არაახალგაზრდული მოზარდმაყურებელთა თეატრი
21-05-2013, 20:13

თეა კახიანი

 

უნდა ვაღიარო,  ჩემი პრაქტიკული თეატრმცოდნეობითი გამოცდილების  10 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ თუნდაც ერთი რეცენზია ან უბრალოდ მიმოხილვა დამეწერა თბილისის ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლებსა თუ პრობლემატიკაზე.  რასაკვირველია ეს ფაქტი  მავანისთვის მრავალმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საფუძველს იძლევა,  მაგრამ თუ გულწრფელობის მაღალ ხარისხს მივმართავთ, ვიტყვით, რომ ამ წლების  განმავლობაში თითქმის არც არაფერი იყო დასაწერი. ხოლო თუ მაინცადამაინც კალამსა თუ კლავიატურას მოიმარჯვებდი, არა იმ იმედით რომ ყურადღებას დაიმსახურებდი და  რამეს, თუნდაც უმცირესს შეცვლიდი უკეთესობისაკენ... ჩემთვის კი, როგორც თეატრმცოდნისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვიცოდე ან თუნდაც გუმანით ვგრძნობდე, რომ ის რასაც ვწერ, უტილიტარულ ხასიათს ატარებს და სულ მცირე, წერილის ადრესატისთვის მაინც არის მნიშვნელოვანი. 

 

თეატრში მომხდარი საკადრო ცვლილებები, პირველ რიგში, სწორედ აღნიშნული დამოკიდებულების შეცვლას გვპირდება.  მომავლის რწმენით დაწერილი ეს წერილი თეატრის ახალი მმართველის, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „ირინეს ბედნიერებას“ ეხება. დავით კლდიაშვილის ნაწარმოების პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში 20 აპრილს გაიმართა და სურვილი გამიჩინა დამერღვია ტრადიცია და რამდენიმე სიტყვით მეთქვა საკუთარი აზრი მის შესახებ. ჩვენი საიტის მკითხველისთვის გამეზიარებინა ჩემი სპონტანური თუ მოგვიანებით „დავარცხნილი“  შთაბეჭდილებები. თუმცა სპექტაკლის ანალიზს არც ახლა ვაპირებ და ერთ, ჩემი აზრით, თეატრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას.

 

ქართული დრამატურგიის კლასიკოსის  დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები, დიდი ხანია, რაც ასეთი ზედმიწევნითი ორიგინალობით აღარ იდგმება. ზედმიწევნით ორიგინალობაში ვგულისხმობ პიესაშივე არსებული ფორმის და ენის სპეციფიკის შენარჩუნებას. რეჟისორები ბოლო რამდენიმე  ათწლეულის განმავლობაში ცდილობენ თანამედროვეობის აზროვნებითი მოდელების, განსაკუთრებით კი ენობრივი სტრუქტურების გათვალისწინებას და მათ შეხამებას კლდიაშვილის  უკვდავ და შესაბამისად სტატიკურ ნაწარმოებებთან.  მოგეხსენებათ ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის იცვლება და ვითარდება.  ამიტომ დროის გარკვეულ მონაკვეთში დაწერილი ტექსტები თანდათან შორდებიან თანამედროვეობას, ზოგჯერ გაუგებარნიც ხდებიან და მეტ განმარტებასაც საჭიროებენ.  ჩვენი ისტორიის მანძილზე არაერთი  საზოგადო მოღვაწე მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა ენის რეფორმას. სალიტერატურო ენის ცხოვრებასთან დაახლოების პროცესი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ისევ აქტუალურია და ქართულმა ლიტერატურამ ამ გამოწვევას თამამად და დამაჯერებლად უპასუხა.  თეატრში იგივე პროცესი შედარებით ფრთხილად, მაგრამ უწყვეტად მიმდინარეობს. უნდა ითქვას, რომ ერთის მხრივ, ლიტერატურა ბევრად უფრო ინტიმურია და მეტის უფლება შეიძლება მისცეს საკუთარ თავს, ვიდრე თეატრმა - თეატრის საჯარო სივრცე თითქოს მაინც მიღებული ეტიკეტის დაცვისკენ გვექაჩება - მაგრამ მეორეს მხრივ, ლიტერატურა იტევს ჰაგიოგრაფიული და კლასიკური ტექსტების  “სიმძიმეს”, მეტიც, სწორედ წერისა და გამოხატვის სტილთა ამ მრავალფეროვნებით კიდევ უფრო საინტერესო ხდება ის.  თეატრში კი საქმე სხვანაირად გვაქვს, ძალიან რთული წარმოსადგენია „შუშანიკის წამება“ იგივე  „ წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“  ცურტაველისეული ენით  ვინმემ სცენაზე განახორციელოს და მსუბუქი კომედიის გარდა რამე სხვა მიიღოს.  ამიტომ თეატრი ყოველთვის ავანგარდში თუ ვერ ჩადგება, ადექვატური მაინც უნდა იყოს დროსთან და მაყურებელთან  მიმართებაში.    

 

რასაკვირველია, ეს მოცემულობა ისეთ დოგმად  ვერ იქცევა,  რომელსაც ვერცერთი კონკრეტული რეჟისორი ვერ გადაუხვევს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დროის მოთხოვნების გათვალისწინება  რეჟისორის არჩევანსაც და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გაწეულ შრომის აზრსაც  მეტად გასაგებს  ხდის.

 

ცნობილია, რომ რუსთაველის თეატრში თემურ ჩხეიძისა და რობერტ სტურუას მიერ განხორციელებულ „სამანიშვილის დედინაცვალს“ სწორედ თანამედროვე გადაწყვეტამ მოუტანა განსაკუთრებული ხიბლი და პოპულარობა. კლდიაშვილის ნაწარმოების  სცენურ ვერსიაში მაყურებლის თვალწინ ცოცხლდებოდნენ  ლიტერატურული  პერსონაჟები, თითქოს სამუზეუმო ექსპონატები  თანამედროვე გამოყენებას პოულობდნენ.   თანამედროვე ურთიერთობების ფორმისა  და უკვე ისტორიის საკუთრების ვირტუოზული სახიერი მონაცვლეობა მაყურებელს ეხმარებოდა დღევანდელობასთან მოეხდინა შედარება და კლდიაშვილის ნაწარმოებში არსებული პრობლემატიკა მეტად გაეცნობიერებინა.

 

თანამედროვეობის გათვალისწინება მისი შემადგენელი კომპონენტებით, იქნება ეს ურთიერთობების ფორმა, ყოფაცხოვრების  სტილი თუ გემოვნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება ახალგაზრდობას.  მოზარდ- მაყურებელთა თეატრის ფუნქცია, დანიშნულება სწორედ ახალგაზრდობასთან თეატრის ენით კომუნიკაციაა. თეატრის ეს ოდითგანვე  განსაზღვრული სპეციფიკა შეუძლებელია რეჟისორს არ კარნახობდეს ნებისმიერი ნაწარმოების დადგმის კონკრეტულ პირობებს. მოზარდმაყურებელთა თეატრი, უფრო მეტად ვიდრე სხვები, უნდა გამოხატავდეს   ახალი თაობის  ინტერესებსა და  დამოკიდებულებებს.  უნდა გამოხატავდეს არა მხოლოდ კლასიკით აღიარებულ, თაობათა მსგავსებებს, არამედ იმას რაც განასხვავებს მათ.   ვეჭვობ, ახალი თაობა „ირინეს ბედნიერების“ პერსონაჟთა ურთიერთობებში  ამ განსხვავებას უფრო აღმოაჩენს ვიდრე  მსგავსებას, განსაკუთრებით აშკარად ეს მამათა და შვილთა, უფროს-უმცროსთა დამოკიდებულებებში ჩანს. რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში კი  ჩვენს სინამდვილეში  მომხდარი ცვლილება სრულიად არ არის გათვალისწინებული. ამიტომ მაყურებლის პერსონაჟებთან იდენტიფიკაცია და თანაგანცდა თავიდანვე შეუძლებელი მგონია.

  

უცვლელ ღირებულებათა გახსენებისას, მკითხველს სტანისლავსკის ცნობილ გამონათქვამსაც შევახსენებ იმის შესახებ, რომ თეატრი საკიდრიდან უნდა იწყებოდეს!  დღეის მდგომარეობით თუ რამე მიღებულ ტრადიციას არღვევს მოზარდმაყურებელთა თეატრი, სწორედ ეს აქსიომად მიღებული პრაქტიკაა. აქ, თეატრი - მოზარდების, ახალგაზრდების თეატრი არა თუ საკიდრიდან არამედ არც ერთი ჩვენთვის ცნობილი სხვა ადგილიდან  არ  იწყება.  ინტერიერი ისეთივეა როგორიც თანამედროვე თაობისთვის გაუგებარი საბჭოთა კავშირის დროს. და თუ იმ დროს ამავე ინტერიერში შ. გაწერელიას „ირინეს ბედნიერება“ იდგმებოდა და საზოგადოებისთვის აქტუალურ, პრობლემატურ თემებს ეხებოდა,  დღეს იგივე „ირინეს ბედნიერება“,  თავისი,  სცენაზე მგდარი მანეკენებად ქცეული ადამიანებით, მხოლოდ ეხამება არსებულ ინტერიერს. 

 

არაახალგაზრდული მოზარდმაყურებელთა თეატრი

 

 

თავს უფლებას მივცემ და შევახსენებ პედაგოგიური გამოცდილების მქონე, შესაბამისად ახალგაზრდებთან მუდმივად უშუალო ურთიერთობაში მყოფ რეჟისორს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომ უკვე მის დაქმემდებარებაში არსებულ თეატრს სჭირდება ახალი კონცეფცია, რომელიც აისახება ყველაფერზე - ინტერიერიდან დაწყებული, შემოქმედებითი პროდუქციით დამთავრებული. სჭირდება  განვითარების ისეთი ხაზი, რომელიც მოსწავლეებს, ზოგადად ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, მიიყვანს ნ. დუმბაძის სახელობის  თეატრში.   მომავლის საუკეთესო ხედვა  სასწავლო დაწესებულებებიდან  (ძირითადად სავალდებულო) კოლექტიური მსვლელობების გარეშე, საკუთარი ინიციატივით ერთიდაიგივე სპექტაკლზე დასასწრებად რამდენიმეჯერ მოსულ თინეიჯერებს გულისხმობს. მესმის, რომ ეს მარტივი  ამოცანა არაა, მაგრამ არც მიუღწეველი ოცნებაა, მითუმეტეს თეატრში არსებობს საკმარისი სამსახიობო რესურსი, „ირინეს ბედნიერება“ ამ მხრივ იმედისმომცემად გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით ირინეს როლის შემსრულებელი მსახიობის ხმის სუსტ მონაცემებს, სამსახიობო ნამუშევრები ამ სპექტაკლში ნამდვილად ავლენს თეატრის განვითარების სასურველ პოტენციალს.  

   

მგონია, რომ თეატრის შემოქმედებით გუნდს მეტი თამამი გადაწყვეტილებები და თუნდაც ტრადიციული თეატრალური ფორმებისაგან დისტანცირება სჭირდება. თაობას, რომელიც ინტერნეტით ინფორმაციის სწრაფ მიღებასა და კინოთეატრებში „3 დ“ ფილმებს მიეჩვია, მხოლოდ ეგზოტიკურ სანახაობად არ უნდა ეჩვენებოდეს თეატრალური წარმოდგენა. რასაკვირველია არანაირი ილუზია არ მაქვს იმისა, რომ თეატრი კონკურენციას გაუწევს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგრამ  ცოცხალი შემოქმედებითი პროცესის განუმეორებელი ხიბლი, ის რამაც ახალ თაობას თეატრი უნდა შეაყვაროს,  მოძველებული თეატრალური ენით არ უნდა დაიფაროს.    სპექტაკლის იდეაც ხომ დაახლოებით იგივეა, დრომოჭმულმა, თანამედროვეობისგან სრულიად აცდენილმა, ტრადიციულად დამკვიდრებულმა  ყოფამ ადამიანები ფიტულებად არ უნდა გადააქციოს.

 

ვიტოვებ იმედს, რომ იდეა აუცილებლად მატერიალიზდება, და პირველ რიგში, იქ სადაც ამ იდეაზე ფიქრობენ!

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა