ფესტივალი, პოლიტიკა და ყვითელი ავტობუსი
28-09-2012, 17:12

თეა კახიანი

 

დილით, სახლიდან გამოსულს, თბილისის თეატრალური ფესტივალის ერთ–ერთი გმირის სერგეი ბეზრუკოვის პორტრეტით შეფუთულმა ყვითელმა ავტობუსმა ჩამიქროლა. ეს სწორედ ის რუსი არტისტია, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ელოდა და  რომელმაც  სთაველის თეატრის დიდ სცენაზე, დიდი გატაცებით შესრულებული როლის შემდეგ ასევე დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია.

 

ბეზრუკოვი, რომელიც ოსტროვსკის კომედიის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ პერსონაჟს ნიკოლაი გლუმოვს ანსახიერებდა, თამაშობდა მომხიბლავ, ნიჭიერ, კარიერისტს, ვინც წარმატების მისაღწევად ყოველგვარ ღონეს ხმარობდა. მსახიობის ამ როლმა, და იმან რომ ერთ–ერთ სცენაში მან ქართულად წარმოთქმული რეპლიკის შემდეგ ჰალსტუხი–პეპელა დაღეჭა, ქართველ მაყურებელში მძიმე პარალელები წარმოშვა. საზოგადოების ერთ ნაწილში დაიწყო დისკუსია იმის თაობაზე თუ რამდენად კორექტული იყო რუსული თეატრალური დასისა და კონკრეტულად ამ მსახიობის მიერ 2008 წლის მტკივნეული მოვლენების გახსენება. მეორე ნაწილი ღელავდა, რომ ამ კონტექსტში, ტაბაკოვის თეატრის მიერ წარმოდგენილი მსუბუქი კომედიის მიმართ გამოთქმული, წმინდა მხატვრული, უარყოფითი შეფასება, უნებურად, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერად ჩაეთვალა. მესამე, რუსი არტისტის ნიჭიერებითა და შარმით გონებამიხდილ ნაწილს კი, ამ დისკუსიებისა და ვნებათაღელვებისათვის არ ეცალა  და მსახიობის მისამართით დაუღალავად უკრავდა და უკრავდა ტაშს...

 

მთელს ამ ორომტრიალში, პირადად ჩემთვის უფრო საინტერესო ამ ისტერიის მიღმა არსებული პროცესია, რომელიც ბეზრუკოვის პორტრეტით დამშვენებული ყვითელი ავტობუსით უფრო  ჩანს. ვსაუბრობ თეატრალურ ფესტივალზე, თბილისის მერიამ თითქოს ყვითელი ავტობუსებით რომ მოიტანა თითოეულ ჩვენგანთან.   კულტურისა და ხელოვნების ამ ზეიმმა კი მოულოდნელად, 4 წლის თავზე,  თავისი დაფარული სახე  გამოაჩინა. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელსაც მიზეზთა და მიზეზთა გამო გასულ წლებში ვერ ვადევნებდი თვალყურს, შორიდან საკმაოდ შთამბეჭდავი და კეთილშობილური მისია გააჩნდა. მისი მიზანი სასურველიც და აუცილებელიც ჩანდა. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მას სურდა გაეფართოებინა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჯიუტად ჩაკეტილი კულტურული საზღვრები და ამავდროულად მოეხდინა ქვეყნის შიგნით არსებული კულტურული კერების დაახლოება.    ჩემი წერილები ამ მისიის მნიშვნელობის აღიარებით დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ  ვეღარ გაგრძელდა, რადგან რეალობა მკვეთრად ასცდა დეკლარირებულ მიზნებს.

 

გოგი გვახარია ერთ–ერთ  წერილში საუბრობს, „მაღალი ხარისხის გართობაზე“, რომელზეც, 2003 წლის შემდეგ, წამყვანმა  მედიასაშუალებებმა გააკეთეს ორიენტირი, და რომელმაც ჩაანაცვლა  გადაცემა „ფსიქო.“ ამ ორიენტირით გამოიხატა როგორც ხელისუფლების ასევე საზოგადოების მოთხოვნილებები.  თბილისის თეატრალურმა ფესტივალმა თანდათან ამ „მაღალი ხარისხის გართობის“ ნაწილის და მისი საუკეთესო გამოვლინების სახე მიიღო, რადგან ზრუნვა დაიწყო არა კულტურული პროცესის განვითარებასა და ხელშეწყობაზე, არამედ ვიწრო წრეების ინტერესებსა და ბოლოს პოლიტიკაზეც.

 

ეს ბრალდებები კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პროფესიონალი რეჟისორები და მსახიობები, თეატრმცოდნეები, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები  და ზოგადად თეატრის მოყვარულები, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებთ და პროფესიული განვითარებისთვის სჭირდებათ კიდეც ნახონ რაც შეიძლება მეტი უცხოური დადგმა, როგორც წესი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან. ამ ადამიანებს, პირდაპირ, პრაქტიკულ სარგებელს უნდა აძლევდეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რათა მომავალში მათ შემოქმედებაში აისახოს მიღებული გამოცდილება, თუმცა ისინი უმეტესად  ყველაზე საინტერესო უცხოურ სპექტაკლებზე ვერ ხვდებიან. ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია   საერთაშორისო პროგრამით გათვალისწინებული, ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსატანი სპექტაკლების შერჩევის საკითხთან. ჩემთვის გაუგებარია რატომ კეთდება აქცენტი მონაწილე ქვეყნების რაოდენობაზე და არა ჩამოსატანი სპექტაკლების ხარისხზე? ან რა აზრი აქვს ლიტვიდან ისეთი სპექტაკლის ჩამოტანას, რომელსაც მხოლოდ 29 მაყურებელი შეიძლება დაესწროს?  რისთვის გვჭირდება ეს, რომ ფესტივალის სტუმარი ქვეყნების ჩამონათვალი რაც შეიძლება გრძელი იყოს?

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ფესტივალის მიმართ ინტერესი დიდია,  ხოლო ფინანსური რესურსები როგორც ყოველთვის შეზღუდული, ალბათ, უფრო გონივრული იქნებოდა ორგანიზატორებს ყოველ წელს შეერჩიათ მხოლოდ ორი–სამი, მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეული სპექტაკლი. მათი რაოდენობის შეზღუდვით და საჩვენებელი დღეების გაზრდით შესაძლებელი იქნებოდა ფართო მაყურებლის ინტერესის დაკმაყოფილება  და ამით ადგილობრივ კულტურულ სივრცეზე გავლენის მოხდენაც. ამ, შესაძლოა, ბევრისთვის გამაღიზიანებელი რჩევების  მიცემის უფლებას საკუთარ თავს, მხოლოდ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვაძლევ. რადგან მგონია, რომ ნამდვილად მიუღებელია  ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან სპექტაკლებზე ბილეთები გაურკვეველ დროსა და ვითარებაში იყიდებოდეს. ხშირად ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრეც. ფაქტია, რომ ამ ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის რომელიმე სპექტაკლზე მოხვედრა  მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეების პრივილეგია გახდა. რაც მხოლოდ „მაღალი ხარისხის გართობის“ ნაწილია და ვერაფრით უზრუნველყოფს კულტურულ სივრცეზე რაიმე სახის გავლენას. ფესტივალის ელიტარულობის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მას რომ დიდ წილად, კერძო კომპანიები აფინანსებდნენ და არა სახელმწიფო ბიუჯეტი. რა გამოდის? რომ მე და თქვენ უნდა დავაფინანსოთ ის ფესტივალი, რომელზეც თქვენთვის და ჩემთვის ადგილი არასოდეს იქნება?    რას გვთავაზობენ ორგანიზატორები? რას ვუყუროთ ჩვენ? – მხოლოდ ფესტივალის რეკლამით შეფუთულ ყვითელ ავტობუსებს?     

 

მართალია ქეთი დოლიძე, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან და  ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამ ფესტივალმა მისი „საჩუქარი“  „დაასამარა.“ მუდამ მიჩნდებოდა კითხვა რატომ ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ფესტივალების კეთების უფლება. პასუხი, რომელიც არ მიმიღია, ალბათ, ძალიან სტანდარტულია – „მაღალი ხარისხის გართობის“  ორგანიზების პრივილეგიას ხელისუფლების მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებულნი ფლობენ. ქეთი დოლიძე კი ნამდვილად აღარ არის მსგავს მდგომარეობაში. სამწუხაროდ, არსებითად არაფერი შეცვლილა, ერთი ვიწრო წრის ფესტივალი, მეორემ ჩაანაცვლა, მხოლოდ ოდნავ უკეთესი ორგანიზებით და ბევრად მეტი მატერიალური დანახარჯით.

 

თუმცა, ისევ სპექტაკლების შერჩევის საკითხს რომ მივუბრუნდეთ, კიდევ უფრო მეტად არასასიამოვნო ვარაუდების გამოთქმის საფუძველს მოგვცემს წლევანდელი ფესტივალი, რომელიც არც თუ შემთხვევით დაემთხვა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს. ლამის, ხელისუფლების პიარკამპანიის ნაწილად ჩაფიქრებული  თეატრალური ფესტივალი,  სპექტაკლებით „ღმერთების დაცემა“ და „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“,  პოლიტიკური დაპირისპირებების მონაწილე და ახლა ოპოზიციური განწყობილებების გამომხატველი გახდა. პოლონური თეატრალური დასის გამაოგნებელი სპექტაკლი, რომლისთვისაც ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდიდი, კონკრეტულ მოვლენებთან, განსაკუთრებით ბეზრუკოვის „სკანდალურ“ მიზანსცენასთან მთლიანობაში,  პოლიტიკურ მანიფესტს დაემსგავსა, რაც შეუძლებელია ფესტივალის ორგანიზატორებს არ სცოდნოდათ.  ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო ვითარებაში, კი  ნებისმიერი მხრიდან, ფესტივალის გამოყენებას პოლიტიკური ინტერესებისათვის  არამგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს.

 

ვიცი, ამ ერთადერთ ფესტივალს ქართულ თეატრალურ სინამდვილეში ბევრი თეატრალი, სტუდენტი თუ პროფესიონალი ელოდება, რომლებიც ნაცნობობითა და ზოგჯერ რაღაც ხრიკებით ახერხებენ სპექტაკლებზე მოხვედრას, მათთვის, ისევე როგორც ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, რომლებსაც ცოტა შრომა და ენერგია არ ჩაუდევთ ამ საქმეში, არასასიამოვო იქნება მსგავსი შეფასება, მაგრამ მგონია რომ ჩემს მიერ გამოთქმული აზრის ღირებულება მხოლოდ სინამდვილის  კრიტიკული აღქმის აუცილებლობით განისაზღვრება და ამიტომაც აქვს არსებობის უფლება.      

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა