Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ევროპული თეატრის ელიტა პოსტოლიმპიურ ტურინში
ევროპული თეატრის ელიტა პოსტოლიმპიურ ტურინში

ევროპული თეატრის ელიტა პოსტოლიმპიურ ტურინში


16-04-2012, 23:06

 

 

ირინა ღოღობერიძე

 

 

2006 წლის მარტში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან პრაქტიკულად მეორე დღესვე, ტურინში ჩატარდა ევროპული თეატრის უმთავრესი პრიზის Premio Europa per il teatro-ს გადაცემის მეათე ცერემონიალი. ღონისძიება ერთკვირიანი იყო და მასში ევროპაში არსებული თითქმის ყველა თეატრალური ორგანიზაცია თუ გაერთიანება, ცნობილი რეჟისორები თუ მსახიობები, “ევროპის პრიზის” დიდი ჟიური და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კრიტიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.

 

მთავარი ჯილდო "Premio Europa" გადაეცა ნობელის პრემიის ლაურეატს, მწერალსა და დრამატურგეს ჰაროლდ პინტერს. მეორე ჯილდო “თეატრის ახალი რეალიები” ლიტველმა ოსკარას კორსუნოვასმა და სერბიაში დაბადებულმა, მაგრამ საფრანგეთში მოღვაწე უნგრელმა იოზეფ ნაჯმა გაინაწილეს.

 

ტურინის შეხვედრების პროგრამა მეტად დატვირთული აღმოჩნდა. ჰაროლდ პინტერთან ორი შეხვედრა-ინტერვიუ მოაწყო ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაიკლ ბილინგტონმა, ნაჩვენები იყო ფრანგი რეჟისორის როჟე პლანშონის მიერ ტურინის ფორუმისათვის საგანგებოდ დადგმული სპექტაკლი “მსოფლიოს ახალი წესრიგი”, რომელიც პინტერის სამი პიესის მიხედვით შეიქმნა. დუბლინის Gate თეატრმა მოაწყო საღამო “პინტერი: პიესები, პოეზია და პროზა”. ტექსტებს თეატრის მსახიობები, მათ შორის ჯერემი აირონსი, კითხულობდნენ. “პინტერის კითხვანი” ბოლო დღეს, ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის წინ შედგა და ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა, რომ ეს “წარმოდგენა” ფორუმის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იყო.

 

ტურინის პროგრამაში ოსკარას კორსუნოვასის, იოზეფ ნაჯის და ცნობილი იტალიელი რეჟისორის ლუკა რონკონის სპექტაკლები იყო წარმოდგენილი. ოსკარას კორსუნოვასმა ტურინში თავმოყრილ თეატრალურ ელიტას 2 სპექტაკლი აჩვენა: ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” ძველი დადგმა და ახალი, ძმები პრესნიაკოვების “ვთამაშობთ მსხვერპლს”. უნდა ითქვას, რომ ძველი დადგმა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ახალი, სადაც სპექტაკლ-პლაკატის სტილისტიკა აშკარად დასავლურ მაყურებელზე იყო გათვლილი. მიუხედავად ამისა, ვულგარული კლოუნადითა და სასიმღერო ნომრებით გაჯერებული “საბჭოური” კიტჩი მაყურებლისთვის სრულიად მიურებელი აღმოჩნდა. 

 

კორსუნოვასის “ხმაურიანი თეატრის” საპირისპიროდ, იოზეფ ნაჯის თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი სავსე იყო ჭეშმარიტ ფასეულობათა დაკარგვით გამოწვეული ტკივილით, იდუმალებითა და პოეზიით, რომელსაც არაჩვეულებრივად გადმოსცემდა მსახიობთა ნატიფი პლასტიკა და ნაჯის უაღრესად დახვეწილი, თანამედროვე და ორიგინალური ქორეოგრაფია.

 

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფორუმის სექციამ “Ritorni” – დაბრუნება, სადაც ლუკა რონკონიმ ტურინის ზამთრის ოლიმპიადისთვის შექმნილი პროექტი “Domani” – ხვალ წარმოადგინა. ამ პროექტში სამი სპექტაკლი იყო გაერთიანებული: შექსპირის “ტროილუსი და კრესიდა”, ვიტორიო ფოას, მირიამ მაფაისა და ალფრედ რეიჰლინის “კომუნისტების სიჩუმე” და ჯილბერტო მაფაის, პინო დონგისა და არმანდო მასარენტის “ბიბლიოეთიკა. გამოყენებითი ლექსიკონი”. ინტერესი რონკონის სპექტაკლების მიმართ ძალიან დიდი იყო, თანაც მის წარმოდგენებზე იტალიელები რატომღაც უფრო იოლად ხვდებოდნენ, ვიდრე უცხოელები. ასეა თუ ისე, სამიდან ორი სპექტაკლის ნახვა მაინც მოვახერხე. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ორივე სპექტაკლმა ოდნავ გამაწბილა, შესაძლოა იმიტომ, რომ რონკონის გატაცება მისთვის უჩვეულო კამერული მეტა-თეატრის ჟანრით არაბუნებრივი და თოთქოს ნაძალადევიც მომეჩვენა. რეჟისორმა თავის პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა წამოჭრა: ომი (“ტროილუსი და კრესიდა”), პოლიტიკა (“კომუნისტების სიჩუმე”), მეცნიერება და ფინანსები (“ბიბლიოეთიკა. გამოყენებითი ლექსიკონი”). თეატრი, რომელიც ასეთ ფუნდამენტურ პრობლემებს ეხება, რონკონის აზრით “არა მარტო განსჯისაკენ მოუწოდებს, არამედ ახლის შექმნისკენაც უბიძგებს და სოციალური თუ სამოქალაქო განვითარების მამოძრავებელ ძალადაც შეიძლება მოგვევლინოს”. თუმცა...

 

ამ თეზისის თეატრალური წარმოდგენის სახით გაცოცხლების ესთეტიკას, ლუკა რონკონის თეატრსა და Premio Europa-ს სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს უფრო ვრცლად მომდევნო პუბლიკაციებში შევეხოთ.

 

 

 

 


უკან დაბრუნება