„თავისუფლების“ პირველი თავი
24-12-2023, 01:00

 

„თეატრო, დამეხმარე, გამომაფხიზლე და გამომაღვიძე! თუ დავიღალე - წამომაყენე, თუ გავბოროტდი - გამხადე კეთილი, თუ დავყრუვდი - სმენა დამიბრუნე, თუ თვალთ დამაკლდა - აღმიდგინე მხედველობა...“ ეს არის ფრაგმენტი დიდი ფრანგი რეჟისორის, არიან მნუშკინის პუბლიცისტური და ოდნავ პათეტიკური მიმართვიდან, რომლითაც მან ევროპის საზოგადოებას ათეული წლების წინ, 27 მარტს - თეატრის საერთაშორისო  დღეს, თეატრის დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ შეახსენა.

 

60-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა სტუდენტური მოძრაობა დასავლეთში გარდუვალად მოასწავებდა საზოგადოებაში სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, პარიზის გარეუბანში, ვენსანის ტყეში მის მიერ დაარსებული „მზის თეატრი“ (Le Theatre su Soleil) ახალი დროის შესატყვის არტ-მანიფესტს უფრო წააგავდა: კოლექტიური ძალისხმევა და შემოქმედება ხელოვნებაში და თანასწორობა - ყოველდღიურ ცხოვრებაში!

 

დღესაც, თეატრის დაარსებიდან ლამის 60 წლის შემდეგ, 83 წლის რეჟისორი მკაცრად იცავს მმართვისა და შემოქმედების ამ პრინციპებს. რაც მთავარია, საკუთარი უკომპრომისობითა და მოქალაქეობრივი პოზიციით ათბობს და აცოცხლებს  მართლაც უნიკალურ „მზის თეატრს“, რომელსაც სკეპტიკოსები თავის დროზე 10-15 წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ.

 

ვერ გეტყვით რა ჯადოქრობითა და ორგანიზების რანაირი ფორმით მოახერხა დიდი ნებელობისა და ნიჭის მქონე არიან მნუშკინმა დამოუკიდებელი თეატრის დღემდე შენარჩუნება. არც იმაზე მაქვს პასუხი, შესაძლებელია თუ არა 21-ე საუკუნეში ასეთი თავგანწირული და უტოპიური ფორმით თეატრმა დიდ ხანს შეინარჩუნოს საკუთარი თავი; არ დათმოს მოქალაქეობრივი და ესთეტიკური პრინციპები და უიმედობაში აღმოცენებულ სიცარიელეში არ ჩაიკარგოს, არ გაქრეს, არ დანებდეს...

 

გერმანელმა კინორეჟისორმა, მარგარეტ ფონ ტროტამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გადაღებულ ერთ-ერთ თავის ფილმს „ტყვიის დროება“ უწოდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ საქართველოში, დიდი ბრძოლითა და ძალისხმევით დაარსებულ დამოუკიდებელ თეატრებს (სრულიად გასაგები კულტურის პოლიტიკის გამოც), „ტყვიის დროებაში“ უწევთ არსებობა, რაღაცებთან შეგუება და გადარჩენისათვის ბრძოლა. ალბათ ძნელია „მზის თეატრის“ მსგავსი სოციალურ-არტისტული გარემოს შენარჩუნებაც. მაყურებლის დიდი ნაწილისათვის ხომ სიტყვა „თეატრი“მაინც სანახაობასა და გართობასთან ასოცირდება.

 

ამდენად, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ და დამოუკიდებელ თეატრებს, მათ სივრცეებში გაბნეულ და მომუშავე რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს, კოსტიუმების შემქმნელებს, მუსიკის ავტორებს მუდმივად უწევთ იმის მტკიცება, რომ სცენური სიღარიბე ცოდვა არ არის; რომ უფულობით შთაგონებული არტისტული სიგიჟე ზოგჯერ გაცილებით  მეტ სითამამეს და სიღრმეებს შობს; რომ აკადემიური თეატრების ოქრო-ხავერდი და დეკორაციები სცენაზე ზოგჯერ სულაც არ გულისხმობს თანამედროვეობასთან კავშირს. პირიქით, „დარღვეულ დროთა კავშირზე“ რეაქცია დამოუკიდებელი თეატრების მხრიდან უფრო აქტუალური, თამამი და მნიშვნელოვანია.

 

დასავლეთში დამოუკიდებელი თეატრების შექმნის და განვითარების შესახებ საუბარი და მაგალითების მოხმობა შორს წაგვიყვანს. ისევე როგორც, გადათხრილ წერეთელზე, ნელა და ტანჯვით მავალი N306 ავტობუსი წაგვიყვანს საკმაოდ შორს, ვიდრე კოკა-კოლას ქარხანასთან მივაღწევთ.  სწორედ ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე, დაახლოებით ორი თვის წინ, თეატრი სახელოსნო Theatre Factory 42 დაარსდა. თეატრალებს და არამხოლოდ მათ, შევახსენებთ, რომ 90-იან წლებში, რუსთაველის  N42-ში ლევან წულაძის, ავთანდილ ვარსიმაშვილისა და ოთარ ეგაძის ძალისხმევით შეიქმნა „თეატრალური სარდაფი“, რომელიც დამოუკიდებელი თეატრალური პროცესის წამახალისებელი აღმოჩნდა. უახლოეს მომავლში კი უფრო მეტი დამოუკიდებელი თეატრალური დასის და არტისტების გამოჩენას უნდა ველოდოთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

 

სწორედ ალტერნატიული და დამოუკიდებელი თეატრალური პროცესის წასახალისებლად დაარსდა თეატრალური პრემია „თავისუფალი“, რომლის იდეა ჩვენს კოლეგებს, თეატრმცოდნეებს - თეა კახიანს, გვანცა გულიაშვილს და თამარ მუქერიას რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. იმედია, ეს პრემია წაახალისებს არა მხოლოდ თეატრალურ პროცესს, არამედ ზოგადად გამოაცოცხლებს უკვე  „გამყინვარების“ ფაზაში გადასულ კულტურის პოლიტიკას.

 

განაცხადში შემოტანილი 21 სპექტაკლიდან ზოგიერთი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი (ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო), ზოგი კი ვერ აკმაყოფილებდა მკაფიო და მნიშვნელოვან ესთეტიკურ კრიტერიუმებს. თუმცა ესეც გასაგებია. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ნებისმიერ კონკურსში ნაკლებად საინტერესო მხატვრული ღირებულებების სპექტაკლები ყოველთვის ჭარბობს და მეორეც, პრემია „თავისუფალი“ უკვე იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ  სპექტაკლების დიდი რაოდენობა მაინც ნაჩქარევად იყო დადგმული. ამის მიუხედავად, რამდენიმე მათგანი მართლაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. 

 

„თავისუფლების“ პირველი თავი  მაგალითად, „ქალაქის თეატრმა“ სამი სპექტაკლი წარმოადგინა, რაც რეკორდულად შეიძლება მოგვეჩვენოს. სატირულ კომედიასა და ვოდევილს შორის თავისუფლად მცურავი „კობა (რეჟისორები - კოკო როინიშვილი და გიორგი კიკნაძე), ვუდი ალენის ალაგ სხარტი და ალაგ შავი იუმორით გაჯერებული „კარზეა სიკვდილი“ (რეჟისორი - გიორგი კიკნაძე) და სამრეცხაოს პატარა სივრცეში ორი ქალის ტრაგი-ფარსული დილოგით გაცოცხლებული „რას მალავენ ქალები“ (მაშა ნორმანის პიესა, რეჟისორი - კოკო როინიშვილი). ამ სამი წარმოდგენიდან აშკარა ფავორიტი მაინც პირველია, რომელიც ზუსტი კომიკური აქცენტებით და მსახიობთა კარგი თამაშით (ნოდარ ძოწენიძე, სოფია სებისკვერაძე) გამოირჩევა.

 

„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლი „გუშინდელნი დღეს“ შალვა დადიანის კლასიკური პიესის თავისუფალი ინტერპრეტაციაა (რეჟისორი - თინათინ კორძაძე, სცენოგრაფია - თეო კუხიანიძე), რომელიც უფრო ამბივალენტურ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეფექტურად, თუმცა სრუქტურულად შედარებით გაუმართავი მომეჩვენა პატრიკ მარბერის ცნობილი პიესა „უფრო ახლოს“ (დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც „აბრეშუმის თეატრში“ წარმოადგინეს , რეჟისორი - მაია დობორჯგინიძე).

 

ვიზუალურად გამომსახველი, თუმცა რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა ლაივისტრიმი ათენიდან. ნიკო გომელაურის სახელობის დამოუკიდებელმა დასმა „გოდოს მოლოდინში“ წარმოადგინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორისა და უბრალოდ, ემიგრანტებისათვის. მარგო კორობლიოვას პერფორმანსის თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა „მოძრაობის თეატრში“ – ცოცხალი პერფორმანსი „ტალაია ტალაიატა“ და ვიდეოსტრიმით „აფროდიტეს ჩუმითქმა“ (თეატრის ხელმძღვანელი დავით ჩიხლაძე).

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ქუთაისის სამოქალაქო თეატრის (ეს არის ძირითადად ჟურნალისტებისგან შემდგარი დასი) მიერ გაცოცხლებული „ქუთაისური ისტორიები“, რომელიც განსხვავებულ გარემოში, ქუთაისის სასტუმროს „არგოს“ პირველ სართულზე ვიხილეთ. რეგიონული თეატრების ქსელმა  სენაკის თეატრში თოჯინური სპექტაკლი „ნიკო ნიკოლაძე“ უფრო პატრიოტული და გულისამაჩუყებელი აქცენტებით შეაზავა (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი). ერთგვარი მხიარული და მუსიკალური სტენდაფი შემოგვთავაზა რეჟისორმა ეკატერინე შარიქაძემ „თავისუფალი თეატრის“ მცირე დარბაზში, სადაც მთავარ როლის შემსრულებელმა, თამარ ლორთქიფანიძემ ანა სანაის ტექსტსა და სარკასტულ იუმორს ყოჩაღი თვითირონიაც დაუმატა.

 

და ბოლოს, ორი მთავარი ფავორისტისა და გამარჯვებული სპექტაკლის შესახებ. რამდენიმე კარგი და გამართული სპექტაკლის მიუხედავად, ამ ორსა და დანარჩენებს შორის განსხვავება იმდენად მკაფიო იყო, რომ ჟიურის წევრებს არ გაგვჭირვებია გამარჯვებულების გამოვლენა. უბრალოდ, გარკვეული დეტალები გახდა მსჯელობის საგანი. კომპანია „ჰარაკის“ მიერ წარმოდგენილი „ბერსერკები“ (ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით) იმდენად მკაფიო და ელვარე ირონიით გვიხატავს პოსტმოდერნისტული სამყაროს კრიზისს,  ხოლო მახიობები იმდენად კარგად და მახვილგონივრულად ერთვებიან თამაშის სტიქიაში, რომ ლამის შეუძლებელი ხდება მათი დიფერენცირებული აღქმა. ამდენად, რეჟისორსა და ჰაინერ მიულერის ტექსტის მთარგმნელს,  გიორგი ჯამბურიას და მთელ სამსახიობო ანსამბლს (ბექა ხაჩიძე, სოფიკო გვიმრაძე, მათე ხიდეშლი, ნინი იაშვილი, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი...) ვულოცავთ თანამედროვე, ცოცხალი და ორიგინალური თეატრალური ენის დამკვიდრების მცდელობას... და რაც მთავარია, გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“.

 

ფაქტობრივად, პრემია „თავისუფალის“ მეორე გამარჯვებულია სპექტაკლი „ფიწალი დისნეი“, რომელიც ჯგუფური ნამუშევარია და არ ყავს ერთი, გამოკვეთილი რეჟისორი. ჩემთვის შთამბეჭდავი და გამაოგნებელიც სწორედ ის არის, რომ ამ „კოლექტიურ პოლიფონიაში“ არავის ხმა არ დაკარგულა. პირიქით, მსახიობებმა - სანდრო სამხარაძემ, ნიკუშა ბაქრაძემ, სოფო ზერაგიამ, მხატვარმა და სცენოგრაფმა - თამრი ოხიკიანმა, მუსიკის ავტორებმა - გიორგი გიგაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა , მთარგმნელმა - გურამ ღონღაძემ, ეს ხმები ერთმანეთს ბოლომდე შეუხმატკბილეს. შესაბამისად, ორი პრიზი, რომელიც სპექტაკლმა დაიმსახურა - საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარისა და საუკეთესო მუსიკისათვის, კოლექტიური გარჯისა და შრომის სათანადოდ შეფასებას ნიშნავს.

 

2023 წელს პრემია „თავისუფალის“ მხოლოდ  პირველი თავი გადაიშალა და შესაბამისად, პრემია  სამ ნომინაციაში გაიცა. იმედია, მომდევნო წლებში, როდესაც დამოუკიდებელ პრემიას ახალი ნომინაციებიც დაემატება, „თავისუფლებას“ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გამოუჩნდება. გარდა ამისა, გაიზრდება საპრიზო ფონდიც. ასე რომ, არიან მნუშკინის ისტორიული ფრაზა  სამომავლოდ ისევ ძალაშია: „თეატრო, დამეხმარე, გამომაფხიზლე და გამომაღვიძე!“

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა