Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
ლიდერები სახეზეა
ლიდერები სახეზეა7-06-2012, 16:51 |
ლაშა ჩხარტიშვილი
წლევანდელი "დურუჯის" ჟიური უფრო ევროპულად მოიქცა, ვიდრე "ტრადიციულ ქართულად." იმას ვგულისხმობ, რომ ჟიურიმ მავანის გულის მოგების მიზნით არ "გაბერა" საუკეთესოების მოკლე სია და დააფიქსირა მყარი, პრინციპული პოზიცია, ვისთვის - მისაღები და ვისთვის - მიუღებელი. სოციალურ ქსელებსა და კულუარებში "დურუჯის" ნომინანტთა მოკლე სიის გამოქვეყნებამ, ტრადიციულად, უკვე დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია. ამ პროცესს სწორად ჩაავლო ქართულ თეატრზე შეყვარებულმა ბიზნესმენმა, "დურუჯისა" და საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა, როცა განაცხადა: "როგორც ყოველთვის, "მოკლე ნუსხის" წარდგენას წელსაც განსაკუთრებული მოუთმენლობით ელიან თეატრალური სფეროს წარმომადგენლები; დაძაბულობა და ინტერესი პიკს აღწევს. ცხარე დისკუსია და დებატები საბოლოო ლაურეატების გამოვლენამდე, დაჯილდოების ცერემონიამდე გრძელდება - ფინალური ფარული კენჭისყრა ხომ სწორედ ბოლო დღეს, ოფიციალურ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ტარდება. წარმატებას ვუსურვებ ექვსივე ნომინაციის თითოეულ კანდიდატს. იმედია, "დურუჯის" ლაურეატის წოდება დიდი სტიმული და წახალისება იქნება პროდუქტიული შემოქმედებითი მოღვაწეობის გასაგრძელებლად".
საინტერესოდ გამოიყურება საუკეთესო რეჟისორთა მოკლე სია: ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ მაესტრო (რობერტ სტურუა) და შეგირდი (გიორგი თავაძე); ასევე, ძმები თავაძეები (ნიკა და გიორგი) სპექტაკლებისთვის "ნადირობის სეზონი" (რუსთაველის თეატრი), "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი" (ბათუმის თეატრი) და "სტრიპტიზი" (სამეფო უბნის თეატრი). კონკურსში მონაწილე ოცდასამი რეჟისორიდან ამ კონკრეტული ჟიურისთვის საინტერესო მხოლოდ სამი რეჟისორული ნამუშევარი აღმოჩნდა.
წელს დაწესებული საუკეთესო მხატვრის ნომინაციებიდან "დურუჯის" ჟიურიმ გამოცდილი მხატვარი თემურ ნინუა (სპექტაკლით "ნადირობის სეზონი"), ახალგაზრდა ნინო კიტია ("ფსიქოზი 4:48") და რეჟისორი გიორგი თავაძე ("გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი") გამოარჩია, თუმცა ვის მიანიჭებს უპირატესობას, ეს მხოლოდ "დურუჯის" საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი. საუკეთესო პიესების რიგში კვლავ მაესტრო თამაზ ჭილაძე და მისი შეგირდი ლაშა ბუღაძე აღმოჩნდნენ პიესებისთვის "ნადირობის სეზონი" (რეჟისორი რობერტ სტურუა) და "პანთეონი" (რეჟისორები: გურანდა იაშვილი - მუსიკისა და დრამის თეატრი და დიმიტრი ხვთისიაშვილი - ახმეტელის თეატრი).
რთული სამუშაო მოუწევს ჟიურის საუკეთესო მამაკაცი და ქალი მსახიობის პრემიის გაცემისას, რადგან მათ ხუთი საუკეთესო ქალი (ქეთა შათირიშვილი, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, მაია გელოვანი, ია სუხიტაშვილი) და ექვსი (მარლენ ეგუტია, პაატა ინაური, გიორგი ნაკაშიძე, დათა თავაძე, ტიტე კომახიძე, მამუკა მანჯგალაძე) საუკეთესო მამაკაცი მსახიობი დაასახელეს. ჩამონათვალის გადახედვისას აღმოვაჩენთ, რომ საუკეთესო ქალ მსახიობთა სიაში უმრავლესობა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლის (მიხეილ მარმარინოსის რეჟისურით) "R+J მესამე განზომილება, ბედისწერა დაბნეულია..." მონაწილეები აღმოჩნდნენ, თუ არ ჩავთვლით ია სუხიტაშვილს, რომელმაც საკმაოდ დასამახსოვრებელი სახე შექმნა რობერტ სტურუას სპექტაკლში "ნადირობის სეზონი." სწორედ ამის გამო წარმოუდგენელიც კი იყო მოკლე სია ია სუხიტაშვილის გარეშე. საუკეთესო მამაკაც მსახიობთა მოკლე ჩამონათვალში მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის მონაწილეები გიორგი ნაკაშიძე და პაატა ინაური აღმოჩნდნენ. თავად მარმარინოსი, "დურუჯის" წესდების თანახმად, კონკურსში ვერ ჩაერთო - "დურუჯის" მოსაპოვებლად "ბრძოლა" მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ - რადგან კონკურსის მიზანი ქართული თეატრის მხარდაჭერა და წახალისებაა. თუმცა კინომსახიობთა თეატრში შექმნილი მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი სრულიად ქართული პროდუქციაა და, შესაბამისად, თანამედროვე ქართული თეატრის ნაწილიცაა.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებზე განიხილებიან დათა თავაძე (ნიკა თავაძის სპექტაკლი "სტრიპტიზი") და ბათუმის თეატრის სპექტაკლში "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი" მონაწილე სამი მსახიობიდან ორი - მამუკა მანჯგალაძე და ტიტე კომახიძე. აღნიშნულ სპექტაკლში ცნობილი და გამოცდილი მსახიობი რამაზ იოსელიანიც მონაწილეობდა, რომელიც მოკლე სიაში ვერ აღმოჩნდა. წლევანდელმა ჟიურიმ განსაკუთრებული აქცენტი, ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობების ნამუშევრებზე გააკეთა, თუმცა, გამონაკლისის სახით, უფროსი თაობიდან საუკეთესოთა სიაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მარლენ ეგუტია აღმოჩნდა, ნიკა ლუარსაბიშვილის მონოსპექტაკლიდან "კრეპის უკანასკნელი ფირი". სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის "სხვენში" დაიდგა.
კონკურსში ისედაც მცირე მონაწილე ახალგაზრდა რეჟისორთაგან წლევანდელმა ჟიურიმ საუკეთესო ხუთეულის ლიმიტი სამამდე დაიყვანა. საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორთა კანდიდატებში აღმოჩნდნენ ნიკა ლუარსაბიშვილი ("კრეპის უკანასკნელი ფირი", მარჯანიშვილის თეატრი), მაკა ნაცვლიშვილი ("ფსიქოზი 4:48", მუსიკისა და დრამის თეატრი) და გაგა გოშაძე ("ბოლო გაჩერება," ბათუმის თეატრი). ჩამოთვლილთაგან არჩევანის გაკეთება ჟიურისთვის ისევე ძნელია, როგორც ჟიურის გარეთ დარჩენილი ექსპერტებისათვის, რადგან საუკეთესოს გამოვლენა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ თეატრს და რას აფასებს კრიტიკოსი ახალგაზრდა რეჟისორსა და მის სპექტაკლში ყველაზე მეტად - მოქალაქეობრივ პოზიციას, ფორმის ორიგინალობას თუ აზროვნებას. ნომინანტ სპექტაკლებში სამივე ფაქტორი ერთდროულად არ შეინიშნება. სწორედ ამიტომაც სამი ახალგაზრდა რეჟისორის გამარჯვება ჟიურის თითოეული წევრის სუბიექტურ გემოვნებაზე, ინტერესებსა და აღქმაზე იქნება დამოკიდებული.
თუ "დურუჯის" ნომინანტთა მოკლე სიას სტატისტიკური მეთოდით მივუდგებით, აღმოჩნდება, რომ წლევანდელი "დურუჯის" გამარჯვებულები, ძირითადად, ახალგაზრდები იქნებიან. მსახიობთა შორის ექვსი ნომინანტი რეჟისორ გიზო ჟორდანიას აღზრდილები არიან. კარგი იქნება, თუ საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" მესვეურები გიზო ჟორდანიასთვის წამახალისებელი პრიზისთვის იზრუნებენ; მოღვაწისთვის, რომელსაც ქართული თეატრის წინაშე გარკვეული ღვაწლი და ამაგი აქვს გაწეული. ექვსი დასახელებული ნომინაციიდან სამ ნომინაციაში მოახერხა მოხვედრა ბათუმის თეატრში გიორგი თავაძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი" (რეჟისურა, მხატვრობა, ორი მსახიობი). სხვა ნომინაციებში კი აღნიშნული სპექტაკლი ლოგიკურად ვერ მოხვდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პიესა, ქართველი ავტორის ნაცვლად, საფრანგეთში მცხოვრებ რუმინელ დრამატურგს მატეი ვიშნეკის ეკუთვნის, რეჟისორი გიორგი თავაძე აღემატება 35 წელს (ის საშუალო თაობის რეჟისურას წარმოადგენს) და სპექტაკლში არ მონაწილეობს არც ერთი ქალი მსახიობი.
ვნებათაღელვა და დისკუსია "დურუჯის" ირგვლივ უკვე პიკს აღწევს. დამაგვირგვინებელი დღე კი 16 ივნისია, როცა "დურუჯის" ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და საუკეთესოებს გამოავლენს. დისპუტი და აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესი კი, სავარაუდოდ, გაცილებით დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მომდევნო კონკურსი არ დაიწყება. უკან დაბრუნება |