გიორგი ყაჯრიშვილი
არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ბოლო წლების განმავალობაში არც ერთ თეატრალურ სეზონში არ ყოფილა დებიუტანტ რეჟისორთა ამდენი წარმოდგენა, რამდენიც ბოლო დროს ვნახეთ. პროფესიონალებთან და დიპლომანტებთან ერთად სპექტაკლებს „ქმნიდნენ“ მსახიობებიც: გ. გორგოშიძის ე. სმიტის „სტუმარი“ და ჰ. ფომ კლაისტის „პრინცი ჰომბურგი“, ი. ბაკურაძის ჟ. დელის და ჟ. სიბლეირასის „გაუმარჯოს ბუშონს“, ნ. ლიპარტიანის ი. მისიმას და პ. ვაისის „შეშლილი სამყარო“ - რუსთაველის თეატრში, დ. თავაძის ა. სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“ - „სამეფო უბნის თეატრში“, ნ. ლუარსაბიშვილის ს. ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“, ს. ელოშვილის რ. ბაიერის „შერეული ემოცია“, დ. ჩხარტიშვილის თ. ჯუჯენოლუს „ზვავი“, ჯ. პაპუაშვილის ალ. ვამპილოვის „უფროსო ძმა“ , თ. კუპრავას უ. შექსპირის „ჰამლეტი“ - მარჯანიშვილის თეატრში, ნ. ჩაკვეტაძის ს. რულის „სუფთა ოთახი“, რ. ბოლქვაძის თ. ჯუჯენოლუს „ზვავი“ - თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში, ვ. ხუციშვილი ჰ. იბსენის „თოჯინის სახლი“ და ჰ. ნილსონის „საძაღლე“ -თავისუფალ თეატრში, ლ. ნოზაძის საკუთარი პიესა „კრიტი“ - რუსთავის თეატრში.
ჩემი აზრით, კიდევ ერთი, რამაც განსკუთრებით ხელი შეუწყო ამ პროცესს იყო რეჟისორ დავით დოიაშვილის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტი, რომელიც ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრში მიმდინარეობდა და რომელსაც ასე ვთქვათ ყურადღებით ადევნებდა თვალს თეატრალური კრიტიკა და ჟურნალისტთა ის ნაწილი, რომელიც კულტურაზე წერს პრესაში. მე არ მივეკუთვნები იმ ჯგუფს, რომელიც კრიტიკულად, „ჩასაფრებული“ ადამიანის თვალით უყურებს ახალგაზრდა დამწყებ რეჟისორთა სადებიუტო ნამუშრებს. პირიქით, როგორც საკმაოდ დიდი გამოცდილების პედაგოგი ვცდილობ მათ მიმართ ყოველთვის ვიყო ობიექტური, მაგრამ კეთილისმოსურნე და ნაკლებად დიდაქტიკოსი.
ყველა ნამუშევარი გამოირჩეოდა არჩევანისა და გადაწყვეტის ორიგინალობით, ზოგი შემორჩა თეატრების რეპერტუარს, ზოგმა პრემიაც კი დაიმსახურა, ზოგიც გაქრა სცენიდან. ერთი რაც კი გამოიკვეთა და რასაც თვით დებიუტანტები აღიარებენ ისაა, რომ ისინი განიცდიან ინტელექტუალურ და „ხელობით“ დეფიციტს. მათი განათლება დღეს-დღეობით არ შეესაბამება იმ ევროპულ სტანდარტებს, რაც ამ დარგის ახალგაზრდა პროფესიონალებს მოეთხოვებათ. შესაძლებელია ეს ერთი მხრივ სახელოვნებო განათლების იმ სისტემის ბრალია, რაც ბოლო დროს დაამკვიდეს და ახლაც სუფევს უმაღლეს სასწავლებლებში, მეორე მხრივ კი თვით მომავალი რეჟისორის, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ასეთი განათლების შესახებ ერთმა ახალგაზრდა თეატრმცოდნემ უკვე დაწერა კიდევაც და დიდი საყვედურების დაიმსახურა „მასწავლებლებისაგან“, მაგრამ რა ვუყოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თვითონაც განიცდიან ამ ნაკლოვანებებს და რაც ყველაზე სავალალოა, მალე ისინი გახდებიან ქართული თეატრის ბატონ-პატრონნი. ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა რეჟისორებს დიპლომებიც კი დაურიგა სპექტაკლის დაუდგმელად. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ჩემს მიერ გამოთქმული შენიშვნა რასაკვირველია ერთნაირად არ ეხება ყველა ზემოთჩანოთვლილთ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში
გადამეტებული „თეატრალურობა“, ხშირად გაუმართლებელი და არამოტივირებული „რეჟისორული სვლები“, როცა სრულიად გაუგებარი ხდება რაში სჭირდება სპექტაკლის ავტორს ეს თუ ის მიზანსცენა, ამოუცნობი რებუსები აშკარდ ახასიათებს ახალგაზრდა რეჟისურას. ამის გამო სპექტაკლის დამთავრების შემდეგ მათთავე უწევთ იმის ახსნა, თუ რისი თქმა უნდოდათ. ეს მეტი თუ არა სწორედ ისაა, რომ მათ სწავლის პერიოდში ვერ აითვისეს პიესის ტექსტის ადეკვატურად სცენაზე გადატანის ოსტატობა და შემდგომ დამოუკიდებლად მუშაობისას ვერ მოუნახეს ავტორის სათქმელს გასაღები, სწორად ვერ განსაზღვრეს პიესის ჟანრი, სტილი და მიმართულება, ვერ აღმოაჩინეს ფაბულა და ის მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ტექსტში და ქვეტექსტშია მოცემული. სხვა რა არის სპექტაკლი, თუ არა რეჟისორის მიერ დრამატული ნაწარმოების სწორად სცენაზე გადატანა?
ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრის პროექტში ხუთი რეჟისორი მონაწილეობდა, მათგან მხოლოდ ორს - მ. ნაცვლიშვილის და პ. ციკოლიას თუ დაარქმევ დამწყებ რეჟისორს, თუმცა მათთვისაც ეს დებიუტი პირობითი ცნებაა. ორივე მათგანი სხვადასხვა დროს „არდიფესტის“ გამარჯვებულებია არიან (მ. ნაცვლიშვილის ნამუშევარმა პირველი ადგილ აკავა, პ. ციკოლიას რეჟისურა კი სპეციალური პრიზით აღინიშნა). დანარჩენ სამს - მ. ტყემალაძეს (გორის თეატრი), დ. მღებრიშვილს (თელავის თეატრი), გ. იაშვილს (მუსიკისა და დრამის თეატრი) სარეჟისორო მოღვაწეობის საკმაო გამოცდილება გააჩნიათ.
და ბოლოს პროექტი დამთავრდა პაატა ციკოლის მიერ გახორციელებული სოფოკლეს „ანტიგონით“, რამაც პირველი სპექტაკლის მ. ნაცვლიშვილის ს. კეინის „4.48 ფსიქოზის“ მსგავსად კამათი და აზრთა სხვაობა გამოიწვია კრიტიკოსთა შორის. ს. კეინის „4.48 ფსიქოზის“ შესახებ მე უკვე ვწერდი და დაინტერესებული მკითხველი და თეატრალი იცნობს ჩემს აზრს ამ სპექტაკლზე, რაც შეეხება „ანტიგონეს“ ...
ამ ფაბულით და სიუჟეტით დაინტერესებული რეჟისორები ბოლო დროს უფრო ხშირად ჟ. ანუის მიმართავდნენ ხოლმე (მ. თუმანიშვილი, თ. ჩხეიძე). ახალგაზრდა რეჟისორის მიერ სოფოკლეს ამ ტრაგედიის არჩევა საინტერესო უნდა ყოფილიყო იმ გაგებით, რომ ანტიკური დრამა თავისი კანონებით, კლასიკურ, არისტოტელესეულ თეატრთან გვაბრუნებს, რაც ასე იშვიათია თანამედროვე თეატრალურ ხელოვნებაში.
თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ რეჟისორმა ზუსტად, ავტორისეული გაგებით წინა პლანზე წამოწია დიქტატურისა და მისი დამყარების თემა (ან სხვა რა უნდა ყოფილიყო?) და მას დაუპირისპირა ანტიგონეს ბუნტი სახელმწიფოში გამეფებული ტირანიის წინააღმდეგ. მ. თუმანიშვილის სპექტაკლში ამ ორთაბრძოლის მთავარი და დომინანტი ანტიგონე - ზინა კვერენჩხილაძე იყო (თუმცა არანაირად არ მინდა რომ კრეონის - ს. ზაქარიაძის, ე. მაღალაშვილის შესრულების დაკნინება), თ. ჩხეიძესთან ორივე კრეონი (ო. მეღვინეთუხუცესი) და ანტიგონე (ნ. მურვანიძე) თანაბარია, რეჟისორი პ. ციკოლია უფრო კრეონის (ა. ბეგალიშვილი) ტრაგედის გვიჩვენებს (და არა თანაუგრძნობს), ვიდრე ანტიგონეს (ა. წერეთელი) ბრძოლას მის წინააღმდეგ. მართლაც კრეონი უფრო ხშირადაა მაყურებლის წინაშე და მისი ტრანსფორმაციაც სახეზეა - როგორ გადაიქცევა იგი ჩვენს წინაშე სასტიკ და მტარვალ დიქტატორად, ვიდრე ტირესი ( ა. ბარათაშვილი) არ აიძულებს შეცვალოს გადაწყვეტილება.
წარმოდგენა ქოროს გამოსვლით იწყება (პ. ციკოლიასა და დ. გაბუნიას მიერ პიესის ტექსტში სტილიზებული ჩამატება - სრულიადაც არ ეწინააღმდეგება ავტორისეულ ტექსტს და არც აზრობრივ გადახვევას არ წარმოადგენს). თებეს შვიდ კარიბჭესთან მიმდინარე მოვლენების სცენობრივი ასახვა დასაწყისშივე ძაბავს ტრაგედიის სიუჟეტს და უფრო გასაგებს ხდის შემდგომ ქმედებას მაყურებლისთვის.
ქოროს სამი (სტროფი, ანტისტროფი ...) წევრი, რომელთა ჩაცმულობა გესტაპოს ჯარიკაცისას ჩამოგავს, ვიდრე თებეს მოქალაქეებისას, ერთმანეთის მიყოლებით ნიღბებს ირგებენ, თვითეული, აქამდე პერსონიფიცირებული მათგანი ამ გზით „საზოგადოებად“ - ზოგადად ხალხად გადაიქცევა და იმ დამსჯელ ძალად მოგვევლინება, რომელიც მართავს სახელმწიფოს. ისინი სულ სცენაზე არიან, მონაწილეობენ ყველა ქმედებაში და უფრო მეტიც, ქორო ამ სპექტაკლში მთავარი მოქმედი გმირია, ყველაზე აქტიური და მსახიობური (გ. ვარდოსანიძე, დ. ბიბილეიშვილი, გ. ბახუტაშვილი) თვალსაზრისით საუკეთესოდ შესრულებული.
სცენაზე კი გამუდმებული ფუსფუსია, ჯერ იყო და ეთეოკლეს (თუ პოლენიკეს?) გვამს „გააპატიოსნებენ“ (უნდა ითქვას რომ საკმაოდ უცნაური რიტუალით) და ზეცას გაუყენებენ, შემდგომ კი სასახლეს მიხედავენ, ასუფთავებენ, რეცხავენ (სისხლისგან?) ამზადებენ მეფის კურთხევისა და იმ მოვლენებისათვის, რომელიც აქ უნდა გათამაშდეს. კორიფე (ა. ნიკოლაშვილი) ხელმძღვანელობს ამ პროცესს - ასევე ქოროს მსგავს ჩაცმულობაში, მხოლოდ წითელი პიჯაკით შემკული. იგი საერთო ყურადღების ცენტრშია და მოგვიანებით მისი მეშვეობით და უშუალო კარნახით ხდება კრეონის მეფედ კურთხევა.
ქოროს - დამსჯელი რაზმის მიერ სცენაზე ძალით შემოყვანილი ისმენე ( ა. ზამბახიძე) შავ სამგლოვიარო ტანსაცმელში მორჩილად ელის ანტიგონეს გამოჩენას, რომელიც სულ მალე, შავნიღბიანზე პირუკუღმა ამხედრებული მოევლინება სასახლეს. ეს სახეზე დამალული არსება ანტიგონეს საკუთარი ანგელოზივით ან ორეულივით რომ დაჰყვება სპექტაკლის ბოლომდე, სცენაზე ყოველთვის მასთანაა, თითქოს ცდილობს იხსნას იგი იმ აღსასრულისგან, რომელიც მას ელოდება და მართლაც ეს აჩრდილი საბედისწერო მომენტში ტირესად მოგვევლინება, ერთადერთი რომელიც შეძლებს კრეონის დაყოლიებას შეცვალოს გადაწყვეტილება.
ანტიგონე საგაზაფხულო, მოსალათისფერო, ყაყაჩოებით მოხატულ კაბაშია გამოწყობილი (მხატვარი ქ. ნადიბაიძე), თუმცა ისმენესავით უნდა გლოვობდეს მიცვალებულ ძმებს და იმას, რომ ოიდიპოსის ცოდვებმა უწიათ. უშედეგოა ისმენეს მოწოდება დაემორჩილოს კრეონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, - ანტიგონე შეუდრეკელია. ნარკოტიკებით გაბრუებული, ჭკუაარეული ქოროს წევრები დროდადრო „ძალადობენ“ ისმენეზეც და ანტიგონეზეც, მაგრამ მათი გატეხვას ვერ აღწევენ. ოიდიპოსის ობლად დარჩენილი შვილები მედგრად უწევენ მოძალადეებს წინააღმდეგობას. „ძალადობა“ გამუდმებით სუფევს ამ სახელმწიფოში და მისი აღმსრულებლები ქორო და კორიფე, ჯალათი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ამის დემონსტრირებებას ახდენენ, თუმცა ჩემთვის გაუგებარია რატომაა მათი ძირითადი მსხვერპლი - ევრიდიკე (ე. დემეტრაძე) - კრეონის უდრტვინველი მეუღლე და ჰემონის დედა. მეჩვენება რომ აქ რაღაც ლოგიკა დარღვეულია ან საქმე გვაქვს იმ რეჟისორულ „რებუსებთან“, რაზეც ზემოდ მივანიშნე და რასაც ალბათ მე ვერ ვხვდები.
თუმცა შემდეგი სცენა ნათელზე ნათელია და უახლოს წარსულს გვახსენებს, როგორ ქმნიან ერთი პატარა „რევოლუციონერიდან“ დიქტატორს.
კრეონს ხელშეკრულსა და თვალახვეულს გამოიყვანენ და დიდხანს მიდის მისი „ზომბირება“- „ჩემად დავიპყარ თებეს ტახტი და ხელმწიფება“, (ხომ არ გეცნობათ რაღაც?!) და იმის ჩანერგვა, რომ მოღალატე არ უნდა დასაფლავდეს. და მის ყოველ ქმედებას მხარზე ხელის დარტყმით „აჯილდოებენ“, მაგრამ ამავდროულად ჭუჭყიანი სააბაზანოს გვერდზე მიუჩენენ ადგილს, რათა ზედმეტი რამ არ ჩაიდინოს და მკაცრ კონტროლს დაექვემდებაროს. კრეონი ხელფეხშეკრულია, თვითონ ხდება თავის ძალაუფლების მონა, მარტოდმარტო და უძლურია მაშინ, როცა ევრიდიკეს საყოველთაოდ „განბანენ“ და სამარცხვინო ბოძზე გაკრავენ -„ჩამოკიდებენ“! ქორო - „საზოგადოება“ სახელმწიფოს ეს სამარცხვინო მანქანა არც ჰემონს (ლ. კახელი) ინდობს, მიუხედავად მისი მაღალი წოდებისა და ხელმწიფის ჩამომავლობისა - რასაც მისი ძვირფასი, მაგრამ მათთნაირი ჩაცმულობა ადასტურებს. იგი უსუსურია, საკუთარ შეყვარებულსაც კი ვერ იცავს ტირანი მამის წინაშე - „ნუთუ თქვენც ფიქრობთ, რომ ხელმწიფეს ესოდენ უწიფარ ყმაწვილისაგან ეკადება ჭკუის სწავლება?“ მიმართავს კრეონი იმათ ვინც მისგან დესპოტი შექმნეს, რაც მათ ხელებს უხსნის, რათ ახლა ჰემონი გახდეს მათი შეურაცყოფის ობიექტი.
ანტიგონე (ა. წერეთელი) - ემოციური, მებრძოლი ამ ომში მარტოა, გამუდმებით მასზე ძალადობამ, დევნამ, დაჭერამ, საკანში გამოკეტვამ ვერანაირ შედეგი ვერ გამოიღო და ისევ თვითონვე ღებულობს საბედისწერო გადაწყვეტილებას - გადავიდეს ჰადესის სამყაროში უბიწო, გაუტეხელი, თავის სიმართლეში დარწმუნებული.
ოიდიპოსის მოდგმა ნადგურდება - ცოდვამ ყველას უწია, ყველას ვინც კი ამ ისტორიასთან რაიმე კავშირი ჰქონდა და თავზე გვემხობა ეთეოკლეს (თუ პოლენიკეს) გვამი - ცოდვათა ცოდვა ჩვენი უგუნურობისა.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04