟისორის,  ლევან წულაძის მიერ  ამ დრამატურგიული ნაწარმოების საფუძველზე  მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილ სპექტაკლში  ,,ჟოლო”.
როგორ იქცა ცენზორი ადვოკატად

 პიესის მოქმედება გასული საუკუნის 40-იან წლებში ხდება. იაპონია საომარ მდგომარეობაშია. სასცენო ფიცარნაგზე, რომელიც ავანსცენიდან იწყება და მაყურებელთა დარბაზის პირველ რიგებს ფარავს, ცენზორ ნეოს (ნატო მურვანიძე) კაბინეტის მკაცრი, ასკეტური ინტერიერია შექმნილი (სპექტაკლის სცენოგრაფი თავად რეჟისორია); მხოლოდ აუცილებელი ნივთები _ მაგიდა, სკამები, უამრავი თარო _ ალბათ დაწუნებული ლიტერატურით სავსე, რადგან იქიდან ცენზორის შენიშვნის აღმნიშვნელი  ბევრი წითელი ლენტია ამოჩრილი.

ნეო მუდმივად წმენდს მტვერს. მის კაბინეტში სტერილური სისუფთავე უნდა სუფევდეს, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს ისევე, როგორც მის გარეგნობაში, ჩაცმულობაში, პლასტიკაში, მუშაობის სისტემაში. არაფერი ზედმეტი, ყველაფერი მკაცრ ჩარჩოში უნდა იყოს ჩასმული. ის ხომ სახელმწიფოს სახეა, სახელისუფლებო წესრიგის გამტარებელი ცენზორი. სიმკაცრისა და მოწესრიგებულობის ამ პედანტურ ატმოსფეროს არღვევს, თავისდაუნებურად, კომედიოგრაფი ცუბაკი (ნიკა კუჭავა) _ სპექტაკლის დასაწყისში მთხოვნელის პოზაში მდგარი დრამატურგი.
როგორ იქცა ცენზორი ადვოკატად

 

თუ ცუბაკის კომედია არ დაიდგა, თეატრი სეზონს ვერ ხსნის, რაც მისი დაღუპვის ტოლფასია. ერთ ცენზურულ ჩასწორებას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. ნეო პირველი ცენზორი არ არის ცუბაკის ბიოგრაფიაში. ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში ჩანს შემოქმედისა და სახელმწიფო მოხელის დამოკიდებულების მთელი სისტემა, სადაც ხელისუფლება ცდილობს შექმნას ,,სადად დავარცხნილი” ხელოვნება, ისეთი, რომელიც ქვეყანას კი არა, მთავრობას ჭირდება. არავითარი საკუთარი, მით უმეტეს _ განსხვავებული აზრი, არავითარი ,,ზედმეტი” ემოცია. ყველაფერი მკაცრად დადგენილ ჩარჩოებში უნდა მიმდინარეობდეს, რათა სახელმწიფო წესრიგი არ დაირღვეს. ცუბაკი  თავიდანვე მზადაა კომპრომისებისათვის. ახალბედა ცენზორ ნეოს კი დასაწყისში აოცებს დრამატურგის ასეთი პოზიცია. მას ხომ ხელოვნებასთან, მით უმეტეს, თეატრთან ურთიერთობა ჯერ არ ჰქონია. მანამდე უბრალო პარტიული მუშაკი იყო. თავად აცხადებს: ,,მწერლობა არ მაინტერესებს... ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი... კომედია არასოდეს მინახავს... ყველა პიესა ერთიანად უნდა აიკრძალოს... იაპონიას გართობის დრო არა აქვს, ომია!” 
ნეო და ცუბაკი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან _ ცხოვრების წესით, მსოფლმხედველობით, პროფესიით, სამყაროს ხედვით. კოსტიუმების მხატვარმა ნინო სურგულაძემ გმირები შესაბამისად შემოსა. პედანტ, ,,გადაჭარბებულად” მოწესრიგებულ, იუმორის გრძნობას მოკლებულ მუშათა მოძრაობის ყოფილ ლიდერ ნეოს შავი ფერის მკაცრი კოსტიუმი აცვია, საიდანაც მწვანე ბლუზა მოუჩანს. დრამატურგის ჩაცმულობა კი რბილ თეთრ-კრემისფერ-მოყავისფრო ტონებშია გადაწყვეტილი.
ხელოვანსა და ხელისუფალს,  თავდაპირველად, ერთმანეთისა არაფერი ესმით, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ იმდენად, რომ  ცუბაკის მიერ შეთავაზებულ ჟოლოს მურაბიან ფუნთუშასაც კი ნეო, სრულიად სერიოზულად, ქრთამად მიიჩნევს.
თუმცა ,,თავისუფალი” ხელოვანის ეს ,,უჩვეულო”  საქციელი ცენზორის ერთგვარ გაკვირვებასა და თავისებურ ინტერესსაც იწვევს. და იწყება მათი საინტერესო, მოულოდნელი ფსიქოლოგიური სვლებით აღსავსე, რეჟისორის მიერ არაჩვეულებრივი ოსტატობით დადგმული და მსახიობთა მიერ შესანიშნავად გათამაშებული ორთაბრძოლა, ჭიდილი სახელმწიფო წესრიგსა და ჭეშმარიტ შემოქმედებას შორის. სცენაზე მჯდომი მაყურებელი დაძაბული ინტერესითაა ჩართული მთელს ამ რთულ, მრავალმხრივსა და მრავალფეროვან პროცესში, რომელიც ყოველგვარი ემოციური ძალდატანების, ფილოსოფიურ-ინტელექტუალური სიმბოლო-რებუსების, თვითმიზნური სასცენო ეფექტების გარეშე, მსუბუქად, ლაღად, სევდანარევი იუმორითა და დახვეწილი  მოხდენილობითაა გათამაშებული.
 
რეჟისორი და მსახიობები თავიდანვე აქტიურად გვრთავენ სასცენო ქმედებაში, ჩვენს ინტერესს აღძრავენ და ნელ-ნელა,  თანდათანობით აძლიერებენ. ნეო არ ელოდა, რომ ცუბაკი მის პირველივე მკაცრ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა _ შექსპირის ,,რომეოსა და ჯულიეტას” პაროდიას გააიაპონურებდა. დრამატურგის საქციელმა მას გული ოდნავ მოულბო. შემდეგ ცენზორმა კომედიაში ,,პატრიოტიზმის აღზევება” მოითხოვა. დრამატურგმა ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა. ნეოს პრეტენზიათა აბსურდულობა ნელ-ნელა აპოთეოზს აღწევს _ პიესაში არ უნდა იყოს კოცნა, უნდა შემოვიდეს ახალი პერსონაჟი _ კარგი პოლიციელი; და ბოლოს _ კომედიაში არ უნდა იყოს არც ერთი სასაცილო სცენა. რაც მეტია შესწორება, მით უფრო უაზრო და ტრაგი-კომიკური ხდება სიტუაცია. თუმცა ეს უაზრობა შორსაა დღეს ასე პოპულარული აბსურდისაგან. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ძალიან საინტერესო თეატრალური პროცესი _ ცენზორსა და დრამატურგს შორის, შემოქმედებითი კომპრომისების კვალდაკვალ, ჯერ ადამიანური ურთიერთობა ყალიბდება, შემდეგ სიმპათია და თანაგრძნობა. ნეოს ხმა და მეტყველება უფრო რბილი ხდება, მზერა _ გამთბარი, წამით თვალზე ცრემლიც კი გამოუბრწყინდება. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ცუბაკი დასაწყისშივე თითქოს თანაუგრძნობს მას, სადღაც ეცოდება კიდეც. ცენზორს ხომ ხელოვნებით ტკბობის ბედნიერება ჯერაც არ  განუცდია. ცუბაკი, თავისდაუნებურად, ნეოს გახევებული სულის სიღრმეში აღწევს, მის გულში აღმართულ ,,რკინის ფარდას” ამსხვრევს და ისეთ ემოციებს აღძრავს, რომელთა არსებობის შესახებ თვით ცენზორმაც კი არაფერი იცოდა. ხელოვნება მასში ჯერ ადამიანს აღვიძებს, შემდეგ თეატრში შეყვარებულ, იუმორის გრძნობის მქონე, ემოციურ მაყურებელს, მერე _ თეატრალურ ხელოვნებაში კარგად გათვითცნობიერებულ სპეციალისტს, ბოლოს კი _ ცუბაკის შემოქმედების თავგამოდებულ დამცველს, მის თავისებურ ადვოკატს.
ამ პროცესების თამაში სცენაზე საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, ლევან წულაძის მიერ შექმნილ  გარემოში, სადაც მსახიობები თითქოს ხელის გულზე არიან მაყურებლის თვალწინ მხოლოდ საკუთარი ნიჭისა და ოსტატობის იმედით, ყოველგვარი ვიზუალურ-აკუსტიკური სადადაგმო ეფექტის გარეშე. ასე მგონია, რომ რეჟისორი და მისი აქტიორები გატაცებითა და სიამოვნებით მუშაობდნენ ამ პიესაზე. მასში წამოჭრილი მნიშვნელოვანი პრობლემა ხომ ყოველთვის აღელვებდა საზოგადოებას. არ შეიძლება მის მიმართ გულგრილნი იყვნენ თანამედროვე სცენის ხელოვანნი. თუ გამოცდილი ნატო მურვანიძისთვის ნეო კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო სცენური სახეა, მის მიერ უკვე ნათამაშევ პერსონაჟთა შორის, ახალგაზრდა ნიკა კუჭავას ცუბაკი _ მსახიობის პირველი სერიოზული შემოქმედებითი მიღწევაა. ,,ჟოლო” პირველად რამდენიმე თვის წინ ვნახე, მეორედ კი _ სულ ახლახანს. უდაოა, რომ სპექტაკლი დღითი დღე უკეთესი ხდება. მსახიობები სულ უფრო და უფრო ლაღად, თავისუფლად გრძნობენ თავს. მარტო კარგად კი არ თამაშობენ, არამედ ამ პროცესში დიდ სიამოვნებასაც იღებენ. ასეთი რამ სცენაზე ხშირად არ ხდება.
ორი პერსონაჟის სასცენო ურთიერთობაზე აგებულ სპექტაკლში რეჟისორს, ერთი შეხედვით, მოკრძალებული ადგილი უჭირავს. მაგრამ ეს, მხოლოდ ერთი, არაპროფესიული მზერით. თითქოსდა ,,ჩრდილში მყოფი”  ლევან წულაძე, სწორედ ამ ,,ჩრდილიდან” უხილავი ძაფებით წარმართავს ნეოსა და ცუბაკის ცხოვრებაში მომხდარი საოცარი მოვლენების მსვლელობას. მხოლოდ ერთხელ იყენებს იგი წმინდა რეჟისორულ, გარეგნულ გამომსახველ საშუალებას _ დროულად, ზუსტად და ოსტატურად. სპექტაკლის მეორე ნაწილში, როდესაც ნიკა კუჭავას გმირმა უკვე მოახერხა ნატო მურვანიძის პერსონაჟის თეატრით ,,მოწამლვა”, ლევან წულაძე გადაწყვეტს, ,,სცენის მტვერი” ასუნთქოს პიესის ავ-კარგზე აქტიურად მოკამათე ნეოს. მოულოდნელად სცენა ტრიალს იწყებს, მსახიობები მათთვის განკუთვნილი ფიცარნაგიდან ნამდვილ სცენაზე გადაინაცვლებენ, განათებულ კულისებსა და არიერსცენაზე მორბენალი ნეო და ცუბაკი მომავალი წარმოდგენის ეპიზოდებს გაითამაშებენ. ჩვენც, მაყურებლებიც, მათთან ერთად ვტრიალებთ და მონაწილეობას ვიღებთ ჭეშმარიტი თეატრალური შემოქმედების პროცესში.
ძალიან შთამბეჭდავი სცენაა, ემოციური, სუნთქვის შემკვრელი. ეს ნამდვილი, მაღალი დონის რეჟისურაა. არა თვითმიზნური ეფექტი ეფექტისათვის, არამედ სიუჟეტის განვითარების ლოგიკიდან, გმირთა შინაგანი მდგომარეობიდან აღმოცენებული დინამიური სასცენო მეტაფორა.
და ბოლოს, კვლავ ვუბრუნდები შეკითხვას: რატომ დასვა რეჟისორმა მაყურებელი სცენაზე? სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად შეაფასებს ამ მოვლენას.  მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმ პრობლემითა და სათქმელით, რომელიც თავად ლევან წულაძეს აღელვებს ისევე, როგორც ბევრ თანამედროვე ქართველ რეჟისორს, მით უმეტეს _ სამხატვრო ხელმძღვანელს. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენში იდეოლოგიური ცენზურა აღარ არის. იგი ე.წ. ,,ფინანსურმა” ცენზურამ შეცვალა. თუ ფული არ გაქვს, სპექტაკლს ვერ შექმნი. ამიტომაც საჭიროა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდო. ალბათ ზოგჯერ ისეთი რამის დადგმაც გიხდება, რაც მაინცდამაინც არ გინდა, მაგრამ თეატრს ჭირდება; ზოგჯერ არა ისე, როგორც გინდა, არამედ ისე, როგორც ამას  ვითარება მოითხოვს. თეატრი უმაყურებლოდ არ არსებობს. სცენის ხელოვანთა ურთიერთობა მათი შემოქმედების სახილველად მისულ ადამიანებთან რთული და არაერთმნიშვნელოვანია. მაყურებელიც თავისებური ცენზორია. სპექტაკლის ყოფნა-არყოფნა მის ბრძანებაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა დამოკიდებულია მის ნებაზე. რამდენი კარგი სპექტაკლი, ჭეშმარიტად მაღალმხატვრული ნაწარმოები არ შერჩა დიდხანს სცენას, მხოლოდ იმიტომ, რომ მასობრივი მაყურებლის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებდა? მდარე ხარისხის რამდენი წარმოდგენა თამაშდებოდა წლების  მანძილზე მაყურებლის ტაშის გრიალში? ეს ყველგან ასეა. ,,ჟოლოს” სანახავად მისული მაყურებელი კი, რეჟისორმა სცენაზე დასვა, თეატრალურ ქმედებაში ჩართო, სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში გმირებთან ერთად აათამაშა და კიდევ ერთხელ განაცდევინა ჭეშმარიტი ხელოვნებით მოგვრილი სიხარული.
                                   

უკან დაბრუნება