სექტემბრის თოვლი
27-04-2013, 22:05

მაკო გოჩაშვილი 

 

რა არის ცხოვრება თუ არა მრავალფეროვან მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც მხრებზე ისეთი სიმძიმით აწევს ადამიანს, რომ შეუძლებელია გაუძლოს. რატომ ხდება, რომ თითოეული გარე ფაქტორი მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე, საკუთარ კლანჭებს შორის იქცევს მას და არ აძლევს გათავისუფლების საშუალებას. რატომ ხდება, რომ ხანდახან არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, ვიყვიროთ, ვიჩხუბოთ, კედელს ვურტყათ თავი თუ უბრალოდ სეირნობით, წიგნებისა და ეტიკეტების კითხვით ან თეთრეულზე ფოთლების თვლით შემოვიფარგლოთ? როგორც გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, „სექტემბრის თოვლი“, მთავარი მოქმედი პირი, ლუკა იქცევა.

მოქმედება სცენის დალაგებით იწყება. ქალაქის ერთ-ერთ უბანში მდგომ კორპუსის მეთორმეტე სართულზე, ნომერ 24 პატარა და მყუდრო ბინაში, ყველა ნივთი საკუთარ ადგილს იძენს. დეკორაცია სამკაოდ უბრალოა, რაც გვეხმარება, უკეთ მოვერგოთ მოქმედების მსვლელობას და პარტერიდან ვადევნოთ თვალი ნომერ 24 ბინის ბინადრებს. სცენაზე არსებული საგნებითა და მსახიობთა მოძრაობის მიმართულებებით ადვილად ვიგებთ, თუ სად მდებარეობს  სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი, აივანი თუ შემოსასვლელი ოთახი.

 

პირველი მოქმედება შედარებით მონოტონურია, სცენაზე მხოლოდ ორი მსახიობი ჩანს, ბაჩო ქაჯაია და ნათია მელაძე. ისინი სპექტაკლის მსვლელობისას ცოლ-ქმრის მოვალეობებს ირგებენ და საშუალებას გვაძლევენ, შევიჭრათ მათი ოჯახის სიღრმეებში და თვალი ვადევნოთ მათი თანაცხოვრებისთვის დამახასიათებელ სირთულეებს.

პირველი პრობლემა, რაც თავს იჩენს სპექტაკლის დასაწყისში არის ის, რომ ბაჩო ქაჯაიას გმირს, ლუკას არ ეძინება. მისი უძილობის მიზეზი არა ერთი, არამედ უამრავ ფაქტორთა ნაკრებია, რომლის შემადგენლობაშიც შედის სახლში არსებული სიგრილე, აივნიდან შემოსული ნაგვის სუნი, ძაღლის ყეფა, ქალაქის ხმაური, გამაღიზინაებელი სამყარო, შიში, სიკვდილის შიში და ყველაზე მნიშვნელოვანი - ნერვული აშლილობა. 40 წლის ასაკში ტრამვირებული ფსიქიკა ვეღარ იტანს სულ მცირე პრობლემასაც კი. ტრამვის გამომწვევი მიზეზი ჯერ სამსახურის დაკარგვაა, შემდეგ სახლის გაძარცვა, ცარიელ კედლებს შორის გატარებული უთვალავი დღე, შინაგანი სისუსტე და ტვირთი, რასაც ყველასათვის კარგად ნაცნობი სახელი  „სიცოცხლე“ ჰქვია.

 

სექტემბრის თოვლი

 

 

ბაჩო ქაჯაიას მიერ განსახიერებული ლუკა სპექტაკლის პირველ მოქმედებაში აშკარად ერთფეროვანია. არის წუთები როდესაც თავს გვაბეზრებს თავისი აკვიატებული აზრებით, თუმცა მის თითოეულ მოქმედებას ცხოვრების ისეთი დეტალები განაპირობებს, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვას. იქნება ეს უბრალო გაღიზიანებულობა თუ მეზობლებთან კონფლიქტი. მისი შეურაცხყოფა და გაოგნება ყველანაირ საზღვარს ცდება, როდესაც ზედა სართულის მეზობელი წყალს ასხამს აივნიდან. ეს მისთვის შოკისმომგვრელი, აუტანელი, დამამცირებელია. ეს არის წუთები, როდესაც გიპყრობს გრძნობა, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა განწყობილი. ეს არის წუთები, როდესაც თავიდან ფეხებამდე ებმები ფსიქიკური ტრამვის კლანჭებში და შენი არსება თავისუფლებიდან ტყვეობაში გადადის. ეს არის წუთები, როდესაც თავი დაკარგული ნივთი გგონია და „დაკარგული ნივთების დამაბრუნებელ ბიუროს“ ეძებ.

 

ბაჩო ქაჯაია ნამდვილად კარგად ირგებს „პატიმრის“  როლს, რომელსაც ენა ებმება და თავისი სიცოცხლის დღეებს სეირნობასა და უამრავ ფიქრთან მეგობრობაში ატარებს, ხან ჩვილი ბავშვივითაა, ხან ამ ქვეყნად მოვლენილი უცხო არსებასავით, ხანაც ეჭვიანი და ოდნავ საშიში კაცივით, რის შედეგადაც მისი არსებობა სრულიად უაზრო, უმოქმედო ხდება და ამას  თვითონაც ძალიან კარგად იაზრებს:  „აღარც კი ვიცი რისთვის ღირს სიცოცხლე.“ მოვალეობის მოსახდელად მოსული საკუთარი და-ძმაც უცხო სხეულივით უყურებს მას. ეცოდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში არსებული ადამიანი ნამდვილად საცოდავია. ბაჩო ქაჯაია მოქმედების მიწურულს რადიკალურად განსხვავებულ ლუკას განასახიერებს. აშკარაა, რომ დეპრესიის ძლიერი კლანჭებისგან გათავისუფლებული ლუკა კვლავ უბრუნდება ადამიანურ ყოფას, ხოლო დეპრესია ლუკას არსებიდან თავისი ცოლის არსებაში გადაინაცვლებს, რადგან როგორც ჩანს, არც მას შეუძლია სიცოცხლით სავსე სხეულის გარეშე არსებობა.

რაც შეეხება ლუკას ცოლის, ანას, როლის შემსრულებელ ნათია მელაძეს, ის ცდილობს, რომ პიესის პერსონაჟის შესაბამისად მანაც დაგვიხატოს არაერთფეროვანი ბუნების მქონე ადამიანის პორტრეტი, მაგრამ საკითხავია რამდენად გამოსდის ეს. პირველ რიგში მინდა, ყურადრება გავამახვილო მისი მეტყველების მანერაზე. მისი ხმა ძალიან ცივი და მონოტონურია, რაც აშკარად არ ტოვებს გულწრფელობის შთაბეჭდილებას. ეს ძალიან კარგად ჩანს პირველსავე სცენაში, როდესაც ქმრის ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნების გამოვლენისას, პრობლემის წინაშე არსებული ქალისათვის დამახასიათებელ ჟესტს - ტირილს მიმართავს. ნათია მელაძე თითქოს დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებს და შესაბამისად ის სულ მცირე ემოციაც კი, რის გამოხატვასაც ახერხებს არაა გადამდები. ის მაყურებლისთვის უცხო და ცივია.  

 

განსხვავებულ ამპლუაში ვხედავთ მას მომდევნო სურათში, ახალი სამუშაო, გამომწვევი ჩაცმულობა, უაზროდ ბევრი საუბარი და მოჩვენებითი იმედი, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება. ამ სცენაში ნათია მელაძის ანა შედარებით თავდაჯერებულია. ჩვენ წინაშე დგას ქალი, რომელსაც სრულიად მოულოდნელად მხრებზე დააწვა ნევროტიკ ქმარზე ზრუნვა, რომელიც პატარა ბავშვივით მთელ დღეს საძინებელსა და  მისაღებ ოთახს შორის მანძილის ტკეპნაში ატარებს, რომლისთვისად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან დღე და ღამე, სინათლე და სიბნელე. ნათია მელაძე განასახიერებს პერსონაჟს, რომელმაც უნდა აიტანოს ეს ყველაფერი, რომელმაც უნდა გაუძლოს ცხოვრების ნებისმიერ დარტყმას. მან საკუთარ თავს არ უნდა მისცეს სისუსტის, ხოლო საკუთარ ფსიქიკას შერყევის საშუალება. თუმცა სპექტაკლის მიწურულს სცენაზე დგას დაქანცული, უსუსური, ძალაგამოცლილი, წონასწორობადაკარგული, დეპრესიის მომდევნო მსხვერპლი, „ბრაზითა და მრისხანებით სავსე“ ანა. ამჯერად ის ითხოვს დახმარებას, შველას. ითხოვს იგივეს, რასაც თვითონ გასცემდა საკუთარი ქმრისთვის. ამჯერად ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო ანასთვის ხდება გამაღიზიანებელი, მთელი თავისი სიცივით, ხმაურითა და შიშით.

 

სპექტაკლში „სექტემბრის თოვლი“ მნიშვნელოვან როლი აკისრია ასევე კახა ბერიძეს, ლიკა კევლიშვილს, ნათია ტატულაშვილსა და ანა ჩოგოვაძეს, რომლებიც ლუკას და-ძმის ფუნქციას ირგებენ. მათი გამოჩენით იწყება სპექტაკლის მეორე მოქმედება. ისინი დიდი მწუხარებით საუბრობენ ლუკაზე, რაც მაყურებელს აშკარად უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლუკა გარდაიცვალა. ზემოთ ნახსენები სამი დიდან თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებული სახის პერსონაჟს ქმნის, თუმცა არც ისე რთულია მოიძებნოს სამივესთის დამახასიათებელი საერთო ნიშან-თვისება, რასაც ხელგაშლილობის საპირისპირო ცნება - სიძუნწე შეესატყვისება. მათ სურთ, დაეხმარონ საკუთარ ძმას რაც შეიძლება მცირედით. მათი ანასთან საუბარი სამძიმარს უფრო ჰგავს, ვიდრე ახლობლების შეხვედრას. უფრო მძიმეა მათი და ლუკას შეხვედრა, რომელიც თავის და-ძმას მატარებლის ვაგონების ფუნქციებს უნაწილებს და ისე ისტუმრებს საკუთარი სახლიდან.

 

სექტემბრის თოვლი

 

 

მეტად დამაჯერებელია ლუკას ძმის, ლეოს, როლის შემსრულებელი კახა ბერიძე. ის მზადაა ნებისმიერი თანხით დაეხმაროს საკუთარ ძმას, ოღონდ სასაცილოდ მიაჩნია თავისი რძლის იდეა, რომ ათასობით ფული გაიღოს  ბანაკისთვის. თუმცა სპექტაკლის ბოლოს სცენაზე კვლავ ვხედავთ ჯანმრთელი ლუკას ნახვით აშკარად გაოგნებულ ლეოს, რომელიც ფულის მისაცემად მოვიდა. ფული, როგორც ყველასთვის მნიშვნელოვანი რამ, როგორც დამონების სიმბოლო, ლეოსაც გახდის საკუთარ მონად. მას აღარც თავისი გადაწყვეტილება ახსოვს და აღარც თავმოყვარეობა, რის შედეგადად მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ძმას თანხის ნახევარს სთავაზობს. ეს კი ლუკასთვის იმდენად სასაცილო წინადადებაა, რომ სიცილს ვერ იკავებს.  კახა ბერიძის ლეო კი გაბრაზებული, გაცოფებული, დამცირებული, განადგურებული, გათელილი, თავმოყვარეობაშელახული, მაგრამ თავისი ფულით გატენილი ჯიბეებით ტოვებს სცენას. 

 

ოპტიმიზმით სავსეა სპექტაკლის ბოლო სცენა. ბაჩო ქაჯაია და ნათია მელაძე ამჯერად მომავლის იმედით სავსე გულითა და გონებით ნატრობენ „აქედან წასვლას“. მათთვის უკვე ყველაფერი სულერთია, უმუშევრობაც, ქალაქის ჭუჭყიც, ხმაურიც, ათასობით ფულიც და  ყველა ის გრძნობაც, რაც აქამდე განუცდიათ. რბილ „პუფში“ მჯდომ ბაჩო ქაჯაიასა და მაგიდაზე გაწოლილ ნათია მელაძის თავზე თეთრი, ქათქათა თოვლის ფიფქები ჩნდება. თოვლი მოვიდა, სექტემბრის თოვლი. იქნებ ამან მაინც გაანათოს მათ სამყაროში არსებული სიბნელე.

 

სექტემბრის თოვლი

 

 

ფსიქოლოგიურ დრამად გადაწყვეტილი სპექტაკლი „სექტემბრის თოვლი“, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, რაც გიორგი ერისთავის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეპერტუარშია, ახერხებს მაყურებლამდე მიიტანოს ადამიანის პიროვნული სტრუქტურის რღვევის ეტაპობრივობა. ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის პიესა, რომლის ავტორიზებული თარგმანიც ირაკლი სამსონაძეს ეკუთვნის, აშკარად შეესატყვისება დღევანდელ რეალობას. როგორ შეიძლება ფეთქებადი და სიცოცხლით სავსე ადამიანი ცხოვრების მარიონეტად, დამუნჯებულ, უსუსურ არსებად იქცეს, როგორ ჩნდება გაუცხოება ორ უახლოეს ადამიანს შორის, როგორ ერქმევა საგნებს „ჩემი“ და „შენი“, როგორ ჩნდება უამრავი უაზრო და აზრიანი კითხვა, როგორ იცვლება ადამიანის გრძნობები და მისწრაფებები. თითქმის ორსაათიან სანახაობად შეფუთული ყველა ზემოხსენებული ნიუანსი თავს იყრის გორის თეატრის მცირე სცენაზე და აშკარაა, რომ მაყურებელს არ ტოვებს გულგრილს.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა