რას ნიშნავს იყო „თავისუფალი“
20-12-2023, 18:04

 

ჩემი ბოლო პროფესიული წერილიდან ამ წერილამდე 13 წელია გასული. თუმცა, მაყურებლის სტატუსით თეატრში სიარული არ შემიწყვეტია. ეს ვის გამოსვლია?

მაგრამ, როცა „თავისუფალის“ ჟიურის წევრი გავხდი, მაშინ გავიაზრე სრულად, რომ წლების წინ სულ სხვა თეატრის კარი გამოვხურე და ახლა სხვა თეატრზე მომიწევდა წერა - უფრო გაბედულზე, უფრო ჟინიანზე, უფრო სასტიკზე, უფრო პირდაპირზე, უფრო მართალზე, უფრო გამომწვევზე, უფრო გამაღიზიანებელზე - ზუსტად ისეთზე, როგორისთვისაც პერმანენტულად ვდგავართ აქციებზე, ხელს ვაწერთ პეტიციებს, ვეღარ ვთანამშრომლობთ ვიღაცეებთან და ზოგჯერ, ვეღარც ვმეგობრობთ ვიღაცეებთან.

2 წლის წინ, როცა მარიუპოლის დრამატულმა თეატრმა კარი მოქალაქეებისთვის სულ სხვა მიზნით გააღო და სპექტაკლის ნაცვლად მათ თავშესაფარი შესთავაზა გადარჩენისთვის, ჩემთვის ეს იყო თეატრის ყველაზე ზუსტი რეფლექსია - იყოს შეშინებულების, იმედიანების, დაჭრილების, თავდადებულების, მხდალების, გაქცეულებისა თუ ერთგულების გვერდით. ერთ პლედში გახვეულმა მოუსმინოს და ელაპარაკოს მათ.

მახსენდება, პანდემიის დროს „სამეფო უბნის თეატრი“ რომ გავიდა გარეთ ხალხისთვის სპექტაკლების სათამაშოდ. „ექსპერიმენტის მიზანია, პანდემიის პირობებში მაყურებელთან დიალოგის აღდგენის გზები გამონახოს და ცოცხალი თეატრალური წარმოდგენა მათთან ახლოს, უსაფრთხოდ მიიტანოს. სპექტაკლები საჯარო სივრცეებში გათამაშდება, მათი ნახვა შეუძლია ნებისმიერ გამვლელს“ - წერდა თეატრი ფეისბუქზე.

ეს იყოს მაშინ ის, რაც თითქოს „თეატრიდან დარჩა“.

სინამდვილეში კი, ეს იყო ყველაზე ნამდვილი თეატრი, რომელზე წერისას ვერც ერთი კრიტიკოსს, რომელსაც კონტექსტის აღქმასთან პრობლემები არ ჰქონდა, ენა ვერ მოუბრუნდებოდა, რომ თუნდაც წარმოუდგენლად გაუმართავ მიზანსცენასა თუ მსახიობის სუსტ ოსტატობაზე რაიმე ეთქვა (ბოლო ორი შეფასება არ ეხება პროექტის ფარგლებში გახორციელებულ რომელიმე კონკრეტულ სპექტაკლს და წარმოადგენს მხოლოდ ავტორის რიტორიკას). სპექტაკლი იდგმებოდა სამედიცინონიღბიანი გამვლელისთვის, ვისაც ჰაერთან ერთად იმის დაჯერებაც სჭირდებოდა, რომ რაღაც ისევ ისე იყო, როგორც ადრე, და შუშის კაბინაში მოთამაშე ადამიანებს თვალების გარდა ჯერ კიდევ ჰქონდათ ცხვირიც და ტუჩებიც.

ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სათეატრო პროცესების მაყურებელი თუ მონაწილე უკვე წლებია ვართ. ამ დროის განმავლობაში, თეატრმა, ნაწილობრივ, შეცვალა მაყურებლის  წარმოდგენები თეატრზე, დაანახა ტრადიციული თეატრალური ფორმების ალტერნატივა და უკვე მოასწრო კიდეც ახალი მაყურებლის შექმნა. როდესაც ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ შემოქმედებით ჯგუფებზე, პროექტებსა თუ ექსპერიმენტებზე, ცხადია, ეს არ გულისხმობს მათ დაპირისპირებას აკადემიურ თეატრებთან. მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ მაყურებელს  მათი თანაარსებობის პირობებში ჰქონდეს არჩევანი. დღეს მაყურებლის, მართალია, მცირე, მაგრამ ნაწილმა იცის, როგორ თეატრში უნდა წასვლა, რისი ნახვისა და მოსმენის ხასიათზეა იმ საღამოს. ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, სხვადასხვა მიზეზით დამოუკიდებელ პროცესებს ნაკლებად იცნობს საზოგადოება, რადგან არსებობს მოცემულობა და სპეციფიკა, რომლებსაც ვერ გავექცევით: დამოუკიდებელი პროდუქტი, ხშირად, მინიმალური რესურსებითაა შექმნილი, იმდენად მინიმალური, რომ ე.წ. ფრომოუშენს ვეღარ სწვდება შემოქმედებითი ჯგუფი - პოსტერი, აფიშა, ვიდეორგოლი, ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელებში, სპექტაკლის მრავალგზის წარმოდგენა - ყველაზე მინიმალური რამ, რაც სახელმწიფო თეატრებში პროცესის ნაწილია, ამ შემთხვევაში ხშირად შეუძლებელი ხდება. რომ არაფერი ვთქვათ ტურნეებზე,  გასტროლებსა თუ ფესტივალებზე. ამიტომ მათი ნამუშევარი ხშირად მარტო პროფესიონალებისა და მაყურებლის ვიწრო წრისთვის ხდება შესამჩნევი და საერთო პროცესებში ხმამაღალი განაცხადის მაგივრად მხოლოდ მოკრძალებულ ადგილს იკავებს. არადა, დღეს ესაა ქართული თეატრი - არც მხოლოდ სტურუა, არც მხოლოდ ახმეტელი.

სწორედ ასეთ ფონზე იქნება პრემია „თავისუფალი“ - სამი თეატრმცოდნის დაკვირვებისა და კვლევის, პროფესიული ალღოსა და მოქალაქეობრივი ემპათიის საბოლოო შედეგი.

გვანცა გულიაშვილის, თეა კახიანისა და თამარ მუქერიას გადაწყვეტილებას შეუერთდა თეატრის მხატვარი ქეთი ნადიბაიძე, რომელმაც პრემიის არაჩვეულებრივ ვიზუალურ კონცეფციასა და სკულპტურაზე იმუშავა.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჟიურის წევრი, დამეთანხმება, რომ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა. თან წინასწარ და ზოგჯერ, სიზმრადაც ხედავ განაწყენებულ თუ გაბრაზებულ სახეებს, და რომ არა რაღაც ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობის ამბიცია, სიამოვნებით გაიქცეოდი ამ საქმიდან.

პრემია „თავისუფალი“, როგორც ამბობენ, სწორედ ამ სიმებს შეეხო და ასე აღმოვჩნდი ორი კოლეგის, ცნობილი დათო ბუხრიკიძის და ჩემთვის სამწუხაროდ, მანამდე ჩემთვის უცნობი ანუკი კვინიკაძის გვერდით (ანუკის სახით კიდევ ერთი ძალიან კარგი პროფესიონალის გაცნობისთვისაც დიდი მადლობა ამ პრემიას).

ძალიან ბედნიერი დღე იყო ყველასთვის, როცა განაცხადების შემოტანის ბოლო დღეს აღმოვაჩინეთ, რომ 17 დამოუკიდებელმა კოლექტივმა 21 წარმოდგენით გამოუცხადა ნდობა და მხარდაჭერა ახლადდაფუძნებულ პრემიას. ეს ბევრ რამეს ნიშნავდა: ნიშნავდა იმას, რომ მათ მართლაც სჭირდებოდათ მეტი ასპარეზი, მეტი პერსპექტივა; სჯეროდათ საკუთარი ძალების, ან შეიძლება ნაკლებად სჯეროდათ, მაგრამ იაზრებდნენ „თავისუფალის“ მნიშვნელობას დღეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც თავისუფალი შემოქმედებითი პროცესები და მათი ხელშეწყობა არაა მხოლოდ პროფესიული ძიებების ნაწილი - ესაა სამოქალაქო განაცხადი, რამაც შეიძლება დაკითხვის ოთახამდეც მიგიყვანოს.

პრემიის მნიშვნელობაზე როცა ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი კიდევ ერთი მისია - ესაა თეატრსა და საზოგადოებას შორის მედიატორის როლი, რითაც ის თავის თავზე იღებს მათ შორის დიალოგის გაღრმავების და ზოგ შემთხვევაში, დაწყების პასუხისმგებლობასაც.

ჟიურის კრიტერიუმები სწორად ამ პასუხისმგებლობის გააზრებით შეიქმნა, რადგან ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიღებულ ჩვენს საბოლოოდ გადაწყვეტილებას უნდა წარმოეჩინა, როგორ ვხედავთ დღეს საუკეთესო შემოქმედებით პროდუქტს.

ერთი თვე იყო, მართლაც, მრავალი აღმოჩენისა და სასიამოვნოდ გაოცების პერიოდი. რაღაც მომენტში ჟიურის სამივე წევრი მივხვდით, რომ წინ საინტერესო დისკუსიები გველოდა. ცხადია, იყო საკითხებიც, რაზეც საბოლოო შეხვედრამდეც, თითქოს ინტუიტიურად, უსიტყვოდ და ერთხმად შევთანხმდით. ჩემთვის, პირადად, აღმოჩენა გახდა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი თამუნა ლორთქიფანიძე, სპექტაკლში „მარტოკინა“.  სამსახიობო ოსტატობისა და თვითირონიის არაჩვეულებრივი სინთეზით მან ნამდვილად ძალიან საინტერესო სახე შექმნა და სხვა სპექტაკლებში მისი ნახვის მოლოდინიც გააჩინა. თუ ერთხელაც გადაწყვეტთ, რომ საკუთარ პრობლემებზე სიცილი გინდათ, ნახეთ აფიშებში, იქნებ ეს სპექტაკლი იყოს და წადით.

რას ნიშნავს იყო „თავისუფალი“კიდევ ერთი კარგი სპექტაკლი ვნახეთ „ქალაქის თეატრშიც“ - კოკო როინიშვილისა და გიორგი კიკნაძის „კობა“. სარეჟისორი თუ სამსახიობო ნამუშევრის გარდა, რომელიც ნამდვილად პროფესიული პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ხელოვანებმა საკმაოდ საინტერესო დრამატურგიული ტექსტი - ახალი კომედია შექმნეს, რაც ნამდვილად ღირებული შენაძენია ქართული თეატრისთვის.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო „სამოქალაქო თეატრი“, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა. „სამოქალაქო თეატრი“ სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა ქუთაისში და ის არაპროფესიონალებით - ჟურნალისტებითა და მოხალისეებით არის დაკომპლექტებული. პრემიაზე მათ თავიანთი, ჯერჯერობით, ერთადერთი სპექტაკლი წარმოადგინეს  - „ქუთაისური ამბები“, რომელიც მრავალი სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური თუ სოციალური მესიჯით გამოირჩევა. იმედი მაქვს, რომ ამ დამოუკიდებელ კოლექტივს აუცილებლად ეყოლება ბევრი მაყურებელი და ექნება წარმატებული მომავალი.

და აი ისინიც, პრემია „თავისუფალის“ წლევანდელი გამარჯვებულები.

ამ სახელისა და გვარის დამახსოვრება არ გაგიჭირდებათ, რადგან, მას კიდევ ძალიან ბევრჯერ გაიგებთ. ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი“ ჩვენი ჯილდო გადაეცა ნიკუშა ბაქრაძეს - პრესლის როლისთვის სპექტაკლში „ფიწალი დისნეი“ („თეატრი ათონელზე“). კი ბატონო, ეს ზუსტად ის გადაწყვეტილება იყო, რაზეც ვწერდი, ერთხმად შევთანხმდით-მეთქი ჟიური. ძალიან დეტალურ ანალიზს რომ არ შევყვე, ყველას, დიდსა და პატარას (მთლად პატარებს არა, მოდით მაინც 18+ იყოს) გთხოვთ, ნახოთ ეს სპექტაკლი და ნახოთ, რას ნიშნავს სცენაზე მსახიობის მიერ ორ საათზე მეტხანს ერთნაირი ხარისხით მუშაობა, პარტნიორის აბსოლუტური შეგრძნება, სხეულის ფლობა და ხელის თითებამდე გააზრებული სათქმელი, მეტყველებისა თუ მოსმენის ერთნაირად ძლიერი სცენები, პროფესიული თვითგანვითარება. სპექტაკლი პირველად ზაფხულში, საპრემიერო დღეებში ვნახე და მახსოვს, მართლა გაოგნებულმა დავტოვე მაყურებლის დარბაზი. გამიხარდა, რომ პრემიის მონაწილეთა ჩამონათვალში აღმოვაჩინე - ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი საშუალება, უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეგებინებინა ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობის სახელი და გვარი. და  გამიხარდა, რომ ჩემს აზრს იზიარებდნენ ჟიურის სხვა წევრებიც.

რას ნიშნავს იყო „თავისუფალი“აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ სპექტაკლს სხვა ბევრი პროფესიული ღირსება აქვს, რაც მას თანამედროვე ქართული სათეატრო პროცესებში უმნიშვნელოვანეს ადგილს აკუთვნებს. სპექტაკლი განსხვავებული გზით დაიდგა. მსახიობებმა თვითონ აირჩიეს პიესა, თვითონ დადგეს სპექტაკლი (რეჟისორის გარეშე) და თვითონ გადაწყვიტეს კონკრეტულ მხატვარსა და მუსიკოსთან თანამშრომლობა, რამაც, საბოლოოდ ამ ტიპის კოლაბორაციის საუკეთესო შედეგი მოგვცა. და ძალიან მინდა ჩემგანაც გაიგოთ ამ, მართლაც, გამორჩეული მსახიობების სახელები: სანდრო სამხარაძე, სოფიო ზერაგია და ლაშა მებუკე.

გქონიათ შემთხვევა, როცა სპექტაკლზე მხატვრის სახელს და გვარს წაუყვანიხართ? მე მყავს ასეთი სცენოგრაფი. რა თქმა უნდა, სპექტაკლზე დამოუკიდებლად მისი ნამუშევრის სანახავად არ მივდივარ მხოლოდ და სწორედ ესაა საკვანძო საკითხი. უბრალოდ ვიცი, რომ თუ რეჟისორმა თამრი ოხიკიანთან გადაწყვიტა მუშაობა, ე.ი. მას აქვს რაღაც სათქმელი, ამ ყველაფერს უკვე  ხედავს და მაყურებელთან დიალოგისთვის კიდევ ერთ ძლიერ ხმას ეძებს. თამრი ოხიკიანს „თავისუფალი“ სპექტაკლ „ფიწალი დისნეის“ სცენოგრაფიისთვის გადაეცა. გარემოსთვის, რომელიც, ერთდროულად, არის ბავშვური ფერადოვნებისა და ზრდასრულთა შხამიანი ფერების სამყარო, კლაუსტროფობების ჯოჯოხეთი და გაზრდაზე უარის მთქმელი „ბავშვების“ სამოთხე, ვარდისფერ-იისფერი ბარხატის კედლებით, რომლებსაც ხან ყველაფერი ზედ ემჩნევათ და მერე, ხელის გადასმისას, ყველა კვალი არასასურველი მოგონებებივით ქრება. რადგან ჩვენთან სცენის მხატვრებზე იშვიათად წერენ, შემთხვევით ვისარგებლებ, და „ფიწალი დისნეის“ გარდა, კიდევ ერთ სპექტაკლზე გირჩევთ წასვლას. ესაა „მკვდარი ძაღლები“ („სამეფო უბნის თეატრი“), სადაც თამრი ოხიკიანის სცენოგრაფია და კოსტიუმები ქართული თეატრის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ საეტაპო ნამუშევრად მიმაჩნია.

იმ სპექტაკლის პოსტერს, რომელსაც, საბოლოოდ, საუკეთესო სპექტაკლის ჯილდო გადავეცით, ფეისბუქზე ბევრჯერ ავუარე გვერდი. მიუხედავად იმისა, რომ „ჰარაკს“, როგორც დამოუკიდებელ კომპანიას ვგულშემატკივრობდი, რატომღაც ეს წარმოდგენა ინტერესს არ მიჩენდა (მიზეზი ზედმეტად ირაციონალურია და ახსნას არ ექვემდებარება). სპექტაკლის წინა დღეს ანუკიმ, ჟიურის წევრმა, თქვა, რომ მეოთხედ უნდა ენახა „ბერსერკები“ (საკმაოდ ხანგრძლივი სპექტაკლი); ზუსტად იმ დღეს სხვამაც მითხრა, რომ მესამედ აპირებდა ნახვას. სპექტაკლის დაწყებიდან ზუსტად 10 წუთში უკვე ძალიან ვნანობდი ყველა გაცდენილ სპექტაკლს, მით უფრო, რომ შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს პერიოდულად განახლებულ დადგმას სთავაზობდა თურმე.

მოკლედ, ბევრი ვიცინე, თან იცით როგორი სიცილით, აი რომ არ გრცხვენია რომ იცინი, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს სიცილი ყველა იმ ემოციასთან ერთად, რასაც სპექტაკლი აღძრავს. სპექტაკლის მსვლელობისას გონებაში მიტივტივდება ყველა კრიტერიუმი, რაზეც შევთანხმდით, და ვრწმუნდები, რომ ძალიანაც სწორად და ზუსტად განვსაზღვრეთ ისინი. გიორგი ჯამბურიას რეჟისურა - დრამატურგიული მასალის ხედვა და დამუშავება, თანამედროვე კონტექსტის გათვალიწინება, ერთ ენაზე მოლაპარაკე სამსახიობო ანსამბლი, თითოეული მსახიობის წარმოჩენის გამაოგნებელი მცდელობა, იუმორი (რომელიც, ზოგადად, ძალიან მაშინებს და მძაბავს ხოლმე თეატრში, მრავალი არასახარბიელო გამოცდილების მიზეზით). აწი აღარ გავაცდენ არც ერთ „ბერსერკებს“ და თქვენც იმავეს გირჩევთ. დიდხანს ლოდინიც არ მოგიწევთ. „ქალაქის თეატრში“ ამჯერად ახალი „ბერსერკები 2“ იდგმება და ბექა ხაჩიძისა და სოფიკო გვიმრაძის (მსახიობები წინა „ბერსერკებიდან“) თამაში ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. თან, გახსოვდეთ, რომ „ქალაქის თეატრში“ ყიდულობ ბილეთს - აშენებ თეატრს.

დასრულდა ეს წერილიც და თვენახევრიანი დაუვიწყარი მოგზაურობა თავისუფალ ხელოვანებთან ერთად. თუმცა „თავისუფალი“ გრძელდება. მომავალ წელს პრემიას გულშემატკივრის სტატუსით და ალბათ, ცოტა პროფესიული შურითაც მივადევნებ თვალს, რადგან, დარწმუნებული ვარ, ახალ ჟიურის კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ყველანაირი სკეპტიციზმისგან თავისუფალი ხელოვანების არაერთი ბრწყინვალე ნამუშევრის შეფასება მოუწევს.

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა