გიორგი ყაჯრიშვილი
თუმანიშვილის თეატრის მაყურებელთა დარბაზში სავარძლებით ნახევარ წრე შეუკრავთ. აქ უნდა გათამაშდეს ბერნარდა ალბასა და მისი ქალიშვილების ამბავი, ისტორია, რომელიც ამ სახლის კედლებს არ უნდა გასცდენოდა, მაგრამ მოვლენათა განვითარების გამო საქვეყნოდ სამსჯავრო და სალაპარაკო გახდა. ყველაფერს აკეთებდა ბერნარდა, რომ ოჯახის პატიოსნება და სახელი შეენარჩუნებინა, მაგრამ ვერ შესძლო.
სცენაზე ბერნარდა ალბას სახლის ექსტერიერია, გარემო რომელშიაც მან მთელი ცხოვრება გაატარა (მხატვრები: ი. გეგეშიძე და შ. გლუჯიძე), თბილია, თუმცა სიმკაცრის ნიშნებს მაინც ატარებს. ყველაფერს თავის ადგილი აქვს მიჩენილი. პალმებიც კი ისეა განლაგებული, რომ იქ მცხოვრებლებს მოძრაობაში თუ გადაადგილებაში არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. ყველაფერს მკაცრი და მზრუნველი დიასახლისის ხელი ატყვია. ი. გეგეშიძის მიერ შესრულებულ დეკორაციას დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს, ამ უნიჭიერესი სცენოგრაფის უკანასკნელი ნამუშევარია, რომლის სცენაზე ხილვა თავად ვერ მოასწრო - დამზადებული დეკორაცია სიკვდილის შემდეგ შ. გლურჯიძემ აღადგინა - მასში იგრძნობა ის ტემპერამენტი და მუხტი, რასაც ესპანელი ხალხი ატარებს თავის არსში. კიბეების სისტემა და მათ შორის სცენიდან მაყურებელთა დარბაზისკენ დაშვებული კიბეც ისეა მოფიქრებული, რომ მოხერხებულსა და ადვილად სამოძრაოს ქმნის მსახიობთათვის, რომელთაც ამ თეატრის სცენის თავისებურების გამო (კულისების არქონა) ხშირად უწევთ მათი მეშვეობით გადაადგილება.
სპექტაკლის დასაწყისიდანვე იმ მწუხარე გარემოში ვეშვებით, რაც ამ სახლში სუფევს. ყველანი ეკლესიაში არიან, რათა პატივი მიაგონ ოჯახის გარდაცვლილი უფროსის ხსოვნას. პონსია (დ. ჯოჯუა) ფანჯარას გამოაღებს და ფარანს აანთებს, ისმის ეკლესიის ზარების რეკვაც.
სულ მალე სახლში ჭირისუფლებიც ბრუნდებიან. სამგლოვიარო პროცესია, რომელიც მაყურებელთა დარბაზს გამოივლის და სცენაზე ადის პომპეზურიცაა და ბერნარდასთვის დამახასიათებელი სიმკაცრით და ტრადიციების დაცვით ორგანიზებული. (რეჟისორი ნ. კვასხვაძე). მას წინ ბერნარდა (მ. არაბული) მოუძღვის, მეზობელ პრუდენციასთან (ნ. ჩხეიძე) ერთად, უკან ქალიშვილები მოყვებიან წლოვანების მიხედვით: პირველი ანგუსტიასია (ნ. შონია), შემდეგ მაგდალენა (ა. ნიკოლაშვილი), მერე ამელია (ი. გიუნაშვილი), მარტირიო (ნ. ფარჯანაძე) და ბოლოს კი ადელა (თ. ბზიავა) - ყველაზე ახალგაზრდა. ის ტემპო-რიტმი, რითაც ისინი გადაადგილდებიან მწუხრისაცა და დიდებულიც. ვერც ერთი ვერ არღვევს ამ თანამიმდევრობას თუ დუმილს. პირველი სიტყვა აქ ბერნარდას ეკუთვნის, იგი მბრძანებელიცაა და გამკონტროლებელიც. „ერთი სიტყვით - ტირანია“ - ასე აფასებს მას პორცია (დ. ჯოჯუა) მოსამსახურესთან (დ. ხაჩიძე) საუბრისას. ამ სამგლოვიარო შემოსვლაში პლასტიკაცაა და გრაციაც. უმაღლესი ხარისხის ფარჩის შრიალი თან სდევს მას. ოჯახი შეძლებულია და ყოველივე ეს ბერნარდას ხელმომჭირნეობის შედეგია. ზედმეტი სანთლის ანთების ნებაც კი არ აქვთ იქ მცხოვრებლებს.
მზია არაბულის ბერნარდა მკაცრია, მაგრამ კეთილი, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი, გულქვა, მაგრამ ამავდროულად თბილი, მზრუნველიც და ალერსიანიც. მსახიობი ცდილობს დაარღვიოს ბერნარდა ალბას სტერეოტიპი, როგორც სტანისლავსკი იტყოდა „დაინახოს კეთილში ბოროტი და ბოროტში - კეთილი“. კეთილი - თანაუგრძნობს შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ეთანხმება მათ. ცდილობს სამგლოვიარო რეჟიმში ამყოფოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ძილის წინ მათ არ მოეფეროს, თავზე ხელი არ გადაუსვას და არ ანუგეშოს. გააშველოს, როცა მათ „სძულთ“ ერთმანეთი, ამავდროულად დაიცვას დაჩაგრულის ინტერესები. უფროსი ქალიშვილი, რომელიც პირველი ქმრიდან დარჩა და რომელიც ყველაზე მდიდარია, სულაც არაა მისთვის სხვებისგან გამორჩეული. მისი გათხოვებისკენ საჩქარო სწრაფვა ერთდროულად ანგუსტიასის წლოვანების გამოცაა და იმიტომაც, რომ თავიდან მოიცილოს მაბეზარა ბოშა პეპე, რომელმაც შეიძლება თავგზა აუბნიოს მის ახალგაზრდა ქალიშვილებს.
სახლის გარეთ კი ბერნარდა მედიდიურია, თავის სწორად არავინ მიაჩნია, ყველა სძულს - „თხების ჯოგად“ მოიხსენიებს მათ, რომლებმაც ააყროლეს მისი სახლი და უამრავი ჭუჭყიანი ნაფეხურები დატოვეს.
პირველად ბოღმასა და სისასტიკეს მაგდალენაზე ამოანთხევს. არც ადელას დაინდობს, შემთხვევით რომ წითელ მარაოს შესთავაზებს, შემდეგ ანგუსტიას ჯერი დადგა, მასაც ეზოს კარებთან მამაკაცების თვალიერებისათვის მოხვდება საკადრისი და ძალით ფერუ-მარილსაც მოაცილებს. ყველა განწირულია, სახლში რვაწლიანი გლოვა ცხადდება - „თითქოს ფანჯრები და კარებები აგურებითაა ამოვსებული“. მკაცრი და დაუნდობელია საკუთარი დედის მარია-ხოზეფას (ლ. კაპანაძე) მიმართაც. სიბერისგან შეშლილს, თითქმის გამუდმებით გამომწყვდეულში ამყოფებს და მაშინაც კი, როდესაც იგი გამოპარვას ახერხებს ისევ უკან მიუჩენს ადგილს. შესანიშნავია მსახიობ ლია კაპანაძის მარია-ხოზეფას ბოლო სცენაც, სადაც მის „გიჟურ“ ბოდვებში თავისუფლებისკენ სწრაფვა, ამ სახლიდან გაქცევის სურვილი და ბერნარდასგან თავის დაღწევა ამოიკითხება.
ანგუსტიასს მსახიობი ნანა შონია თამაშობს ერთი მხრივ გულუბრყვილო, სუსტ არსებას, რომელიც სილამაზით არ გამოირჩევა, მარტოა და მხოლოდ დედისგან გრძნობს მხარდაჭერას, - „დედა სად არის, დედა?“ -მოსთქვამს იგი, მეორე მხრივ თავმოყვარეს, რომელსაც საკუთარი ქონებრივი უპირატესობა კარნახობს, რომ თავი მაინც პრივილეგირებულად იგრძნოს და როცა საჭიროა „ბრჭყალებიც“ კი გამოაჩინოს. მისი მოძრაობა, ჩაცმულობა თავშეკავებულია, გრძნობს რომ სამგლოვიარო სიტუაციაში იძულებულია ანგარიში გაუწიოს დედის და დების გლოვას, მაგრამ სულაც არ თვლის რომ საჭიროა მათსავით იგლოვოს ის, ვინც მხოლოდ მისი დედის ქმარი იყო და დების მამა. ეგოისტია და წვრილმანი შეურაცხყოფაც კი - პეპეს სურათის მოპარვა უდიდეს ღალატად მიჩნია დების მხრიდან. კატეგორიულობით, დიდი ემოციით და ვნებით თამაშობს ნანა შონია ამ სცენას და მხოლოდ მაშინ დამშვიდდება, როდესაც ამ სურათს დაიბრუნებს, თუმცა მას კიდევ დიდი გამოცდა ელის წინ - მან ჯერ პეპეს ღალატის შესახებ ჯერ არაფერი იცის.
მაგდალენა, ა. ნიკოლაშვილი, ყველაზე მძიმედ განიცდის მამის სიკვდილს. მისი მესაიდუმლე ღრმად და ემოციურად აღიქვავს დანაკლისს. მსახიობი ოსტატურად გვიჩვენებს თავისი გმირის არისტოკრატულ ბუნებას, გამჭრიახობას, საზრიანობას და წინათგრძნობასაც კი. მისი ხანდახან სიტყვამწარე რეპლიკები დებს აფხიზლებს და ახსენებს, რომ ცხოვრება ბრძოლაა. შერყეული ჯანმრთელობის და მძიმე შინაგანი დაძაბულობის გამო, სშირად კარგავს გონებას თუ ეპილეფსიური კრიზისი ემართება, მაგრამ მაინც ყველაზე კეთილგანწყობილი და სამართლიანია. გარეგნულად ცდილობს თავის გარშემო ერთგვარი ხელშეუხებლობის გარსი შექმნას, უარს ამბობს გათხოვებაზე, მაგრამ მაინც სუსტია და ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. უფრო მეტად სხვების ქცევებს აკვირდება: „ადელას მწვანე კაბა ჩაუცვამს და ქათმებს აჩვენებს“ - მწარედ ხუმრობს ამელიასა და მარტირიოსთან დასწრებით. ამავდროულად მეგობრობს ყველასთან, უკერავს კაბებს და არცერთი მათგანის მიმართ არა აქვს სიძულვილის განცდა.
მარტირიო (ნ. ფარჯანაძე) სუსტი, ავადმყოფი გოგოა, პატარა კუზით, რომელსაც ბავშვობიდან ეშინოდა მამაკაცებისა, მაგრამ ჩუმად, თავისთვის ბოშა პეპე შეყვარებია, მაგრამ ამავდროულად ხვდება რომ ეს მიუღწევადია და ამიტომაც უფრო მძაფრად განიცდის ამ აუხდენელ ოცნებას. ფრთხილია და მარტოსული, ამიტომაც ყველას უთვალთვალებს, განსაკუთრებით კი ადელას, რომელშიაც მეტოქეს ხედავს და აქვს კიდევაც ამის მიზეზი. საგულდაგულოდ მალავს თავის დაფარულ სიყვარულს, რომელიც მხოლოდ მის საწოლში პეპეს სურათის აღმოჩენის შემდეგ ხდება ამ ეჭვის საბაბი. ნ. ფარჯანაძე იმდენად თანაუგრძნობს თავისი პერსონაჟს - მარტირიოს, რომ ხმაც კი ეკარგება და ხშირად მისი სიტყვები მაყურებლამდე ვერ აღწევს.
ადელასა (თ. ბზიავა) და მარტირიოს სცენები ორივე მსახიობის მიერ შერულებულია დიდი ექსპრესიით, ვნებით. ორივე ხვდება, რომ კომპრომისი მიუღწევადია, მაგრამ ესმით ერთმანეთის - მათ ხომ ორივეს ერთიდაიგივე ადამიანი უყვართ.
ამელია (ი. გიუნაშვილი) მზრუნველი დაა, განსაკუთრებით უყვარს მარტირიო და ცდილობს არ მოაკლოს ყურადღება, დროზე მიაწოდოს წამალი, გაამხნევოს მაშინაც კი როცა იგი ყველაზე ცუდად გრძნობს თავს. არც კომპლიმენტებს იშურებს მისთვის. ყველთვის ყველას გვერდითაა და სიკეთესა და სიმშვიდეს ასხივებს.
ბერნარდას ცხოვრების ოცდაათი წლის მოწმეა დ. ჯოჯუას პონსია, რომელმაც ყველაფერი იცის მასზე და მთელი გულით „ეზიზღება“ იგი, მაგრამ მისგან თავი მაინც ვერ დაუღწევია. გამუდმებით მის დავალებებს ასრულებს, ჯაშუშობს მისთვის, ექიმობს და ხანდახან მის გულისნადებსაც მოთმინებით უსმენს. ყველაფერი იცის ამ ოჯახზე - წარსულიც და დღევანდელიც. მისი გამჭრიახი გონება, აქ მაცხოვრებლებს შორის, ყველაზე ობიექტურ დამკვირვებლად აქცევს. ხანდახან კი, როცა „ზედმეტი“ მოსდის და თავი ამ ოჯახის წევრად წარმოუდგენია, ბერნარდა ახსენებს მას რომ იგი მხოლოდ მოსამსახურეა, რომელსაც ფულს უხდიან და ტყუილად ცდილობს მასთან დამეგობრებას. მძიმეა ყველას ხვედრი ამ სახლში ბერნარდას ხასიათის გამო.
ადელა (თ. ბზიავა) ყველაზე ახალგაზრდა ყველაზე ტრაგიკული ბედის ბერნარდას ქალიშვილი, ენერგიული, მომხიბლავი, ბავშვურად მიამიტი, მგრძნობიერე, მაგრამ ამავდროულად დიდი ნებისყოფისა და ძალის პიროვნებაა. თამარ ბზიავას პირველი შემოსვლასთანავე გრძნობთ, რომ ის ნერვიული მუხტი, რომელიც მას თავიდანვე შემოაქვს, ამ ოჯახის ყველაზე მძიმე ტრაგედიად და გამოსავლადაც კი შეიძლება იქცეს დანარჩენი ქალიშვილებისათვის. თუმცა არავინ იცის შეიცვლება კი ბერნარდა?
- „ჩემი ქალიშვილი უმანკო მოკვდა!“. მისცემს თუ არა რაიმე შვებას ეს მწარე გაკვეთილი, ამ ოჯახის დარჩენილ ბინადართ?
ადელა - თ. ბზიავა სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, მისი მთავარი საზრუნავი პეპეა და მასთან შეხვედრების მოლოდინი. ის თითქოს აქაა და აქაც არ არის. თავისთვის, ოთახში ჩაკეტილი საჯინიბოში პეპესთან გატარებულ ღამეებს იხსენებს და მოთმინებით ელოდება როდის დაამთავრებს მისი შეყვარებული ანგუსტიასთან იმ რიტუალურ მისალმებასა თუ აზრების გაზიარებას, რაც სასიძოს ქორწილისთვის მზადების წინა პერიოდის ტრადიცია ავალებს. მერე კი, დილამდე პეპე მისი საკუთრებაა. ვერავინ წაართმევს მას. ანგუსტიასის მიმართ დიდ ეჭვიანობას არ განიცდის, მაგრამ მარტირიო, მისი უგვანობისა და კუზიანობის მიუხედავად მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მათი პირველი შეტაკება უშედეგოდ მთავრდება - ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა მეორეზე უპირატესობა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. მეორე შეტაკება უფრო მძაფრია და ორივე, ადელაც - თ. ბზიავა და მარტირიოც - ნ. ფარჯანაძე, გრძნობენ, რომ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ბოლო შეტაკებაა და ერთ-ერთის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს. ადელა არაფრით არ უთმობს პეპეს -„მე მისი ცოლი ვარ“ - აცხადებს გამარჯვებული, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი გამარჯვებაა. ბერნარდას მიერ გასროლილი ტყვია ჯერ პეპეს ჩამოაცილებას ამ ოჯახს სამუდამოდ, ხოლო სულ მალე ადელასაც „შეიწირავს“.
რეჟისორმა ნანა კვასხვაძემ ლოგიკური გაგრძელება მოუნახა „იმ თოფს, რომელმაც პიესის ბოლოს უნდა გაისროლოს“ და ეს უფრო ამძაფრებს და ტრაგიკულს ხდის ფინალს. ადელას გაქვავებული ფიგურა სცენის უკანა პლანზე მიმანიშნებელია, რომ დრო, ამ სისასტიკის მუდმივი მოწმეც კი შეჩერდა.
ნანა კვასხვაძის წინაშე რთული ამოცანა იდგა. საჭირო იყო იმ სტერეოტიპების დანგრევა, რაც ამ პიესის დადგმასთან იყო დაკავშირებული თემურ ჩხეიძის, ლილი იოსელიანის და გოჩა კაპანაძის წარმოდგენებში, შავ-თეთრ ფერებში, მძიმე განწყობით, სასტიკი და დაუნდობელი ბერნარდათი (ს. ყანჩელი, ლ. იოსელიანი, მ. კახიანი), გამოუვალობისა და უპერსპექტივობის განცდა იყო დომინანტი. რეჟისორმა და მსახიობმა მზია არაბულმა შეძლეს სხვა ელფერი და იერსახე მიეცათ, როგორც წარმოდგენისათვის ასე ბერნარდას სახისათვის. მიუხედავად დრამატიზმისა, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი ნათელი წარმოდგენაა, სადაც აშკარად იგრძნობა ის, რომ ამ ოჯახის წევრებს, დებს შორის არსებული შინაგანი კონფლიქტის და დაპირისპირების მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ თუნდაც გაუაზრებელი სიყვარულის გამო, მაინც აქვთ მომავალი. იმედი, რომელიც ამ ქალებში ცოცხლობს, აუცილებლად ახდება.
რეჟისორი ნანა კვასხვაძე ცდილობს და აღწევს კიდევაც ამას, რომ კონფლიქტი დებს შორის ფრთხილად „შემოგვაპაროს“ და ამით კი არ გაამძაფროს მაყურებლის დამოკიდებულება ამ პერსონაჟების მიმართ, არამედ თანაგრძნობის სურვილი აღუძრას. ასეთია მაგალითად სცენები: - მაგდალენა, ამელია, მარტირიო, შემდგომ ადელას შემოსვლით და პეპესა და ანგუსტიასის მომავალი ქორწინების გაცხადებით. მაგდალენა როგორც ყოველთვის კატეგორიული და ცინიკურია, ამელია დამყვავებელი და შემწყნარებელი, მარტირიო ფრთხილი, ეშმაკური და ფარისევლურიც. ადელასთან ერთად მასაც ძალიან ბევრი რამაა აქვს დებისგან დასამალი. რეჟისორის მიღწევაა (და ჩვენ გვახსოვს თუ როგორ კარგად ეხერხება მ. თუმანიშვილის მოწაფეს განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობა) რომ მათ შეძლეს ასეთი რთული სახეების სცენაზე გადატანა - თუ ადელა - თ. ბზიავა ცუდად მართავს თავის გრძნობებსა და მაყურებელი თავიდანვე ხვდება რომ რაღაც უნდა ტრიალებდეს მის სულში, მარტირიო ბოლომდე მალავს თავის გრძნობებს და მხოლოდ ფინალისკენ ეხდება მას „ნიღაბი“. ამ ორი მსახიობის თითქმის დებიუტი დიდ სცენაზე ისეთივე წარმატებაა, როგორც ყველა დანარჩენი გამოცდილებთათვის, მათთვს ვინც სპექტაკლში არიან დაკავებული.
ფრედერიკ გარსია ლორკას, ესპანელი დრამატურგის, ეს უკანასკნელი სასცენო ნაწარმოები და სხვა პიესებიც შეიძლება „შავ პიესათა“ რიგს მივაკუთვნოთ. „თეატრი - ეს სიცილისა და ცრემლების სკოლაა; ეს თავისუფალი ტრიბუნაა, საიდანაც ნიღაბი უნდა ჩამოეხსნას ცრუ და მოძველებულ მორალს, ცოცხალი ბედ-იღბალის დახმარებით ადამიანის სულისა და გულის მუდმივი კანონების სცენაზე წარმოდგენით.“ გარსია ლორკამ მძიმე ცხოვრება განვლო და ტრაგიკულად დაასრულა იგი. მისმა არცთუ ორაზროვანმა ურთიერთობამ სალვადორ დალისთან და შემდგომ მასთან განშორებამ უძიმესი კვალი დატოვა მის სულში. აქედან მოდის სენტიმენტალიზმი და მელანქოლია, მაგრამ ეს დრამატურგია პოეტურია, ლირიული. დრამატურგის პიესების გმირები ძირითადად ქალები არიან: დაჩაგრული, ვერაგნი, შურისმაძიებელნი. მის ტრაგედიებში ყოველთვის იღვრება სისხლი, სუფევს პატრიარქალური ტრადიციები და სიკვდილი. მისი ბოლო პიესაც „ბერნარდა ალბას სახლი“ (1936 წ.) ერთგვარ წინათგრძნობად და ავტორის აღსასრულად აღიქმება - ფრედერიკ გარსია ლორკა ამავე წელს დახვრიტეს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04