მაკო გოჩაშვილი
“რამდენადაც უფრო რთულია თეატრის ენა, იმდენად უფრო რთულია მაყურებლის მიერ მისი ათვისების პროცესი.“
მ. თუმანიშვილი
უცნაურია იჯდე სცენაზე და ისე ადევნებდე თვალს სპექტაკლს. ამჯერად, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე მიგვიჩინეს ადგილი, რობერტ სტურუასა და ანდრო ენუქიძის მიერ დადგმული სპექტაკლის “ვთამაშობთ სტრინდბერგს” სანახავად. სცენაზე მყოფი მაყურებელი მსახიობებთან ისე ახლოსაა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ზღვარი მაყურებელსა და მსახიობთა სივცრეს შორის უნდა დაირღვეს. იქნებ, ზოგიერთი ჩვენგანი ჩაერთოს კიდეც სპექტაკლის მსვლელობაში, მაგრამ სულაც არა! მსახიობებისთვის თითქოსდა სულერთია ჩვენ, კრიტიკის სათვალით შეიარაღებული დამსწრე საზოგადოება, პარტერში ვისხდებით თუ რუსთაველის თეატრის სცენაზე.
სპექტაკლის დასაწყისში საოცრად იდუმალი და ამოუცნობი გრძნობა დამეუფლა იმ თეთრი ტილოს გამო, სცენის უდიდეს ნაწილს რომ ფარავდა. წარმოდგენის დაწყებისას კი ზემოთ აიწია და თეთრი, აქა-იქ დაგლეჯილი ცასავით გვეხურა თავზე. მოქმედების სივრცე რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. მის ერთ ბოლოს თუ დავუკვირდებით, ეგზოტიკურ სამყაროში აღმოვჩნდებით. ასეთ შთაბეჭდილებას არსებული დეკორაცია ქმნის – კიბეებზე გაფენილი ნოხი, მწვანე მცენარეები, ნაირ-ნაირი ხილი, მტვრიანი პიანინო, რომელიც ძირითადად დისონანსურ ბგერებს გამოსცემს ხოლმე. ბგერებს, რომლებიც გვაუწყებენ, რომ თურმე არაჰარმონიულ სამყაროში მოვხვდით. სამყაროში, სადაც ბევრი რამ არის ამოსახსნელი. სცენის მეორე ბოლოში არის კარი, მის მიღმა ყოველთვის შემზარავი გუგუნი ისმის. სცენის შუა ნაწილს კი უბრალო მაგიდა და სკამები იკავებს, სადაც ჩვენი გმირები სასმელით, ბანქოს თამაშითა და გაზეთის კითხვით კლავენ დროს. ასევე, აქ არის სარწეველა სკამი და ტელეგრაფი, წითელი სირენითა და მისი შემაძრწუნებელი ხმით.
საინტერესო, მძაფრი და ოდნავ საშიშიც კი არის მომენტები, როდესაც წამიერი სიბნელე ისადგურებს დარბაზში. ასეთი წამები მონოტონურად მეორდება მთელი სპექტაკლის მსვლელობისას. მიზანი ალბათ ერთია, რომ მაყურებელმა მუდმივად ფხიზელი თვალით უყუროს მსახიობთა მოქმედებას და, შესაბამისად, უდიდესი სიფხიზლით აღიქვას ამბავი, რომელიც ვითარდება მის თვალწინ.
მალევე ვიგებთ, რომ დღეს თათული დოლიძისა და ზვიად პაპუაშვილის გმირების – ალისასა და ედგარის ქორწინებიდან ოცდახუთი წელი გავიდა. ისმის რიტორიკული კითხვაც: “რა საჭიროა უბედურების ოცდახუთი წლისთავის აღნიშვნა?” დრამატულ მომენტს კი ის ქმნის, რომ ამ შეკითხვას შავებით მოსილი, მგლოვიარე ალისას მიმიკები ამშვენებს და მისთვის გამზადებულ ყვავილებს სცენაზე მსხდომი მაყურებელი ინაწილებს. ცხადია, რომ ჩვენ წინ უნდა გათამაშდეს ოჯახური ტრაგედია, მთელი თავისი სიმძაფრით, რომელშიც სრულიად მოულოდნელად მესამე პერსონაჟიც ჩაებმება.
ეს უკანასკნელი გამოჩნდება წითელი მოტოთი, რომლის ადგილიც, მე თუ მკითხავთ, სულაც არ იყო ამ საღამოს რუსთაველის თეატრის სცენაზე. მოქმედებაში შემოჭრილ ახალ გმირს, სახელად კურტს, რომლის როლსაც ლევან ხურცია ასრულებს, აჟიოტაჟი, შიში და პანიკა შემოაქვს. თუმცა, ერთ წამში ყველაფერი იცვლება და დარბაზში მყოფნი უსაზღვრო მელანქოლიასა და სენტიმენტალიზმს მიეცემიან. ამ ყველაფერს უფრო მეტად აღრმავებს წყნარი მუსიკა, იისფერი განათება. ქმრის თვალწინ თამაშდება ინტიმური სცენები. ალისასა და კურტის ცეკვა გაჟღენთილია სითბოთი, სინაზით, თრთოლვით. მათ შორის იბმება ძაფი, რაც უდიდეს ინტრიგასა და ინტერესს იწვევს მაყურებელში. ედგარი თითქოს დირიჟორობს ამ ყველაფერს. სკამზე მშვიდად მიწოლილა და აუღელვებლად ადევნებს თვალს ოცდახუთი წლის წინ დაწყებული ისტორიის გაგრძელებას.
სცენაზე გათამაშებული სასიყვარულო სცენები, თითქოს სიამოვნებას უნდა აღძრავდეს მაყურებელში, მაგრამ აშკარად იგრძნობა გულწრფელობისა და დამაჯერებლობის ნაკლებობა. ალისა და კურტი ნეტარებას მიეცემიან, ერთმანეთს ეძებენ და ამავე დროს ერთმანეთს გაურბიან. ერთმანეთს შემოხვეულნი იატაკს გაიხდიან სარეცელად. მესამე პირი კი, ვინც სრულიად ზედმეტია ასეთ წამებში, თავზე წაადგება მათ და ტილოს გადააფარებს. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ რეალობის ხედვა უფერული სათვალით ბევრად ძნელია, ვიდრე მისი დაფარვა და თავის მოტყუება, რომ მათი ცოლ-ქმრობის ეს საძულველი პერიოდი ოდესმე გაივლის.
ხშირად ტრაგიკულ სცენას კომიკური და პირიქით, კომიკურ სცენას ტრაგიკული ცვლის ხოლმე. მოქმედება საკმაოდ სწრაფად განიცდის ცვლილებას. კურტის აღსარებას, თუ როგორ უყვარს ალისა, მოჰყვება ედგარის სარკაზმით სავსე თამაში, როდესაც ის მღვდელს განასახიერებს და ცდილობს გაიგოს თანახმაა თუ არა “მომავალი წყვილი” ერთმანეთს შეჰფიცონ სიყვარული. საქორწილო ცერემონიიდან სასამართლოზე გადავინაცვლებთ, სადაც “ქურდბაცაცა” კურტის დაკითხვა მიმდინარეობს, მაგრამ მალევე ვბრუნდებით არსებულ რეალობაში, სადაც კურტი თავის მეტოქეს დაშნით ემუქრება. ის კი სიმღერ-სიმღერით ცდილობს მტრის მოგერიებას. ყველა ზემოთხსენებული სცენა გაჟღენთილია სარკაზმით. უდიდესი ირონია იგრძნობა მოქმედი გმირების თითოეულ სიტყვასა თუ ქმედებაში. ერთმანეთს ეფერებიან, სიკვდილით ემუქრებიან, ახალ დაპირებებს აძლევენ, ერთმანეთი სძულთ, გულს ტკენენ და ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ღვარძლის ამოსანთხევად, რომელსაც ბუდე აქვს გაკეთებული თითოეული მათგანის გულში.
სპექტაკლის მსვლელობისას ხანდახან სიუჟეტური ხაზი იკარგება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაყურებელი აბსურდის სამყაროში იწყებს მოგზაურობას. არის სცენები, რომლებიც რამდენჯერმე მეორდება, თუმცა თითოეული მათგანი სულ მცირე ცვლილებას მაინც განიცდის ხოლმე. სპექტაკლში ასახული მოვლენა ხაზს უსვამს ოჯახურ ტრაგიზმს და ნათლად წარმოაჩენს მის სუსტ წერტილებს, რომ უმნიშვნელო დარღვევაც კი იწვევს მის ნგრევასა და გაუფერულებას. სწორედ ასეთ დარღვევად შეიძლება მივიჩნიოთ კურტის გამოჩენა, რაც აფორიაქებს ცოლ-ქმრის ცხოვრებას და ანადგურებს აქამდე არსებულ “ოჯახურ ჰარმონიას”.
ამ ყველაფერს უფრო მეტად ამტკიცებს ცოლ-ქმრის თამაში, მიბაძონ გაურკვეველი ჯიშის ცხოველებს. მათი ასეთი ქმედებით იწყება და მთავრდება სპექტაკლი. არაჩვეულებრივად ასრულებს საკუთარ როლს თათული დოლიძე. მისი თითოეული მოძრაობა არის ძალიან მოქნილი და ენერგიული. იგი განასახიერებს პერსონაჟს, რომელსაც თითქოსდა ბედი დასცინის. მეორდება იგივე, რაც ერთხელ უკვე მოხდა მის ცხოვრებაში, როდესაც კურტმა მიატოვა. რის შემდეგაც ცოლად გაჰყვა ედგარს. ეს არის ქალი, რომელიც ცხოვრობს საკუთარ მეხსიერებაში მჭიდროდ ჩაბეჭდილი გამოუსადეგარი მოგონებებით. თათული დოლიძე შესანიშნავად ახერხებს მივიდეს მაყურებლამდე და გაუზიაროს მას ყველა ის განცდა, რასაც თვითონ განიცდის, იქნება ეს სევდა, სიხარული, იმედგაცრუება თუ სინანული. კურტის გამოჩენამ უდიდესი ცვლილება მოახდინა მასში. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ განუახლა მათ ლტოლვა, აავსო ისინი გზნებით, ტრფობითა და ტემპერამენტით, მათ გულებში ვნებამ და ერთმანეთის დაუფლების სურვილმა დაიწყო ბობოქრობა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაფერი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. თათული დოლიძეც დაღლილი ქალის გამომეტყველებითა და ცხოველისათვის დამახასიათებელი მიმიკებით განაგრძობს ცხოვრებას ქმართან ერთად.
ზვიად პაპუაშვილის პერსონაჟი უზომოდ ცინიკოსია. შესანიშნავად ხვდება ყველაფერს, მაგრამ თითქოს თავს აღარ იწუხებს იმაზე ფიქრით, რომ ცოლს სხვისკენ მიუწევს გული. ეს ბუნებრივიცაა, მათ ხომ მხოლოდ სიძულვილი და ზიზღიღა შერჩათ ერთმანეთის მიმართ ოცდახუთწლიანი თანაცხოვრების შედეგად. ზვიად პაპუაშვილი ქმნის ოდნავ შეშლილი, ავადმყოფი კაცის სახეს. მისი გმირი აბსოლუტურად იცვლება ერთ-ერთ სცენაში, როდესაც კურტი მას დიდი ოდენობის ფულს აძლევს. შოკისმომგვრელი სიახლით თავზარდაცემული ზვიად პაპუაშვილი-ედგარი გულის წასვლასაც კი გაითამაშებს იმ ბედნიერების გამოსახატავად, რასაც ფულის ქონა ანიჭებს მას. მისთვის აღარ არსებობს რწმენა ოჯახისა, სიყვარულისა და ურთიერთგაგებისა. უარს ამბობს საკუთარ ცოლზე და კურტს ვალად სდებს კიდეც მის წაყვანას, როდესაც ეუბნება: “ვალდებული ხარ რომ ალისა წაიყვანო!” თუმცა, სპექტაკლის დასასრულს მასაც მოუწევს ცხოველის როლის ათვისება და საძულეველი ცხოვრების გაგრძელება.
ლევან ხურცია კი განასახიერებს პეროსნაჟს, რომლის გამოჩენაც ქარიშხალს ჰგავს. ქარიშხალს, რომელსაც შეუძლია აქამდე არსებული სიმშვიდე ქაოსით შეცვალოს. თვითონ კი ისე გაქრეს, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. მიუხედავად ამისა, არის მომენტები, როდესაც ლევან ხურცია წარმოგვიდგენს გაუბედავ, ოდნავ შეშინებულ კურტს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სპექტაკლის მოქმედი გმირები მსუბუქი მელოდიით გაჟღენთილ ერთმანეთისადმი ლტოლვის მორევში იძირებიან. ის არის წარსულის ლანდი, რომელიც საჩუქრებით აღჭურვილი დაბრუნდა წლების შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ატკინოს გული ქალს, რომელიც მზადაა ამჯერად მაინც წავიდეს მასთან ერთად ბედნიერების მოსაპოვებლად. მაგრამ, ცხოვრება არც ისეთი ლამაზი ზღაპარია, როგორც ხანდახან გვგონია ხოლმე. ლევან ხურცია-კურტი კვლავ ტოვებს ჩვენ წინ გათამაშებულ “ოჯახურ ჰარმონიას” და თავს მხოლოდ შემდეგი ფრაზით იმართლებს: “რაც მოკვდა, მოკვდა!”
ფრიდრიხ დიურენმატის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ვთამაშობთ სტრინდბერგს” არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ ადამიანები ხშირად აჩრდილებს ემსგავსებიან. აჩრდილებს, რომლებიც მიცურავენ საკუთარი ნების საწინააღმდეგო დინების მქონე ტალღებში. მათ არსებობას ასულდგმულებს წარსულის უნაყოფო მოგონებები. გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ხორცშესხმულ არსებებად გადაქცევას და იმ აზრის უარყოფას, რომ მათგან მხოლოდ “ნეხვი დარჩება!”
რაც შეეხება მსახიობებს, ისინი თამაშობენ საკმაო ბუნებრიობით. მათი თამაში იმდენად დამაჯერებელია, რომ სპექტაკლის დასასრულს მაყურებელს უჩნდება სინანული წარსულის მიმართ. მე პირადად, გამოვარჩევდი თათული დოლიძეს, რომლის თამაშიც გამოირჩევა შინაგანი განცდის სიძლიერით. ის ძალიან კარგად ახერხებს მიაღწიოს ყველაზე მნიშვნელოვანს და გახადოს მაყურებელი სპექტაკლის თანამონაწილე. მას აშკარად აქვს გათავისებული თავისი როლის თითოეული ნიუანსი. “თუ როლს შეიგრძნობ ყველაფერი თავისთავად მოვა,” სწორედ ამას ქადაგებდა ცნობილი ქართველი რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილი.
არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ სცენა, როდესაც პიანინოსთან მჯდარი, მუსიკალური ნაწარმოების შესასრულებლად მომზადებული ედგარი წამოიძახებს ერთადერთ სიტყვას – რუსეთი. დარბაზი წითელი, ცეცხლისფერი შუქით ნათდება. სცენის ერთ-ერთ ბოლოში მდგარი მილიდან კი კვამლი ამოიფრქვევა. ეს შეიძლება ჩავთვალოთ რეჟისორის მიერ ლამაზად შეფუთულ სიურპრიზად, რომ მაყურებელი არ მოწყვიტოს რეალობას და გააღვიძოს მასში პოლიტიკური აქტივობა. იგი, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების ერთგვარი გამოძახილია. ეს სცენა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ ეს რამდენიმე წამიც კი სრულიად საკმარისია რეჟისორული ჩანაფიქრის განხორციელებისთვის.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04