თეა კახიანი
ზოგჯერ იდეა, მისთვის გათვალისწინებულ საზღვრებს სცდება, ზოგჯერ კი, პირიქით – ახლო მდებარე სივრცესაც ვერ ითვისებს. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი ტრაგედიის „რომეო და ჯულიეტა“ იდეამ არა თუ მაყურებელთა დარბაზის, არამედ სცენაზე წარმოდგენილი მორგის კარს ვერ გამოაღწია. ხშირად და ძირითადად იდეის ამპლიტუდა მისი წარმომქმნელი ცენტრის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ამიტომ, ამ სპექტაკლის მიმართ, ჩემი ყველაზე მეტი შენიშვნის ადრესატი რეჟისორი იქნება. რომელმაც ვერ შეძლო საინტერესო იდეის სიღრმიდან მსახიობების, მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟების, სცენოგრაფიის და მათი მთლიანობის წარმოჩენა.
„რომეოსა და ჯულიეტას“ ცნობილი სასიყვარულო ისტორია, კარგა ხანია თანამედროვე ვარიაციების საგნადაა ქცეული. არსებობს მისი მრავალგვარი სცენური ინტერპრეტაცია თუ კინო ვერსია. რეჟისორები ამ ისტორიის ახალ ფორმასა და შენაარსს ეძებენ. არსებობს მოსაზრება რომ თანამედროვე სამყაროში რომეოებისა და ჯულიეტების ადგილი არ არის. ამბავი, რომელიც ღმერთად წოდებული გრძნობის თემაზეა შექმნილი, თითქოს ვეღარ გამოხატავს თანამედროვე ადამიანების გრძნობათა ბუნებას და მათი აზროვნებისა და მდგომარეობის კონტრაპუნქტად თუ გამოდგება მხოლოდ. „რომეო და ჯულიეტა“ იქცა ერთგვარ მითად სიყვარულის შესახებ. თანამედროვე ცნობიერება კი, როგორც ცნობილია, ასეთი მითების „დამიწებისკენ“ არის მიდრეკილი. ამიტომ, თავისთავად, რეჟისორ დავით მღებრიშვილის გადაწყვეტილება, გაეთამაშებინა შექსპირის ეს ტრაგედია მორგსა თუ აკლდამაში, არ არის საფუძველსა და ასე ვთქვათ, თანამედროვეობას მოკლებული.
დეკორაცია უცვლელია, მოქმედება მორგში მიმდინარეობს. სპექტაკლის დასაწყისშივე იღება მისი რამოდენიმე კარი და ვხედავთ ამ პიესის გარდაცვლილ გმირებს. რომეო და ჯულიეტა მკვდარნი არიან. მათ რეჟისორი 2 საათით და 15 წუთით გააცოცხლებს, მაგრამ სპექტაკლის ბოლოს შეგვაწუხებს ეჭვი, ღირდა კი ამის გაკეთება? რეჟისორის პოზიცია პიესასთან მიმართებაში ნათელია, მისთვის არა მხოლოდ ამ პიესის გმირები და სიუჟეტი, არამედ შექსპირის ენაც მკვდარია. ის საკუთარი და ნინო კანტიძისეული ერთობლივი თარგმანით პიესის ჩვენთვის ცნობილი ტექსტის ახალ ვარიანტს გვთავაზობს, მაგრამ ნაკლებად თანმიმდევრულია და ზოგჯერ უწევს იმის აღიარება, რომ კონკრეტულ სცენებს, მაგალითად სასიყვარულო დიალოგებს, მაინც შექსპირისეული ენა უფრო უხდება. რეჟისორმა პიესაში არსებული რამდენიმე ინტრიგა მოხსნა, ასე ვთქვათ, საქმე გაიმარტივა. სპექტაკლში რომეომ და ჯულიეტამ თავიდანვე იციან ერთმანეთის ვინაობა და მეორეც – სადღაც „დაიკარგა“ ლორენცოს მიერ რომეოსთან გაგზავნილი წერილის ბედი. რეჟისორის მიერ მოფიქრებული მიზანსცენების უმეტესი ნაწილი ემსახურება სცენაზე დადგმული მორგის გამომხატველი კონსტრუქციის ათვისებას და მისი დატვირთვის გაზრდას. ეს კონსტრუქცია, მისი „უჯრები“ ზოგჯერ საწოლია, ზოგჯერ ფანჯარა, ზოგჯერ გასასვლელი დერეფანი, მაგრამ ჩაფიქრებული შინაარსის სადემონსტრაციოდ, განსაკუთრებული ხმაურით, იმდენჯერ იღება და იხურება, ხან ერთი, ხან მეორე „უჯრა,“ რომ ამდენი განმეორება და ბრახა–ბრუხი მოსაბეზრებელი ხდება მაყურებლისთვის. არაფერს ვამბობ ამ ყველაფრის შედეგად მიღებულ, გადაადგილებისათვის მოუხერხებელ სივრცეზე. მოცემულ გარემოში, თავის მხრივ მსახიობებიც, ვერ მოქმედებენ ტექნიკურად სასურველ ხარისხში.
შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორის სწორხაზოვანი დამოკიდებულება საკუთარ იდეასთან, იქცა თავად ამ იდეის თავისუფალი ინტერპრეტაციის ხელისშემშლელ ფაქტორად, როგორც მსახიობთათვის ისე თავად რეჟისორისათვის. ის თავისივე ჩანაფიქრის ჩარჩოში მოექცა და ვეღარ შეძლო მნიშვნელობათა განვრცობა და ამით იდეის ამპლიტუდის გაზრდა.
თუმცა, არც ის მინდა, სპექტაკლის ხარვეზები მხოლოდ იდეებსა და მათით ზედმეტ მოხიბვლას დავაბრალო. ცხადია მიზეზები რეჟისურის არასრულყოფილ პროფესიულ ოსტატობაშიც უნდა მოიძებნოს. რაც, ყველაზე მძიმედ, მსახიობთა მიერ განსახიერებული და ვერ ამოხსნილი პერსონაჟების, შესაბამისად კი, მათი ვერ შემდგარი ურთიერთობის ფონზე ჩანს. ხოლო, ცალსახა ხასიათებით და არაქმედითი სიტყვებით მაღალი მხატვრული შედეგი ვერც აქამდე მიიღწეოდა. მითუმეტეს სპექტაკლში, რომელიც ტრადიციულ თეატრალურ გზას მიყვება და ტექსტის, შინაარსის გადმოცემაზეა ორიენტირებული. ალბათ, ამიტომ ამ სპექტაკლში, ჩემი აზრით, სწორედ უსიტყვოდ გათამაშებული მიზანსცენაა საუკეთესო, სადაც ნანკა კალატოზიშვილის ძიძა, ჯულიეტასა და პარისის საქორწილო სუფრას შლის, რომელიც, ჩვენც და მათაც, ვიცით რომ საქორწილო სუფრა ვერ იქნება... თუმცა ამ სცენაშიც თვალს ჭრის ძალიან არასცენური, არამხატვრული პოლიეთილენის თეფშები. იაფფასიანობის ეს დემონსტრაცია წინააღმდეგობაში არ მოდის მანამდე მოცემულ პირობებთან, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, სცენაზე არსებული ყოველი რეკვიზიტი და დეტალი არ უნდა იყოს მოკლებული მხატვრულ ღირებულებას. პოლიეთილენის თეფშიც კი შეიძლება ისეთი შეირჩეს, რომელიც მეტად გააძლიერებს მხატვრულ ეფექტს და არა, როგორც ამ შემთხვევაში, დააკნინებს მას.
საერთოდ, „პოლიეთილენის ესთეტიკა,“ შემთხვევით არ არის გამოყენებული. სცენაზე მიმოფანტულია სხავადასხვა ზომისა და ფორმის, შავი ფერის პოლიეთილენის „ვედროები“ და „ტაშტები,“ მორგთან მიმართებაში ნათელია მათი დანიშნულებაც. მოქმედი გმირების უმრავლესობაც ამ ჭურჭლებიდან იბანს ხელ–პირს, ხოლო ჯულიეტა ლორენცოს მიერ მიცემულ საწამლავს ერთ–ერთ ასეთ „ვედროში“ ასხამს და ისე სვამს.
სპექტაკლში მორგის კონსტრუქციისა და პოლიეთილენის ფაქტურის გარდა „თამაშობს“ ფანარი ელექტრო სადენით, რომელიც რომეოსა და ჯულიეტას სასიყვარულო კავშირის მხატვრული გადმოცემის საშუალებად მიიჩნია სპექტაკლის რეჟისორმა. ისინი ამ სადენს მიყვებიან და ისე პოულობენ ერთმანეთს. შესაძლოა ამ ჩანაფიქრში რეჟისორი სიყვარულის ელექტრო– მაგნიტურ ბუნებას გვიმხელს, ანდა არიადნეს ძაფის თანამედროვე ვარიანტს გვთავაზობს. სამწუხაროდ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ... და ბერვად უფრო საინტერესო მნიშვნელობებიც მივანიჭოთ საგნებსა და მოვლენებს, ვიდრე ეს სპექტაკლშია გათვალისწინებული. მაგრამ, აქაც საკითხავია – ღირს კი ამის გაკეთება?
სადენი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას მაშინ მიიღებს როცა სპექტაკლის ფინალში ჯულიეტას თვითმკვლელობის იარაღი გახდება. მსახიობი ანუკა გრიგოლია მას ყელზე შემოიხვევს და პირობითი თეატრალური მეთოდის იმედად ძალიან მარტივად მოკლავს საკუთარ გმირს. როგორც დამწყებ, ჯერ კიდევ სტუდენტ მსახიობს, ასევე რეჟისორსაც დაავიწყდათ, რომ პირობითობა სრულებით არ გამორიცხავს ფსიქოლოგიურ დამაჯერებლობას, და ზოგჯერ პირიქით, უფრო მეტად მოითხოვს მას. უნდა აღინიშნოს რომ სხვა პერსონაჟებთან შედარებით ჯულიეტას ხაზი ბევრად უფრო დამუშავებული აქვს რეჟისორს, ჩანს გმირის ხასიათის ცვლილებაც, პატარა, გულუბრყვილო, გოგონა თანდათან იქცევა მეამბოხედ საკუთარი გრძნობის და ნების დასაცავად. მაგრამ პიროვნებად შედგომის ამ რთული გზის განსახიერებას, კონკრეტულ სცენებში, განსაკუთრებით მამასთან დაპირისპირების დროს, ფეხის ბაკუნის გარეშე რომ ჩაევლო, ალბათ, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ასევე ზოგადად, უკეთესი იქნებოდა მსგავს საპასუხიმგებლო როლებზე გამოუცდელი მსახიობების შერჩევით, რეჟისორები ცუდ სამსახურს არ უწევდნენ ამავე მსახიობებს.
უფრო რთული მდგომარეობაა რომეოს (სანდრო დავითაშვილი), მისი მშობლების – მონტეგების (ალეკო ბეგალიშვილი, ბუბა გოგორიშვილი) და ბერი ლორენცოს (ბადრი ბეგალიშვილი) შემთხვევაში. მსახიობები, ჩემი აზრით, საკუთარი პერსონაჟების გახსნისათვის საჭირო ამოცანების გარეშე დარჩნენ. ხოლო კაპულეტები (გიორგი ყველაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, რომელსაც თითქმის არავითარი დატვირთვა არა აქვს), პარისი (იმედა არაბული) და ტიბალტი (თორნიკე გოგრიჭიანი) ხასიათის ცალმხრივი თვისებებით არიან წარმოჩენილი, რაც მხოლოდ ტიბალტის შემთხვევაში შეიძლება იყოს გასაგები, მითუმეტეს მისი თავშეუკავებელი სიცილით რომეოს მხრიდან შერიგების მოწოდებაზე. საერთოდ, ხასითების მსგავსი ფსიქოლოგიური დამუშავების კვალი ძალიან ცოტაა სპექტაკლში ბენვოლიოსთან (დევა ბიბილეიშვილი) მაგალითად, ასეთი მომენტი რომეოს დანაშაულის გაცემისას შეიმჩნევა.
უღიმღამოა ორივე გვარის დაწყევლის სცენაც. მერკუციოს როლის შემსრულებელი დავით ბეშიტაიშვილის თამაში ზედაპირულია და ვერ იწინასწარმეტყველებს მონტეგებისა და კაპულეტების მტრობის, სიძულვილის მოსალოდნელ შედეგებს. მერკუციოს, ტიბალტის, რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილს, თუ მხოლოდ ის მნიშვნელობა აქვს, რომ მას მოსდევს „მშვიდობა მწარე,“ მაგრამ მაინც მშვიდობა, მაშინ ამის გასახსნელად არასაკმარისია მხოლოდ ვერონის პრინცის დამოკიდებულების ჩვენება. რომელიღაც კომიქსის გმირის მსგავსი პრინცი, ყოველი შემოსვლისას ვაშლს ჭამს და ბოლოს დაუფარავი ირონიით გვეტყვის, რომ ამაზე სამწუხარო ამბავი ჯერ არავის გაუგია. ალბათ, ეს ის პერსონაჟია სპექტაკლის ავტორის ნიღაბი რომ უნდა მოერგო და არც თუ მდიდარი ხერხების საშუალებით ირონიული ნეკროლოგი წაეკითხა.
მთელი წარმოდგენის განმავლობაში ვხედავთ როგორ უვლის ძიძა (ნანკა კალატოზიშვილი) პერსონაჟების საცხედრეს. მისი მზრუნველობა ახლა მხოლოდ გარდაცვლილებს ესაჭიროებათ. ჯულიეტას გარდა, ერთადერთი გმირი, რომელსაც რეჟისორმა ახალ ვითარებაში ფუნქცია მოუძებნა სწორედ ნანკა კალატოზიშვილის ძიძაა. თუმცა ეს ფუნქცია არ იწვევს პერსონაჟის მხატვრული სახის გახსნას. მიუხედავად მსახიობის მცდელობისა აჩვენოს მისი მდგომარეობის ტრაგიზმი, თითოეული მოქმედება მაინც მექანიკურია და ვერაფრით იტევს იმ განზოგადების განზრახვას, რაც ამ პერსონაჟის თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე ყოფნას გაამართლებდა. რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილის შემდეგ, ბოლო სცენაში ძიძა ჩააქრობს ელექტრო ფარანს. დარბაზს სიბნელე მოიცავს, რომელსაც ვერც ეს და ვერც სხვა, მსგავსი სპექტაკლები, ვერაფრით გაანათებს. და თუ ეს არ მოხდება მაშინ, ალბათ, სჯობს ისევ ვიკითხოთ, ღირს კი მათი გაკეთება?
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04