Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
ორი დედოფლის ჭიდილი რუსთაველის თეატრის სცენაზე
ორი დედოფლის ჭიდილი რუსთაველის თეატრის სცენაზე27-04-2012, 23:25 |
ლაშა ჩხარტიშვილი
პოსტ სტურუასეული რუსთაველის თეატრში თითქმის ერთი წლის შემდეგ ქვეყნის პირველი თეატრის სცენაზე კვლავ კლასიკური ნაწარმოები გაცოცხლდა. (მანამდე თეატრი თანამედროვე დრამატურგიაზე და ექსპერიმენტებზე იყო ორიენტირებული) მსოფლიო ლიტერატურული შედევრებისადმი დაბრუნება გვიან, მაგრამ მაინც შეძლო რუსთაველის თეატრმა (რაც მისასალმებელია მხოლოდ!) გოჩა კაპანაძის ცნობილი სპექტაკლით „მარიამ სტუარტი“. აღდგენილ-განახლებული სპექტაკლისა და პირველი ვერსიის შედარება ჩემი მიზანი სულაც არ არის, მაგრამ იმის აღნიშვნა კი ღირს, რომ 1997 წელს დადგმულ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში. სპექტაკლზე ოცზე მეტი რეცენზიაა დაწერილი (რომელიცრუსთაველის თეატრის მუზეუმში ინახება), რაც იშვიათი შემთხვევაა თანამედროვე ქართულ თეატრში. მაშინ ახალგაზრდა რეჟისორის სპექტაკლმა დიდი მითქმა - მოთქმა გამოიწვია თეატრალურ წრეებში, როცა მსახიობ გოჩა კაპანაძის რეჟისურაზე საუბრობენ, ყოველთვის იხსენებენ ხოლმე მის სპექტაკლს „მარიამ სტუარტი“. თანაც რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე „მარიამ სტუარტის“ პარალელურად მიდიოდა რობერტ სტურუას გახმაურებული და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლები „ქალი გველი“ (დავით საყვარელიძესთან ერთად), „ლამარა“, „მაკბეტი“ , "იაკობის სახარება"და სხვა...
გოჩა კაპანაძე თავის სპექტაკლში ტიპიურ სამეფო კარს ხატავს, თავისი დიდებულებითა და ინტრიგებით, ცრუ სიყვარულითა და ღალატით, ფსევდო ერთგულებითა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრით, ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მგლური კანონებით. მე-16 საუკუნის ბრიტანეთის ისტორია და სამეფო კარზე დატრიალებული ამბები დღემდე აქტუალურია და ახლობელი, განსაკუთრებით ემოციური და რადიკალურობით გამორჩეული ქართველებისთვის. რეჟისორი მთელი სიცხადით ისტორიით რეტროსპექტივის გზით გვიხატავს ჩვენ თანამედროვეობას, დღევანდელ დღეს, რომელიც დიდად არ განსხვავდება წარსულისაგან. „კანონი მე ვარ“-ამბობს ერთგან ელისაბედი. ეს ფრაზა ყველაზე აქტუალურად ჟღერს დღეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტულ ადამიანებზე, სახელმწიფო ჩინოსნებზე მორგებული კანონები „იჩეკება“ ჩვენი დროის საქართველოშიც, როცა წარა-მარა იცვლება ქვეყნის უპირველესი კანონი-კონსტიტუცია.
პირველ ვერსიასა და განახლებულ სპექტაკლს ერთმანეთთან ზუსტად თხუთმეტი წელი აშორებს. ეს საკმაოდ დიდი დროა, რომ შეცვლილიყო რეჟისორის მსოფლმეხდველობა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობთა ხედვა და მიდგომა უკვე განხორციელებული პერსონაჟებისადმი... მაგრამ, როცა განახლებულ სპექტაკლს ვუყურებდი, ყველაზე მეტად თვალში მხვდებოდა მსახიობთა ახალგაზრდული შემართება და დიდი მონდომება, „ახალგაზრდულ ვნებათა ბობოქრობა“ განსაკუთრებით ორ მსახიობს: მარინა კახიანს (მარიამ სტუარტი) და ნანუკა ხუსკივაძეს (ელისაბედი) ეტყობოდათ. მათ რაც წინა სპექტაკლიდან შემორჩათ, უპირველეს ყოვლისა, განწყობა და სცენაზე დატრიალებული ახალგაზრდული ვნებებია. სპექტაკლისადმი მაყურებლის ინტერესი იმითაც არის განპირობებული, რომ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე საპირისპირო მხარეებზე აღმოჩნდებიან ამავე თეატრის ორი წამყვანი, ძლიერი და პოპულარული მსახიობი ქალი. მათი არტისტული ჭიდილიც შილერისეული პიესით ნაკარნახევ ჭიდილსაც ჰგავს, ორი უახლოესი ნათესავისა, რომელებიც მუდმივად ჩხუბობენ, მაგრამ მაინც რომ უყვართ. ამიტომაც, განსაკუთრებული ინტერესით ელოდება მაყურებელი ორი დედოფლის პირველ და უკანასკნელ შეხვედრას სცენაზე. სპექტაკლის ეს მცირე ეპიზოდი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა და წარმოდგენის ერთგვარი კულმინაციური მომენტიც არის. მარინა კახიანის გმირი მიმართავს ჯამბაზობის ხერხს. ის შეგნებულად ნაციონალურ შოტლანდიურ კოსტიუმში გამოწყობილი (რომელიც ზღაპრულ პერსონაჟს - პეპის ჰგავს) არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა დედოფლის. მისი გმირი ელისაბედს იმიტირებულად მკვდარი ხვდება. სიკვდილის იმიტაციას მან ელისაბედის გაღიზიანებისა და დაცინვისათვის მიმართა.
რთული ამოცანის წინაშე იდგა მარინა კახიანი. მსახიობი (ბუნებრივია, რეჟისორის ჩანაფიქრის კვალდაკვალ) სტუარტის ხასიათის განვითარების სამ ფაზას გვთავაზობს: 1. სტუარტი - ჯამბაზი, 2. სტუარტი - დედოფალი და 3. სტუარტი - ქალი, რიგითი მოკვდავი, ადამიანი. მარინა კახიანი მისი გმირის სამ რადიკალურად განსხვავებულ მხარეს ეტაპობრივად სხვადასხვაგვარი ხერხების გამოყენებით გვიჩვენებს. პირველ ნაწილში ის მასხარაა, სადაც დასცინის ელისაბედს, იგი არ პატიობს მას საკუთარი გვირგვინის მოტაცებას, ცდილობს ირონიით და ცინიზმით შეაფასოს რეალური ფაქტი, თუმცა ძალიან კარგად იცის, რომ გვირგვინი მას ეკუთვნის. მეორე სცენაში მარინა კახიანი მაყურებლის წინაშე დედოფლის რანგში წარსდგება, მთელი თავისი დიდებულებით, ირონიასა და ცინიზმს ის დედოფლის რანგშიც ინარჩუნებს, ეს არის სწორედ კახიანის სტუარტის მთავარი ხიბლი და ღირსება. ამასთანავე, ერთ-ერთი იარაღი (ფიზიკურ მომხიბვლელობასთან ერთად), რითაც იზიდავს გარშემომყოფ მამაკაცებს. ამავდროულად კახიანი-სტუარტი თავისუფალი და ლაღია, უცნაურად გაწონასწორებული და მშვიდი. სწორედ ამ სცენებში იღვრება დიდი სითბო დარბაზში მსახიობისგან, როცა ის დაბალ რეგისტრში საუბრობს, მისი ხმა თბილია და მაყურებლის თანაგანცდას იწვევს, თუმცა როგორც კი აბობოქრდება დედოფალი, მისი რისხვა ჭექა-ქუხილს მოგაგონებთ. მრავალპლანიანია მარინა კახიანის სტუარტი. მიუხედავად დედოფლის ცინიკური ქმედებებისა, მას ღრმა და სენტიმენტალური შინაგანი სამყარო გააჩნია. ზოგჯერ ის მიამიტიცაა, საწყალიც და მარტოსულიც, მაგრამ მიუხედავად სენტიმენტალიზმისა, ის რეალიზებული და შემდგარი ქალია, რომელსაც უყვარს სიცოცხლე და ბუნებრივია, არ სურს სიკვდილი. „სიცოცხლე ტკბილია, სიყვარული ნეტარება“-ამბობს ის ერთგან. ეს სიტყვები მხოლოდ ლამაზი, მხატვრული ფრაზა როდია-ეს სტუარტის განცდაა, რომელიც მან საკუთარ თავზე გამოსცადა.
მიუხედავად ჯამბაზობისა და ცინიზმისა, მარინა კახიანის სტუარტი ღირსეული დედოფალია, მისი გმირი მუდმივად ბეწვის ხიდზე გადის. მას როგორც დედოფალს არ ეშინია ეშაფოთის, ის მზადაა დაისაჯოს, ოღონდ კანონიერ უფლებებზე უარს ვერ იტყვის, თუმცა როგორც სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანს არ სურს სიკვდილი. სტუარტის მუდმივი ომი და ჭიდილი საკუთარ თავთან მისი ხასიათის ორსახოვნებას წარმოაჩენს - გმირის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მოსალოდნელ ეშაფოთზე ფიქრს მარინა კახიანის გმირს სხვა უამრავი პრობლემაც ემატება - მარტოსულობა. მის გვერდით არც კაცია და არც შვილი, მას ყველამ უღალატა. სასოწარკვეთილმა თვითმკვლელობაც კი სცადა. ამ სცენაში მარინა კახიანის გმირი უცებ გადაიქცევა უშუალო, გულწრფელ ადამიანად, სცენიდან მსახიობი-გმირი შველასა და თანაგანცდას ითხოვს, აკი იღებს კიდეც, ამ სიყვარულს ყველაზე გულგრილი მაყურებლიდანაც კი. ამაღლებულია და ემოციით დატვირთულია მარინა კახიანის მარიამ სტუარტის ბოლო შემოსვლა. შოტლანდიურ ლირიკულ ჰანგებზე (მუსიკალური გაფორმება გოჩა კაპანაძისა) კახიანის გმირი სცენის სიღრმიდან დინჟად და ღირსეულად მოემართება ავანსცენისაკენ. იგი ამ სცენაში ნამდვილი დედოფალია-თავდაჯერებული, თავმოყვარე და ამაყი. მას უბრალოდ უჭირს სიცოცხლესთან გამოთხოვება, მაგრამ თავადაც მოხიბლულია მისსავე გმირული სიკვდილით, სიცოცხლის ტრაგიკული ფინალით. ის სიცოცხლის ბოლო წუთებშიც არ კარგავს იუმორის შეგრძენებას, ირონიულობას და ცინიზმს, რომელიც ყველა დანარჩენისკენაა მიმართული, კახიანის სტუარტი ყველაზე მაღლა დგას. მისი ანდერძი სწორედ ირონიით მთავრდება, როცა ის ითხოვს მაგრად არ დაარტყან ცული, რადგან სუსტი კისერი აქვს. ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მარინა კახიანის გმირმა მის ქალურ უპირატესობასაც. სტუარტის გამოღმა მხარეს ელისაბედი (ნანუკა ხუსკივაძე) დგას. მისი ხასიათი თითქოს რადიკალურად განსხვავდება სტუარტისაგან, მაგრამ „ქალწული-დედოფალის“ შინაგანი სამყაროც ლირიზმითაა დატვირთულ-დათრგუნული. ელისაბედიც ებრძვის საკუთარ თავს. მუდმვივმა ჭიდილმა საკუთარ თავთან ის უკვე დაქანცა, თუმცა სტუარტისაგან განსხვავებით ის ემოციებს და ვნებებს როდი აძლევს „გაქანების“ საშუალებას.
მსახიობ ნანუკა ხუსკივაძეს არაერთი საინტერესო სცენური სახე შეუქმნია. ცნობილია ისიც, რომ მსახიობს გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თამაშისსტილიზებული მანერა (ჟესტიკულაცია, ხმა მეტყველება), რომელსაც ის ხშირად მიმართავს. ამ მხრივ არც კაპანაძის სპექტაკლია გამონაკლისი, სადაც მსახიობი ვერ ღალატობს თავის ჩვეულ გამოსახვის ხერხებს, თუმცა ის ყოველთვის ცდილობს, მისთვის დამახასიათებელი ხერხები, რომელიც ყველა სპექტაკლში გაჰყვება მას, გარკვეული მოტივებით გაამართლოს და ლოგიკურ საფუძველს დაუქვემდებაროს ისე, რომ ის გმირის ხასიათის ატრიბუტად იქცეს. აი, მაგალითად, ელისაბედის პირველი შემოსვლა სცენაზე. მცირე სცენის სიღრმიდან შემოსული ნანუკა ხუსკივაძის გმირი უცნაურად ამოძრავებს სამეტყველო აპარატს. ფსიქოლოგიაში ცნობილია ამ მანერის თვისობრიობა-ადამიანი, რომელიც მუდმივად ორჭოფობს და ბევრს ფიქრობს გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ასეთია ხუსკივაძე- ელისაბედი. ის გონებით ჭვრეტს, მუდამ ებრძვის ლირიზმს და ცდილობს არ დაივიწყოს მეფური ვალდებულებები, რადიკალურად გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და ყოფითი საკითხები. ნანუკა ხუსკივაძის გმირი საკმაოდ ჭკვიანია, შორსმჭვრეტელი-ამიტომაც ცდილობს ისტორიაში მის სახელთან არ იყოს დაკავშირებული სისხლის ცნება. ამიტომაც არ სურს სტუარტისთვის თავის მოკვეთა. ისიც სტუარტივით მიუსაფარი ადამიანია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილს კი სენტიმენტალობა მოეზალება. საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილი ვეღარ ტყუის, ვეღარც თვალთმაქცობს და ბოლომდე გულწრფელია.
სტუარტისაგან განსხვავებით ელისაბედი თავს უფლებას არ აძლევს იყოს ქალი, თუმცა კი გრძნობს, რომ ეს მის ფსიქიკას გარკვეულ დაღს ასმევს, გულის სიღრმეში ალბათ შურს კიდეც სტუარტისა. (გაუთხოვრობის გამო მას ქალწულ დედოფალსაც ეძახდნენ) ელისაბედის ასეთი შემოჭილობა და დაკომპლექსება ბავშვობის დაღია, მას არ ახსოვს მშობლების სიყვარული, მან არ იცის რა არის ნამდვილი ოჯახური იდილია, მშობლების მზურნველობა-სიყვარულს მოკლებული დედოფალი ვერაფრით ინაზღაურებს ამ დანაკლის და ამიტომაც ჩნდება მასში ეგოიზმის ნიშნები.
განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებს ნანუკა ხუსკივაძე ელისაბედის როლს სტუარტისთვის თავის მოკვეთის გადაწყვეტილების მიღების ეპიზოდს. მსახიობი ახერხებს გვიჩვენოს ელისაბედის თავში დაგროვილი ფიქრი და ემოცია, რამდენიმე წამში როგორ გაიელვებს ელისაბედის თვალწინ ცხოვრებისუელი წარსულისა და მომავლის უამრავი კადრი. საკუთარ რაციოსთან და ვნებებთან ჭიდილის ეს ეპიზოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სცენაა მთელს სპექტაკლში. ემოციურობით გამოირჩევა ელისაბედის ხალხთან შეხვედრის რამდენიმე წამიანი სცენაც, როცა მაყურებელთა დარბაზში შუქი აინთება და ხუსკივაძის ელისაბედი მეფური დიდებულებით წარსდგება ბრბოს წინაშე.
ნანუკა ხუსკივაძის ელისაბედი სიმშვიდისთვის ილტვის და ამ მიზნის მისაღწევად სტუარტს თავს მოკვეთს, მაგრამ სწორედ აქ უშვებს ის თავის საბედისწერო შეცდომას-სტუარტის თავის მოკვეთის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრდება სულიერი მშფოთვარება მასში. მან სიცოცხლის მანძილზე ვერასდროს მოიპოვა სულიერი სიმშვიდე. სტუარტის თავის მოკვეთის წუთიდან იწყება მისი პიროვნული უბედურება და ადამიანური ტრაგედია.
სამსახიობო ანსამბლიდან მურმან ჯინორია (ბერლეი), ბაჩო ჩაჩიბაია (დევინსონი), ლევან ხურცია (ლაისტერი), თენგიზ გიორგაძე (პოლეტი), ზურა შარია, ზაზა ბარათაშვილი, კახა კუპატაძე (ლორდები), ეკა მინდიაშვილი (ანა), დარეჯან ხარშილაძე (ელენი), ნანული სარაჯიშვილი (ინფანტა მარი) გამორჩეულია მარინა ჯანაშიას შესრულება, რომელიც ელისაბედს სიბერეში წარმოგვიდგენს. მარინა ჯანაშია თავისი თაობის ქალ მსახიობთა შორის ერთ-ერთი პირველია, რომელიც ყველაზე მეტად ახერხებს დაგროვილი გამოცდილებისაგან (შტამპებისგან) თავის დაღწევას. როგორც ჩანს, მას გაუმართლა, როცა რეჟისორები სხვადასხვა ტიპის და ხასიათის როლების შესრულებას სთავაზობენ. გოჩა კაპანაძის სპექტაკლში მას რთული ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი, მას უნდა შეესრულებინა ელისაბედის სიბერე ისე, რომ ხასიათის მისეული გააზრება-გადაწყვეტა შორს არ ყოფილიყო არა მხოლოდ პერსონაჟის, არამედ ნანუკა ხუსკივაძის მიერ განხორციელებული ელისაბედის ხასიათისაგანაც.
უცნაურია, მაგრამ ბასრ თვალს არ ეპარება ხუსკივაძისეული ელისაბედის ხასიათის შტრიხები მარინა ჯანაშიას მიერ შემოთავაზებული ელისაბედის სიბერესთან. თითქოს უხილავი კავშირი მათ შორის ორგანულს ხდის მთლიანი სპექტაკლის გადაწყვეტასაც. მსახიობზე დაკისრებული სირთულე იმაშიც გამოიხატება, რომ იგი რეჟისორმა გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცია. მარინა ჯანაშია გადმოგვცემს ელისაბედის ცხოვრების მხოლოდ ერთ, სინანულისა და სიკვდილის ეპიზოდს. სწორედ ამ მცირე დროში მოუწია მარინა ჯანაშიას გმირს იმის ჩვენება, რასაც ახალგაზრდა ელისაბედი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეტაპობრივად ავლენს მის ხასიათში. სწორედ ამიტომ, ორმაგად დასაფასებელია მარინა ჯანაშიას მიერ შემოთავაზებული თამაშის მანერა და ხერხები, როლის გადაწყვეტის კონცეფტი, რომლის წყალობითაც მაყურებელს ელისაბედის მიმართაც უჩნდება თანაგრძნობის შეგრძნება, ხოლო რეჟისორის ოსტატობა კი იმაში გამოიხატება, რომ ის ბოლომდე აპირისპირებს ორ სიმართლეს ერთმანეთს და არჩევანს მხოლოდ მაყურებელს უტოვებს. თუმცა ერთიცაა, ელისაბედის დარჩენილი უინტერესო სიცოცხლის (სტუარტის თავის მოკვეთის შემდეგ) და „მძიმე ჯვრის“ ტარების ჩვენებით, რეჟისორი აშკარად მიუთითებს მარიამ სტუარტის გმირულ-მამაცურად დაღუპვის უპირატესობაზე.
სპექტაკლის სცენოგრაფიის ავტორი ამჯერადაც ბექა ჯანაშიაა, მისი სცენური სივრცის კონცეპტუალური გადაწყვეტა ზედმიწევნით კარგად მოერგო რუსთაველის თეატრის მცირე სცენას, მის განსხვავებულ, თითქოს არათეატრალურ (ვგულისხმობ, კლასიკურ თეატრალურ) ინტერიერს. რაკი სცენური სივრცის მორგებაზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორი გოჩა კაპანაძეც საინტერესოდ იყენებს მცირე სცენის ფიქსირებულ ინტერიერს. რაც გამოიხატება მიზანსცენებს განლაგებაში. შთაბეჭდილება გრჩება, რომ რეჟისორმა მხოლოდ სპექტაკლის სიუჟეტს მოარგო ის და არა სასცენო სივრცეს. (ვგულისხმობ, დედოფალ ელისაბედის (ნანაუკა ხუსკივაძე) შემოსვლას, როცა მას ლორდები ელოდებიან. ნანუკა ხუსკივაძის გმირი იქედან კი არ შემოდის, საიდანაც მუდმივად ელიან მას, არამედ რუსთაველის თეატრის მცირე სცენის მარჯვენა ჯიბიდან. რეჟისორის მიერ სცენური სივრცის ასეთი „ათვისება“ მხოლოდ მისი ფანტაზიის სიმდიდრესა და სცენური სივრცის განაწილების ზუსტ და ლოგიკურ ალღოზე მიუთითებს). კოსტიუმების მხატვარი ნინო ასათიანია, მხატვარი იცავს ეპოქისთვის დამახასიათებელ სტილს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს გმირებს მათ თანამედროვეობასთან. გარდა ამისა, კოსტიუმები იმდენად პომპეზურია, რომ ის ავსებს სცენურ სივრცესაც, ქმნის ამაღლებულ ტონს და კარნახობს მსახიობს გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. სწორედ ამიტომაც არის, რომ გარკვეულ სცენებში მსახიობებს უჭირთ პათეთიკურობის მოთოკვა. ეს ეხება ახალგაზრდა მსახიობებსაც, რომელთათვის პათეთიკურ-ამაღლებული საუბრის სტილი უცხოა და არაბუნებრივი.
გოჩა კაპანაძის სპექტაკლში ორი დედოფალი და ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი უახლოესი ნათესავები საიქიოში ხვდებაინ ერთმანეთს, მათი შეხვედრა იქაც ცივი და ხისტია. ამასობაში სამეფო გვირგვინს კი მასხარა (ნანული სარაჯიშვილი) იდგამს. კაპანაძის ვერსიით ადამიანს „ბედი დასცინის“. უკან დაბრუნება |