დანაშაული იყო თუ სპექტაკლი?
15-04-2024, 14:40

დათა თავაძემ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლი დადგა. ასეთი დასაწყისი მოუხდებოდა საინფორმაციო შენიშვნას, ან სიუჟეტის ლიდს, რომელსაც წამყვანი დააანონსებს, მაგრამ მე მინდა დავწერო წერილი ბავშვზე, რომელიც გაქრა და ახლახანს დაბრუნდა. მინდა დავწერო სპექტაკლზე, რომლის ნახვის მერე, მგონი პირველად გავიაზრე, ან უფრო ზუსტად, ვაღიარე, რომ გავიზარდე/გავიზარდეთ. მინდა იმ ყველაფერზე დავწერო, რაშიც გავიზარდე, თურმე. თურმე, რადგან, როცა იზრდები და გგონია, რომ გარემოს თუ ობიექტურ რეალობას თავისთავდ იაზრებ, ასე სულაც არაა. ერთ დღესაც ხსნი ლეპტოპს, რომ დაწერო წერილი სპექტაკლზე, რაც აქამდე ბევრჯერ გაგიკეთებია, იმის მიუხედავად, რომ დღემდე ვერ ჩამოყალიბდი ეს შენი ჰობია თუ პროფესია, რადგან ამაში არავინ არაფერს გიხდის.  ძალიან დიდხანს უყურებ ლეპტოპის განათებულ ეკრანს.   ისეთ რთულ და დაუძლეველ ამოცანას ისახავ, რითაც უნდა დაამტკიცო რომ  გაიზარდე.  იმაზე ჭკვიანი ხარ და გამოცდილი  და დავარცხნილი, ვიდრე აქამდე.  ყველას და უპირველესად თავს უნდა დააჯერო, ღირდა ეს დაბრუნება, ღირდა იმიტომ, რომ ბავშვი კი აღარ ხარ, დიდი ხარ, ვინც აი, ახლა ზის და ძალიან რთულად გასააზრებელ სპექტაკლზე წერს.  ამ წერილის გამო მივა და ნახავს მაყურებელი სპექტაკლს, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დადგა რეჟისორმა. ის ბავშვობიდან დგამდა და ბავშვობიდან ესმოდა, რომ, როგორც ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი  უბრალოდ გენიალურია. ეს მისი ახალგაზრდობაა, რაც ამ სითამამესა და გამბედაობას განსაზღვრავს და განაპირობებს, რომ გენიოსია, რადგან ის ხომ ჯერ ბავშვია და უკვე სპექტაკლებს დგამს.  ეს აღიარება იყო უარყოფა, შეგნებული თუ უნებლიე, მაგრამ უარყოფა და ცხადია, (არაფერი არ არის, ცხადი მ.ლ.) ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ვერავის დავიმოწმებ.

ორი დღის წინ მე ვნახე სპექტაკლი, რომელიც არის ყველაზე მწვავე სოციალური სატირა, რაც ოდესმე მინახავს და ამასთან ყველაზე პირადი ამბავი, ვიდრე რომელიმე რეჟისორს ჩვენს სინამდვილეში ოდესმე გაურისკავს და გაუმხელია. თუმცა ამ სპექტაკლის მთავარი ამბავი გულახდილობის დემონსტრირება არ არის, როგორც წესი, თუ მე ვშიშვლდები ეს უკვე სანახაობაა და აღარ ითხოვს ბევრ ფიქრს ფორმაზე, რომლითაც ამ სიშიშვლეს ვთავაზობ მაყურებელს. „შიმშილი“ არის სპექტაკლი, სადაც ქეთი ნადიბაიძის  ულამაზეს და რებუსებით სავსე სცენოგრაფიაში მაყურებელი ნელ-ნელა, ამბის განვითარებასთან ერთად აღიქვამს, რომ სცენაზე, რომელიც წარმოდგენის დაწყების წუთიდან სულ ცოცხალი და ქმედითია, სადაც ყოველი ახალი ფრაზა უბრალოდ კი არ ისმის, მოძრაობს, სადაც გვიყვებიან მისტიკურსა და ყოფითს შორის რაღაც შემაძრწუნებელს, ისე რომ ჩვენ ვიცინით, სინამდვილეში, რეჟისორი  საკუთარ თავს ისევე უმწეოს წარმოგვიდგენს, როგორიც ჩვილია. რამდენიმე წამის წინ რომ დაიბადა და ჰაერის პირველი ნაკადის ჩასუნთქვისას ატკივებული ფილტვები ყველაზე ხმამაღლა ატირებს. ასე აღარასოდეს იტირებს თუნდაც იცოცხლოს ას წელიწადს. ჩვილი, რომელმაც ამ ტკივილთან ერთად იცის მხოლოდ ერთადერთი-მას შია.

დანაშაული იყო თუ სპექტაკლი?ძალიან რთულია, რომელიმე კონკრეტულ და უკვე აღმოჩენილ ფორმას მიუსადაგო სპექტაკლი „შიმშილი“. ჩემთვის ის იმდენად ახალი და იმდენად არაფრის მსგავსია, რომ არც ერთ მიმდინარეობას და რეჟისორს არ მაგონებს, რამდენიც უნდა ვეცადო პოსტდრამატულ, პოსტსტრუქტურალისტურ, პოსტაბსურდისტულ თეორიებზე საუბრით დავღალო მკითხველი, საბოლოოდ მაინც მივალ იქამდე, რომ ეს არის წარმოდგენა, რომელიც უკვე  არსებულ ფორმას საინტერესოდ კი არ წარმოგვიჩენს, არამედ ცდილობს ყველა არსებულს აუქციოს გვერდი. არა თვითმიზნურად, ძალიან თავისთავადად.  გვთავაზობს ფორმას, რომელიც  მომავლის პერსპექტივაში მიმართავს ფიქრს და ხვდები ის არავის ჰგავს.  მას  ეყოლება ბევრი მიმდევარი და შენ ზუსტად ის ხარ, რომელიც ამ მიმდინარეობის ყველაზე საწყისს ეხები აქ და ახლა და „შენ გრძნობ, სხვები შეამჩნევენ.“

 ის ჩვილი, რომელიც ამ წამს დაიბადა, ვიდრე QR კოდის დასკანერებით კერძის ამორჩევას ისწავლის,  უკვე იცის, რომ უნდა გამოწოვოს საკვები დედის სხეულიდან.  ნებისმიერი შეხება დედის კანთან მასში წოვის რეფლექსს აღვიძებს და ჯერ არაფერი იცის ქალაქზე, სადაც რომ გადარჩეს, სულ უნდა ჭამოს. ქალაქი, როგორც ერთი დიდი რესტორნის მენიუ, სარეკლამო ბანერებსა და მათი განათების შუქით, ჩვენს პატარა სარკმელებში შემოჭრილი სინათლე, როგორც იმედი და როგორც სასოწარკვეთა ერთდროულად.  მიზნის არსებობა ამ ქალაქში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზნის მიღწევა, რადგან მშიერი ადვილად შეიცნობს მშიერს და ადრე თუ გვიან ყველა მათგანი, დანით შეიარაღებული მიადგება ანკესებისა და თევზების დამრიგებელს შესაჭმელად.  მშიერი კუჭით გაუსაძლისია იცხოვრო ქალაქ რესტორნის მენიუში, სადაც ყოველი დილა იწყება შემაძრწუნებელი ფიქრით, რომ ისევ ცოცხალი ხარ. მოსალოდნელი თუ გარდაუვალი საფრთხის  განცდითაა სავსე ჰაერი ქალაქში, სადაც სამსახურს ისევ ვერ შოულობს მშიერი და დამსაქმებელი კი კომპეტენციასა და ენთუზიაზმს უწუნებს.  არავინ იცის ვის რა ელის და ამიტომაც ფრთხილად კოცნიან ერთმანეთს ადამიანები, რომლებსაც ხვალ ან ზეგ კანონი აუკრძალავთ ერთმანეთთან მიახლოებას და ყველაფერი, რასაც დღეს თეატრში ვხედავთ და რაც თეატრშივე რჩება, შესაძლოა იქცეს, ან უსათუოდ იქცევა დანაშაულად.

ამ სარეკლამო ბილბორდებს და მათ თვალისმომჭრელ განათებებში  რაღაც მოხდა, რაღაც, რასაც ჩვენ შევესწარით. ზუსტად ვიცით რომ შევესწარით, მაგრამ რას? რა დავიმახსოვრეთ, ან რა ვნახეთ, ან რაც ვნახეთ სიზმარი იყო თუ ცხადი? იქნებ იმიტომ გვიჭირს გადაჭრით ნანახზე საუბარი, რომ მშიერი კუჭი ტვინს ჰიპნაგოგიურ მდგომარეობაში აგდებს და თუ თქვენც ახლა გაიგეთ ეს ტერმინი, როგორც მე სპექტაკლისას, გეტყვით, რომ  სიფხიზლესა და ძილს შორის მდგომარეობას ნიშნავს და  ის მდგომარეობაა, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და არაფერი არ გვახსოვს ზუსტად და არაფერი ვიცით დაბეჯითებით და ვერაფერზე დავდებთ თავებს, მაგრამ გვაწამებს ცოდნა, რომ შევესწარით, რაღაც შემზარავს, დანაშაულებრივს და სამწუხაროდ, ვერ გავიაზრეთ, წაიღო არაცნობიერმა და იქცა შიშად, იქცა სირცხვილის გრძნობად, იქცა მუდმივ უარყოფად, რომლის გამოც დავკარგეთ სითამამე და ამიტომაც -„ფრთხილად მაკოცე, რა იცი რა გველის?“

მკვლელობა, როგორც ურთიერთობის ფორმა, და არა, როგორც დასასრული, ან როგორც გადარჩენა.  შიმშილის სირცხვილისგან თავის დასაღწევად.  რატომ უნდა გვრცხვენოდეს შიმშილის? მით უფრო მაშინ, როცა ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელიც მუდმივად გვაიძულებს გავაკეთოთ არჩევანი იპოთეკასა და კომუნალურ გადასახადებს შორის, სექსსა და ძილს შორის, ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გვტოვებს განცდა, რომ გარემო იმდენად განგვაპირობებს, რამდენადაც თავად ვაძლევთ ამის უფლებას, მაგრამ ვიდრე მიიღებენ კანონებს, რომლებიც ჩვენი მშიერი სულების ამოხდას საბოლოოდ დაასრულებს, ჩვენ ყველა ვართ შეიარაღებული დანებით და“ უსირცხვილო სიმშვიდის“ დადგომამდე,  სამეფო უბნის თეატრის სცენიდან, მთელი  ქალაქის გასაგონად ისმის კითხვა-„ვის ეშინია თეატრის?“

დანაშაული იყო თუ სპექტაკლი?წერილს ვასრულებ და სათითაოდ ჩამოვთვლი ყველა მსახიობს, ჩვეთან ერთად და ჩვენ თვალწინ გაზრდილებს პროფესიაში, რომელიც ყველაფერს მოითხოვს შენგან, რაც გაქვს გასაღები და სანაცვლოდ თანახმა ხარ , მხოლოდ თავი დახარო, როცა გესმის მაყურებლის ტაში და შეძახილი. პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე, სანდრო სამხარაძე, იაკო ჭილაია, მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი, კატო კალატოზიშვილი- სამეფო უბნის თეატრის გამორჩეულად საინტერესო დასი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მეტყველების მანერითა და ტემპით. ფაქიზი და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებით მაყურებლისადმი, უცვლელი ენთუზიაზმით და სიყვარულით საქმისადმი.  წლებთან ერთად  მათ გულშემატკივრად ვიქეცი და არა, უბრალოდ, შემფასებლად. ამასთანავე, ვამაყობ, რომ ყოველთვის მართალი ვარ, როცა მათ ვაქებ. ქეთი ნადიბაიძის მხატვრობა არის ამ სპექტაკლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ისევე როგორც  ნიკა ფასურის  მუსიკა, რომელიც სარკასტული შოუს ელემენტებით, კრიმინალურ, მისტიკურ, სოციალურ სატირას  უწყვეტად გასდევს.

უკვე  არა „ახალგაზრდა რეჟისორი“  დათა თავაძე დაბრუნდა თავის თეატრში. დაბრუნდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადით, ახალი ფორმით, ახალი ტექსტით, დაბრუნდა და ყველა გაუცნობიერებელი შიშის პასუხად თქვა, რომ თუ დღეს, თუნდაც გაუსაძლისის შიმშილის განცდით, თავს ვერ დავაღწევთ ძილსა და სიფხიზლეს შორის მდგომარეობას, ხვალ „ყველა გაიმარჯვებს, ჩვენ გარდა.“

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა