თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”
18-02-2013, 19:42

მაკო გოჩაშვილი

 

უკვე გასული 2012 წლიდან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში შეკრებილ მაყურებელს, უილიამ შექსპირის უსასრულო თეატრალურ სამყაროში სამოგზაუროდ გვიხმობენ ცნობილი ქართველი მსახიობები. სპექტაკლის დასაწყისი ცოტათი ქაოტური და დამაბნეველია, მაგრამ სულ მალე ვხვდებით, რომ ორმაგ თეატრალურ სამყაროში მოვხვდით. ამ ყველაფერს შეგვიძლია ვუწოდოთ თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”.

ჩვენ თვალწინ იხსნება სცენაზე განლაგებული, საგულდაგულოდ ჩაკეტილი ყუთები და იწყება წინასასპექტაკლო ფუსფუსი, პანიკა, ჩხუბი, კამათი, ტექსტის გამეორება, კოსტიუმების მორგება, დეკორაციისა და მუსიკალური საკრავების განლაგება. ყველაფერი, რისგანაც რეპეტიცია შედგება. მსახიობები, სცენაზე გამოსვლის მოლოდინში, ბანქოსა და ჭადრაკის თამაშით ირთობენ თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის წამიერი ცვლილებაა, რასაც თითოეული მსახიობი განიცდის, როდესაც ყველა პირად გრძნობას სცენის მიღმა ტოვებს და მოქმედი პირის შინაგანი თუ გარეგნული თვისებებით იმოსება.

 

როგორც ჩანს, სპექტაკლის მაყურებელი არამარტო დარბაზში მსხდომი საზოგადოებაა, არამედ თვითონ მსახიობთა დასიც, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში არსებულ თეატრალურ სამყაროს კიდევ ერთი, ამჯერად ღია კულისებიანი შექსპირისეული პატარა სცენა დაამშვენებს. სწორედ ეს გაორმაგებული თეატრალურობა მატებს ხიბლს და ინტერესს რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს “როგორც გენებოთ”.

 

თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”

 

 

ცოტათი უცნაური ამბავი, რასაც შექსპირი გვიყვება თავის ერთ-ერთ პიესაში, სავსეა გრძნობათა მრავალფეროვნებით. ეს ის ადამიანური გრძნობებია, რასაც თითოეული პიროვნება განიცდის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე: მეგობრობა, სიყვარული, მტრობა, შური, მარტოობა, ბრძოლა. სამყარო, რომელიც შექსპირისთვის დამახასიათებელი და ახლობელია, ძალიან კარგადაა გააზრებული და გათავისებული ქართველი მსახიობების მიერ. შექსპირის ეს რომანტიკული კომედია იმდენად კარგადაა მორგებული ქართული თეატრის სხეულს, რომ ადაპტირებული ტექსტიც კი სასიამოვნოდ ჩაესმის მაყურებელს, იქნება ეს პროზად ნათქვამი თუ ლექსად.

მომწონს ფერები, რომლებიც დომინირებს სპექტაკლში დეკორაციისა და კოსტიუმების სახით. არაჩვეულებრივი სინთეზი იქმნება სცენაზე უხვად დაყრილ შემოდგომის გახუნებულ ფოთლებთან, რაც უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდის მსახიობებისა და მაყურებლის მოგზაურობას “არდენის ტყეში”. თუმცა მანამდე უზურპატორი მეფის სასახლეში გამოკეტილი პიესის გმირები გაგვანდობენ თავიანთ ფიქრებს.

 

კონფლიქტი, რასაც სპექტაკლის დასაწყისში ვხვდებით ზოგადად შექსპირის გმირებისთვისაა დამახასიათებელი – ბრძოლა ძალაუფლებისა და გვირგვინისათვის. ახლანდელი უზურპატორი მეფის, ფრედერიკის როლს ასრულებს ბესო ბარათაშვილი. მისი მეფე ერთდროულად დამაჯერებელიც არის და სასაცილოც. როგორც ჩანს, სახელისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად მან სამეფოდან გააძევა საკუთარი ძმა და ახლა არც ძმისწულის განდევნა მიაჩნია დიდ დანაკლისად. მერე რა, რომ მასთან ერთად საკუთარ შვილსაც ჰკარგავს. უზომოდ სასაცილოა სცენა, როდესაც ბესო ბარათაშვილის გმირ მსახიობს, რომელიც მეფე ფრედერიკს განასახიერებს, ვითომ ჩუმად კარნახობენ ტექსტს. ეს სცენა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მსახიობები, რომლებიც შექსპირის პიესის პერსონაჟების როლებს ირგებენ, სრულიად არაპროფესიონალი თეატრალური დასის წევრები არიან. მათი განსახიერება კი ჩვენთვის კარგად ცნობილ ქართველ მსახიობებს უწევთ.  

 

თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”

 

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირია განდევნილი ჰერცოგის შვილი – როზალინდა, რომელსაც თითქოს შთამომავლობით გადაეცემა სამეფოდან განდევნილის სტატუსი. მისი გმირი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ გვევლინება. ის მზადაა, საკუთარი ცხოვრება თეატრალურ სამყაროდ გარდაქმნას, ბიჭის როლი შეითავსოს და თამამი ნაბიჯებით იაროს არდენის ტყეში. ქეთევან შათირიშვილის როზალინდა არ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი გმირი. თუ სპექტაკლის დასაწყისში სრულიად უსუსურ, დროსა და სივრცეში გაშეშებულ არსებად გვევლინება, სპექტაკლის მეორე მოქმედებაში ძლიერი, გამბედავი, სიტყვაუხვი ჭაბუკია, რომელიც არდენის ტყეში მოხეტიალე მწყემსებისა თუ დიდებულების ბედნიერებაზე ზრუნავს. როზალინდა ქალისა და კაცის როლის თამაშით, იცავს საკუთარ თავს და განუყრელ ბიძაშვილს – სელიას და ასევე ცდის ორლანდოსა და თავის სიყვარულს. ქეთევან შათირიშვილის შესრულების მანერა ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი და მაყურებლისთვის სასიამოვნოა. როზალინდა სპექტაკლის უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია. ის არის მამოძრავებელი ღერძი, რაც ყველაზე მეტად კულმინაციურ მომენტში ჩანს, როდესაც ხვალინდელი ბედნიერი დღის გეგმებს აწყობს. შთამბეჭდავია წუთები, როდესაც დარბაზში გამეფებულ დუმილს სცენაზე გამეფებული დუმილიც ემატება. ეს არის წამები, როდესაც სასიყვარულო ძაფები იბმება როზალინდასა და ორლანდოს შორის. აშკარად ვგრძნობთ, რომ მათთვის დრო გაჩერდა და ვეღარაფერს ხედავენ ერთმანეთის გარდა. ასეთი რომანტიკული სცენები, რა თქმა უნდა, უფრო სასიამოვნოს ხდის შექსპირის ამ პიესას. ქეთევან შათირიშვილი ამასთანავე ქმნის შეყვარებლი ქალის სურათს, რომლისთვისაც “სიყვარული სიგიჟეა და მეტი არაფერი.” ის ახერხებს იყოს როგორც მოსიყვარულე და ვნებიანი, ისე ეჭვიანი და მტკიცე ქალი. სწორედ ხასიათის ამგვარი ცვლილებების დანახვით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქეთევან შათირიშვილი კარგად გრძნობს იმას, რასაც თამაშობს. 

 

როზალინდას სატრფოს, ორლანდოს როლს ასრულებს ნიკა კუჭავა, რომელიც სპექტაკლის დასაწყისში ხმაურითა და ჩხუბით იქცევს ყურადღებას. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ჭიდაობაში, რომელსაც მეფის გარდა, მისი შვილი და ძმისწული დაესწრებიან. ჭიდაობის სცენას თან სდევს ქართული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ელემენტები, რაც მეტად საინტერესოა ინგლისური და ქართული ხელოვნების შერწყმის თვალსაზრისით. აქაც, ისევე როგორც სხვა უამრავ სცენაში, თავს იჩენს კომიკური ელემენტი. ამჯერად, სცენაზე ვხედავთ დიდ თოჯინას, რომელიც ორლანდოს მეტოქეს ცვლის. როზალინდას სიყვარულით აღსავსე და გამარჯვების ჟინით შეპყრობილი ორლანდო კი, ულმობლად სცემს და ამარცხებს მოპაექრეს.

 

ნიკა კუჭავას მიერ განსახიერებული ორლანდო სუსტი, ცოტათი პესიმისტი, მარტოსული, რომანტიკული ხასიათის მქონე პერსონაჟია. უფროს ძმასთნ, ოლივერთან ჩხუბის შემდეგ, რომლის როლსაც ნიკოლოზ თავაძე ასრულებს, ისიც არდენის ტყეში გადაიხვეწება თავის ერთგულ მსახურთან ერთად. არდენის ტყე მისთვის არის იმედი, რომ დაივიწყოს განდევნილი სატრფო, მძიმე წარსული და დაიწყოს ცხოვრება თავიდან. ძალიან ლამაზია სცენა, როდესაც ფოთლებით სავსე სცენაზე თეთრი ბუშტებით ხელში გამოდის ნიკა კუჭავა. როზალინდა და სელია კი რიგრიგობით უშვებენ ბუშტებს ჰაერში. ისინი, როგორც ჩანს, იმ ხეებს წარმოადგენენ, რომლებზეც ორლანდო სასიყვარულო ლექსებს წერს. ბუშტები იმ ოცნებების სიმბოლოა, რომლებიც არდენის ტყეში მოხეტიალე ადამიანების გულებში ცოცხლობენ და ნატრობენ, იყვნენ ისეთი ფაფუკები, რომ მათაც შეძლონ ზეცისაკენ ფრენა.

 

თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”

 

 

მეორეხარისხოვანი და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია უზურპატორი მეფის ასული – სელია, რომლის როლსაც ნატო კახიძე ასრულებს. ის სრულიად სამართლიანად იმსახურებს მაყურებლის უდიდეს სითბოსა და სიყვარულს იმ ერთგულების, ლოიალურობისა და თავდადების გამო, რასაც საკუთარი ბიძაშვილის, როზალინდას მიმართ ამჟღავნებს. ნატო კახიძე, სცენაზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან, იჩენს თავს მკაფიო მეტყველებით. ერთი შეხედვით, როზალინდასავით სუსტი და უსუსური სელია, მასზე არანაკლებ თამამი აღმოჩნდება. ბიძაშვილის სიყვარულის გამო, უარს ამბობს სამეფო პატივზე და მასთან ერთად გარბის ტყეში, სადაც ყველას “ელოდება თავისუფლება”.

 

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბიძაშვილები ენდობიან და თავიანთ საიდუმლოს უმხელენ, არის მასხარა თაჩსთოუნი. არლეკინის სამოსის ელემენტებით გაწყობილი კოსტიუმის მორგება მალხაზ აბულაძეს ხვდა წილად. მისი მასხარა აქტიური, ჭკუამახვილი და ენამოსწრებულია. ის ყოველთვის ცდილობს გამოამჟღავნოს ცინიზმი, რისთვისაც ხშირად აღვირახსნილ იუმორსაც კი იყენებს. თავისი ოინბაზური საქციელებით ცდილობს გააცუროს სოფლელი გოგონა ოდრი, რომელსაც დაქორწინებას ჰპირდება. ამ როლს განასახიერებს მანანა კოზაკოვა. ქორწინების იმედით შეპყრობილი მანანა კოზაკოვას გმირის მიერ გამოხატული ემოციები იმდენად მართალი და სუფთაა, რომ მაყურებელი ცოტათი იბნევა კიდეც. ის სრულ პანიკაშია. მისი ტექსტი: “გავთხოვდი! მეშველა!” აყრუებს მაყურებელს. მისი მჩქეფარე ენერგია აღუწერელ სიხარულს იტევს. ამგვარ განწყობას პერსონაჟის ფერადი კოსტიუმებიც უწყობს ხელს. ოდრი ერთგვარი მასხარაა, რომლის საქციელშიც აშკარად იკვეთება გროტესკის ელემენტები.

 

თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”

 

 

 

მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ნატა მურვანიძის პერსონაჟს – ჟაკს. ის წარმოგვიდგება როგორც მელანქოლიური, პესიმისტი ადამიანი, რომელიც საკუთარი მონოლოგით სევდას ჰგვრის მაყურებელს. ნატა მურვანიძის ჟაკი, თავისი ხასიათითა და საუბრის მძიმე კილოთი, სრულიად განსხვავებულია სპექტაკლის სხვა პერსონაჟებისაგან. მისი კოსტიუმიც მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. ეს სცენური გმირი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სრული მარტოობისთვისაა შექმნილი და მისთვის მთელი სამყარო საკუთარი თავი და არდენის ტყეა. როლის შესრულებისა და შესაბამისად თავისი ვალის მოხდის შემდეგ, სათითაოდ ულოცავს გზას არდენის ტყეში მოხეტიალე გზააბნეულ ადამიანებს. თვითონ კი სცენაზე მდგომ ერთ-ერთ ყუთში იკეტება. მისი სიტყვები, “მთელი სამყარო სცენაა”, უფრო მეტად აღრმავებს დარბაზში გამეფებულ იდუმალებას და ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ, რომ “უკლებლივ ყველა, კაციც და ქალიც, ამ სცენაზე თამაშობს.”

 

შეუძლებელია, აღნიშვნის გარეშე დავტოვოთ ზურაბ ბერიკაშვილისა და თამარ ბუხნიკაშვილის წყვილი, რომლებიც მწყემს სილვიუსსა და ფებეს განასახიერებენ. ზურაბ ბერიკაშვილის პერსონაჟი დანახვისთანავე იწვევს სიცილს მაყურებელში თავისი დგომის, სიარულისა თუ საუბრის მანერით. გაუაზრებელი საქციელებითა და დაუფიქრებელი სიტყვების წამოროშვით, კომედიას მეტ სიხალისეს ანიჭებს. ის უგონოდაა შეყვარებული ფებეზე, რომელსაც ბიჭის სამოსში გამოწყობილი როზალინდა უყვარდება. თუმცა, როზალინდასთვის მიცემული პირობის თანახმად, ის იღებს სილვიუსის სიყვარულს მას შემდეგ, რაც ნათელი გახდება, რომ როზალინდა ნამდვილი მეფის ასულია.

შეყვარებულ წყვილთა რამდენიმე სახის ჩვენება, მრავალფეროვანს ხდის შექსპირის მიერ მოთხრობილ ამბავს. აქ, სერიოზულის გვერდით კომიკურ ურთიერთობებსაც ვხვდებით, რისი მაგალითიცაა მწყემსებისა და მასხარების სიყვარული. სპექტაკლის დასასრულს, თავს იყრის ოთხი ბედნიერების მომლოდინე წყვილი, რომელთა მომავალსაც ნამდვილი, არდენის ტყეში მოხეტიალე, სტატუსდაბრუნებული მეფე დალოცავს. საქორწინო მარშის მაგივრად კი ხმებში გაშლილი ულამაზესი მელოდია გაიჟღერებს ტექსტით: “როგორც გენებოთ”.

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობებისა, სპექტაკლში არანაკლებ მნიშვნელოვან და საინტერესო სახეებს ქმნიან: ნიკოლოზ თავაძე, ონისე ონიანი, როლანდ ოქროპირიძე, ქეთევან ცხაკაია, დავით ხურცილავა.

 

ნიკოლოზ თავაძე ორლანდოს უფროს ძმად და მის მჩაგვრელად გვევლინება. მათ შორის არსებული კონფლიქტი ჩხუბითა და სახლის დაწვით მთავრდება. თუმცა, რა იქნებოდა სპექტაკლის ბედნიერი დასასრული ბოროტების დავიწყების გარეშე?! ძმასთან კიდევ ერთი დაპირისპირების შემდეგ, ოლივერი სრულიად საპირისპირო პიროვნების გრძნობებითა და თვისებებით ივსება. დანახვისთანავე უყვარდება სელია და სპექტაკლის დასასრულს მათი სიყვარულიც ჯვრისწერით გვირგვინდება.

ონისე ონიანი ძალიან ართობს მაყურებელს თავისი ოინბაზური საქციელებით, იქნება ეს სანთლის ალზე ბუტერბროდის გამოცხობა, საუბრის დაუოკებელი სურვილი თუ სასაცილო ფრანგულით საუბარი.

 

თეატრი თეატრში ანდა უბრალოდ “როგორც გენებოთ”

 

 

როლანდ ოქროპირიძე ასრულებს როგორც მოჭიდავის, ასევე განდევნილი ჰერცოგის თანმხლები დიდებულის როლს, რომელიც ტყეში სიმღერით ირთობს თავს.

ქეთევან ცხაკაია კი ორლანდოს ერთგული მსახურის, ადამის როლს ირგებს. სიყვარულისა და მეგობრობის ნიშნად, მასთან ერთად მიდის ტყეში. უზომოდ დაღლილსა და სიარულისაგან ძალაგამოცლილს, მეფის ამალა ვაშლით უმასპინძლდება. სრულიად ნათელია, რომ ამ სცენას სიმბოლური დატვირთვა აქვს: ვაშლი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო; არდენის ტყე, როგორც ედემის ბაღი და ადამი, როგორც პირველი ადამიანი.

დავით ხურცილავას მწყემსი კორინი კი არდენის ტყის ბინადართაგან ერთ-ერთია, რომელიც გზას უკვლევს აქ მოხვედრილ ადამიანებს. სპექტაკლის უკანასკნელ სცენაში კი მღვდლის სამოსს იცვამს, რათა ღვთის სახელით აკურთხოს შეყვარებულ წყვილთა მომავალი.

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი სიმბოლო, რასაც პირობითად არდენის ტყე ჰქვია. ეს არის ადგილი, სადაც იმედგაცრუებული ადამიანები იმკვიდრებენ თავს. ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი თავისუფლების უსასრულობაში იძირება და აკეთებს იმას, რაც გულით სურს. იქნება ეს ხეებზე სასიყვარულო ლექსების წერა, სტრესისგან გათავისუფლება, მამაკაცის როლის მორგება თუ სხვა. არდენის ტყე არის ეგზოტიკური სამყარო, სადაც სრული ჰარმონია და სიკეთე მეფობს და სადაც შეუძლებელია თავი უბედურად იგრძნო.

 

სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში, ძალიან ხშირად იცვლება სცენები და შესაბამისად ხასიათებიც. სწორედ ამგვარი ცვლილებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სცენის ირგვლივ არსებულმა სივრცემ გააოცოს, გაამხიარულოს, დააბნიოს, ცრემლი მოჰგვაროს, დააფიქროს და ამოგზაუროს თითოეული მაყურებელი ერთ, საერთო სამყაროში. სამყაროში, რომელსაც ჯადოსნური ძალა აქვს და რომელსაც თეატრს ვეძახით.

 

ვახტანგ კახიძის მუსიკა და გიორგი მარღანიას ქორეოგრაფია წარმოდგენას უფრო ჰაეროვანს ხდის. როგორც ანტრაქტის, ისე სპექტაკლის დასაწყისსა და დასასრულს, მსახიობების მიერ შესრულებული პატარა მუსიკალური ეტიუდი “როგორც გენებოთ” ერთგვარი რიტუალის ხასიათს ატარებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმოდგენის გამართვა. ამას ემატება ქარის ხმა და ჩიტების ჭიკჭიკი, რომლებსაც მსახიობები გამოსცემენ, რითაც რეჟისორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თეატრალური სამყაროს უსასრულო ფანტაზიას.  

 

სპექტაკლი “როგორც გენებოთ” მთლიანობაში ერთი დიდი ზეიმია, რომელიც უთვალავი ნიუანსისაგან შედგება. მასში მონაწილე თოთხმეტი მსახიობიდან ყველა გამორჩეულ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ სახეს ქმნის. თითოეული მათგანი სპექტაკლს უდიდეს სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს. სერიოზულ სცენებს, სანახაობრივად სახალისო ეპიზოდები მოსდევს, იქნება ეს თევზაობისა თუ ცხვრის წველის სცენა. ეს ყველაფერი იმდენად კარგადაა შეკრული და გაერთიანებული, რომ შეუძლებელია მაყურებელმა დაღლა იგრძნოს. მიიტანო მაყურებლამდე დრამატურგის სათქმელი, შეიგრძნო პერსონაჟების გრძნობათა ბუნება, გაითავისო პიესის ყველა სტილური თავისებურება, შექმნა ურთიერთობათა კანონზომიერების ჯაჭვი, გახადო ის ყველასათვის გასაგები და სასიამოვნო, როგორც რეჟისორის, ასევე მსახიობთა დასის მთავარი მიზანი, მთავარი ამოცანაა. 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა