ლაშა ჩხარტიშვილი
ამას წინათ, გურულად კი გუშხამ, გურიის დედაქალაქში - ოზურგეთში გახლდით. უკვე ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ისედაც ხელის გულზე დასატევ საქართველოს კუთხეებს ყველას მისი დედაქალაქი აქვს. ოზურგეთში გამგზავრების მიზეზი რეგიონალური თეატრების კვლევის პროექტი - „ქართული თეატრი სტატისტიკაში, ანალიტიკასა და პრაგმატიკაში“, რომელსაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს, გახდა.
დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას კომფორტი უნდა დაივიწყო, დიდი განსხვავება არ არის სამარშუტო მიკროავტობუსით წახვალ ნიკაპზე მუხლებმიბჯენილი, თუ ათი საათი იმგზავრებ მოუხერხებელ სავარძელზე მიჯაჭვული საქართველოს რკინიგზის ვითომ „ჩქაროსნული“ მატარებლით, რომლითაც მგზავრობა ან უჰაერობით დაგახრჩობს, ან საგულდაგულოდ „აგკიდებს“ ფილტვების მწვავე ანთებას.
ოზურგეთში გათენებისას ჩასული იწყებ ნებისმიერი ტიპის სასტუმროს მოძებნას. რკინიგზის სადგურიდან არც თუ ისე მოშორებით წააწყდებით აბრას: „Hotel“, რომელსაც სამსართულიანი უსახური ნაგებობის მესამე სართული უჭირავს (როგორც ადგილობრივებმა აგვიხსნეს ქვედა სართულები პურის ქარხანას აქვს იჯარით აღებული). ოზურგეთის თეატრის კვლევის მისიით ჩასულები თანახმა ვიყავით ნებისმიერ სასტუმროზე, ოღონდ ცოტა მოგვესვენა, მაგრამ ამაოდ, სასტუმროს რკინის კარი ჩარაზული, მასზე კი მობილური ტელეფონის ნომერი დაგვხდა. ზარს იმ წამსვე პასუხობენ, მაგრამ სასტუმროს სტუმრებს უარით გისტუმრებენ იმ მოტივით, რომ ის დილის ათ საათზე გაიღება... მხოლოდ გურიაში შეიძლება წააწყდე სასტუმროს, რომელიც დღეში მხოლოდ 12 საათი მუშაობს, დილის 10:00 დან 22:00 მდე. გამიგია, ბედი ისე არ ჩარაზავს ყველა კარს ერთი გასასვლელი მაინც რომ არ დატოვოსო და გვეშველა, კეთილი და სტუმართმოყვარე ტაქსისტის წყალობით საოჯახო სასტუმროში გავმწესდით სულის მოსაბრუნებლად. გზად გავიარეთ თითქმის მთელი ქალაქი და გული დამწყდა, რომ ოზურგეთს არც 2004 წლის რევოლუციის კვალი (სხვადასხვა ფერზე შეღებილი შენობები და შადრევანი, თუ არ ჩავთვლით რეაბილიტირებულ იუსტიციის სახლს) და არც ახალი ხელისუფლების მოსვლის ნიშანწყალი ატყვია. დღემდე მაწუხებს, რატომ იჩაგრება ყოველთვის გურია, რომელსაც წარმოშობით გურული პრეზიდენტიც კი არ წყალობდა. ჩემი ყრმა ბავშვობის შემდეგ, სამწუხაროდ ოზურგეთში არც ინფრასტრუქტურა შეცვლილა და არც რომელიმე ნაგებობაა რეაბილიტირებული თუნდაც გარედან მტერს და ჩემისთანა ინტრიგანს რომ დაუბნელოს თვალი.
სასწრაფოდ სარეაბილიტაციოა ოზურგეთის უძველესი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელშიც ისე წვიმს და ცივა, როგორც გარეთ. ასეთ პირობებში ძნელია რაიმე მოსთხოვო ამ თეატრის მსახიობს, ან მაყურებელს, რომელიც მინიმუმ ემანსიპირებული ცისტიტით დატოვებს დარბაზს.
ოზურგეთის თეატრის ნახევრად ცარიელ დარბაზში ოთარ ბაღათურიას სავიზიტო ბარათადქცეული პიესა „მეფე ლირი თავშესაფარში“ ვნახეთ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ოთარ კუტალაძემ დადგა. ეს პიესა თითქმის ყველა ქართულ სცენაზე დაიდგა და გასაგებია რატომაც. პიესა საშუალებას იძლევა მასში მონაწილეობა მიიღოს თეატრის დასის ყველა თაობამ. ძირითადად, ამ სპექტაკლს უხუცესი მსახიობების საბენეფისოდ დგამენ, ოზურგეთის თეატრს მართლაც ჰყავს უხუცესი მსახიობები, მაგრამ ისინი სხვა თეატრების უხუცესებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი უფრო მხნედ გამოიყურებიან, გამართულად მეტყველებენ და ენერგიულად მოძრაობენ სცენაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სპექტაკლიდან დამრჩა ეს ოზურგეთის თეატრის დასია, რომელსაც პოტენციურად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ამ კონკრეტულ სპექტაკლში გამოვლინდა.
რეჟისორი ოთარ კუტალაძე დადგმისას მთლიანად დაეყრდნო ლიტერატურულ პირველწყაროს და თითქმის არ შეიმჩნევა არავითარი გადახვევა პიესისი სიუჟეტიდან. შესაბამისად, ამბავი არ იკარგება და ბოლომდე იკითხება პიესის ყველა შრე (თუკი ასეთი არსებობს), თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი მდორედ და შენელებული ტემპო-რიტმით ვითარდება.
მთლიანობაში კი, როგორც ჩანს, ოზურგეთის თეატრს კარგი დასი ჰყავს, მსახიობები გამართული მეტყველებით გამოირჩევიან, (რაც იშვიათობაა თანამედროვე ქართულ თეატრში),ასევე მოჭარბებული ენერგიით და პროფესიული განვითარების წადილით. საერთო სურათი ერთი შეხედვით და პირველადი შთაბეჭდილებით ასეთია ამ თეატრში, თუმცა როგორც ყველგან, აქაც მოიძებნებიან პროფესიისადმი გულგრილებიც და თავდადებულებიც, ამის შემჩნევა სპექტაკლში ძალიან მარტივია. მაგალითად, მსახიობი მარგარიტა ავარქიანი მაშინაც მუშაობს, როცა მას სცენა არ აქვს სათამაშო და თითქოს მაყურებლის თვალი სხვების მოქმედებისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ ის იქცევს ყურადღებას და არა ის, ვისაც მიყავს კონკრეტული ეპიზოდი. მოხუცი ანიკოს როლი ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი ლია მარტიაშვილი მხატვრული სახეა პიესაში, მას ფაქტიურად ტექსტი არ აქვს, მისი გმირის ხასიათი მხოლოდ ერთ ეპიზოდში-შვილთან სატელეფონო საუბარში ვლინდება, თანაც ისე, რომ ის ერთ სიტყვასაც არ წარმოსთქვამს, აქ ყველაფერი მსახიობის უნარზე და მის ხელთარსებულ გამომსახველობით საშუალებებზეა დამოკიდებული, ამ მსახიობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო ემოციური მუხტი შემოეტანა სპექტაკლში და მისი გმირი ისე წარმოჩენილიყო მაყურებლის თვალსაწიერში, როგორც ეს პიესაშია. საინტერესო, სახასიათო სახეს ქმნის სპექტაკლში კლარას როლის შემსრულებელი შორენა გვენცაძე, რომელიც მუნჯს თამაშობს. მოულოდნელი იყო მსახიობის ალაპარაკებულ ამპლუაშიც ნახვა, ორი სხვადასხვა პასაჟი და სიტუაცია მსახიობს გმირის ხასიათის მრავალფეროვნად გამოხატვაში ეხმარება, რასაც წარმატებით ართმევს თავს შორენა გვენცაძე. გამორჩეულად ითამაშეს მსახიობებმა: თემურ კვირკველია (სანდრო) და ბელა კიკვაძემ (დოდო). ზომიერება და სიფრთხილე ემოციურობაში - აი, რის გამოც დარჩა მათ მიერ შესრულებული მხატვრული სახეები მაყურებლისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი. ასევე არ შეიძლება არ დაგამახსოვრდეს თეატრის მმართველის ზაზა ჯინჭარაძის მიერ შესრულებული უცნობი ჩინოვნიკის როლი, რომელიც დახვეწილი ინტონაციით და მჭექარე ხმის ტემბრით გამახსოვრდება.
ოზურგეთის თეატრს მრავალი მიმართულებით სჭირდება დახმარება: ხელისშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან, მეტი ყურადღება საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და სათეატრო კრიტიკისაგან. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება მორალური უფლება მოვთხოვოთ თეატრს მეტი, ვიდრე დღეს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04