თამაში სიკვდილის მოლოდინში
29-03-2013, 06:50

გიორგი ყაჯრიშვილი

 

დრამატული ნაწარმოები შექმნილი მხოლოდ ორი პერსონაჟისათვის, რა თემაზეც არ უნდა იყოს ის და რა ფაბულაც არ უნდა ჰქონდეს მას, ძირითადად პაექრობაა ორ პიროვნებას და შესაბამისად ორ მსახიობ-შემსრულებელს შორის. უმეტეს შემთხვევაში ესაა ქალი  და მამაკაცი, ყოფილი ცოლი და ქმარი, ან ყოფილი საყვარლები, ადამიანები, რომელთაც იმდენი რამ აკავშირებთ ერთურთთან, რომ მათი ისტორია, წარსული თუ მომავალი ჩვენი გასჯის საგანი ხდება ხოლმე არა მხოლოდ  იმ სასპექტაკლო დროს განმავლობაში, როდესაც ისინი სცენაზე დგანან, არამედ შემდეგადაც. დრამატურგთა  ნიჭიერებიდან გამომდინარე ეს ისტორია ან საინტერესო და მძაფრია, ან ბანალური და ინტერესს მოკლებული. მახსენდება მაგ.  თამაზ  ჭილაძის „ბუდე მეცხრე სართულზე“, ლეონიდ  ზორინის „ვარშავის მელოდია“,  სვეტლანა პროფოფიევას „მოწმეების გარეშე“,  ბერნარ სლეიდი „წელიწადში ერთხელ“, ფრანსუაზ  საგანის „ხიჭვი“  და  ბევრი სხვა. მათ შორის ისიც, რომელიც ერთი პერსონაჟის მოოლოგია  მეორეს  წინაშე წარმოთქმული თუ გათამაშებული, სადაც  მეორე ადამიანი მისი ცხოვრების მეგზური და მოწმეა. ჯონ  მარლის „მემუარები (1977)“  იმ კატეგორიის პიესას მიეკუთვნება, რომელიც დასაწყისიდანვე გრთავს ავტორის მიერ შემოთვაზებულ ინტრიგასა და ფორმაში, რომელიც თანდათანობით მძაფრდება და აპოგეას დასასრულისკენ აღწევს. სარა ბერნარის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი  ფრანგი მსახიობის ცხოვრება ყოველთვის იყო ყველას ინტერესის სფერო. აქ იმის გახსნებაც  კმარა, რომ ცნობილმა იტალიელმა დრამატურგმა გაბრიელე დ’ანუნციომ, რომელიც აღმერთებდა ელეონორა დუზეს და თითქმის ყველა თავისი პიესა მას მიუძღვნა,   სარა ბერნარის თამაშით აღფრთოვანებულმა,  მთავარ როლი  „მკვდარ ქალაქში“  მას გადასცა,  რაც შემდგომ ელეონორადუზესა და დრამატურგისგანშორების ერ-ერთი მიზეზიც  კი გახდა.

რიო-დე ჟანეიროში   ტოსკას როლის შესრულებისას მიღებული სერიოზული ტრამვის შემდეგ სარა ბერნარის ცალფეხობას სცენაზე თითქმის ვერავინ ამჩნევდა. გარდასახვის გენიალური ნიჭი ამ მსახიობს საშუალება აძლევდა შეესრულებინა იფიგენია,  ადრიანა ლეკუვრერი, მარგარიტა გოტიე, ლედი  მაკბეთი, კლეოპატრა , ფრუფრუ, მედეა, ფედრა  და ჰამლეტიც კი.

„ჩემი ორმაგი ცხოვრება“ სარა ბერნარის მოგონებათა წიგნია. ავტობიოგრაფიულ ჟანრში შექმნილი ემიციურად ძაფრია  და  წასაკითხად  რთული - აღსავსე  საინტერესო სახეებით, პიროვნებებით, მოვლენებით, განცდებით და რაც მთავარია  სიმართლით.

მართლაც აპირებდა თუ არა მსახიობი სიბერეში მოგონებათა მეორე ტომის შექმნას ეს  შესაძლებელია სულაც დრამატურგ ჯ. მარლის ფანტაზია  იყოს, მაგრამ ერთი კი ცხადია, ავტორმა ზუსტად მიაგნო სარა ბერნარის ხასიათის მნიშვნელოვან დეტალებს და სცენაზე გადმოიტანა.

 

თამაში სიკვდილის მოლოდინში

 

რეჟისორ ირაკლი გოგიას არჩევანი და ამ პიესის მარჯანიშვილის თეატრში განხორციელება ისევე როგორც როლების  გურანდა გაბუნიასა  და ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის  შეთავაზება ჩემი აზრით  უკვე იყო დიდი წარმატების საწინდარი. გ. გაბუნიას და ო. მეღვინეთუხუცესის  სცენური დუეტი  ბევრჯერ გვინახავს  და მასზეც  ბევრი დაწერილა: ვ. კოროსტილევის „მარტოობის დღესასწაული“ , უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“, ლ. როსებას „პროვინციული ამბავი“ ლ. ბუღაძის „ნაფტალინი“.  თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს   ამ ორ შესანიშნავ მსახიობს  ნაკლებად ვხედავთ  სცენაზე. გურანდა გაბუნია - რეალისტური მიმართულების მსახიობი - თავისი სამსახიობი კარიერის განმავლობაში თამაშობს  ყველაფერს - მთავარი როლებიდან დაწყებული,   პატარა მეორეპლანის  (მაგ. ჟ. ანუის „ანტიგინე“ - რეჟისორი თ. ჩხეიძე) და მონო სპექტაკლებით (ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი „მიტევების დღე"  - რეჟისორი  ქ. დოლიძე)  დამთავრებული, დღესაც არ ღალატობს თავის სტილს  და ერთმანეთზე უკეთესი წარმატებით ასახიერებს ახალ და ახალ სასცენო  სახეებს.  „მოგონებები“  ჭეშმარიტად  მსახიობური სპექტაკლია, ერთგვარი „მასტერ-კლასი“, როდესაც ორი შესანიშნავი აქტიორი გვთავაზობს არა მხოლოდ  პერონაჟთა  სრულ,  ავტორისეულ ინტეპრეტაციას, არამედ  იმ რთულ ტექნოლოგიასაც,  რაც პარტნიორის შეგრძნებასა და მასთან ერთად სცენური  სიცოცხლის განცდასგულისხმობს.  სარა ბერნარის - გურანდა გაბუნიას „აპარტეს“, რასაც ძალაუნებურად დრამატურგიული ტექსტი   მოითხოვს პიტუმ - ოთარ  მეღვინეთუხუცესმა დაუპირისპირა თამაშის  ის სტილი, როდესაც იგი   სარას  ყველა მონოლოგის თანამონაწილეა,  მაშინაც  კი, როდესაც  სცენაზე  მისი, მხოლოდ მეორე პერსონაჟის ყოფნის აუცილებლობაა და მეტი არაფერი.

 

სპექტაკლის  „უვერტურაში“,  როდესაც  ჯერ ფარდაც  კი არაა ახდილი,  სცენაზე  მოთავსებულ მაქმანებიან  მზის ქოლგას იმ სამყაროში შევყავართ,  სადაც სულ  მალე მეოცე საუკუნის ფრანგული თეატრის ლეგენდას და უდიდესი მსახიობს  ზღვის სანაპირო სახლში სიბერის ხანს განმარტოებულს  აღმოვაჩენთ. კედელზე (მხატვარიმარიამ კვაჭაძ) სარას მიერ განხორციელებული როლების მთელი მუზეუმია, ხოლო  დიდ საწერ მაგიდაზე კი მიმობნეულია ახალი წიგნის საცდელი ჩანაწერები, რომლის შევსება- კორექტურაშია  გართული პიტუ - მისი პირადი მდივანი. სიცხისგან გათანგულს, ჩაძინებულ  სარას  პიტუ რეალურ ცხოვრებაში აბრუნებს. სარა კოჭლობით (მთელი სპექტაკლის განმავლობაში  მხოლოდ აქ გვიჩვენებს მსახიობი  მის ფიზიკურ ნაკლს)  მაგიდისკენ მიემართება.  ყოველთვის აქტიურ, სისხლსავსე  ცხოვრებას მიჩვეული მძიმედ განიცდის თავის უმოქმედობას. მოგონებათა წიგნის მეორე ტომზე მუშაობის დაწყებაც ამ განწყობის გამოძახილია. სცენაზე თამაშში შეყვარებული ხვდება, რომ მხოლოდ ესღა დარჩენია  და იძულებულია პაპანაქება ზაფხულის დღეები წიგნზე ფიქრში  გალიოს. მზე - მისი მტერი კი გასაქანს არ აძლევს და მასთან პაექრობაც  სპექტაკლში სიმბოლურ დატვირთვას იძენს. სარა  ხვდება, რომ მისი დღეები დათვლილია და მზის უკვდავობა სულ უფრო მეტად და მეტად აღიზიანებს მის გონებას - „შენც დაიფერფლები“ იმშვიდებს სულს.

 

თამაში სიკვდილის მოლოდინში

 

პიტუს - პირად მდივანსა  და სარას შორის კავშირი  იდუმალებითაა მოცული  - სარა გამუდმებით რაღაცას  მოითხოვს  მისგან -  ქოლგას, გრამოფონს, საწერ კალამს, ვარდისფერ ან ყვავილებიან საქაღალეს,  კვლავ  ქოლგას, ძველ ჩანაწერებს, პიესას და აშ.  როგორც ჩანს ეს მათი ურთიერთობის მთავარი ფორმაა,  რასაც თან ახლავს საუბრები, მოგონებები  და მათი  აღნუსხვა. პიტუ დიდის გულისყურითა და მოთმინებით ასრულებს თავის მოვალეობასა და სარას ყოველ კაპრიზსა და მოთხოვნას. ჩვენს წინ იშლება სარა ბენარის - ქერა ლოკონებიანი, ზღვისფერ კაბასა და შავ მოსასხამში გამოწყობილი, ულამაზესი მწვანეთვალება ქალბატონის მთელი ცხოვრება.  ყოველგვარ ნაკლს მოკლებული, უზადო (არც მისი ცალფეხობა იგრძნობა) სამოცდაათს მიღწეული მსახიობი  სცენაზე თუ შეიძლება ასე ითქვას „მულტიფუნქციურია“ - ხან  საკუთარ  ცხოვრების მეგზურების - დედის  - იუდიტ  ბერნარის, ხან დის - ჟანას ისტორიას  გვიყვება,  ხან სცენაზე  მის მიერ განხორცილებული პერონაჟებს  -  ფედრას, მარგარიტას, ტოსკასა და  ფრუფრუს  წამოგვიდგენს.   გურანდა გაბუნია  რეჟისორის  (ი. გოგია) დახმარებით  პოულობს იმ გამომსახველობით  საშუალებებსა  და ნიუანსებს, ხელის მოძრაობას თუ ჟესტიკულაციას, რიტმსა და ხმასაც  კი, რაც საშუალებას აძლევს ერთდროულად   იყოს   ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული -  სარას დედაც,  დაც,   მის მიერ სცენაზე ნათამაშები პერსონაჟები ფედრას, მარგარიტაც და სხვ. სარასაც და მოგონებებში ამოტივტივებულ სხვა პერსონაჟებს  მსახიობი გურანდა გაბუნია სხვადასხვაგვარად თამაშობს:  თვით სარა ბერნარი მომთხოვნია,  მკაცრი, კატეგორიული, ხანდახან მზრუნველი და კეთილგანწყობილი; დედა - იუდიტ ბერნარი - გადაპრანჭული, ქარაფშუტა, პარიზული სალონების მუდმივი წევრი, ზედმეტად ემოციური, ხელების გამუდმებული და გაუზრებელი მოძრაობებით და პრანჭვა-გრეხით, ჟანა- ახალგაზრდა, ოჯახის ნებიერი,  სარას გამუდმებული მეტოქე, ალკოჰოლიზმით დაავადებული, ვისი კარიერის შექმნაზეც ზრუნავდა უფროსი და.  გურანდა გაბუნია უმაღლესი ფილიგრანული ტექნიკის საშუალებით ყოველი მათგანისთვის  პოულობს სხვადასხვა გამომსახველობით საშუალებებს და სხვადასხვა ფერთა გამას და ჩვენს წინაშე ცოცხლდებიან იმ ადამიანთა პორტრეტები, რომელთა გარემოცვაშიც იყო ან ვისი ცხოვრებითაც  იცხოვრა სცენაზე სარა ბერნარმა. მიუხედავად  სპექტაკლის მშვიდი, წყნარი რიტმისა  მასში მაინც იგრძნობა შინაგანი დაძაბულობა და დრამატიზმი. ეს ემოციური მუხტი კი ეპოგეას აღწევს იმ სცენაში, როდესაც სარა ბერნარი „ტოსკს“ წარმოდგენაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ გვიყვება. მაგიდაზე შემდგარი სარა გრანდიოზული და ამაყი ფრანგული თეატრის დიდი ქალბატონი იმ ტრაგიკულ წუთებს იხსენებს, როდესაც  ფეხი იტკინა, რაც  შემდგომ ფეხის დაკარგვის მიზეზი გახდა. „სად იყავი პაბლო?“  მშვიდად მაგრამ ნერვიულ ნოტაზე იწყებს  გურანდა გაბუნია სარას ამ მონოლოგს, თანდათან განცდა და ემოცია მატულობს, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ დაძაბულობისა და ტრაგიზმის გამო სადაცაა მსახიობს  ხმა ჩაუწყდება და უსულოდ დაეცემა ჩვენს წინაშე.  მაგრამ აქვე ხვდები, რომ იგი შესანიშნავად  მართავს საკუთარ გრძნობებს,  თავის შესაძლებლობებს და  გურანდა გაბუნიას,  ამ ყველაზე დრამატულ მომენტში ზუსტად მიჰყავს მაყურებელი იმ დასკვნამდე, რომ დიდი მსახიობი ყოველთვის უმაღლეს საშემსრულებლო დონეზეა, რომც  ფიზიკურად ტკივილი აწუხებდეს.  ათი წელი გაუძლო სარა ბერნარმა ფეხის საშინელ ტკივილს და ამის გამო არც ერროლზე არ უთქვამს უარი.

არანაკლები ემოციითა და განცდებითაა დატვირთული შემდეგი  სცენა - ექიმთან - „ამპუტაციის განაჩენის“ გამოტანის შემდეგ გურანდა გაბუნია მაყურებლისკენ ზურგშექცეულია. თუ როლების შესრულებისას  მრავალი ცრემლი დაუღვრია, რისი მოწმეც ბევრი პარიზელი და არა მხოლოდ ისინი ყოფილან, ახლა საკუთარ ტრაგედიას არავის დაანახვებს. არავინ არ უნდა შეამჩნიოს მისი სისუსტე,  მისი ცრემლი და ის განცდა, რაც მას იმ მომენტში დაეუფლა.

ცხოვრება კი გრძელდება - მწველი მზე ისევ ამოდის, ახალ გეგმებსაც  ისევ ბოლომდე უნდა მიყვანა.

ფინალურ სცენას - გრძელი მოსასხამით - „ხანგრძლივი მსახიობური  და ცხოვრებისეული შლეიფით“ გურანდა გაბუნია თამაშობს დიდი ემოციითა და ოპტიმიზმით, მის გვერდითაა ჟორჟ  პიტუ - მისი  სამუდამო  მეგზური.

აქ ორივე მათგანში, სარა ბერნარსა და გურანდა გაბუნიას გამოხედვაში, იკითხება  ოსკარ უაილდის  ცნობილი ფრაზა: „თუ მაინცდამაინც გადაწყვიტთ  სიკვდილი, მაშინ მოკვდით  სცენაზე“ .

 

თამაში სიკვდილის მოლოდინში

 

როგორც  ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ოთარ მეღვინეთუხუცესი ამ სპექტაკლში მხოლოდ პარტნიორი არაა. რასაკვირველია დრამატურგიულად (ტექსური მასალიდან)  ე.წ.  საბენეფისო პიესაში იგი მეორე პლანის პერსონაჟად გვევლინება. მაგრამ ამ უდიდესმა მსახიობმა შექმნა ისეთი სახე, რომელიც მთავარ  მოქმედ პირს  უთანაბრდება. არ შეიძლება არ  ითქვას, რომ ოთარ მეღვინეთხუცესმა ბოლოს შესრულებული როლებით გვიჩვენა, რომ მას ხელეწიფება კომედიური და გროტესკული როლებიც. გარდასახვის შესანიშნავი ტექნიკა, რომელსაც  მსახიობი  ფლობს, სწორედ ამის საწინდარია. ავიღოთ  თუნდაც  მისი გრომოფონით შემოსვლის სცენა - შესრულებული  უზადო  პლასტიკით (ქორეოგრაფი გ. ტიელიძე) და ოსტატობით.  მისი სცენაზე გამოჩენის პირველი წუთიდან მყარდება უშუალო კონტაქტი სარა - გურანდა გაბუნიასთან და ეს დუეტი თანაბარი ძალით გვიჩვენებს ამ ორი პიროვნების ურთიერთობის კოლიზიას. იუმორით, სიკეთით, მხარდაჭერითა და მზრუნველობით აღსავსე პიტუ ხშირად სარა ბერნარის საპირისპირო  მხარეცაა და ხანაც  მისი მეორე „მე“. მსახიობური შესრულების კასკადში ვერ გამოვყოფ ვერც ერთის უპირატესობას. ერთი მსახიობი რომ ამთავრებს თამაშს  მეორე იწყებს.  ასე მაგალითად მაშინ, როცა პიტუ - ოთარ მეღვუნეთუხუცესი ასახიერებს ხან სარას დედას,  ხან დედათა მონასტერის წინამძღოლ სოფიას, როდესაც  მსახიობი ხმასაც  კი იცვლის, რომ ზუსტად განასახიიეროს  ეს სახე,  ხან ჟაკს, ხან მისტერ ჟერარს, ექიმსა თუ ოსკარ უაილდს. ლირიზმითა და დრამატიზმითაა აღსავსეა ავანსცენაზე გადმოტანილი ოსკარ უაილდისა და სარას სცენა, სალომეას შექმის და ოსკარ უალდის მიერ ციხეში გატარებული დღეების გახსენება. მაგრამ ამავე დროს  თვით ჟორჟ პიტუსაც თავის განსაკუთრებული  ადგილი უკავია და მთელი სპექტაკლის განმავლობაში მიმდინარეობს ეს გაუთავებელი სახეცვლილებები შესრულებული უმაღლესი მსახიობური  ოსტატობით. დასაწყისში  ვახსენე ორი პერსონაჟისთვის შექმნილი პიესა პაექრობაა მეთქი. ისინი არც საყვარლები ყოფილან, არც ახლო ნათესავები და არც ოჯახის წევრები, ამიტომაც არც აქვთ რაიმე საბაბი ერთმანეთს ებრძოდნენ. მათ ძირითადად მხოლოდ მსახიობის მოგონებები აკავშირებთ. პიტუ  კი  ხშირად იყენებს ამონარიდებს სარა ბერნარის წიგნიდან, რაც იმაზეც მეტყველებს, რომ ამ წიგნის შექმნაში მისი ხელიც  ურევია. დღევანდელ წარმოდგენაში ორი ღირსეული მსახიობის ჭიდილია, სადაც  ორივე მათგანი იმარჯვებს.

ახლა გათენებული დღევანელი დღეც ისეთივე იქნება, როგორც  გუშინდელი, ისევ სცენაზე თამაშის სურვილით, მოგონებებით დატვირთული, მცხუნვარე მზე და ქოლგა...

„სიკვდილს კი არ  უნდა ელოდო  არამედ უნდა იცხოვრო!“ -  ასე აპირებს სარა ბერნარი და გურანდა გაბუნია სიცოცხლის გაგრძელებას. 

 

თამაში სიკვდილის მოლოდინში

სარა ბერნარი მისი ცხოვრების ბოლო წელს

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა