ფესტივალის დღიური
26-09-2012, 12:49

26 სექტემბერი

 

მასალა მოამზადა გვანცა გულიაშვილმა

 

 

უაღრესად დაძაბული, წინასაარჩევნო გარემოს მიხედავად, თეატრალური ფესტივალი თბილისში გრძელდება და ქართველი მაყურებელიც ცდილობს  ” კომპრომატების- რეალითი შოუებს” ალტერნატივა მოუძებნოს. თეატრი, ის ადგილია, სადაც ყველაზე უკეთ, შეიგრძნობ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს, მაგრამ მისი უნიკალურობა, ალბათ იმაშია, რომ რეალობის მაყურებლისათვის ახსნა, ილუზიურად ხდება და ამ ილუზიაშია ყველაზე მეტი სიმართლე.

 

რუსთაველის თეატრმა ოლეგ ტაბაკოვის  დასს უმასპინძლა.

 

 ”ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”-ალექსანდრე ოსტროვსკის კომედიაა.

 

რეჟისორი- ოლეგ ტაბაკოვი.

 

ფესტივალის დღიური

 

 

პიესის მთავარი გმირი -ეგორ გლუმოვი, უთუოდ მოგაგონებთ გი დე მოპასანის ”ლამაზ მეგობარს”, ის ჟორჟის პიროვნული ორეულია. სიმპათიური, ახალგაზრდა, დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით ხიბლავს საზოგადოების ყველა ფენას. მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა საპირისპირო სქესი. ეგორი, კი თავდაუზოგავად ცდილობს ცხოვრების გაუმჯობესაბას, მოპოვებული კეთილგანწყობით და ამას ოსტატურადაც ნიღბავს. ის ჩვეულებრივი კარიერისტია, სნობური ცნობიერებით. გლუმოვის პერსონაჟს სერგეი ბეზრუკოვი განასახიერებს. ქართველ მაყურებელში ის ნამდვილად არის თანამედროვეობის ერთ-ერთი განსაკუთრებით საყვარელი რუსი მსახიობი.  ზომიერი მანერულობით და ინდივიდუალური შესრულების მანერით  ქმნის ძალიან საინტერესო კომიკურ პერსონაჟს, თითქოს თავადვე დასცინის საკუთარ გმირს. აღსანიშნავია ასევე, ზოგადად სპექტაკლში  მსახიობთა მაღალი ოსტატობა, ისევე როგორც კლასიკური რუსული თეატრისათვის დამახასიათებელი სცენოგრაფია.  ”ზოგჯერ ბრძენიც შეცდება” არის მსუბუქი რეკრეაციული ფუნქციით დატვირთული კომედია, სატირის ელემენტებით.

 

რუსულ პრესაში ოლეგ ტაბაკოვის ”სამსახიობო რეჟისურით” დადგმული სპექტაკლი-”ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”, ყველაზე თავისუფალ და თამამ  წარმოდგენად შეფასდა. თავად რეჟისორი, კი მიიჩნევს, რომ ის ”თავისუფალია და შეუძლია თავად აირჩიოს გამოხატვის გზები”.

 

ფესტივალის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა უკვე იხილა, არაერთი ქვეყნის სპექტაკლი, მათ შორის განსაკუთრებით განსხვავებული ქართული პუბლიკისათვის, ალბათ, მაინც იყო ფრანგული და ჩინური წარმოდგენები, ქართველი მაყურებლის მოლოდინს,  განწყობასა და გემოვნებას, მით უფრო, ზემოთ აღნიშნული არაორდინალური თეატრალური წარმოდგენების შემდეგ, ვფიქრობ სრულად დააკმაყოფილებდა ტაბაკოვის თეატრალური დასი-რუსული თეატრისათვის დამახასიათებელი  ზომიერებითა და დახვეწილი გამოხატვის მანერით.

 

 

 

 

 

25 სექტემბერი

მასალა მოამზადა თეა კახიანმა

 

25 სექტემბერს კომპანია ფილიპ ჟანტის, უცნაური სახელწოდების წარმოდგენა, „უძრავი მოგზაურები“ ვნახეთ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე.  მგონია, რომ სწორედ ასეთი ტიპის თეატრალური სანახაობა აკლია ქართულ თეატრს ყველაზე მეტად. ნაკლებად ტრადიციული ფორმებით, ნაკლებად ვერბალური, მდიდარი ფანტაზიით და გამომგონებლობით, ილუზიონისტური ნომრებით, პლასტიკით და კიდევ მრავალი კომპონენტის საინტერესო სინთეზით.

  

ფესტივალის დღიური

 

  

ფრანგული შემოქმედებითი ჯგუფი აქცენტს არ აკეთებს კონკრეტული ამბის განვითარებასა და თხრობაზე, ამ წარმოდგენის მაყურებლისთვის სიურპრიზი სწორედ ის იქნება, რომ სიამოვნებასა და აღფრთოვანებას სულ მცირე დეტალებით მიიღებს. ჩემთვის, როგორც კრიტიკოსისთვის საინტერესოა შედარება ტრადიციული (რომელსაც დღეს ქართული თეატრი წარმოადგენა) და არატრადიციული თეატრალური ფორმების (რომლის მაგალითად „უძრავი მოგზაურებიც“ კმარა). ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ნაწარმოები აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს სიუჟეტის ერთ მთავარ ხაზს. რომ გამჭოლი მოქმედების გარეშე არ მიიღწევა სპექტაკლის მთლიანობა. ზოგადად, ტრადიციული თეატრი დეტალებს მხოლოდ მთლიანობაში განიხილავს, მისთვის თითოეული ნიუანსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს ძირითადი მოქმედების განვითარებას, მთავარი იდეის გადმოცემას. სხვა შემოთავაზება აქვს არატრადიციულ თეატრს.  ფილიპ ჯანტის შემოქმედებითი ჯგუფი მართალია ზოგადად რაღაც ამბავს გვიყვება, ხაზს ვუსვამ – რაღაც ამბავს. მაგრამ ამ ამბის გადმოცემა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მცირე მონაკვეთების დამუშავება.   ანუ თუ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ფინალური შედეგისათვის ღირდა „ცხოვრება“ ახლა შგვიძლია მოვდუნდეთ და მხოლოდ  „წვრილმანებით“  ვისიამოვნოთ, თან ისე, რომ ნაკლებად ვიღელვოთ ფინალზე, რომელიც მიანც არავინ იცის როგორი დადგება.

 

სპექტაკლი ბევრ დასამახსოვრებელ ეპიზოდს გვთავაზობს,როგორც მსახიობების ასევე მარიონეტების შესრულებით. გვთავაზობს ზღაპრულ, ძალიან საინტერესო სცენოგრაფიას, რომელიც ხან წყალში მოტივტივე ნოეს კოდობანს გვიხატავს, ხან ჩვილებს მუცლადყოფნის პერიოდში, ხანაც ქაღალდისგან გაკეთებულ, დაცარიელებულ საფლავებს. უნდა აღინიშნოს მხატვრული განათებაც, რომელიც ერთ–ერთი მოქმედი პირია სპექტაკლში.

 

არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ ქართულ თეატრში დეტალების დამუშავება სრულიად უცხო ხილია, არც ის, რომ დამავიწყდა ან შეგნებულად გამოვტოვე მ.თუმანიშვილის შემოქმედება. მაგრამ ჩვენი თეატრალური გამოცდილება მაინც ტრადიციულ ფორმებს ეყრდნობა და მისი გამდიდრება ახალი ექსპერიმენტებითა და ძიებებით სრულიად აუცილებელია.

 

ფილიპ ჟანტის „უძრავი მოგზაურები“, ალბათ, ამ თემაზე  არა მხოლოდ დააფიქრებს ქართველ რეჟისორებსა და მსახიობებს.    

 

 

24 სექტემბერი

 

24 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა ჩინეთის  დასს უმასპინძლა. წარმოდგენა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე შედგა.  ქართული თეატრის ვებ გვერდი გაგაცნობთ ორ მოსაზრებას აღნიშნულ სპექტაკლზე 

 

”კუნფუს გამოცხადება-9გრაგნილი” რეჟისორი ლიუ ზენი

 

ფესტივალის დღიური

 

 

სოფო ძიძიგური

 

უკვე ოთხი წელია, რაც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სექტემბრის თვეში ,,სტარტსიღებს და ქართველ თეატრალებს, თუ უბრალოდ თეატრალური ხელოვნების მოყვერულებს  2 კვირიან დღესასწაულს უწყობს, ამ ფესტივალის დადებით მხარეებზე საუბარს აქ არ მოვყვები, უბრალოდ მინდა ჩემი და თქვენი ყურადღება შევაჩერო მედიტაციურ წარმოდგენაზე ,,კუნფუს გამოცხადება. 9 გრაგნილირომელიც წარმოადგინა წელს ფესტივალმა, საერთაშორისო სპეტაკლების ფარგლებში.

 

 ფესტივალის დღიური

 

ეს სანახაობა, პირველი ჩინური მწიგნობრობის სასცენო ვერსიაა, მასში გამოყენებულია კუნფუს დრამატული და პოეტური ელემენტები, წარმოდგენაში ნაჩვენები იყო 9, დაახლოებოთ 10-15 წუთიანი სცენები, რომლებიც მოგვითხობდნენ: სიწმინდეზე, კულტურაზე, შრომისმოყვარეობაზე, ადამიანის სულზე, მოსმენაზე, ფორმაზე, თავდადებაზე, სიმშვიდეზე და სამოთხეზე. თითოეულ სცენას წინ შესავალის სახით, ზემოთხსენებულ თემებზე ფილოსოფიური თეზები ედო საფუძვლად, რის შემდეგაც იწყებოდა წარმოდგენა, გარდაიმისა, რომ ჩინურ ხელოვნებას და მითუმეტეს თეატრს, თავისი სიმბოლური ენა გააჩნიაა, რომლის არ ცოდნის შემთხვევაშიც ნებისმიერი ადამიანისათვის ის გაუგებარი და ,,უაზრო იქნებაასევე ფილოსოფიური და ბრძნულია მათი საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ აქტივობაზე არაა დამყარებული, მას ძალიან დიდი ფილოსოფიური საძირკველი აქვს. ეს არ იყო წმინდა თეატრალური სანახაობა, ეს იყო კუნფუს საბრძოლო ხელოვნბაზე დაყრდნობით გადმოცემული პატარ-პატარა სიჟეტები. ამ სანახაობამ მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან, კიდევ ერთხელ გვანახა თუ რამხელა შესაძლებლობა აქვს ადამიანის სხეულს, ისევე როგორც გონებას, მითუმეტეს რომ ეს ხელოვნება დაფუძნებულია ფილოსოფიაზე, რომელსაც ჯერ გააზრება და შემდეგ სხეულით გადმოცემა ჭირდება. ადამინები, რომლებიც სცენაზე დაფრინავდნენ, ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით, უამაღლეს ტექნიკას ფლობდნენ, სხეულით  ამბის გადმოცემისას. საათნახევრიანი წარმოდგენის მსვლელობის დროს, შოუ უფრო  და უფრო მეტ აზრტს იწვევდა მაყურებელში, რისი შედეგიც მოწონების ოვაციები და აპლოდისმენტები გახლდათ, მიუხედავად ამ ყველაფრისა ბევრ ადამიანს დაებადა კითხვა თუ რა უნდოდა ამ სანახაობს თეატრალურ ფესტივალზე, ის ხომ არ იყო სპეტალი, პირადად მე და მაყურებელიც (უმრავლესობა)  კმაყოფილი დარჩა ამ ჩინური ტრადიციული სანახაობით, სადაც ნაჩვენები იყო საბრძოლო ხელოვნებაში შერწყნული, პოეტური და დრამატული ესთეიკა, ეს კი იმის მიმანიშნებლი გახლდათ რომ თეატრს არ აქვს საზღვრები, მისი კონტამინაცია შეიძლება საბრძოლო ხელოვნებასთან, აკრობატიკასთანდა..

 

,,კუნფუს გამოცხადება. 9 გრაგნილიიყო სანახაობ ასადაც მაყურებლებიც მედიტირებდნენ სცენაზე მყოფ ადამიანებთან ერთად და წარმოდგენის მსვლელობის დროს ფილოსოფიურ შეგონებებსაც ვიღებდით, რომლის გათვალისწინებითაც, ალბათ სამყარო და ცხოვრება ბევრად უფრო იოლი და სამართლიანი ხდება.

 

 

 

გვანცა გულიაშვილი

 

სპექტაკლში გამოყენებული კუნფუს პოეტური და დრამატული ფორმები ნათლად გამოხატავს ჩინური კულტურის, ხელოვნების და ფილოსოფიის მაღალ სულიერებას. წარმოდგენას მაყურებელი ფანტაზიის სამყაროში გადაჰყავს და დაფიქრების საშუალებას აძლევს. სპექტაკლი ცხრა ამბისგან, ანუ განსხვავებული სცენისგან შედგება, მათ შორის კი სუბტიტრების მეშვეობით მაყურებელი იგებს თითოეული ამბის არსს, რასაც შემდეგ მსახიობები სხეულის ენით გადმოქვცემენ სცენიდან. სცენური სივრცე  მთლიანად თავისუფალია,  რამდენიმე მოქმედებაში სცენაზე მოძრავი ბამბუკის ტყე ჩნდება, ძირითადად კი სცენის ათვისება, მხოლოდ კუფუსა და სხვა ქორეოგრაფიული მოძრაობების წარმოდგენით ხდება. უნდა აღინიშნოს მსახიობთა საოცარი პლასტიურობა და მაღალი პროფესიონალიზმი, რაც ცხადია კუნფუს როგორც ჩინური კულტურის უაღრესად ანგარიშგასაწევ ფენომენს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის, თუმცა წარმოდგენის დაწყებისთანავე ჩნდება კითხვა რამდენად აქვს საერთო ამ ყველაფერს ხელოვნების იმ დარგთან , რასაც თეატრი ჰქვია. თუ ვიტყვით, რომ საქმე გვაქვს თეატრალიზებულ სპორტულ-ქორეოგრაფიულ სანახაობასთან, უდაოდ უფრო ობიექტურები ვიქნებით.

 

სპექტაკლის მთავარ სათქმელს წარმოადგენს-მედიტაციის არსი და  დანიშნულება ადამიანთა ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის. სიწმინდე, ”სუტრა”(სიბრძნე), შრომისმოყვარეობა,სული,მოსმენა, ფორმა,სიმშვიდე, სამოთხე, ეს ის თემებია, რომელთაც ეპიზოდურად გვთავაზობს სპექტაკლის რეჟისორი და მათ ახსნასა, თუ გაანალიზებას მედიტაციის გზით კუნფუს ილეთების ენაზე გადმოგვცემს. 

 

”გამიჯნეთ საკუთარი თავი ტანჯვისაგან, რათა იპოვოთ ბედნიერება”, ხოლო კუნფუს გამოცხადების მიხედვით, ბედნიერების მოპოვება ამქვეყნიურ რეალობაში, მხოლოდ მედიტაციის გზითაა შესაძლებელი. კუნფუ კი, როგორც მედიტაციის ერთ-ერთი  ფორმა, თავისი არსით წარმოადგენს-ზნეობას, ენერგიას, ჰარმონიას და მის წიაღში ადამიანისათვის შესაძლებელი ხდება ნებისმიერი აგრესია შემოქმედებად აქციოს და შეინარჩუნოს სულიერი ბალანსი.

 

 ქართველი მაყურებლის უმრავლესობისათვის, კუნფუ საბრძოლო ხელოვნებად აღიქმება და ცხადია,  ფილოსოფიურ ჭრილში მისი წარმოდგენა იყო ერთგვარი სიახლე, ამას თან ერთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, მაღალი დონის პროფესიონალიზმი, განსაკუთრებით თვალში საცემია სინქრონული ესთეტიკა, რამაც დარბაზის ოვაციები არა ერთგზის დაიმსახურა. თუმცა ჩემთვის, მაინც ძნელია იმის თქმა, რომ ”კუნფუს გამოცხადება”, მისი მაღალფილოსოფიური ჩინური სიბრძნის მიუხედავად იყო სპექტაკლი, ეს ყველაფერი  სანახაობრიობის თვალსაზრისით საცირკო, აკრობატულ წარმოდგენას  უფრო მოგაგონებდათ.

 

ფესტივალის დღიური

 

 

 

20-21 სექტემბერი

 

მასალა მოამზადა თეა კახიანმა

 

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის პირველი სპექტაკლი, 20 სექტემბერს,  შვედური „მომენტ თეატრის“ „ფრიდა სტრინდბერგი“ იყო. წარმოდგენა  სტრინდბერგის მეორე ცოლის ფრიდას მემუარებს და  დრამატურგის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სახელდახელო ღონისძიებას ჰგავდა. ასეთი სპექტაკლების შემდეგ, თავს ვიმშვიდებთ  და შვებით ამოვისუნთქებთ ხოლმე, რომ "ჩავარდნები" მხოლოდ ჩვენ არა გვაქვს.

 

ფესტივალის დღიური

 

 

დიდი ბრიტანეთის თეატრის „მერკური“ მონოსპექტაკლი „უბედური კაცი“    21 სექტემბერს „თავისუფალ თეატრში“ იხილა მაყურებელმა. ჩამოხეული პოლიეთილენის პარკს მიღმა საკმარისად ნიჭიერი მსახიობი და ამავე დროს სპექტაკლის  რეჟისორი გარი ჯონსი, პერსონაჟის განცდათა და გრძნობათა ნაგლეჯებისგან გულშიჩამწვდომ განწყობას ქმნიდა. მთელი მისი ძალისხმევა, აგრესიული მუსიკით, ვიდეო კოლაჟით, კომიქსებითა და სრულიად ფრაგმენტული ტექსტით,   თანამედროვე ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებით ნაცნობი მდგომარეობის ფიქსაციისკენ იყო მიმართული. ეს სურათი საკმარისი ახსნა იქნებოდა ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია, თუ რატომ არის ასეთი მზარდი სუიციდისა და ნარკომანიის შემთხვევათა  სტატისტიკა.  ეს ინგლისური „ანდერგრაუნდი“ იმავე დღეს პოლონურმა,  ქართველი მაყურებლისთვის შოკისმომგვრელმა სპექტაკლმა გააგრძელა.

 

საქართველოში, სადაც ლენინიზმსა და ჰიტლერიზმზე საუბარი ბოლო დროს აქტუალური გახდა, ლუკინო ვისკონტის ცნობილი ფილმის პოლონური თეატრალური ვარიანტი „ღმერთების დაცემა“ მოსალოდნელზე უფრო მეტად თავზარდამცემი აღმოჩნდა.

 

მკვლელობა, ძალადობა, წამება, გარყვნილება, ინცესტი ის რაც ადრეც და ყველგან ხდებოდა, მაგრამ, როგორც ამასწინათ ცნობილი მოვლენების შეფასებისას, ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა –  სააშკარაოზე არავის გამოჰქონდა, მაია კლეჩევსკას რეჟისურით დადგმულ სპექტაკლში სწორედ სააშკარაოზეა გამოტანილი, თანაც შეუნიღბავი ნატურალიზმითა და სისასტიკით ნაჩვენები.

 

ყველაფერი დიდი მაგიდის ირგვლივ იწყება. უზარმაზარი ჭაღის ქვეშ გაშლილი პომპეზური სადილი და ბიძია იოაკიმი  დაბადების დღე... მაგიდა და მის ირგვლივ შემომსხდარი სუფრის წევრები გაუჩერებლად ბრუნავენ სცენაზე. ისმის გაუთავებელი, დაყენებული საუბარი, რომელსაც ხმის გამაძლიერებლის ელექტრონული ჟღერადობა „მომავლის ადამიანების“ ეფექტს ანიჭებს., ადამიანების ქცევის, ყოფის, ფიქრის მომწესრიგებელი,  ცივილიზაციის შედეგად შექმნილი  სტრუქტურები, სისტემები, იდეოლოგიები ნელ–ნელა, თანდათან ავლენენ თავიანთ უკუჩვენებას. თავადვე ხდებიან დეზორგანიზაციის მიზეზები.

 

 

 ფესტივალის დღიური

 

 

პოლონური სპექტაკლი განაზოგადებს თავის პირველწყაროს, აქ მხოლოდ ნაცისტებზე აღარ საუბრობენ. ეს ყველა სისტემისა და სტრუქტურის კრახის წინასწარმეტყველებაა.  უნივერსალური, მზა  აღსარებაა მათთვის.  

 

სადილის შემდეგ, ტრიბუნასთან ნათქვამი სიტყვები და ძალაუფლების გადანაწილებები, მკვლელობები და ყველაზე სასტიკად ნაჩვენები ფიზიკური ძალადობის სცენები  იწყება. შემზარავია ჰერბერტის ცოლის წამების სცენა, რომელსაც ათასგვარი მეთოდით აუპატიურებენ და შეურაცხყოფენ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სპექტაკლი ქართული სცენისათვის არც თუ ჩვეული სითამამით, გახსნილი, შიშველი  და ინტიმური სცენებით ხასიათდება.  ამ სპექტაკლის შემდეგ სასაცილო გახდა მრავალჯერ მოსმენილი დისკუსია მსახიობის გახდა–არგახდის საჭიროების თაობაზე. საქართველოში რეჟისორთა ახალი თაობაც კი თავს არიდებს მსგავსი თამამი სცენების დადგმას. რაც, როგორც სჩანს  მხოლოდ საზოგადოების ნაკლები მზაობით არ არის გამოწვეული და პროფესიული მოუმზადებლობითაც აიხსნება.  მარტინის როლის შემსრულებელი ინცესტის სცენის დროს მთლიანად შიშვლდება, ეს ნატურალიზმი აორმაგებს  სპექტაკლის კულმინაციური სცენის ზემოქმედებას მაყურებელზე, დედიშობილა მარტინი ამ აქტის საშუალებით ანადგურებს დედას და თითქოს თავიდან იბადება. მსახიობი ტექნიკურად იმდენად სრულყოფილად ასრულებს ამოცანას, რომ  ამ გულისამრევი სცენის შემდეგ გაკეთებული მალაყიც კი არ გამოიყურება ვულგარულად. რასაკვირველია, თითოეულ ასეთ სცენას ახასიათებს გამიზნული პროვოკაციულობა, მაყურებლის რეაქციისა და ყურადღების მუდმივი კონტროლი. რაც თანამედროვე თეატრალურ რეჟისურაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების კონკურენტუნარიან მეთოდადაც შეიძლება ჩაითვალოს.

 

სპექტაკლი, მარტინის მიერ მოწყობილი შემაძრწუნებელი ქორწილის შემდეგ, ფილმისაგან განსხვავებით, უცნაური, ისტერიული ცეკვით მთავრდება,თითქოს ისე,  როგორც დაღუპული ღმერთების პატივსაგები რიტუალი.

 

პოლონური დადგმა აღწერს თუ რა დაემართა სრული ძალაუფლებისა და თავისუფლების მსურველ ადამიანებს, თუ რა განვითარებას იძენს ჩვენი ცივილიზაციისა და კულტურის წარმოდგენები  წარმატებულ ადამიანებს, ოჯახსა და საზოგადოებაზე, თუ როგორ იქცა დანაშაული საღ აზრად  და როგორ დაეცნენ ღმერთებად ქცეული ადამიანები. 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე დიდი მხატვრული მოვლენა,  ჯერ–ჯერობით სწორედ პოლონური თეატრის „ოპოლე“„ღმერთების დაცემაა“. ჩვენი ვებ გვერდის სახელით, ამ მოვლენისთვის მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს.   

 

 

 

 

19 სექტემბერი

 

 

19 სექტემბრიდან, თბილისის თეატრალურ ფესტივალ, რომელიც ისედაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ციებ–ცხელების ფონზე იმართება, სადღესასწაულო განწყობა მთლიანად  ჩამოაშორა საზოგადოებრივმა მღელვარებამ. ტელევიზიებითა და ინტერნეტით გავრცელებულმა შოკისმომგვრელმა ვიდეოკადრებმა, მასზე აღბეჭდილმა წამებისა და ძალადობის ფაქტებმა არა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დასვა, არამედ მიუთითა საზოგადოების  იმ გულუბრყვილობასა და ინფანტილურობაზე, რომელიც მსგავსი ფაქტების არსებობას თუ არ განაპირობებს, უშვებს მაინც. მეორე დღეა, სოციალურ ქსელებს რომ თავი დავანებოთ,  არ არსებობს ადგილი, სადაც ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი. სტუდენტური დემონსტრაციები, პატიმართა მშობლები და უფლებადამცველები, მასობრივი საპროტესტო ტალღა... ჯერ კიდევ  არ ვიცით,  რა არის ეს? – ჩვენი უბედურება თუ ბედნიერება...  

 

 

 

უცნაურად დაემთხვა.  ამ დღეს ქართული სპექტაკლების პროგრამით მესხეთის თეატრმა ოთარ ჩხეიძის „ქეთევანი,“  ზუგდიდის თეატრმა კი ლიკა მორალიშვილის „თავისუფლების შუაღამე“ წარმოადგინა. ორივე სპექტაკლის თემატიკა ნაციონალურ პრობლემებს ეხება.  „თავისუფლების შუაღამეში“ რეჟისორი ბადრი წერედიანი გვაცნობს პატარა აფხაზ გოგოს, რომელმაც დაჭრილი ქართველი ბიჭი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. დღეს ნამდვილად არ მსურს სპექტაკლის მხატვრულ ღირებულებებზე, მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე საუბარი, რადგან მასში ყველაზე ძვირფასი, მოწინააღმდეგე ძალისა თუ აზრის ღირსების აღიარება და საკუთარ თავზე დასმული კითხვის ნიშანი მოვიტანო თქვენამდე. დღეს მხოლოდ ეს არის მთავარი, შევძლებთ თუ არა თითოეული ჩვენგანი ამას? თუ ეს კითხვაც მხოლოდ რიტორიკად დარჩება...      

 

 

 

ნათელია, რომ დღეს საზოგადოებას მოუხდა თვალი გაესწორებინა ძალიან სასტიკი სიმართლისთვის. ამ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი არაადამიანური სისასტიკე ჩვენი რეალობის სურათია, „ამ ბანაკის“ დამოკიდებულებაა „იმ ბანაკის“ მიმართ, და  პირიქითაც. იქნებ არც გვინდოდა ამ სურათის დანახვა...

 

 

 

ჩემი აზრით, ამ თემას საინტერესოდ აგრძელებს „თავისუფალი თეატრის“  სპექტაკლი „საძაღლე“

 

 

 

ფესტივალის დღიური

 

 

 

”საძაღლე” - ”მე ადამიანი ვარ”!

 

 

 

 მასალა მოამზადა გვანცა გულიაშვილმა

 

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქტიურ ფაზაშია, დღის განმავლობაში ქართული თეატრები მასპინძლობენ, როგორც ჩამოსულ თეატრალურ დასებს, ასევე  წარმოგვიდგენენ საკუთარ სპექტაკლებს. ამჯერად, მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები თავისუფალი თეატრის სპექტაკლზე-”საძაღლე”.

 

სპექტაკლის რეჟისორი ვანო ხუციშვილია, მას უკვე იცნობს თავისუფალი თეატრის მაყრებელი სპექტაკლით ”თოჯინების სახლი”,  პისის ავტორია ახალგაზრდა ქართველი დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქიას ეკუთვნის, ხოლო მხატვარი თეო კუხიანიძეა. მონოსპექტაკლის ერთადერთი მსახიობი  სლავა ნათენაძე გახლავთ.

 

მინიმალისტურია სპექტაკლის დეკორაცია,  რკინის კონსტრუქცია რომელიც რამდენიმე გისოსებიანი კედლისგან შედგება სცენის შუაგულშია განთავსებული და არენის მსგავს  წრეზე დგას, რომელიც სპექტაკლის მიმიდინარეობისას მოძრაობს და საკმაოდ საინტერესო დინამიურ ეფექტს ქმნის, რკინის ეს უცნაური ნაგებობა, ალეგორიულად ძაღლის გალიას წააგავს, გალიის შუაგულში დგას მაგიდა, მასზე დამაგრებული ყურსასმენებითა და მიკროფონით, წინა მხარეს კი განთავსებულია მართკუთხედის ფორმის გამჭვირვალე შუშა, რაც როგორც   სპექტაკლის დაწყებისთანავე ირკვევა ჩამწერი სტუდიის ილუზიას უქმნის მაყურებელს.

 

”მზად ვარ, ჩართეთ კამერა, დავიწყეთ!”-ისმის სცენის სიღრმეში განთავსებული შავი ყუთის მსგავსი დეკორაციიდან და სპექტაკლიც იწყება. ხმა კი რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე მსახიობის ერთადერთი პარტნიორია თავად რეჟისორს ეკუთვნის, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს.

 

”ქალაქში დიდმა სიღარიბემ ჩამოიარა... მე მაშინ ექვსი წლის ვიყავი...” გმირი იწყებს საკუთარი თავგადასავლის თხრობას, დიდი ზომის გაყვითლებულ და სიძველისგან გახუნებულ გრაგნილებზე დედის, მამინაცვლისა და ბავშვობის დროინდლ მოგონებებს დასცქერის და საკუთარი მონათხრობის ილუსტრირებას ახდენს. მძიმეა მისი მოგონებები-დაუსრულებელი ძალადობისა და უმძიმესი სოციალური ყოფის გამო ექვსი წლის ასაკში ის საკუთარი სახლიდან გარბის. სახლიდან გაქცეული კი   ქალაქის ბოლოს ძაღლების თავშესაფრად ქცეულ ადგილს მიადგება და აქ იწყება მისი ყოფიერების და შემდეგ უკვე ცნობიერების გარდაქმნა. ის ჩვეულებრივ მაწანწალად იქცევა, საკუთარ თავზე გამოცდის ადამიანთა მხრიდან დაცინვას, მასზე ფიზიკურ ძალადობას, შეურაცხყოფას და გადაწყვეტს, რომ აღარ სურს ადამიანად ყოფნა, ძაღლებს უმეგობრდება და თავადაც მათსავით იწყებს ცხოვრებას, ერთადერთი რასაც წარსულში ვერ ელევა დედაა, რომლის სურათიც სულ ჯიბით დააქვს. დედის ნახვის სურვილით შინ ბრუნდება, მაგრამ მეზობლისგან დედის გარდაცვალების ამბავს იგებს. ეს ბოლო წვეთია, წვეთი, რომელიც მასში  არა მშვიდ, ერთგულ ძაღლს, არამედ პირსისხლიან მხეცს აღვიძებს, საბოლოოდ კვდება ყველაფერი ღვთიური და ადამიანური მის ცნობიერში და ილუზიურად,  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მამინაცვალს დაგლეჯს. შემდეგ როგორც გაცოფებული ძაღლი ბრდღვინავს, ჯაჭვწამოცმული არბევს გალიას და ბოლოს უგონოდ ეცემა.  უნდა აღინიშნოს სლავა ნათენაძის უდაოდ მაღალი სამსახიობო შესრულების მანერა, 90 წუთიანი სპექტაკლის განმავლობაში ერთი მსახიობი ახერხებს დარბაზის სრულად ფლობას, აყოლიებას და მაყურებელში თანაგანცდის გამოწვევას. შთამბეჭდავია სპექტაკლის ფინალი, გონზე მოსული გმირი, პოულობს ძალას, კვლავ გააცოცხლოს ღმერთი საკუთარ თავში და რადგან ღვთიური საწყისი,მხოლოდ ადამიანშია და  სხვა არც ერთ სულიერში დედამიწის ზურგზე ის გადაწყვეტს დარჩეს ადამიანად. რეჟისორული ჩანაფიქრიც ვფიქრობ საინტერესო და ორიგინალურია, პარტერში ჩამოსული მსახიობი შეძახილით ”მე ადამიანი ვარ” მიემართება კარისკენ, ერთბაშად აღებს ორივე კარს, საიდანაც დარბაზში სინათლე ვარდება.

 

პიროვნებისა და საზოგადოების გაუცხოება, ძალადობა, რომელიც ანგრევს ადამიანთა ფსიქიკას და მათ გარიყვას იწვევს, ვფიქრობ ის თემებია, რომლებიც არასდროს დაკარგავს აქტუალობას, უამრავი ჰუმანისტური თეორიის არსებობის მიუხედავად,  მათზე გამარჯვება  კაცობრიობამ დღემდე ვერ შეძლო.  ამდენად პიესის თემა და რეჟისორის სათქმელი უდაოდ   სადღეისოა, ფორმა კი რომლითაც სათქმელი მაყურებლამდე მოდის დინამიური და ორიგინალური, რაც მონათხრობის სიმწვავეს ერთგვარად აბალანსებს.   დარჩე ადამიანად- ეს პოზიციაა, რთული მაგრამ ჭეშმარიტი.

 

 

 

17–18 სექტემბერი

 

მასალა მოამზადა თეა კახინმა

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, სხვა ქვეყნების თეატრებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გაცნობის გარდა, საკუთარი, რეგიონალური თეატრების და მათი შემოქმედებითი ცხოვრების უკეთ გაცნობის საშუალებასაც გვაძლევს. სამწუხაროდ, ქართულ თეატრალურ სფეროში, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო–კულტურული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა თეატრებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, მათი ერთმანეთთან შედარება და შემდგომი ანალიზი. ეს პრობლემა, პირველ რიგში, გამოწვეულია პროფესიული გამოცემების შემცირებით ან მათი არ არსებობით.

 

თბილისისა და რეგიონალური თეატრების სუსტი ურთიერთკავშირისა და აქედან წარმოქმნილი პრობლემების თემა არავისთვისაა უცხო. ცნობილია მისი მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯებიც, მაგალითად როგორიცაა რეჟისორთა ახალი თაობის სხვადასხვა რეგიონალურ თეატრებში „გადანაწილება“ და  მიზნობრივი ჯგუფების მომზადება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.   ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე, სწორედ რეჟისორთა ახალ თაობას წარმოადგენს და  რამოდენიმე წელია ხელმძღვანელობს ქუთაისის თეატრს.   თბილისის თეატრალურ ფესტივალზე მისი რეჟისურით წარმოდგენილია ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი.“ სპექტაკლში დაკავებულნი არიან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის მიზნობრივი ჯგუფის 2012 წლის კურსდამთავრებულები. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნივერსიტეტის სცენაზე თამაშის გარკვეული გამოცდილება აქვთ, დიდ სცენაზე მაინც მოუწევთ საკუთარი ოსტატობისა და ნიჭის მოსინჯვაცა და გაუმჯობესებაც. ამიტომ, როგორც ასეთ  შემთხვევაში ამბობენ, მათი კონკრეტული ნამუშევრების შეფასებისაგან თავის შეკავება სჯობს. 

 

ოსტროვსკის პიესის თემა – სიმდიდრის,  კარგი ცხოვრებისაკენ სწრაფვასა და ამ დროს დაკარგული პატიოსნებისა და ღირებულებების შესახებ – ისევ აქტუალურია, დღეს, ალბათ, ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე 156 წლის წინ, როდესაც ეს პიესა დაიწერა.   

 

რეჟისორი ცალკეულ სცენებში, უზარმაზარ მაგიდაზე აყენებს პერსონაჟებს. ისინი ამ მაგიდიდან, როგორც სცენიდან, ასრულებენ თავიანთ როლებს. გასაგებია, რომ  „განგება ათამაშებს ადამიანებს“, მაგრამ ხშირად გამეორებული ეს ხერხი ზოგჯერ ხელოვნურია და მოქმედებას განვითარების ნაცვლად ხელს უშლის. ამას ემატება ისიც, რომ ლადო მესხიშვილის თეატრის უზარმაზარ სივრცეზე გათვლილმა დეკორაციამ, ასე ვთქვათ მთლიანად დაფარა თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო სცენა და ბევრ მიზანსცენას კომიკური ელფერი შესძინა.   

 

სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, გორგოლაჭებიან სკამებს ზემოდან ნათურები აქვს დამაგრებული, თითქოს სურთ უკეთ დაგვანახონ წარმოდგენილი ადამიანების ხასიათები, მათში მომხდარი სულიერი ძვრები, მოკლედ ის სიღრმისეული პროცესები, რომელზეც შენდება თითოეული მათი ქმედება და მთლიანად ცხოვრების წესი. ურთულესი ფსიქოლოგიური დავალება ძნელი შესასრულებელი აღმოჩნდა შემოქმედებითი ჯგუფისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ გასავლელი აქვს ანსამბლად ჩამოყალიბების პროცესი.

 

თუმცა უნდა ვთვა ისიც, რომ ახლა ქუთაისის თეატრის საერთო სახე ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე რამოდენიმე წლის წინ, რაც დარწმუნებული ვარ არ იყო მარტივად მისაღწევი.

 

 

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, ფსიქოლოგიური დრამა  წარმოადგინა გ.ერისთავის სახელობის გორის თეატრმაც, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი ნილ საიმონის პიესის "მეორე ავენიუს ტუსაღი"  ქართულ ვარიანტს „სექტემბრის თოვლი,“ თითქმის არ არსებული სცენოგრაფიით წარმოადგენს. სპექტაკლში აქცენტი მხოლოდ მსახიობებზე კეთდება, რომლებიც არც თუ ურიგოდ ახერხებენ წარმართონ დიალოგები. მაგრამ ხშირად სადღაც იკარგება მათი ქმედითობა.  ზოგჯერ, ზედმეტად გაწელილ სცენებში ფსიქოლოგიური მოტივი აუხსნელი რჩება. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ცოლ–ქმრის კონფლიქტით იწყება.  ყველასათვის ასე ნაცნობ, ცხოვრებისეულ პრობლემებთან შეჭიდებული წყვილის ისტორიის ახსნისა და შემდეგ განზოგადებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მხოლოდ სიტყვიერი განმარტება ლუკას „დედისნებიერა“ ბავშვობის შესახებ და  დროდადრო  შემომავალი  რადიო წამყვანის ხმა, რომელიც გარესამყაროში მიმდინარე მოვლენებსა და  დამოკიდებულებებს ასახავს. ამ ხმის წყალობით  დადგინდა რომ სიყვარული ერთ–ერთი  ჰორმონის –ენდორფინის მოქმედების შედეგია და არა ზეგარდმოვლენილი ძალების. მაგრამ, საერთო ჯამში, გაუკვეველი დარჩა  თუ რატომ მოდის სექტემბრის თოვლი.

 

არასასიამოვნო შენიშვნების მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონული თეატრების სამსახიობო ძალებიდან, ერთ–ერთი, ყველაზე პერსპექტიული და შეკრული გორის თეატრის დასია.  მართალია, თბილისის თეატრალურ ფესტივალზე არ ცხადდება კონკურსი საუკეთესოს გამოსავლენად, თუმცა მაყურებლისა და თეატრმცოდნეების მიერ ნანახი წარმოდგენების ერთმანეთთან შედარება ნამდვილად იძლევა მსგავსი, კონკრეტული დასკვნების გამოტანის საფუძველს.

 

და კიდევ ერთი, ცოტა ხნის წინ რეგიონებში თუ, თეატრების, როგორც კულტურული კერების ყოფნა–არყოფნის საკითხი წყდებოდა, დღეს მათ მხატვრულ დონეზე მსჯელობაა აქტუალური. რაც, უკვე ძალიან სასიამოვნოა და განვითარების იმ ზოგად სურათს გვიჩვენებს, რომელიც მსჯელობისას არასოდეს უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა.   

 

 

მარჯანიშვილის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის საფესტივალო „კოზირი“  ლევან წულაძის მიერ დადგმული შექსპირის „როგორც გენებოთ“ იყო. რომლის  საპრემიერო ჩვენება, დიდ ბრიტანეთში, თეატრ „გლობუსის“ სცენაზე შედგა. თეატრის მოყვარულებმა თავიდანვე მიიღეს ინფორმაცია „ქართული შექსპირის“ წარმატების შესახებ. სპექტაკლს პრესა აღფრთოვანებით შეხვდა. ვფიქრობ, მალე ევროპულ აღფრთოვანებას  ქართულიც დაემატება. ლევან წულაძე არ ღალატობს საკუთარ ხელწერას, როდესაც სხარტი, მახვილგონივრული ეტიუდებით, ღია თამაშის პრინციპით, იუმორით აგებს წარმოდგენას.   ჩვენი დროისთვის შეუფერებლად ჰუმანისტური სპექტაკლი თითქოს ზღაპარია, რომელსაც თბილი ბუხრის წინ შვილიშვილებს უყვებიან  და  რომელსაც სინამდვილესთან მხოლოდ ის აერთიანებს, რომ მასში, სულ მცირე ხნით გაუჩინარებაც კი  აუცილებლად გძენს რაღაც კარგს, თუნდაც ყველაზე გულწრფელ ღიმილს სახეზე.

 

 

ფესტივალის დღიური

 

 

    

 

16 სექტემბერი

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში,  16 სექტემბრიდან ქართული შოუ–ქეისის სპექტაკლები დაიწყო. რადგან წარმოდგენები თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და უმეტესი მათგანი ერთმანეთს ფარავს, ამიტომ ჟურნალისტებსა და თეატრმცოდნეებს, ალბათ მაყურებელსაც, გონივრული არჩევანის გაკეთება უწევს. ჩემი არჩევანი, ბუნებრივია ახალ სპექტაკლებს შორის მერყეობდა. ფესტივალის პირველ დღეს სამი საპრემიერო ჩვენება იყო დაგეგმილი: ა. სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“ სამეფო უბნის თეატრში, დათა თავაძის რეჟისურით,  ტომ სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“ რუსთაველის თეატრში, გოგა თავაძის რეჟისურით და მუსიკისა და დრამის თეატრში ქორეოგრაფიული დრამა – „კარმენი“ კოტე ფურცელაძის რეჟისურითა და ქორეოგრაფიით.

 

წელს ავგუსტ სტრინდბერგის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა, ამიტომ თეატრალურმა სამყარომ ეს წელი სტრინდბერგის წლად გამოაცხადა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა მენახა, ასე ვთქვათ „თემატური“ „ფრეკენ ჟული“, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ქართულ სპექტაკლებზე არ მოქმედებს ფესტივალის აკრედიტაცია, ნაკლები შანსი მქონდა თუნდაც ფეხზე დამდგარს მენახა წარმოდგენა. „ფრეკენ ჟულის“ სხვა დროს ნახვის იმედით, გოგა თავაძის „მაგრიტის შემდეგზე“ წავედი და სწორედ მასზე გაგიზიარებთ ჩემს, არც თუ მოკრძალებულ, აზრს.

 

 

ფესტივალის დღიური

 

 

 

ტკბილიდან დავიწყოთ. რუსთაველის თეატრის დიდი სცენის სივრცე, მიუხედავად იმისა რომ მოქმედება ძირითადად ავანსცენაზე თამაშდება, ოსტატურად არის ათვისებული. მთელი სცენა მიმოფანტულია სიურეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის  ნამუშევრებით. ისინი მაყურებელს დარბაზში შემოსვლამდეც ხვდება თვალში, რუსთაველის თეატრის ფოიეში ამ მხატვრის ნამუშევრების გამოფენაა მოწყობილი. რეჟისორი კონკრეტულ მიზანსცენებშიც მხატვრული ტილოების კოპირებას ახდენს. სპექტაკლში მხატვრულ შემოქმედებაში გარკვეული აზრის ძიების, მისი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის პრობლემები და თემატიკა მსუბუქი სექსუალური ელფერის დეტექტივს დაემსგავსა.   ასეთი გადაწყვეტით, წარმოდგენის მნიშვნელოვანი იდეის ძებნის სურვილიც კი აზრს კარგავს, რადგან, როგორც სპექტაკლშია – იქნებ ყველაფერი უფრო მარტივი და სასაცილოა? რეჟისორის შესაძლოა, ამ თვითირონიული რეფლექსიის განზოგადებას არ ეყო სცენოგრაფიის, ჩრდილების თეატრის ხერხებისა და კარგი სამსახიობო შესრულების ერთობლიობა. სამწუხაროდ ნათურა ისევ გადამწვარი დარჩა.

 

უნდა ვაღიარო,  ამავე დღეს, დილიდან დაწყებული კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმიდან წამოსულს, გამოცდილი და ერთ–ერთი ლიდერი რეჟისორის სპექტაკლის მიმართ მეტი მოლოდინი მქონდა.  

 

„ფრეკენ ჟულის“ მსგავსად, ვერაფერს მოგახსენებთ „კარმენის“ თაობაზეც. მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის, "Moving Theatre”-ისა (დიდი ბრიტანეთი) და ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტი ამჯერად, ჩემი სამუშაო დროის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა.

 

იმედი მაქვს, www.georgiantheatre.ge –ს გუნდი მოვახერხებთ და მომდევნო დღეებში უფრო ამომწურავ და სასიამოვნო ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენი ვებ–გვერდის სტუმრებს.

 

   

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა