ორი მარია, სამი ელისაბედი...
მარტის თვის შუა რიცხვებში თბილისის თეატრალური საზოგადოება და მაყურებელი მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისის პოლიტიკური ინტრიგებში „გაეხვია“. ერთდროულად ორი თეატრის, რუსთაველის და მარჯანიშვილის სცენებზე ორი–ორი დედოფალი ეპაექრებოდა ერთმანეთს – გოჩა კაპანაძის მიერ თხუთმეტი წლის წინ დადგმულ „მარიამ სტიუარტის“ განახლებულ ვერსიაში და თემურ ჩხეიძის მიერ 2005 წელს სანკტ–პეტერბურგის გ. ტოვსტონოგოვის სახ. დიდი დრამატულ თეატრში განხორციელებულ „მარია სტიუარტში“.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი რეჟისორები ხშირად მიმართავდნენ ფრიდრიხ შილერის დრამატურგიას („ყაჩაღები“, „დონ კარლოსი“, „ვერაგობა და სიყვარული“, „ფიესკოს შეთქმულება“) ქართულ სცენაზე „მარიამ სტიუარტის“ წარმოდგენა არ იყო ხშირი. თეატრის ისტორიის ფურცლებზე შემორჩენლია მასალები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ პირველად ეს პიესა დაიდგა 1896 წელს, მეორედ 1909 წელს ორივეჯერ ქუთაისში, მესამედ კი 1955 წელს მარჯანიშვილის თეატრში.
პირველი დადგმის შესახებ მარიამის როლის შემსრულებელი ნინო (ნუცა) ჩხეიძე, რომელიც ამ დროს მხოლოდ 15 (!) წლის იყო იხსენებს: „შალვა დადიანმა ნაჩქარევად თარგმნა აღნიშნული პიესა. ერთ მოქმედებას რომ გადათარგმნიდა, ვიწყებდით რეპეტიციას, მეორე, მესამე და აშ. შილერის თარგმნა არც ისე ადვილია. ისიც ლექსად, ნაჩქარევად ... ჩვენ კი ვიჩქარეთ ... პირველი იყო ჩემს სიცოცხლეში, რომ როლი კარგად ვერ ვისწავლე ... მესამე მოქმედება, სადაც ორი დედოფალი მარიამი და ელისაბედი შეხვდებიან ერთმანეთს. აქ უკვე ძლიერი სცენაა, სიდინჯე არ გიშველის, და მე სრულიად ყურს ვეღარ ვუგდებდი მოკარნახეს, დედააზრი რა თქმა უნდა ვიცი, დაახლოებით ტექსტიც, მაგრამ ისე კარგად კი არა, რომ ზეპირად ვილაპარაკო, და აქ მიშველა ენის ცოდნამ. უმტყუნე შალვა დადიანის თარგმანს და ჩემი „თარგმანით“ ვილაპარაკე“ 1
1909 წლის 15 ნომბერს ფრიდრიხ შილერის დაბადების (1759 წ. 10.11) დღის 150 წლის საიუბილეოდ ისევ ქუთაისის თეატრში, როდესაც ამ თეატრის რეჟისორი ვალერიან გუნია იყო, კვლავ დაიდგა ეს პიესა ნინო ჩხეიძისა და ელო ანდრონიკაშვილის მონაწილეობით. მათ თამაშის შესახებ რეცენზენტი ჯაფარ–ფაშა წერდა: „...თვით რომელსამე საუკეთესო სცენაზეც რომ შეესრულებინა ეს როლი (ნ. ჩხეიძე – გ.ყ.), იმ სცენაზე, სადაც გამოჩენილი და პირველხარისხოვანი მსახიობები არიან, დამსწრენი აღტაცებით მიეგებებოდნენ. მეორე პასუხსაგებ როლში, დედოფალი ელისაბედის გაპიროვნებაში დაბეჯითებითი შრომა ეტყობა ქ–ნ ანდრონიკაშვილისას“. 2
საუკეთესო შესრულებად ითვლებოდა მესამე დადგმის მონაწილეთა თამაში – მარიამი – ვერიკო ანჯაფარიძე, ელისაბედი – სესილია თაყაიშვილი (რეჟისორი ვ. ყუშიტაშვილი). სამწუხაროდ ამ სპექტაკლის შესახებაც ძალიან ცოტა რამაა ცნობილი – მხოლოდ 5 წუთიანი რადიოჩანაწერი ამ ორი დედოფლის შეხვედრის სცენისა. „ამ დიალოგში მათი სიტყვა და მდუმარება ერთნაირად ძლიერია. იქნებ მდუმარება უფრო მეტადაც, ვინაიდამ სწორედ მდუმარებაში იგრძნობა, თუ როგორ აღიქვამს ყოველი მათგანი იმას, რაც სცენაზე ხდება, რა მწიფდება მათში, რა უნდა დაიბადოს“. 3 ამ წარმოდგენის მხილველები თვლიან, რომ სესილია თაყაიშვილმა თავისი თამაშით „დაჯაბნა“ ვერიკო ანჯაფარიძე.
„მარიამ სტიუარტის“ თანამედროვე წარმოდგენებში რეჟისორები სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ, ცხადია არ ჰგვანან ერთმანეთს მთავარი მოქმედი პირნიც.
მარიამი – მარინა კახიანი ქალური, სექსუალურია, ცდილობს მტრების წინააღმდეგ საკუთარი მომხიბვლელობის გამოყენებას, თვინიერი, დაუმორჩილებელი, მამაკაცური სიამაყით, სიკვდილი ურჩევია მეორე ადგილზე, რანგით დაბლა ყოფნას.
იგი პირველივე გამოჩენისთანავე ირონიული, ცინიკური, კეკლუცი, მაგრამ გაბოროტებულია. ემოციური და ვნებიანი, მედიდური და გაუტეხელი, პანტალონებში გამოწყობილა, ნახევრად შეუმოსავია, „სექსის თოჯინად“ გამოწყობილა ელისაბედის დასაცინად. მას სამეფო გვირგვინი აურჩევია სათამაშოდ და საქილიკოდ, გვირგვინი, რომელიც კანონიერად მას უკუთვნის და რომლის წართმევასაც „ცრუდედოფალი“ ელისაბედი ცდილობს. მსახიობი დიდი ოსტატობით ასრულებს ამ გროტესკულ სცენას. სპექტაკლის განმავლობაში მარიამი – კახიანი თავის სილამაზისა და ქალურობის ხაზგასმის მიზნით რამოდენიმეჯერ იცვლის სამოსს, კაბას, ხალათს, ამაზონკას (კოსტუმების მხატვარი ნინო ასათიანი).
მარია – ი. ა. პეტრაკოვა მედიდიურია, ემოციას მოკლებული, ცივი, მკაცრი. მგლოვიარე დედოფალი, ყოველთვის ჯვრით ხელში. არასდროს არ ეძლევს ზედმეტ ემოციებს. ლოგიკურია, გამჭრიახი გონების, ცდილობს გარეგნულადაც შეინარჩუნოს სიმკაცრე – მკერდახურული კაბებით, თალხი ფერებით (მხატვარი გ. ალექსი–მესხიშვილი).
თუ მარიამი – კახიანი უფრო გახდილია, მარია – ი. პეტრაკოვა უფრო „ჩაცმული“. მარია – პეტრაკოვა მხოლოდ ერთხელ სასიკვდილო ეშაფოტზე ასვლის წინ, გრაფი ლესტერის შემხედვარე დაკარგავს თვითდაჯერებულობას და უგონოდ დაეცემა, მაგრამ მალევე ძალას მოიკრეფს და წამოდგება, რათა ამაყად გაეშუროს სიკვდილის შესახვედრად.
მარიამ – კახიანს, ეჭვიანს ყველას და საკუთარი მსახურების მიმართ, მხოლოდ ერთხელ სიკვდილის წინ წამოსცდება სიტყვა „მეშინია“ – გაბრაზებულს იაკობის წერილზე, შეურაცყოფილს შვილის ღალატის გამო. მის ყოველ ქცევაში ვლინდება „ტახტის მიმტაცებლის“, „ნაბიჭვრის“ სიძულვილი. ამავე დროს გრძნობს რა თავის უპირატესობას, თავის სიძლიერეს, რამოდენიმეჯერ ბოდიშსაც კი უხდის ელისაბედს, ჯერ წერილობით, მერე კი პირადად, თუმცა სულაც არ მიაჩნია თავი ამით დამცირებულად. პირიქით, ამ ბოდიშის აქტშიც იგი ელისაბედზე ძლიერია, თუნადაც იმიტომ, რომ დამნაშავედ არ ცნობს თავს, ქედს არ იხდის ინგლისის დედოფლის წინაშე, მხოლოდ ასრულებს მის სურვილს, პატივს სცემს დედოფლის წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობის და გარდაუვალობის რიტუალს.
მას ცოტა ხნის წინ ქმარი მოუკლეს, მაგრამ ნაკლებად განიცდის ამას. ვნებიანი, ვერ იოკებს ახალგაზრდული „ხორცის“ ჟინს, და მაშინ როცა ყველაზე ცუდად გრძნობს თავს, ვერ ერევა გრძნობებს და ერთგულ მსახურს მამაკაცის მოყვანას სთხოვს.
ელისაბედი – ნანუკა ხუსკივაძე – დაღლილი, ავადმყოფი, გაწამებულია დაავადების გამო, მაგრამ ქვეყნის საქმეებით დაკავებული, მომცრო ტანის, წითური, მომხიბლაობას მოკლებული ქალწულია, რითაც განსაკუთრებით ამაყობს. „ჯვარი ინგლისზე მაქვს დაწერილი“ – სიამაყით, მაგრამ ერთგვარი სინანულით აცხადებს, უარს ამბობს ყველაფერზე, მემკვიდრეზე, შეყვარებულზე და საერთოდ სიყვარულზე. გრაფ ლაისტერთან – წლების განმავლობაში თავის ფავორიტთან ურთიერთობა, მათი პლატონური „რომანი“ ფიზიკურს, უფრო მეტიც, სექსს მოკლებულია, თუმცა ამავდროულად, მხოლოდ გრაფ ლაისტერის „ღალატი“, მისი წერილი მარიამის მიმართ, სადაც იგი „მას ჯოჯოს უწოდებს“ ხდება იმ მთავარი გადაწყვეტილების მიღების საბაბი, რითაც მან შეძლო მეტოქის გზიდან ჩამოცილება და „გადაარჩინა ინგლისი“, რითაც იგი ამ ქვეყნის მეფეთა ისტორიაში შევა როგორც „გვირგვინოსანთა მკვლელი“.
ელისაბედი – მარინა ჯანაშია ხანშიშესულ ასაკს მიტანებული დედოფალი, მთელი სპექტაკლის განმავლობას „მოწმის“ სახით ესწრება ქმედებას. რეჟისორმა (გ. კაპანაძე) ეს დამატებითი სახე ბრეხტის „გაუცხოების“ მეთოდის მსგავსად შემოყვანა ქმედებაში და მას დამკვირვებლის ფუნქცია დაააკისრა, რომელიც სულაც არაა უბრალო შემფასებელი თავისსავე ჩადენილი ქმედებებისა, არამედ „მონაწილეობს“, მკაცრ და ზუსტ შეფასებებს აძლევს ორივე დედოფლის საქციელს და მოვლენათა მსვლელობას, თავის განვლილ ცხოვრებას. ცხადია მას ჩარევა ან რამის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ „არც სურს“ . „ადამიანს რომ შეეძლოს ცხოვრების თავიდან დაწყება, ჰა, ჰა,ჰა, ჰა, ჰა, ჰა ... ალბათ ვერაფერს შეცვლიდა. მე, მე უნდა შევეცადო გავიხსენო ყველაფერი ... გავიხსენო“.
ელისაბედი – ჯანაშია მიუხედავად იმისა, რომ მწარედ განიცდის ჩადენილ საქციელს და თავისი ცხოვრებისეული მოგონებებიდან, რომელთა შორისაა მოგებული ომები, ინგლისის გაერთიანება და შოტლანდიის შემოერთება, პროტესტანტული რელიგიის გაძლიერება–დამკვიდრება, დამარცხებული თუ დასჯილი ლორდები და ამბოხებულები, ყველაზე ტრაგიკულ, თავის ყველაზე დიდ ცოდვად გვირგვინოსანის სივდილით დასჯას მიიჩნევს – „ცუდი პრეცენდენტია, ცუდი პრეცენდენტი“ – ამბობს ახალგაზრდობაში ელისაბედი – ხუსკივაძე და ამას სრულიად იზიარებს მოხუცი ელისაბედი– ჯანაშია. შთამბეჭდავად და მაღალი ოსტატობით ასრულებს სპექტაკლის დასაწყისის პირველ, ძალზე ემოციურ სცენას, როცა დედოფალი საკუთარ ხელებზე სისხლის ლაქის ანაბეჭდებს ეძებს, კლავისინზე გადაფარებულ ინგლისის სახელმწიფო ფერგაცვეთილ დროშაზე დაყრდნობილი, სანთლის შუქზე ათვალიერებს ხელებს და სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ მოიპოვებს, როდესაც ამ ლაქებს ვერ აღმოჩენს. იგივე სცენა სპექტაკლის ფინალშიც მეორდება, ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილის დასმის მიზნით, მაგრამ აქ ორი ელისაბედი ერთდროულად ეძებენ „სისხლით“ შეღებილ ხელებზე სისხლის ლაქებს მაინც ვერ აღმოაჩენენ – „უცნაურია ... ამბობენ მკვლელის ხელები სისხლშია მოსვრილი ... აი, აი ... არც ერთი ლაქა!“
მაგრამ ელისაბედ–ხუსკივაძის ხელები თუ უსიცოცხლოდ დაეყრება ინგლისის დროშაზე, ელისაბედ –ჯანაშიას ხელები, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ულამაზეს და უმშვენიერეს მარიამ სტიუარტისკენ იწევენ და მის ხელებს ეხებიან, თითქოსდა ამ ორ „ცოდვილთა “ სულებიც ერთიანდებიან. მათი ცხოვრება ისტორიას შეურთდა. ორივემ პირნათლად შეასრულა თავისი მისია. ელისაბედმა სძლია მარიამს, მაგრამ „გამარჯვებული“ მაინც მარიამი დარჩა. ახლა მათ გასაყოფი აღარაფერი აქვთ.
თვრამეტი წელი გაატარა მარიამმა ელისაბედის ტყვეობაში, თუმცა არაფერი აკლდა, მხოლოდ თვისუფლება ჰქონდა შეზღუდული. ამდენი ხნის განმავლობაშა მხოლოდ ერთხელ ხვდებიან ისინი ერთმანეთს. მიზეზი ელისაბედის მოთხოვნაა და მარიამიც მოლაპარაკებაზე თანახაა, აღიაროს მისი დედოფლობა და ინგლისის დედოფლის მემკვიდრედ გამოაცხადოს. ერთ–ერთი უძლიერესი სცენა წარმოდგენაში, ამ ორი დედოფლის შეხვედრა, რომელთაც არასდროს უნახავთ ერთმანეთი, თავიდან „თბილად“ იწყება. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მალევე სიტუაცია მძიმდება, ერთი მაგიდის ირგვლივ შემომსხდარი ორი დედოფალი ღვინოს მიირთმევს, მათ ორივეს, ორივეს ფავორიტი გრაფი ლაისტერი ემსახურებათ, თითქოსდა ყველაფერი კეთილი დასასრულისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ ორივე მათგანს მალე ნერვები უმტყუნებს და ეს საბედისწერო შეხვედრა მთელი რიგი ურთიერთშეურაცმყოფელი სიტყვებით დასრულდება.
თემურ ჩხეიძის სპექტაკლში ელისაბედისა და მარიას შეხვედრა გრაფი ლესტერის მეოხებით „შემთხვევით“ ხდება. ელისაბედი – მ. ო. იგნატოვა თავიდან გაკვირვებულია, ვერც კი სცნობს საკუთარ მეტოქეს. საუბარი ცივად მიმდინარეობს. მარია ელისაბედს ბოდიშს უხდის, მაგრამ სულ მალე ბაღის სკამზე შეხტება, რათა ელისაბედზე კიდევ ამაღლდეს, უფრო მეტად აგრძნობინოს თავისი უპირატესობა. გრაფ ლესტერის წინაშე დაამციროს მეტოქე. სასახლეში უკან მობრუნებული ელისაბედი – იგნატოვა მოსყიდული მკვლელის თავდასხმას ისე არ განურისხებია, როგორც მარიას დამცირებასა და შეურაცყოფას.
ელისაბედი – ხისკივაძეც არანაკლებ გართულია საკუთარი გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე ფიქრით. კაბების ხშირი ცვლაც ახასიათებს, მაგრამ მისი ჩაცმულობა უფრო კლასიკურია, ინგლისურ სტილში, მდიდრული, ძვირფასი თვლებით დამძიმებული. არც ექსტრავაგანტურობაში ჩამორჩება თავის დას. აი, სარკე და ზედმეტი აქსესუარები კი აღიზიანებს. დიდი ძალისხმევით მალავს ქალურ ვნებებს გრაფ ლაისტერის წინაშე. იმას რასაც ვერ ბედავს ელისაბედი, რის უფლებასაც იგი თავის თავს არ აძლევს, ადვილად აღწევს მარიამი, დიდი ხნის ვნებას „გზას უხსნის“, სურვილს იკმაყოფილებს და თავს ბედნიერად გრძნობს. ამაშიაც აჯობა ელისაბედს, გრაფი ლაისტერი ისევ დაიბრუნა და უკანასკნელი დასაყრდენიც გამოაცალა.
ელისაბედი – ხუსკივაძე „თავისებურად“ – ფეხის ძლიერად ჩარტყმით მადლობას უხდის გრაფ ლაისტერს, რომ სიკვდილს გადაარჩინა, თუმცა ამავდროულად ხვდება რომ იგი მისთვის დაკარგულია და მარიამის დასჯის შემდეგ მისი გაუჩინარება არც კი აკვირვებს. კარგად იცის, რომ რასაც კი მარიამის ხელი შეეხება, რასაც კი მარიამი მოინდომებს ელისაბედისათვის მიუწვდომელი ხდება. ამ პლანეტაზე ამ ორი ქალის ადგილი ერთდროულად არ არის.
თემურ ჩხეიძის სპექტაკლში ორ დედოფალს დაპირისპირებისას აქცენტი რელიგიაზეა გადატანილი. სცენაზე ორი ჯვარი ფიგურირებს, დეკორაციებში ჯვარის ფორმის დრაპირება სჭარბობს, მარიას ხელში გამუდმებით ჯვარი უჭირავს ხელში, ელისაბედი მას ხშირად კათოლიკეს ეძახის, ნიშნად ამ ეკლესიის სიძულვილისა, რომის პაპის მიმართ დაწერილ წერილებს ახსენებს და მის ჯაშუშადაც კი მოიხსენიებს. მარია ჯვარს მხოლოდ სიკვდილის წინ, გამომშვიდობებისას იხსნის და გრაფ ლესტერს გადასცემს, მისი რწმენა ურყევია, თუმცა გულის სიღრმეში გრძნობს, რომ ღმერთმა გასწირა.
დედოფლების დაპირისპირებაში გ. კაპანაძესთან სამეფო გვირგვინი წინ პლანზეა წამოწეული. მარიამის მიერ პირველ სცენაში „ფეხებით გათელილი“ და „შებილწული“ გვირგვინი, რომელზედაც ელისაბედმა იქორწინა და რასაც მარიამის თავი შეეწირება, გვირგვინი, რომელიც ხან იატაკზე გორაობს მარიამის მიერ ძლიერმოქნეული, ხან კი ელისაბედის შვილადაყვანილი ინვალიდის თავზე ჩამოფხატული, გვირგვინი, რომელზედაც მარიამი ჯავრს იყრის და რომელიც მას ექვსი წლის ასაკიდან ამშვენებდა, ელისაბედისთვის ძალუფლებაა, ინგლისიცაა და სათაყვანებელი სიმბოლოც.
თ. ჩხეიძის სპექტაკლში დედოფლები ამ სამეფო ატრიბუტს მხოლოდ ფინალურ სცენაში იდგამენ თავზე და ეს ორი წითელ კაბაში გამოწყობილი გვირგვიროსანის შეხვედრა მარიას ეშაფოტზე ასვლის წინ იმის მანიშნებელია, რომ ერთი ზედმეტია და ამ გვირგვინის გზიდან ჩამოცილებას ის თავის უნდა მიჰყვეს, რასაც ეს სამეფო გვირგვინა ადგას.
ელისაბედი – მ. ო. იგნატოვა ძლიერი მმართველია, ჭკვიანი, იცავს ტრადიცებს და ხალხის ინტერესებს – „მეფენი თავისი მაღალი მისიის მონები არიან“, ყველანაირად ცდილობს მასში ქალი ვერ აღმოჩინონ. კაბასაც კი მხოლოდ მარიას სიკვდილით დასჯის ფინალური სცენის წინ იცვლის. რაც შეეხება გრძნობებს, ელსაბედი – იგნატოვა მხოლოდ ერთხელ მიეცემა გრძნობებს და ემოციას – გრაფ ლესტერის წერილის წაკითხვისას „იქნებ ასე არაა?“ ცდილობს გაამართლოს მისი ღალატი, თუმცა მალევე გონს მოეგება.
სხვადასხვა ავტორი ინგლისის დედოფალის მიერ განაჩენზე ხელის მოწერის განსხვავებულ მოტივაციას გვთავაზობს. სტეფან ცვაიგი თვლის რომ ელისაბედი თითქმის ნახევარი წელი ებრძოდა საკუთარ თავს ამ განაჩენის გამოსატანად. რისთვის დაეჯერებინა ცივი გონებისთვის თუ გრძნობების და ადამიანთა მოთხოვნების? ასე ხანგრძლივად კი იმისთვის, რომ ყველას დაენახა, თუ როგორ უძნელდებოდა დედოფალს ამ გადაწყვეტილების მიღება.
შილერისეული ვერსიით ელისაბედი ხალხის მოთხოვნის გამო იძულებულია სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება – მარტო დარჩენას მოითხოვს – მუხლებზე დაჩოქილი დიდხანს ლოცულობს და ბოლოს სიტყვებით – „შენთვის უკანონო შვილი ვარ? ასეთად დავრჩები ვიდრე სუნთქავ, აღიგვები პირისაგან მიწისა და ყველაფერი მაშინვე კანონიერი გახდება“ – აწერს ხელს განაჩენს.
ლ. რაზომოვსკაის პიესის ფინალურ სცენაში ელისაბედი და მარია ერთდროულად ლოცულობენ. მარია ღმერთს შესთხოვს ელისაბედს აპატიოს მისი სიძულვილი, არ მიატოვოს, არ მისცეს ნება ცოდვილად მოკვდეს. ელისაბედი კი თავი ლოცვაში საკუთარი დის, დედოფალ მარიასადმი სიძულვილის მიტევებას ითხოვს. საყვედურობს ღმერთის იმ არჩევანისათვის, რომელიც მან მარიას სასარგებლოდ გააკეთა, იმ დაუსახურებელი სიყვარულის და დიდების გამო, რაც მარიას გარს ერტყა, ხოლო ელისაბედი კი სძულათ და ეზიზღებოდათ – „როდისმე ხომ უნდა დადგეს დასასრული“ ამ სიტყვებით აწერს ხელს ელისაბედი – ხუსკივაძე მარიამის განაჩენს.
არც ერთი წყარო არ მიუთიტებს, რომ ელისაბედი მარიამის დასჯას ესწრებოდა. პირიქით, თვალთმაქცობით გამორჩეულია ორივე სპექტაკლის ის სცენა, რომლის დროსაც ელისაბედი თავის მიერ ხელმოწერილ მარიას განაჩენს ვილიამ ლევინსონს უკან სთხოვს, იმის დამადასტურებლად, თითქოს მან არ იცოდა, რომ მისი ბრძანება აღსრულებულ იქნა. ორივე რეჟისორი ორივე დედოფალს კიდევ ერთხელ ახვედრებს ერთმანეთს. თ. ჩხეიძის სპექტაკლში წითლებში გამოწყობილი მარია და ელისაბედი ეშაფოტისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს ხვდებიან – ერთი მიდის, მეორე მოდის და შეხვედრის მომენტში ორივე შეჩერდება, ერთმანეთს შეხედავენ და ეს პაუზა ორი დედოფლის მიერ შესრულებულ საცეკვაო პას ჰგავს ჰაერში გაყინულს.
ნიშანდობლივია, რომ რეჟისორები და მხატვარები (გ. ალექსი–მესხიშვილი, ბ. ჯანაშია) ფინალური სცენისთვის ორი მარიასთვის (ფ. შილერის რემარკებში იგი თეთრებშია) სისხლისფერ – წითელ კაბას ირჩევენ.
რუსთაველის თეატრის სპექტაკლში შავებში გამოწყობილი ელისაბედი გაყინული სახით, სახეზე ნიღბაფარებული ოთახის კუთხეში სკამზე ჩამომჯდარა და მდუმარედ აკვირდება წითელ, ფრანგულ, ღრმად დეკოლტირებულ კაბაში გამოწყობილი მარიამის ტრიუმფალურ შემოსვლა. ამაყი, დაუმარცხებელი შოტლანდიის დედოფალი მთელი თავისი სიკაშკაშით კვლავ წარსდგენა მის წინაშე და ელისაბედი გაუნძრევლად აკვირდება მის სასიკვდილო აგონიას. ელისაბედ–ხუსკივაძეს კი აღარაფერი აღარ აწუხებს, თვით მარტოობაც კი. მისი საზრუნავი ახლა მხოლოდ მისი ხელებია, რომელზედაც სისხლის ლაქები არ დამჩნეულა.
სანკტ–პეტერბურგელთა სპექტაკლის დასასრული ჩუმია და უსუტყვო. ემოციებისგან დაცლილი და გამოფიტული ელისაბედი საფინალო სცენაში უხმოდ ჩაეშვება დედოფლის ტახტში, გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ სულ მარტო დარჩა და ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. მარიას აჩრდილი კი არ სტოვებს და ელისაბედმა ალბათ ეს ტვირთი სიკვდილის ბოლომდე უნდა ატაროს.
ჩვენ ერთდროულად ვნახეთ ორი „მარია სტიუარტი“:
თემურ ჩხეიძის ფსიქოლოგიური თეატრი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფ. შილერის რომანტიული დრამა, სადაც მარია სტიუარტი მსხვერპლია. რეჟისორი სიტყვა–სიტყვით მიჰყვება პასტერნაკისეულ გენიალურ თარგმანს, სადაც ისმის ამ პოეტისათვის დამახასიათებელი მუსიკალური ჰანგი და პოეტიკა. ესაა სპექტაკლი ძალაუფლებაზე, ძლიერ ხელისუფლებაზე, ძლიერ სახელმწიფო აპარატზე, ძლიერ დედოფალზე და გარდაუვალობისგან გამოწვეულ გადაწყვეტილებაზე.
ჩხეიძემ გასტროლის შემდეგ რადიოინტერვიუში თქვა: „სპექტაკლი ძლიერ ადამიანებზეა, ელისაბედი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მმართველია, მისი სიბრძნე იმაშია, თუ როგორი საბჭო ჰყავს, როგორი ჭკვიანი, ძლიერი პიროვნებები არტყია გარსს, როგორ „აჯახებს“ ერთმანეთს მათ და შემდეგ თვითონ როგორ გამოაქვს დასკვნები, სწორი, მაგრამ ყოველთვის არა, იმიტომ რომ ადამიანია და დაუშვებს კიდევაც შეცდომას.“
რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა ელისაბედმა, ალბათ კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობის საგანი, მაგრამ დღევანდლამდე შემორჩენილმა მონარქისტული წყობილებამ და ინგლისელთა სამაგალითო კანონმორჩილებამ საუკუნეებს გაუძლო, რაშიც თავისთავად ელისაბედ დედოფლის დიდი წვლილიც იკითხება.
გოჩა კაპანაძის „მარიამ სტიუარტში“ შეჯერებული რ. სტურუასა და ლ. ფოფხაძის, შ. დადიანის ლექსად თარგმნილით და სტეფან ცვაიგის ისტორიული რომანით, ლ. რაზომოვსკაიას პიესა „თქვენი და და თქვენი ტყვეს ...“ ფრაგმენტებით, სადაც მონოლოგების პოეტურობას დიალოგების პროზაულობა ცვლის. ახალი ტექსტების შემოტანა, რაც ასე სჩვევია ამ რეჟისორს, სრულიადაც არ არღვევს მთლიანს და ყოველივე ეს ერთ, სრულყოფილ ქსოვილად აღიქვება. აქ ორივე დედოფალი თანაბარია, ორივე „ცოდვილია“, ესაა ემოციური, გრძნობებზე აგებული სპექტაკლი სიყვარულზე და ღალატზე.
გიორგი ყაჯრიშვილი
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04