არცთუ მცირე რეფლექსია „თავისუფალის“ შესახებ
გუშინ, 18:07

პრემია „თავისუფალი“, რომელიც 2023 წელს დაარსდა, დამოუკიდებელი თეატრებისა და ხელოვანებისთვის გამორჩეულ პლატფორმად იქცა. მიზანიც მალევე გამოიკვეთა: დამოუკიდებელ თეატრალურ პროექტებში  მონაწილე ადამიანების გაძლიერება; მათი ერთმანეთთან დაკავშირება და კულტურული სივრცის გაფართოება; ზოგადად, ალტერნატიული და დამოუკიდებელი თეატრალური პროცესის წახალისება და ხელშეწყობა.

პრემიის არსებობა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ის გულისხმობს სწორედ აკადემიური და სახელმწიფო თეატრების მიღმა აღმოცენებული თუ დაარსებული დამოუკიდებელი დასების, რეჟისორების, არტისტების, სცენოგრაფების, კომპოზიტორების წახალისებასა და მათთვის ახალი იმპულსების გადაცემას.

„თავისუფალის” დაარსების თარიღი ფაქტობრივად, დროში ემთხვევა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურებისა და გამოცოცხლების ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას. ის ერთბაშად შეეჭიდა დროის მოთხოვნებს და დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცა ალტერნატიული თეატრალური პროცესის მონაწილეებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრემია „თავისუფალი” აკადემიური თეატრების მოვარაყებული და დიდებული დარბაზებიდან თავდახსნილი, გაუქმებული და უმუშევარი სუფლიორივით თამამად ჩეშვა ნესტიან სარდაფებში, მიტოვებულ შენობებსა თუ ყოფილი საბჭოთა ქარხნებისა და ფაბრიკების სივრცეებში (იქნებ, ორფეოსი ჯოჯოხეთში მართლაც ეშვება?!).

სწორედ ამ სუფლიორად ქცეულმა პრემიამ შეგვახსენა დავიწყებული და მნიშვნელოვანი რამ: თეატრი ცოცხალია მაშინ, როცა ის ვიბრირებს, მოქმედებს და რეფლექსირებს სწორედ აქ და ახლა; ცინცხალი ვნებით და იმპროვიზებულად აღმოცენებული თამაშით; თამამი არტისტული სიშლეგით, არა დაკონსერვებული და რაგინდ დიდებულად მჟღერი წარსულით.

პრემია „თავისუფალის“ ჟიურის წევრები: მსახიობი ნინო ბურდული, ჟურნალისტი და არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე და თეატრმცოდნე, თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ცაგარელი, შევეცადეთ 2025 წელს წარმოდგენილი სპექტაკლები სწორედ სიახლის, სიცხადისა და არტისტული სიგიჟის ზღვარზე დაგვენახა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა და შეგვეფასებინა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დამოუკიდებელი სათეატრო კომპანიებისა და არტისტების სპექტაკლები.

ჟიურის წევრებმა სულ თექვსმეტი წარმოდგენა ვნახეთ და შესაბამისად, განვიხილეთ კიდეც. სასიამოვნო პარადოქსია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და გამარჯვებულების დასახელება, რამდენიმე მნიშვნელოვანმა და თანაბარი ხარისხით გამორჩეულმა სპექტაკლმა გაგვირთულა.

საქართველოში დღეს ბევრი დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიაა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი ინდივიდუალური კონცეფციითა თუ ხედვით, სტილითა თუ ფორმით უკვე დაიმკვიდრა თავი. თუმცა მათ საერთო ნიშნებიც აქვთ: სამოქალაქო პოზიცია, გაბედული და პროვოკაციული ესთეტიზმი, რეპერტუარის გაშლა-გაფართოება, სიახლეებისკენ სვლა და მაყურებელთან ინტერაქციული ურთიერთობა. რაც გვაგრძნობინებს, რომ  მაყურებელიც ამ არტისტული ინექცია-ინტერაქციის ორგანული ნაწილია.

სანახავი და მოსაყოლი ცხადია ბევრია, თუმცა შევეცდებით შეძლებისდაგვარად მოკლედ და მრავალფეროვნად დავინახოთ სოციალურ და პოლიტიკურ სიშლეგეში შესული ქვეყნის არტისტულ-თეატრალური თავისებურებანი...

დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ თავის სპექტაკლებში ძირითადად,  უახლესი „დაკარგული დროის” თეატრალური ენის კვლევას ეყრდნობა. ის ეძიებს და პოულობს პლასტიკური გამომსახველობის ახალ ფორმებს, იმპროვიზებულ თამაშებს, დანაწევრებული სცენური მეტყველების უცნაურ, მაგრამ სახალისო თავისებურებებს.

პრემია „თავისუფალის“ საკონკურსო პროგრამაში ვიხილეთ სანდრო კალანდაძის სპექტაკლი „იოკასტე: ნედლი მასალა“, რომელიც დატვირთულია პოეტური მონოლოგებით და ირონიული სოციალური ქვეტექსტებით. სამი სიუჟეტური ხაზი - იოკასტეს, ანტიგონესა და კლარას ისტორიები, ანტიკურ საბერძნეთის ქალებისა და 90-იანი წლების საქართველოს სამოქალაქო ომის ისტორიებს ერთდროულად იტევს და აფართოებს.

სანდრო კალანდაძე ასევე გაბედულად „მოგზაურობს“ შექსპირის სამყაროში და „ჰარაკის“ სივრცეს დანიის საპყრობილედ გადააქცევს. სპექტაკლი - „ჰამლეტი“ 3 საათი და 40 წუთი გრძელდება და „ჰარაკის“ ორ სხვადასხვა სივრცეში თამაშდება. გამორჩეულია პოსტმოდერნისტული სიანცით, ჭრელი კოსტიუმებით, ვიდეოარტით და მთავარი როლის შემსრულებლის, ბექა ხაჩიძის გაბედული და ანტიჰამლეტური არტისტული სვლებით. მესამე მოქმედებაში ჰამლეტი ქუჩაში გადის და „იკარგება“, რომელსაც ანანო მახარაძე ჩაანაცვლებს.

კომპანია „ჰარაკი“ ბოლო წლებში მაყურებელს წარმოუდგენს „ბერსერკების“ ევოლუციურ თეატრალურ პროექტს, რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი მისტერიულ თეატრად ახასიათებს. „ბერსერკები“ არის ახლებურად „თამაშის” შესაძლებლობა, რაც კონკრეტულ სახასიათო და ექსპერიმენტულ ეპიზოდებად ცოცხლდება სცენაზე. გარკვეულწილად, ესაა თეატრალური სერიალის ექსპერიმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახისა და მასშტაბის სპექტაკლებს, პერფორმანსებს და ჰეპენინგებს, რომელთაც საერთო მეტა-ნარატივი – პროექტის მონაწილეთა მიერ თანაავტორობით შეთხზული მითი აერთიანებს.

სწორედ, „ბერსერკების“ ხანგრძლივი პროექტის ფარგლებში დადგა რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ „კვარტეტი“  (ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით, რომელშიც გიორგი წერეთლისა და ნატალია გაბისონიას ელვარე არტისტულობა თვალსაჩინო, ბრწყინვალე და გადამდებია). ასევე, „ბერსერკები: შინ - არლეკინის ანდერძი“ - უცნაური სტრუქტურის, მრავალგანზომილებიანი და ელვარედ სარკასტული ტექსტი, რომელიც თავად გიორგი ჯამბურიამ დაწერა.

არლეკინს მათე ხიდეშელი თამაშობს, რომელმაც გადაწყვიტა მაყურებელს მარტომ გაუღოს „შინ“-ის კარი და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული საიდუმლო გაანდოს... არლეკინს ცხადია, აღარაფერი აკავშირებს „კომედია დელ არტესთან”, ის უფრო მეორეხარისხოვანი, თანამედროვე როკმომღერალია, ან მიწისქვეშა სივრცის არტისტია, რომლისთვისაც ირონიაც, სევდაც და თვითირონიაც ერთნაირად ორგანულია… 

„ქალაქის თეატრმა“ ოთხი განსხვავებული კონცეფციის სპექტაკლი წარმოადგინა: კოკო როინიშვილისა და რატი ლაბაძის საინტერესო და პროპორციული რეჟისურით გაცოცხლებული, ერიკ ემანუელ შმიდტის „სტუმარი (სადაც, ბედის ირონიით, ფროიდი ღმერთს თერაპიული ზრახვების გარეშე ესაუბრება);  

აბსურდის თეატრის ერთ-ერთი კლასიკოსის, სლავომირ მროჟეკის კომედიის მიხედვით დადგმული „პოლიცია“ (რეჟისორი გიორგი კიკნაძე), რომელიც აქტუალურია ერთგვარი ნაივური სისატიკით, ზღვარდაუდებელი ყოფითი აბსურდით და ტოტალიტარული ლოზუნგებით: „არ იქნება დანაშაული, არ იქნება დამნაშავე, არ იქნება დამნაშავე - არ იქნება ციხე, არ იქნება ციხე - არ იქნება პოლიცია....“.

რეჟისორ ქეთევან სამხარაძის ხუთი დინამიკური ეპიზოდისგან შემდგარი ფარსი „ნუღარ გამოხვალ ოთახიდან“, ეს არის მოქნილი, დამცინავი, პოლიტიკური და „შავი კომედიით“ გაზავებული შესანიშნავი წარმოდგენა, რომელშიც მსახობთა ირონია არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ალუზიებს არათუ ასახავს, აჭარბებს კიდეც და გაცილებით გროტესკულ ფორმას ანიჭებს.

რეჟისორ ნიკა კოხრეიძის „ფიზიკური თეატრის“ ჟანრის ელემენტებით შთაგონებული „მექანიზმი“,  რიტმსა და სხეულის შესაძლებობაზე აგებული, თითქმის ქორეოგრაფიული წარმოდგენაა. მსახიობები იყენებენ ყოველდღიურ საგნებს საკუთარი ფიზიკური და პლასტიკური შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

უნდა აღვნიშნოთ ნიკო გომელაურის სახელობის თეატრი ათენში, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა საბერძნეთში 12 წლის წინ დაარსეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემიგრანტი თეატრალური დასი საქართველოში ჩამოვიდა. „მოძრაობის თეატრში“ რეჟისორმა ნიკოლოზ ტყავაძე-გავრეილიდმა ერლომ ახვლედიანის მოთხრობის მიხედვით „ვანო და ნიკო“ წარმოადგინა, სადაც მსახიობთა დრამატული და პლასტიკური შესაძლებლობანი შეძლებისდაგვარად კარგად წარმოჩინდა.

„თეატრი სახელოსნო 42“ კიდევ ერთი დამოუკიდებელი პროექტის ავტორი გახდა. რეჟისორმა დავით თარბამ შილერის „ვერაგობა და სიყვარულის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში  (მთავარ როლებში - ზუკა პაპუაშვილი, თამარ ყალაბეგაშვილი, ოთარ ლორთქიფანიძე, მარიამ ჯოლოგუა, დუტა სხირტლაძე) ერთგვარი ეგზისტენციური შეკითხვა დაგვისვა - შესაძლოა თუ არა სიყვარული დაემორჩილოს სოციალურ და პოლიტიკურ იერარქიას, როცა თავად სიყვარული შანტაჟის იარაღად იქცევა?!

სრულიად უჩვეულო გარემოში („მუტანტ რადიოს“ სივრცე), საკლუბო როკისა და ანტიკური მითის გადაკვეთაზე გაიელვა გიორგი მაისურაძის სავტორო სპექტაკლმა „ორფეოსი“, რომელიც საკუთარი პიესის მიხედვით დადგა. პოეზია, ეროსი და თანატოსი ალბათ, გრავიტაციული სიძლიერით მიიზიდავს ამ სპექტაკლში ორფეოსის მითის მოყვარულებს. თანაც მოდერნისტული და თამამი ტექსტის წყალობით; პლუს არტისტების - ნინი იაშვილის, მათე ხიდეშელის და ბექა ხაჩიძის ლაღი და თვითირონიული დეტალები.

კიდევ ერთი საავტორო სპექტალი-აღმოჩენა გველოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში. რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ფრანც კაფკას რომანი „პროცესი“ ერთმოქმედებიან ანტიუტოპიად აქცია და „იოსები“ უწოდა (მთავარი გმირის, იოზეფ კ-ს ანალოგიით). „ედემის რესპუბლიკა“, რომელშიც ერთ არაფრით გამორჩეულ დილას იოსები იღვიძებს, ისევე სავსეა ძალადობით, სავსე აბსურდით, როგორც ყიველდღიური დაჭრებით და სიკეთით სავსე ჩვენი ქალაქი.

სპექტაკლი მკაფიო, ზუსტი და კონცეპტუალური ჩარჩოთი გამოირჩევა, რომელშიც არტისტებსაც (გიორგი შარვაშიძე, გიორგი გიორგანაშვილი, ნიკო ფიფია და ნატალია გაბისონია) მხატვარ-სცენოგრაფსაც (მარიამ ძმანაშვილი), კომპოზიტორსაც (ნოე კვირკველია) და თავად რეჟისორსაც თანაბრად გადანაწილებული და გაცნობიერებეული აქვთ თითოეული სცენისა თუ მიზანსცენის მნიშვნელობა. რეალურად ეს არის სპექტაკლი-ანტიუტოპია, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსნებს, რომ ხელოვნება სწორედ დამოუკიდებელი და პოლიტიკურია, ხოლო თეატრი - ავანგარდში მყოფი (დღეს და ახლა!) არტკონტინიუმი.

დამოუკიდებელი თეატრალური პროექტი „ჰაიდე”, რომელიც დოკუმენტურ-მხატვრულ-პუბლიცისტური სინთეზის გამო ძნელია რომელიმე კონკრეტულ ჟანრს მივაკუთვნოთ, მარნეულის კულტურის ცენტრში დაიდგა. პროექტის ავტორია თამთა ტაბატაძე, დრამატურგი - ქეთევან სამხარაძე;მხატვრობა, რეჟისურა და ქორეოგრაფია - ტატო გელიაშვილი და თათა თავდიშვილი.

ქეთევან სამხარაძის ტექსტები, როგორც წესი, ექსტრემალური მდგომარეობის ზღვარზე მყოფი პერსონაჟების თხრობა-მონოლოგებია, ან ფემინისტური არტ-მანიფესტები. თუმცა ამ შემთხვევაში, ის უფრო კონკრეტულ, დაფარულ და უხილავ ტკივილზე გვიყვება, რომელიც ხშირად ხმამაღლა არ გამოითქმის. „ჰაიდე” არ გვიზიარებს მხოლოდ ქალების შინაგან თუ ამოუთქმელ ყვირილს („ქალი ვარ ქალაქის, ქვეყნის და მსოფლიოს ქალი ვარ,ნამდვილი ქალი ვარ, ქალი ვარ, რომელიც ადგა, აღდგა და ისმის!”), არც მხოლოდ მათ კონკრეტულ ბიოგრაფიებს. ეს არის გაბედული და დრამატული ირონიით ნაკვები ტექსტი დედებს „გამობმულ” კაც-ბიჭებზეც, რომლებიც ინფანტილიზმის ხანა ვერ დაძლიეს.   

ტექსტის გარდა, „ჰაიდე” ეს არის რეჟისორის, მხატვრის და ქორეოგრაფის (თათა თავდიშვილი და  ტატო გელიაშვილი) მგრძნობიარე ტკივილით გაჯერებული ნამუშევარი. სცენოგრაფია, მოძრაობა, კომპოზიცია და მსახიობთა სხეულები სპექტაკლის საერთო ატმოსფეროს ქმნის, რომელიც იქსოვება სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების ზუსტი და დროული კორელაციით.

პრემია „თავისუფალის“ წყალობით ქუთაისში აღმოვაჩინეთ დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე „ლიანდაგი“. „ლიანდაგი“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის კლუბის ახალი, დამოუკიდებელი სივრცეა, რომელიც ქუთაისში თანამედროვე თეატრისა და კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. სწორედ ქალაქის განაპირას, პატარა ეზოში ვიხილეთ თეატრალური პროექტის, „ბერსერკების“ საპრემიერო წარმოდგენა. პროექტის ავტორმა და რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ ამჯერად ჰაინერ მიულერის დრამატურგია მოიმარჯვა და მეოცე საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი „ფილოკტეტე“ შთამაგონებელი პოეზიისა და არტისტული პროვოკაციის ზღვარზე დადგა. ამ სპექტაკლით მან ფაქტიურად, ორი დამოუკიდებელი სცენური სივრცე (თბილისის და ქუთაისის) ერთმანეთს დაუკავშირა. 

ბათუმში, რომელიღაც ორსართულიანი სახლის „გატყავებულ“ კედლებს შორის (რომლის პირველ სართულზეც „ქართული ოცნების“ უკვე გაუქმებული საარჩევნო შტაბი მდებარეობს), ერთობ საინტერესო დამოუკიდებელი თეატრალური პროექტი - „ჰიტლერი“ ვნახეთ. გუგა მგელაძის მონოპიესა რეჟისორმა აჩი გოგუაძემ ბუნკერში მყოფი ჰიტლერის ბოლო საათების ნერვულ კონვულსიად აქცია. უნდა ითქვას, რომ მსახიობი გიორგი ყურავა „დიდი დიქტატორის“ 40 წუთიან მონოკონვულსიას შესაშური ჰიპერაქტიულობით გაუმკლავდა.

თექვსმეტივე წარმოდგენა, რომელიც პრემია „თავისუფალის“ წყალობით ვნახეთ, მეტ-ნაკლები სიმკვეთრით გვაგრძნობინებს საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკადს, სიხარულნარევ ტკივილს, დევნისა და აღფრთოვანების ერთდროულობას, რომელიც ქუჩებში, მიწისქვეშ თუ მოედნებზე იბადება. ეს წარმოდგენები გვიყვებიან სიცოცხლის, ბრძოლის და შთაგონების რიტმსა და რითმაზეც, რათა კრიტიკოსებმაც მაყურებელთან ერთად თამამად და ხმამაღა ვთქვათ: ქართული თეატრი დღეს ცოცხალია, რაც თეატრალურ ენაზე ნიშნავს - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა