რას წერენ მარჯანიშვილის თეატრზე და ლევან წულაძეზე ბრიტანეთში?
7-06-2012, 16:52

ლაშა ჩხარტიშვილი
 
გასულ კვირას მარჯანიშვილის თეატრმა დაასრულა საგასტროლო მოგზაურობა და სამშობლოში, როგორც ამბობენ, ტრიუმფალური წარმატებით დახუნძლული დაბრუნდა. თეატრმა მონაწილეობა უპრეცედენტო პროექტში  „მსოფლიო გლობუსში“ (ის პირველად და უკანასკნელად გაიმართა)მიიღო. პროექტი ითვალისწინებდა შექსპირის მემორიალურ თეატრში „გლობუსი“  მსოფლიოს 37 ქვეყნის თეატრის შექსპირული დადგმის ჩვენებას მშობლიურ ენაზე. ქართველებმა „გლობუსის“ სცენაზე „როგორც გენებოთ“ ლევან წულაძის დადგმით წარმოადგინა, რომლის მსოფლიო პრემიერა  აღნიშნულ ფესტივალზე შედგა. შესაბამისად, ქართველ მაყურებელს ჯერ სპექტაკლი არ უნახავს, არც ვიწრო პროფესიონალების ჯგუფს. მსოფლიო პრემიერამდე, თეატრის თანამშრომლების გარდა, მარჯანიშვილის თეატრის დარბაზი რეპეტიციებზეც კი ჩაკეტილი იყო.
ნებისმიერი ქართული თეატრი, რომელიც საერთაშორისო გასტროლიდან (ფესტივალიდან, ბიენალედან) ბრუნდებოდა, ადგილობრივ პრესას არნახული წარმატების შესახებ უყვებოდა. სამაგიეროდ, დღეს აღარც საბჭოთა კავშირია და აღარც ჩაკეტილი სივრცე,  ხელი რომ არ მიგვიწვდებოდეს უცხოურ პრესაზე, ან გასტროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. უცხოურ პრესაზე დაყრდნობით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლევან წულაძემ მოახერხა ქართული შექსპირული თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება ქვეყანაში, სადაც დიდ პატივს სცემენ ქართულ თეატრს რობერტ სტურუას და რამაზ ჩხიკვაძეს საუკეთესო შექსპირული დადგმების გამო. ლევან წულაძის სპექტაკლს (მხატვარი ნინო სურგულაძე, კომპოზიტორი ვახტან კახიძე) „გარდიანიც“ გამოეხმაურა: „თუკი საქართველოს ყველა თეატრი სულ მცირედით მაინც ჰგავს მარჯანიშვილის თეატრის დასს, მაშინ თეატრის კრიტიკოსებს ყველაზე შესაშურად აქვთ საქმე მთელს დედამიწაზე. შეუდარებელი სპექტაკლის „როგორც გენებოთ” დასასრულს მაყურებელმა დიდებული ოვაციით დააჯილდოვა ქართული დასი. ყველა ფეხზე ადგა (მათ გარდა ვინც უკვე ფეხზე იდგა). პიესის მსვლელობისას ხედავ სცენის მიღმა მყოფ მსახიობებს, რომლებიც პიესაში მონაწილეობენ. უყურებ და უსმენ მათ მეგობრულ საუბარს, ჭადრაკის თამაშს და კამათს. ეს სტილი ძალიან მიმზიდველია“. მსახიობებზე კი წერს: „შეუდარებელია ნატა მურვანიძის ჟაკი. ქართულ ენას თან ახლავს თავისებური მელანქოლია. უდიდესი ფუფუნება იგრძნობა მურვანიძის ხმაში. როცა მისი დარდიანი სეირნობა მთავრდება, შემოდგომის ფოთლების შადრევანი ეხვევა.  როზალინდა (ქეთევან შათარიშვილი) და სელია (ნატო კახიძე) ასევე ძალიან მომხიბვლელები არიან, ხალისიანი ფერებით და ფრაზებით იღება ფანჯრები მომწვანო-მოლურჯო ზღვაზე. ოდრი (მანანა კაზაკოვა) ყველაზე სასაცილო და მომხიბლავი მწყემსია, რომელიც ძალზედ თამამად წველის თავის პლასტმასის ბატკანს და გათხოვების დაუოკებელი სურვილით ანთებული დაჰქრის სცენაზე“.
მარჯანიშვილის თეატრი "გლობუსის" სცენაზე
შექსპირის ინსტიტუტის მკვლევარი ჯორჯ ლუკასი გამოცემაში „შექსპირის წელი“ წერს: „ქართველები ყველაზე უკეთ შეერწყნენ გლობუსის სცენას. ისინი ნამდვილად ნატიფად იცავდნენ ბალანს შექსპირის იდუმალ მისწრაფებებს და თავად წარმოდგენის დამოუკიდებელ თვითმყოფადობას შორის“. საკმაოდ ვრცელ მიმოხილვაში კრიტიკოსი გამოყოფს ბესო ბარათაშვილის, მალხაზ აბულაძის, ნატო კახიძის და ქეთი ცხაკაიას შესრულებას.
საინტერესოა როგორ მიიღებს ლევან წულაძის ახალ სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ ქართველი პრეტენზიული და ნიჰილისტური მაყურებელი.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა