კულტურული დუმილი რობერტ სტურუას ირგვლივ
30-11-2012, 10:38

თეა კახიანი

 

მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დასვა პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებსა თუ პროცესებზე ზეგავლენის მიზანშეწონილობის საკითხი. რასაკვირველია ამ საკითხის მიმართ მიდგომები განსხვავებულია, მაგრამ უდაოდ არსებობს ერთი საერთო მახასიათებელიც. არის ტენდენცია, ეს არსებული თუ არარსებული ზეგავლენა,  ყველამ სათავისო არგუმენტაციად (და არა მხოლოდ არგუმენტაციად) გამოიყენოს. რეალობის მსგავსი მრავალგვარი და მრავალჯერადი ინტერპრეტაცია თამაშის პრიორიტეტს განსაზღვრავს.  ალბათ, ამიტომ სულ უფრო ხშირად  საუბრობენ ყოფის თეატრალიზაციაზე, თეატრში მიმდინარე პროცესებს კი ცხოვრების, ქვეყნის, საზოგადოების  მიკრო მოდელად განიხილავენ. რუსთაველის თეატრის და რობერტ სტურუას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა თითქოს ნაწილობრივ დაასაბუთა  ეს მოსაზრება.  

 

გასულ წელს, პოლიტიკის ძალით თეატრიდან წასული რობერტ სტურუა ისევ პოლიტიკის ძალითა და ნებით ბრუნდება თეატრში. დაბრუნების პირობად კი ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას ითხოვს. კულტურის სამინისტრო სტურუას თეატრში დაბრუნების გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოთხოვნით ხსნის. თუმცა ამ თემის ირგვლივ საზოგადოებაზე მეტს, საჯაროდ, თავად რეჟისორი საუბრობს.  სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას მიერ გამოქვეყნებულ,  ცნობილ განცხადებას უდაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თეატრალური წრეები მრავალმნიშვნელოვან დუმილს ინარჩუნებენ და ჩვეული თავშეკავებით ელოდებიან მოვლენების განვითარებას.

 

ამ მოლოდინსა და გაურკვევლობაში ყველაზე ნეგატიური მოვლენა სწორედ ეს,  სტურუას ავტორიტეტითა და დამსახურებით  გამოწვეული, კულტურული დუმილი მგონია. ამ სიჩუმეში უფრო კარგად ჩანს, რომ მზად არა ვართ ან არ გვინდა სახელი დავარქვათ და შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ საგნებსა და მოვლენებს. ერთმანეთისაგან გავარჩიოთ დიდი რეჟისორის შემოქმედებითი მიღწევები და თანამედროვე თეატრალური პროცესის განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნები. იგრძნობა საკუთარი აზრის გამოთქმის და ამით გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრების შიში. ნამდვილად არ ცდება ის ვინც, თეატრალურ პროცესებში  საზოგადოებრივი პროცესების ანარეკლს ხედავს. თითოეულ ჩვენგანს სადღაც, გულის სიღრმეში აქვს იმედი და რწმენა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვიღაც სხვა გააკეთებს.  თავის ტკივილიც ჩვენი მონაწილეობისა და ზედმეტი ჩარევის გარეშე  გაივლის. ფსიქოლოგები ამაში რთული წარსულის კვალს დაინახავენ, საქმოსნები კი მომგებიან პოზიციას – საქმე სხვისი ხელით აკეთო, მერე კი მორალის სიმაღლიდან რამდენიმე საფუძვლიანი საყვედური გამოაცხადო.     რთული მისახვედრი არ უნდა იყოს,  მომავალი ასეთი საყვედურების ადრესატი ისევ კულტურის სამინისტრო გახდება, თუ მან ვერ შეძლო რუსთაველის თეატრთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მართლაც საზოგადოებრივი განხილვის თემად ქცევა.  უდაოა, რომ განხილვაში მნიშვნელოვანი როლი, სათეატრო ხელოვნების წარმომადგენლებმა უნდა შეასრულონ. ამ პუბლიკაციის მიზანიც  ცარიელი სივრცის თეატრის კრიტიკოსების მოსაზრებით შევსებაა.

რამდენიმე კრიტიკოსს ვთხოვეთ  კომენტარი სტურუას რუსთაველის თეატრში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, კი, ამ თემის შემოქმედებითი, სტრუქტურულ–ორგანიზაციული და პოლიტიკური ფაქტორები, ის რაც მომავალში დიდწილად განსაზღვრავს რუსთაველის თეატრში მიმდინარე მოვლენების შედეგებს, მეტ–ნაკლებად პროგნოზირებადია. ვფიქრობ, შემოქმედებით ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ რობერტ სტურუა დადგამს საინტერესო და შეიძლება წლის საუკეთესო წარმოდგენებს, თეატრის შემოქმედებითი პროცესის მომავალი განვითარების თვალსაზრისით, არსებითად არაფერი შეიცვლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ  სტურუას მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, რუსთაველის თეატრში ვერცერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა ვერ დაიმკვიდრა თავი, და შესაბამისად თეატრს არ მიეცა განახლების საშუალება. პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ფაქტი ახალგაზრდა რეჟისორების უნიჭობამ და გაუნათლებლობამ განაპირობა... ორგანიზაციული და შესაბამისად თეატრის მართვის საკითხი რობერტ სტურუამ ნათლად ჩამოაყალიბა – მას სურს თეატრის ერთპიროვნული მმართველი გახდეს, რაც,  კიდევ უფრო დაამძიმებს შემოქმედებითი პროცესის ერთფეროვნებას. ჩემი აზრით, სტურუას რუსთაველის თეატრში დაბრუნებას მხოლოდ პოლიტიკური გამართლება აქვს და თითქმის პოლიტიკური რეაბილიტაციის სახეს ატარებს.

ქართული სათეატრო სივრცისთვის, ალბათ, ბევრად უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორს გამოეყენებინა შესაძლებლობა და შეექმნა საკუთარი თეატრი, ხოლო რუთაველის თეატრის სცენა ცვლილებებისათვის დაეთმო.

დღევანდელი მდგომარეობა, კი,  რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორის გია თევზაძის მოსაზრებას მახსენებს –ხომ არ ჯობია შოთა რუსთაველის თეატრს რობერტ სტურუას თეატრი ეწოდოს?

 

გიორგი ყაჯრიშვილი: – ცალსახად ძნელია თქმა; კარგია რომ მას თეატრი ექნება, მაგრამ ეს მაინცდამაინც რუსთაველი უნდა იყოს თუ არა, არ ვიცი!  ხომ აუშენა ბიძინა ივანიშვილმა ახალი თეატრი? თუ რობერტ სტურუა შეძლებს სხვა რეჟისორებთან თანაარსებობას მაშინ მისი დაბრუნება დადებითი მოვლენაა, ხოლო თუ არა,  წელიწადში ერთხელ 'შედევრების" ლოდინი დიდი ფუფუნებაა,  თანაც იქნება თუ არა ეს შედევრი, არავინ იცის...

 

მარიამ ჩუბინიძე: – მე ზოგადად არ მიყვარს წინასწარ საუბარი მოსალოდნელ შედეგებზე.არ ვიცი, რას გააკეთებს სტურუა, თუ ის დაბრუნდება თეატრში. ჯერჯერობით საუბარი თავად აქვს რეორგანიზაციაზე, რაც ცხადია თავისთავად უკეთესი შემოქმედებითი ცხოვრების დაწყებას არ ნიშნავს. სტურუასთან მიმართებაშისულ ასეა, როცა რაღაცის დადგმას იწყებს, იმ დაუდგმელ და განუხორციელებელ თუ რეპეტიციის პროცესში მყოფ სპექტაკლზე უფრო მეტს წერენ და საუბრობენ ვიდრე უკვე შდეგზე. იმიტომ, რომ სტურუასთან მიმართებაში ვარაუდის გამოთქმა გაცილებით ადვილია და „საავტორო„  ვიდრე შეფასება. მე ამ ეტაპზე მის დაბრუნებას ვერანაირად ვერ ვაფასებ და ველოდები იმას, რაც ამ დაბრუნებას მოყვება.

 

გვანცა გულიაშვილი: - ჩემი (იქნებ უკიდურესად) სუბიექტური აზრით ხელოვანი, რომელიც ხლისუფლების მეხოტბეობას შეითავსებს, კარგავს არსებითად მნიშვნელოვან ფუნქციას. ხელოვნება, რომელიც ნერვზე გადის, არასოდეს უნდა ადუნებდეს ხელისუფალის, რეჟიმის, სისტემის ნერვებს და საკუთარი უზღვავი რესურსით, რასაც მისი ბუნება განაპირობებს, მუდამ უნდა ოპონირებდეს. ქართული თეატრის ისტორია, პრინციპულად ამყარებს ჩემს მოსაზრებას და რიცხვი, იმ ხელოვანების, რომლებიც რეჟიმს შეეწირნენ, უდაოდ დიდია. დღეს, როცა ჯერ კიდევ სრულყოფილად არ გვესმის სიტყვა-დემოკრატიის არსი და მაინც ვთანხმდებით იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ალტერნატივა არ აქვს,  სრულ დისონანსს ქმნის თეატრიდან რეჟისორის გათავისუფლება მინისტრის მიერ. ამ შემთხვევაში ხელოვნებაში ასე, უცერემონიო და პირდაპირი ჩარევა მთლიანად აქარწყლებს ჩემთვის რობერტ სტურუას თუნდაც სრულიად არაკეთილგონივრულ მოსაზრებებს, ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა სასჯელი დანაშაულს აბათილებს. ამიტომ, ან თუნდაც მხოლოდ ამიტომ, გამიხარდა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა ბრუნდება რუსთაველის თეატრში. იქნებ, ცოტა გამაღიზიანებელი და რბილად, რომ ვთქვად იქედნურიც იყო, მისი პათეტიკა დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის მისი წუხული სრულიად მისაღები და გასაგებია , ხოლო თუ ტონმა ან გონორმა ვინმე გააღიზიანა, იქნებ შევძლოთ და იმ ადამიანებს, ვისაც სულ ცოტა, სიტყვა მაინც ეთქმით ხელოვნებაში ”ტონი” ვაპატიოთ. რობერტ სტურუას  რომ ეთქმის და ბევრიც ექნება სათქმელი ამაზე, ალბათ ვთანხმდებით.

                          

ლაშა ჩხარტიშვილი: –ვფიქრობ, რობერტ სტურუა მთლიანად უნდა დაუბრუნდეს ქართულ თეატრს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მან მხოლოდ საქართველოში იმუშაოს, რათა შექმნას ახალი სპექტაკლები. თუმცა მიმაჩნია, რომ მისი დაბრუნება რუსთაველის თეატრში ისტორიის ტრადიციულობის დარღვევა იქნება და ის დაკავშირებულია ერთგვარ რევანშთანაც, რაც მე პირადად მაშინებს და არ მხიბლავს. მირჩევნია მისი ენერგია ახალ პროექტებს მოხმარდეს ახალ სივრცეში, რომელიც საფუძველს ჩაუყრის სულ სხვა მიმართულებას და ეტაპს გენიალური რეჟისორის შემოქმედებაში. ამით რეჟისორი და რუსთაველის თეატრის დასიც უხერხულობასაც აიცილებს.

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა