გიორგი ყაჯრიშვილი
საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ და კომპანია „რედიქსის“ მიერ დაფუძნებული თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეოთხედ ასახელებს ლაურეატებს. უკვე ტრადიციად ქცეული მოვლენა მისასალმებელია და რა თქმა უნდა დიდ საქმეს ემსახურება. დააჯილდოო თანაც არა თუ მცირე თანხით სეზონში გამორჩეული თეატრალური წარმოდგენა შემდგომი ზრდისა და ძიების სტიმულიცაა და საკუთრი შრომის ღირსეული დაფასებაც. ქართულ თეატრალური სამყარო ამისთვის დიდად უნდა უმადლოდეს ამ დამოუკიდებელი პრემიის დამფუძნებლებსა და პირადად ლაშა პაპაშვილს, რომლების სასიამოვნო საღამოს გარდა, ყოველთვის ახალ–ახალ სიოურპრიზებს გვთავაზობენ ხოლმე. ყვარლის ნაცვლად, სადაც წინა სამი დაჯილდოება ტარდებოდა, წელს საღამო ჯანაშიას სახ. ხელოვნების მუზეუმის ახლად გარემონტებულ ეზოში გაიმართა სადაც საზეიმო განწყობა სუფევდა.
როგორც წესი პრემიების გაცემის წინა პერიოდი ცნობისმოყვარეთა დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მათ ყოველთვის აწუხებთ საკითხები თუ ვინ არის ჟიურის შემადგენლობაში, რა სპექტაკლებია წარდგენილი და რაც მთავარია ვინ არიან ჟიურის აზრით ფავორიტები. ყოველივე ეს თავიდან საიდუმლოებითაა ხოლმე მოცული და გამორიცხვის მეთოდით შეიარაღებული თეატრალური საზოგადოება გადაცემის ცერემონიის დაწყებისათვის უკვე თითქმის სრულადაა ხოლმე ინფორმირებული და მხოლოდ პროგნოზებითღა ერთობა. წლევანდელი პრემიების გადაცემას ცოტა ნერვიული ფონი უძღვოდა წინ. ერთ–ერთმა არანომინირებულმა მსახიობმა საკმაოდ შეურაცხმყოფელი ინტერვიუ გამოაქვეყნა და ყველანაირად უშვერი სიტყვებითაც კი „შეამკო“ ჟიურის წევრები. მე მათ დაცვას არ შევუდგები, ყველანი ჩემი მეგობრები არიან და სრულიად ვენდომი მათ პროფესიონალიზმსა და გემოვნებას. თუმცა ჩემი აზრით დებულების პატარ–პატარა ხარვეზები ხდება ხოლმე მიზეზი, რის გამოც მათი გადაწყვეტილება (ხშირად არაერთსულოვანი) უკმაყოფილებას იწვევს ან რევიზიის საფუძველს გვაძლევს.
პრემია მხოლოდ გამორჩეულს გადაეცემა და მაშასადამე უკმაყოფილო ყოველთვის იქნება, ეს გასაგებიცაა, მაგრამ მე არ მომწონს ის რომ ნომინირებული და არაპრემირებული მსახიობები ან რეჟისორები პირად დაპირისპირებაში ან სხვათა შეურაცყოფაში გადადინ ხოლმე. მახსენდება ოსკარების გადაცემის ცერემონია, სადაც ნომინანტები საკუთარ კონკურენტებს პირველები ულოცავენ ხოლმე და თავს ბედნიერად გრძნობენ (ყოველ შემთხვევაშა ასე ამბობენ), რომ მათთან ერთად აღმოჩნდნენ ნომინანტთა სიაში. ასეთი რაც ჩვენთან იშვიათად თუ მინახავს. უფრო მეტიც. ზოგიერთი მათგანი პროტესტის ნიშნად არც ესწრება ხოლმე ამ დაჯილდოების საღამოს. რაც შეეხება თვით დასწრებას, მე არ ვიცი რა პრინციპით ეპატიჟება „ცისკარის“ და კომპანია „რედიქსი“ ამ საღამოზე თავის სტუმრებს, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ მოწვეულნი იქნებოდნენ ყველა თეატრის მმართველები და მთავარი რეჟისორები, თუმცა მათი სიჭარბე მაინცდამაინც არ შეიმჩნეოდა.
ყოველივე ამან ხელი არ შეუშალა ამ საღამოს პომპეზურობასა და სიხალისეს, რომელიც მიჰყავდათ მსახიობ პაატა ინაურსა და მზია შარაშიძეს „რედიქსიდან.“
მაშინ როდესაც სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ სხვადასხვა გამომსვლელები, კულუარებში ისევ მიდიოდა კამათი და აზრთა გაცვლაგამოცვლა მომავალი გამარჯვებულების თაობაზე.
მთავარ პრიზის კანდიდატს წელს ასე ვთქვათ კონკურენტი არ ჰყოლია.
თ. ჭილაძის ახალი პიესა „ნადირობის სეზონი“, რომელიც რობერტ სტურუამ დადგა უპირობო ლიდერად გამოიკვეთა. თუმცა ბევრისთვის ის როგორც საუკეთესო ნამუშევარი დღესაც მიუღებელია. „ლიდერად“ კი იმიტომაც იქცა, რომ მეორე ამავე სეზონის ერთ–ერთი საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანი წარმოდგენა მ. მარმარინოსის „R+J ბედისწერა დაბნეულია რომეო და ჯულიეტა მესამე განზომილება“ განხორციელებული მ. თუმანიშვილის სახ. თეატრში ვერ მოხვდა კონკურსის ამ ნომინაციაში. ალბათ „დურუჯის“ მესვეურებს მოუწევთ დებულების გადახედვა, ვინაიდან უცხოელმა რეჟისორმა ქართული თეატრის სცენაზე ქართველი მსახიობებით ქართულ ენაზე დადგა ძალიან კარგი, ნოვატორული სპექტაკლი, ახალი სიტყვა ქართულ სცენაზე, მართლაც რომ მიღწევა განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებისთვის (რაშიც დავრწმუნდით თუნდაც იმით, რომ ამ სპექტაკლის წამყვანი მსახიობები მთავარი პრიზებით დაჯილდოვდნენ), რომლის შემოსავალმა, არ შევცდები თუ ვიტყვი, შეადგინა თეატრის მთელი სეზონის შემოსავლის უდიდესი ნაწილი და ჟიურის განხილვის ღირსიც კი ვერ გახდა. ისმის კითხვა, სხვა რა უნდა ექნა რეჟისორს თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის? მოქალაქეობა მიეღო 14 000 ლარის გულისთვის?
დამფუძნებლებთან საუბრისას ირკვევა რომ რეჟისორის მთვარი პრიზი 14 000 ლარის ოდენობით ეძლევათ არა მომავალი პროექტის გასახორციელებლად, არამედ უკვე შესრულებული სამუშაოსთვის პირად მოხმარებაში. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება „დურუჯის“ უარი უცხოელი რეჟისორის მარმარინოსის მიერ განხორციელებული სპექტაკლის მიუღებლობა მთავარ კონკურსში. მაგ. შეგახსენებთ რომ თემურ ჩხეიძე არ არის რუსეთის მოქალაქე, მაგრამ მისმა რამოდენიმე ნამუშევარმა, და რამოდენიმეჯერ, დაიმსახურა რუსული პრემი „ზოლოტაია მასკა“. „ნადირობის სეზონი“ რომელიც ამ სეზონის საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული უდაუდ იმსახურებს ამ შეფასებას, მაგრამ აქვე უნდა დავძინო, ხომ არ განაპირობა მისი ასეთი ერთხმად აღიარება იმან რომ „ სხვა არაფერი გვქონდა“. წელს ჩემს პუბლიკაციებში ხშირად ვწერდი ამაზე და ახლაც მიწევს ამის გამეორება, ასეთი მდორე თეატრალური სეზონი მე დიდი ხანია არ მახსოვს. მხოლოდ რამოდენიმე პრემიერა, ისიც ახალგაზრდა დამწყები რეჟიოსორების მიერ დადგმული.
ამ ლიდერობის მაგალითია ისიც რომ საუკეთესო პიესისა და საუკეთესო მხატვრის ნომინაციაშიც ისევ „ნადირობის სეზონი“ და მხატვარი თ. ნინუა გამოცხადდა.
ჩემი აზრით ჟიურიმ ძალიან რთულ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოთხი ქალი დაასახელა ერთი და იმავე სპექტაკლიდან. რამდენადაც მახსოვს ასეთი შემთხვევა არსად და არასდროს არ მსმენია, თანაც თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ოთხიდან სამი პრაქტიკულად ერთიდაიმავე როლს თამაშობდა. მათი კონკურენტი კი იყო ია სუხიტაშვილი იას როლით სპექტაკლიდან „ნადირობის სეზონი“. ჟიურის ერთ-ერთი წევრის
არგუმენტაციას რომ „ნადირობის სეზონის“ მიზანსცენებში მსახიობი ია სუხიტაშვილი მხოლოდ რეჟისორის მიერ დასახულ
ამოცანებს ასრულებს და ამიტომ მისი ნამუშევარი არ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას ვერ დავერთანხმები, თუნდაც იმ მიზეზის გამო რომ პრემირებული ქეთა შათირიშვილიც ხომ მხოლოდ რეჟისორ მარმარინოსის ოპერის პარტიტურასავით გაწერილ მოქმედებათა და გრძნობათა ბუნების გამომხატველ სქემას მიჰყვება და ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც (მხედველობაში მაქვს რეჟისორის რებუსული მიზანსცენები და არა თვით მსახიობის შესაძლებლობები).
ამავდროულად მიუხედავად იმისა რომ ქეთა შათირიშვილის მიერ შესრულებული როლი მეც მომეწონა და დავწერე ამის შესახებ ჩემს რეცენზიაში ამ სპექტაკლის შესახებ, ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ შეძლო ჟიურიმ კატო კალატოზიშვილის კარგი თამაშისა და ქეთას თამაშის ერთმანეთისგან გასხვავება და რატომ ამჯობინა ერთი მეორეს! (ვიღაც მეტყვის მათემატიკა ჩაერიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ მხოლოდ ასე არაა).
არ დავეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას ახალგაზრდა რეჟისორის პრიზის ნ. ლუარსაბიშვილის ს. ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ მინიჭების შესახებ და არა იმიტომ, რომ სპექტაკლი ცუდია. პირიქით. სპექტაკლი ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას, თუმცა მსახიობის როლის შემსრულებელი მ. ეგუტია აბსურდის პიესაში თამაშობს რეალისტურად, პათეტიკით, ემოციითა და სენტიმენტებით, ბოლოში ცრემლსაც კი ჩამოაგდებს. აბსურდის თეატრში, სადაც ადგილი არა აქვს პათეტიკას, სენტიმენტალიზმსა და ემოციას, რასაც პირიქით იუმორი უნდა დაუპირისპირდეს, ვერ ასახეს რეჟისორმა და კრეპის როლის შემსრულებელმა, ეს კი სპექტაკლის სერიოზულ ხარვეზად მიმაჩნია, ამდენად მ. ნაცვლიშვილის რთული და თამამი ექსპერიმენტი ს. კეინის „4.48 ფსიქოზი“ ჩემი აზრით უფრო ღირსეული კანდიდატი იყო.
ჩემს გარდა „ გაღიზიანებულთა“ სიაში აღმოჩნდნენ ბათუმის თეატრის მესვეურებიც, რომელთა შენიშვნაც, რატომ ვერასოდეს ვერ ხდება გამარჯვებულთა სიაში პერიფერიის თეატრები არაა საფუძველს მოკლებული, თუმცა აქაც მგონი მეტი თავმდაბლობაა საჭირო პრეტენზიის გამოთმისას. შესაძლებელი ჟიურის გადაწყვეტილების მიღებისას არის მცირეოდენი გადახრები (ეს აფთიაქის სასწორი ხომ არაა!), მაგრამ მთლიანობაში არა მგონია, რომ ღირსეული სპექტაკლი თუნდაც პერიფერიაში დადგმული, რამენაირად იგნორირებულ იქნას პროფესიული ჟიურის მიერ და ამ ფაქტს „დურუჯის“ არსებობის ისტორიაც ადასტურებს.
და კიდევ ერთ რამ: თეატრალური ხელოვნება სინთეტური დარგია და მის ასეთ მრავალფეროვნებაში წარმოდგენილი პროდუქციის შეფასებაც მოიაზრება. ასე რომ თეატრალური პროცესი მთლიანად თეატრალურ კრიტიკასაც, პროფესიულ შემფასებელთა აზრსაც ითვალისწინებს. ასე რომ სასურველი იქნება თუ „დურუჯი“ უახლოეს მომავალში კრიტიკის პრიზსაც შემოგვთავაზებს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04