საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის განცხადება
15-05-2012, 11:01

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა წელს უარი განაცხადა ახალგაზრდა ხელოვანთა თეატრალური ფესტივალის „არდი–ფესტი“ დაფინანსებაზე.

 

გაუგებარი და თანაც სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა, თუ ამ ფესტივალის მართლაც მწირ და მხოლოდ აუცილებელზე გათვლილ ბიუჯეტს გავითვალისწინებთ!

 

"არდი–ფესტი" 2008 წელს დაარსდა და თავიდანვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც  თეატრის პროფესიონალების, ასევე თეატრის მოყვარულთა წრეებში. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა  თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანთა წახალისებასა და პოპულარიზაციაში.

 

"არდი–ფესტი", პრაქტიკულად, ერთადერთი თეატრალური მოვლენა გახლდათ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალი თეატრალური რეალიების, ახალი თეატრალური ფორმების ძიებას. ამ თვალსაზრისით საფესტივალო სპექტაკლების დადგმის პროცესიც ერთგვარად ემსგავსებოდა შემოქმედებით, ექსპერიმენტულ   სტუდიაში  მუშაობის პროცესს, სადაც ახლის ძიებასა და შექმნაში აქტიურად ჩართული იყო ყველა – დრამატურგი თუ რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი, თუ კომპოზიტორი.

 

მთლიანად ახალგაზრდების (რეჟისორები, დრამატურგები, მხატვრები, მსახიობები) შემოქმედებაზე ორიენტირებულმა ფესტივალმა არაერთ ნიჭიერ, ახალბედა ხელოვანს გაუადვილა დიდი სცენისაკენ სავალი გზა (მაგ. რეჟისორ–დებიუტანტები: მაკა  ნაცვლიშვილი, ნინი ჩაკვეტაძე, პაატა ციკოლია, ქეთა შათირიშვილი, ნატუკა  კახიძე, სალომე მაისაშვილი – ამჯერად აქ  მხოლოდ გამარჯვებულები  ჩამოვთვალეთ). 

 

თეატრის  კრიტიკოსთა კავშირი  სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ახალგაზრდული ფესტივალის შეჩერება (თუ გაუქმება?!) საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს ისედაც ალალბედზე მიტოვებულ თანამედროვე ქართულ თეატრს, რომელიც, ამ ბოლო დროს ხელოვნებაში მომრავლებული პიარული, თუ კომერციული მეგაბიუჯეტის მქონე მეგაპროექტების წიაღში მოქცეული,  ძლივსღა სუნთქავს.

 

 

საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირი

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის

საქართველოს სექცია                        

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა