თეა კახიანი
დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ რაც რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას შემოქმედებითი აქტივობის გარეშე დარჩა. გასულ თეატრალურ სეზონს ის ვერცერთი პრემიერით ვერ შეუერთდა, თუ რასაკვირველია არ ჩავთვლით „ოლივერს“ (ოლივერს კი ნამდვილად არ ჩავთვლით). ამ სეზონზე თბილისის თეატრალური ფესტივალის პროგრამით, მაყურებელმა რუსთაველის თეატრში გოგა თავაძის რეჟისურით დადგმული ტომ სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“ ნახა. თანამედროვე ხელოვნების ინტერპრეტაციის პრობლემამ არა მხოლოდ პიესის თემატიკა გამოხატა, არამედ ზოგადად სპექტაკლის შეფასების მთავარი რაკურსიც ასახა. „მაგრიტის შემდეგ“ ვერ აღმოჩნდა თეატრის შემოქმედებითი შესაძლებლობების სახარბიელო ინტერპრეტაცია. თუნდაც დავაბრალოთ იმას, რომ სტურუას შემდეგ ეს ნამდვილად არ იყო იოლი.
რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პოსტსტურუასეული პრობლემის დაძლევა რეჟისორმა გოშა გორგოშიძემ წარსულის გახსენებით სცადა. დადგა გერმანელი დრამატურგის ჰაინრიხ ფონ კლაისტის „პრინცი ჰომბურგი“. წარსულმა აქ პირველ რიგში თავისი გამომსახველობითი ფორმებით შეგვახსენა თავი. რეჟისორმა მიმართა ხერხთა მინიმალიზმს, სადაც მსახიობები მეტ–ნაკლები დამაჯარებლობით ეპოქასა და პერსონაჟებში გარდასახვას ცდილობენ. ზოგჯერ ბავშვურად მეამიტური მიზანსცენებით, ჩემდა გასაკვირად, თანდათან გამოიკვეთა ამ პიესის სცენური ვერსიის თანამედროვე გამოსახულება. სპექტაკლის ექსპოზიცია ძილ–ბურანში მოსეირნე მთავარ გმირს წარმოგვიდგენს, რომელსაც ცხადი და სიზმარი ერთამეთისგან ვერ გაურჩევია, მოგვიანებით საბედისწერო გამოცდის ჩაბარება მოუწევს, და მხოლოდ პიროვნულ ამპარტავნობასა და სიმხდალეზე ამაღლებით შეძლებს გამარჯვებას. სანდრო მიკუჩაძე–ღაღანიძის გმირი სპექტაკლის ფინალში მოახერხებს ისეთ სიმაღლეზე ასვლას, საიდანაც უკვე სულერთია დასჯიან თუ არა მას სიკვდილით, ის მაინც გამარჯვებულია. მეორედ დაბადების შესაძლებლობა, რომელიც ყოველთვის და ყველასთვის არსებობს, არის ამ პიესის წარსულიდან თანამედროვეობაში გადმომავალი ხიდი. სწორედ დღეს, ქართული სინამდვილისთვის აუცილებელი გზავნილი, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენიდან მრავალმნიშვნელოვნად ისმის.
რეჟისორმა არჩეული თემატიკით (მხოლოდ თემატიკით და არა მხატვრული ფორმით) დღევანდელობასთან შეძლო კომუნიკაცია. არ მგონია, რომ ომში საკუთარი ინიციატივისთვის დასჯილ პრინც ჰომბურგთან ვინმეს გაუჭირდეს კონკრეტული პარალელის გავლება, ან სიკვდილის წინაშე ამავე პრინცის მიერ გამოჩენილი სიმხდალე გაუკვირდეს ვინმეს. მორალურია შემოქმედებითი ჯგუფის პასუხები ჩვენი სინამდვილისთვის აქტუალურ კითხვებზე ომის, კერძო ინიციატივების, კანონის დარღვევის და შემდგომი პასუხისმგებლობის შესახებ. მაგრამ უკანონობითა და უსამართლობით გაბრაზებული ქართული საზოგადოების ნაწილიდან, ალბათ, ძალიან ცოტა თუ დაეთანხმება სპექტაკლის ფინალს, სადაც საკუთარ ხიბლში ჩავარდნილი, კანონდამრღვევი მხედარმთავარი, უკიდურესი მორალური დაცემის გზას გაივლის, შემდეგ კი მოინანიებს, კვლავ აღსდგება, ახალ პიროვნებად დაიბადება და ისევ სათავეში ჩაუდგება ქვეყანას. ამ შემთხვევაში, არ ვარკვევთ ამ ლოგიკის ვინ მომხრეა და ვინ წინააღმდეგი, მთავარია შევაფასოთ საკუთარი შეცდომების გაცნობიერების მნიშვნელობა და შესაძლებლობა. სულერთია ვინ ვართ ჩვენ – მხედარმთავარი თუ მისი ქვეშევრდომი, ჩვენი მზერა არა მხოლოდ გარეთ, არამედ შიგნითაც უნდა იყოს მიმართული. შემოქმედებითი ჯგუფი გვარწმუნებს, რომ ამ გზით შევძლებთ გამარჯვებას. ამ, ცოტა არ იყოს, პათეტიურ, რომანტიულ შინაარსს მსახიობების ზომიერი ემოციურობა აძლევს თანამედროვეობაში არსებობის გამართლებას. გოშა გორგოშიძისა და ნინო კანტიძის ახალი თარგმანით, პიესის ტექსტის დროსთან შესაბამისობაში მოყვანის მცდელობაც გვაქვს სახეზე. მარი ჯანაშიას პერსონაჟი მთავრის მეუღლე, ქმრის სიკვდილის ამბის მომტანს, ძალიან პროზაულად, უბრძანებს მოყვეს და არა უამბოს, როგორც სცენიდან ხშირად გვესმის ხოლმე. ეს უმცირესი ნიუანსიც მეტყველებს, რომ რეჟისორს უნდოდა თანამედროვე მაყურებლის ენაზე გათამაშებულიყო სპექტაკლი.
უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი სცენა ტექნიკურად დასახვეწია, განსაკუთრებით, ბრძოლის გეგმის განხილვის სცენა, სადაც რეჟისორს სურს აჩვენოს, რომ პრინცი სხვა ფიქრებით არის გართული. ასევე ზოგჯერ, მუსიკის “შესვლა–გამოსვლა” არ არის მიზანსცენასთან მთლიანობაში მოყვანილი, ამიტომ ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ქმნის.
სანდრო მიკუჩაძე–ღაღანიძის, ჩემს მიერ ნანახი მისი როლებიდან, საუკეთესო ნამუშევრის გარდა, გამოვყოფ ია სუხიტაშვილისა და ბაჩო ჩაჩიბაიას თამაშს. ორივე ამ მსახიობის შესრულებაში განსაკუთრებული შინაგანი ძალა და ინტელექტი ჩანს.
სპექტაკლის მხატვრობა ნინო თათარაშვილს ეკუთვნის. მბრუნავ სცენაზე აღმართული რუხი სვეტები ხან უკანა ეზოს აღნიშნავს, ხან სასახლეს, ხან ბრძოლის ველს, ხანაც საპატიმროს, მოქმედების სხვადარსხვა ადგილი კონკრეტული დეტალების დამატებით იკითხება.
ვერ ვიტყვი, რომ მხატვრული თვალსაზრისით მოვლენად იქცა „პრინცი ჰომბურგი“, მიზანსცენებსა და მთლიანად სპექტაკლის გადაწყვეტას რეჟისორის ფანტაზიის ნაკლებობა ეტყობა. შეგვიძლია საკუთარი ნაკლოვანებების მიზეზები გარეთ მოვძებნოთ ან, როგორც კლაისტის ნაწარმოები გვკარნახობს (და ლიტერატურაში მხოლოდ კლაისტი არ არის ვინც ამას გვკარნახობს), კარგად ჩავიხედოთ საკუთარ თავში. სპექტაკლში, საკუთარ თავთან შეხვედრა, გისოსებს მიღმა აღმოჩენით გამოიხატება, რაც ცხოვრებაში ხშირად არანაკლები სიმძაფრის მოვლენებით იცვლება. ერთ–ერთ ასეთ მოვლენად შეიძლება სტურუას წასვლა განვიხილოთ, რის შემდეგაც რუსთაველის თეატრი საკუთარ თავთან აღმოჩნდა პირისპირ. პრე და პოსტ „სტურუას სინდრომი“, ბევრს განსაზღვრავს თანამედროვე თეატრალურ პროცესებში. რეჟისორები მაესტროს მხატვრული აზროვნების განმეორების შიშით უფრო ასკეტურ და მოზომილ გზას ირჩევენ ან პირიქით აჭარბებენ. გასაგებია ახალი თაობის რეჟისორების სურვილი გვერდი აუარონ ტრადიციულ, თეატრალურ კერპებს, მაგრამ ეს, კვლავ, მეტი თვითჩაღრმავების, შინაგანი თავისუფლებისა და იგივე ფანტაზიის აფეთქების გარეშე არა მგონია მოხდეს. „პრინცი ჰომბურგის“ იერსახე არავითარ ფეთქებადსაშიშ მდგომარეობას არ ქმნის, მაგრამ მისი იდეური ნაწილი საგულისხმო პროცესის დასაწყისად მენიშნა. როგორც თავად რუსთაველის თეატრისათვის ასევე საზოგადოებისათვის, რომლის დღევანდელ ღია ჭრილობებს თუ ვერ უმკურნალებს, უცხო თვალით დაგვანახებს მაინც. ამიტომ ჩვენს საზოგადოებასა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვისაც მაინცადამაინც არ ხიბლავდათ დრამატული თეატრი და უპირატესობას მიუზიკლებს ანიჭებდნენ, ვურჩევდი მაინც ენახათ „პრინცი ჰომბურგი“. ის სტურუასგან განსხვავებით, მარტივი ენით მოუყვება მათ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე. როგორც ამბობენ სცენიდან მოსმენილსა და დანახულს მაინც სხვა ძალა აქვს... იქნებ ასე ნანატრი კათარზისისაც...
P.S. ბოლო დროს,ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ, ალბათ, რობერტ სტურუასაც მიეცემა რუსთაველის თეატრში „მეორედ დაბადების“ შესაძლებლობა, საინტერესოა, იქნება თუ არა გამოყენებული ან რამდენად წარმატებით განხორციელდება ეს შესაძლებლობა?
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04