"ვერნისაჟი"
29-05-2013, 21:46

გვანცა გულიაშვილი

 

ჩემი საუკეთესო მეგობარი

ქართულ თეატრალურ სივრცეში, ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია გასართობი ხასიათის, მსუბუქი კომედიები, ხშირად ამის მთავარ მიზეზად, მსგავსი ტიპის წარმოდგენებისადმი,  საზოგადოების ინტერესი სახელდება.  მაყურებლის სრული უფლებაა მიიღოს სიამოვნება და გაერთოს, განიტვირთოს თეატრში, თუმცა გარდა გართობისა თეატრს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, აჩვენოს მხატვრული ფორმით, ალეგორიისა და გროტესკის გამოყენებით მტკივნეული და ზოგჯერ მწარე რეალობაც. თანამედროვე ცხოვრების რითმი, გამუდმებულად მზარდი კონკურენცია, (რომელსაც თეატრი ტელე, თუ ინტერნეტ მასკულტურისაგან განიცდის), აიძულებს თეატრის რეჟისორს მაქსიმალურად გაითვალისწინოს მაყურებლის დაკვეთა და შესაბამისად თანამედროვე ქართულ თეატრშიც მსუბუქი რეკრეაციული ფუნქცია დღეს უდაოდ დომინანტია. ამის საწინააღმდეგოდ, ვანო ხუციშვილი არ ღალატობს საკუთარ ხელწერას და მაყურებელს კვლავ სთავაზობს, ღრმა, საინტერესო და დამაფიქრებელ წარმოდგენას. თავისუფალი თეატრის სცენაზე ვაცლავ ჰაველის ”ვერნისაჟის” მიხედვით ახალი სპექტაკლი დაიდგა.

 

"ვერნისაჟი"

 

 ვაცლავ ჰაველი, როგორც მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ადამიანი, ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იყო. ის არ ყოფილა მხოლოდ მწერალი, დრამატურგი, ან თუნდაც პოლიტიკოსი. ” ადამიანი წინასწარ არ გეგმავს, რომ ერთი წელი მოქალაქე იქნება, მომდევნო წელს კი- მწერალი” აღნიშნავდა თავად ჰაველი. მისი მკვეთრად გამოხატული მოქალაქეობრივი პოზიციის გამო არაერთგზის დევნილი და თავისუფლება აღკვეთილი, ბოლომდე დარჩა საკუთარი იდეალების ერთგული, შეიტანა უდიდესი წვლილი ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარებაში და დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო დრამატურგიული თუ ესეისტური მემკვიდრეობა. 1963 წლიდან აქტურად იწყება ჰაველის პიესების  გასცენიურება. მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო საკუთარ სამშობლოში ხშირად ექმნებოდა ბარიერები, თუმცა ევროპის არაერთი თეატრი აქტიურად დგამდა ჰაველის პიესებზე სპექტაკლებს. 1978 წელს სახელმწიფოსთვის „ძირგამომთხრელი“ საქმიანობისთვის ჰაველი დააპატიმრეს და სწორედ ამის საპასუხოდ ვენაში დაიდგა მისი ”პროტესტი”, ხოლო ვარშავაში სამი პიესა: ”აუდიენცია”, ”ვერნისაჟი” და ”პროტესტი”. 1989 წლიდან ჰაველი სათავეში ჩაუდგა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა გაერიანებას და დაიწყო რევოლუცია თეატრში, მისი გათავისუფლება იდეოლოგიური მარწუხებისაგან. ამ გაერთიანებას ჰქონდა ეპიგრაფი: ”ნუთუ ეს შესაძლებელია?” რაზედაც ვაცლავ ჰაველი პასუხობდა: ”პოლიტიკა შეუძლებელის ხელოვნებაა.”

 

ვაცლავ ჰაველის ”ვერნისაჟი” პირველად ვარშავაში ითამაშეს გასული საუკუნის 70-იან წლებში. 2013 წლის გაზაფხულზე კი საქართველოში თავისუფალი თეატრის სცენაზე თამაშობენ  ამავე პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს ”ჩემი საუკეთესო მეგობარი.” პრობლემა რომელიც პიესაშია დასმული აქტუალურია დღესაც და იქნებ დღეს კიდევ უფრო მეტად... ადამიანი, რომელმაც დაკარგა ძირითადი მეტაფიზიკური რწმენა, აბსოლუტის გრძნობა, დამოკიდებულება მარადიულისადმი, აზრი, შეგრძნება, ანუ მტკიცე საფუძველი ფეხქვეშ. ეს არის სულიერება დაკარგული მატერიალიზმი, სადაც ნივთები ფლობენ ადამიანებს და არა პირიქით... სამყარო, რომელიც მხოლოდ შეთხზულ,  გამოგონილ ბედნიერებას ეფუძნება, სადაც ადამიანი სრული უიმედობის, უმომავლობის განცდას ზედაპირული კეთილდღეობით ნიღბავს. ფასადური ბედნიერება, რომელმაც საზოგადოებრივი აზრი უნდა შექმნას, მთლიანად ანადგურებს პიროვნების ღირებულებებს და მათი გადაგვარებითა და დეგრადირებით ქმნის  ადამიანური არსებობის აფსურდულ სურათს.

 

 მიხალისა ადა ვერას ოჯახი სახელმწიფოს მიკრომოდელია. აქ ყველა ნივთს საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი ადგილი აქვს. ყველაფერი დიდი შრომისა და რუდუნების ფასადაა შექმნილი. ბინის პატრონებისათვის კი ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი აღარაფერი არსებობს. გოთური მადონა-კედლის პატარა ნიშაში, თურქული ხანჯალი ბუხრის თავზე და ძველი ეკლესიიდან საგანგებოდ, თუ საიდუმლოდ მღვდლისგან ნაყიდი ბაროკოს სტილის სააღსარებო... რაც მთავარია ეს ყველაფერი იქმნება არა თავად მეპატრონეთა სიამოვნებისთვის არამედ  საზოგადოების თვალის ასახვევად, მეგობარი უნდა მოვიდეს სტუმრად... მეგობარი-საზოგადოება, რომლისთვისაც შეიქმნა იდეალურად მოწყობილი ბინა-იდეალური სახელმწიფოს მოდელი...  მეგობარი ბედი(ბედრჟიხი) ინტელიგენტის რაფინირებული გარეგნობით, ოდნავ დაბნეული, მაგრამ თითქოს უფრო თავისუფალი ვიდრე მასპინძელი, ყვავილებით ასაჩუქრებს დიასახლისს და ბინას მოავლებს თვალს. აქ, ყველაფერი განუახლებიათ! ვერასა და მიხალის მოლოდინით სავსე წუთებს ცვლის იმ წუთებით ტკბობის ბედნიერება, როცა საკუთარი ”შემოქმედება” შეგიძლია წარუდგინო უახლოეს მეგობარს-”როცა აქაურობას ვაწყობდი, ხშირად ვფიქრობდი შენზე, რას იტყოდი, როცა ნახავდი...” აი, რისთვის წვალობს მიხალი, რა უდევს საფუძვლად მის მონდომებას, შექმნას ბინა უმაღლესი გემოვნებითა და კომფორტით, აქ ყველაფერი მხოლოდ გარეშე თვალის მოტყუებისათვის გაკეთდა. ეს არ არის ალეგორია რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური წყობისა თუ რეჟიმის, ეს უფრო ზოგადად იმ ტიპის სახელმწიფო პოლიტიკის  გაქილიკებაა, სადაც ხელოვნურად ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან იდეალური წყობილების განცდა, სადაც თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, ამ ყველაფრის შექმნაში კი უდიდესი შრომაა ჩადებული, მაგრამ ნივთების და ზოგადად უკიდურესი მატერიალიზმის უკან დიდი სიცარიელეა, აბსურდი, რომელსაც მოუცავს ადამიანური არსებობა. ბედი გაოგნებულია, ვერ ხვდება რას ასწავლიან მიხალი და ვერა. გამუდმებით უკიჟინებენ მიბაძოს მათ და შეუდგეს საკუთარი ცხოვრების დალაგებას, თუმცა ბედს სულაც არ ეჩვენება, რომ მას რამე აქვს არეული, არ ეთაკილება ქარხანაში მუშაობა და არც საყვარელ ქალთან დაულაგებელი ურთიერთობა მიაჩნია აბსოლუტურ ტრაგედიად, ან იქნებ ისიც თავს იტყუებს? -”მე ყველაფერ კარგად მაქვს...” 

 

"ვერნისაჟი"

 

რელიგიური ნიჰილიზმის თემა, საინტერესო და მძაფრი მიზანსცენით შემოაქვს რეჟისორს სპექტაკლში. ძველი სააღსარებოდან სათითაოდ ამოღებული და ამოკითხული სხვათა ცოდვები ვერას, მიხალისა და საბოლოოდ ბედის მხიარულების მიზეზი ხდება... არის მათ არსებობაში ტკივილი, გამოგონილი ბედნიერების მოულოდნელი, წამიერი დაკარგვის განცდისას, მაგრამ ადამიანის სურვილი გადაირჩინოს თავი, გამუდმებით მიისწრაფვის საკუთარი თავის მოტყუებისაკენ. მაგრამ ბედი მაინც ვერ ხვდება რაშია მიხალისა და ვერას ბედნიერების ქვაკუთხედი, გრძნობს რომ მთელი მათი არაჯანსაღი მისწრაფება, როგორმე დაარწმუნონ რომ ბედნიერება თუნდაც კეთილმოწყობილ ბინაშია, მასში დათრგუნვას იწვევს, ეს პროტესტი სულაც არაა. ეს უუნარობის განცდაა. მიხალი თვლის რომ ”ადამიანი ისე ცხოვრობს როგორც ბინა აქვს მოწყობილი...” ვერა კი ამაყია საკუთარი ქმრით რადგან ”მხოლოდ ნივთების სიყვარული არ არის საკმარისი, ამას შნო და შესაძლებლობა სჭირდება...”  და ეს ყოველივე მის მიხალს გენიალურად გამოსდის, აი ბენს კი მსგავსი უნარები(შნო, შესაძლებლობა) არც გააჩნია და არც მათი გარდაუვალი აუცილებლობისა სჯერა. მიხალი თავს იწონებს საკუთარი ბინით, მეუღლის მიმზიდველი სხეულით, ვერას კულინარიული და ინტიმური ფანტაზიებითა და მიღწევებით და სულაც არ ეხამუშება ვნება რომელიც აშკარაა ვერასა და ბედს შორის და რომელიც კარგა ხნის ფარულ ურთიერთობას წააგავს. მიხალისათვის მთავარია, რომ მისი მეუღლე უზადო გარეგნობის ქალია და რა მოხდა თუკი მისი სურვილი ვერც ბედს დაუთრგუნავს საკუთარ თავში. ვერას პერსონაჟი ერთი შეხედვით მსხვერპლს მოგაგონებთ, ეს ქალია რომელიც თითქოს მეუღლის აკვიატებულ იდეებს ემონება და ემორჩილება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ დიდი ინტრიგაც დევს მის ქალურ მომხიბვლელობასა და ზრახვებში, შესაძლოა თავად ვერაა როგორც მაცდუნებელი ქალის სიმბოლო, მიზეზი მიხალის პარანოიისა... ბედი კი კვლავ განიცდის, ითრგუნება უჭირს გამორკვევა, ის საზოგადოების იმ ნაწილის სიმბოლოა, რომელსაც თითქოს სურს შეინარჩუნოს სულიერება, არ დაემონოს მატერიალისტურ, პრაგმატულ ფასეულობებს, მაგრამ  არ ჰყოფნის ბოლომდე ბრძოლის ნებისყოფა... მიხალი  ბედისათვის ცდილობს უფრო ნათელი გახდეს მისი არსებობის მთავარი ფორმულა და რეზინის ხელთათმანმომარჯვებული შეუდგება ვაშლის თქვლეფას ცხოველური ჟინით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანსცენაა, სადაც რეჟისორი მთავარ შტრიხს უსვამს ხაზს, მიხალი, როგორც ცხოველი, ის მიირთმევს ვაშლს, მაგრამ ამის საპირისპიროდ ის ბედს უხსნის, რომ ადამიანისთვის არ უნდა იყოს სულერთი რას ჭამს, როგორ ან საიდან... ” ეს არის მისი არსებობის დისონანსი!

 

ბავშვი-მომავლის სიმბოლო!

მიხალსა და ვერას ფასადურ ბედნიერებაში, შვილიც ისეთივე ფანტაზიის ნაყოფია, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი გყავდეს შვილი, ის თავისუფლად შეგიძლია გამოიგონო, მთავრაია გესმოდეს თუ რა უნდა შეუქმნა, რა სტარტი უნდა მოუმზადო შენს შვილს, როგორ სოციუმსა და მატერიალურ კეთილდღეობას შეუქმნი მას, აი. რა არის მთავრი.  ამ შემთხვევაშიც რეჟისორი ალეგორულად  აკრიტიკებს  სახელმწიფოს მოდელს, რომელსაც მომავალი არ გააჩნია, მაგრამ ამ მომავლისათვის ზრუნავს, უკიდურესად ყალბი, დამთრგუნველი და ზედაპირული ფასეულობებით. ბავშვის იმიტირებას ვერა მთელი არსებით ცდილობს და ბედიც თითქოს სადღაც იჯერებს კიდეც რომ ამ ”სვებედნიერ” ოჯახში ახალი სიცოცხლე იზრდება, ბედი მოტყუებული საზოგადოებაა, რომელსაც მომავლის იმედს, მასზე ზრუნვის აუცილებლობას ახვევენ თავს, სწორედ მაშინ, როცა მომავალი უბრალოდ არ არსებობს!

 

რთულია ცალსახად განისაზღვროს სპექტაკლის ფინალური სცენა. ამ შემთხვევაში რეჟისორმა მთლიანად მაყურებლის ფანტაზიას, შეხედულებებს, წვდომის უნარს მიანდო წარმოდგენის დასასრულის გააზრება. ერთი შეხედვით ვერა და მიხალი საკუთარ გამონაგონ ბედნიერებაში იგუდებიან გაზით, მეორეს მხრივ კი იქმნება ილუზია, რომ მათ დაღუპვაში ბედის ხელი ურევია. ბედის თვითმკვლელობა კი იმ ბრძოლის დასასრულს ჰგავს, სადაც გამარჯვებული მხარე არ არსებობს, რადგან  ნებისმიერი გაბრძოლება პოლიტიკური წყობილების მანკიერების წინააღმდეგ, როგორც წესი სისხლსა და მსხვერპლს მოითხოვს...

 

პროფესიული  ოსტატობის თვალსაზრისით, სპექტაკლის სამივე მსახიობი, შეიძლება ითქვას, თანაბრად იმსახურებს დადებით შეფასებას. მიხალის როლის შემსრულებელი შაკო მირიანაშვილი ქმნის მანიაკალური ფსიქოზით დაავადებული პედანტის სახეს. მისი მანერულობა (ზედა ტუჩის ქაჩვა, თუ არაადეკვატური სიცილი), არ სცდება ზომიერების ფარგლებს. ვერას პერსონაჟს შედარებით გამოუცდელი ნუცა სულაბერიძე განასახიერებს, გარკვეულ მომენტებში თითქოს დამაჯერებლობის პრობლემას ვერ ლახავს მსახიობი, მაგრამ წარმოდგენის განვითარების პარალელურად, მისი როგორც პერსონაჟის, განვითარებაც ხდება და მასახიობიც უკეთ ავლენს პროფესიულ შესაძლებლობებს.  ბედრჟიხს-ილია ქორქაშვილი განასახიერებს. ის ზუსტად ირგებს დაბნეული, შეშინებული, ვნებასაყოლილი ახალგაზრდა მამაკაცის ხასიათს, შესაძლოა, უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდეს მაყურებელს ამ პერსონაჟის მიმართ, მაგრამ სწორედ მის გაურკვევლობასა და პასიურობაშია, რეჟისორული ჩანაფიქრის მთავარი ინტრიგა, ის ერთის მხრივ მთავარი ფიგურაა, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაზე სუსტი, როგორც გაპიროვნებული სიმბოლო საზოგადოების, რომელსაც უჭირს რეალობაში  გამორკვევა.

 

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ვანო ხუციშვილის სპექტაკლებისათვის, განსაკუთრებულად დამახასიათებელია დროის, აქტუალური პრობლემების და საზოგადოებისათვის მტკივნეული თემების მძაფრი განცდა. ეს  ალღოა, რომლითაც შეიძლება მხოლოდ იამაყოს ნებისმიერმა რეჟისორმა. დღეს, როცა ნებსით თუ ინებლიედ ხდება გარკვეულ პროცესებში ადამიენების ჩართვა, მათთვის ბოლომდე აღუქმელი და ხშირად დამაბნეველი ფსევდოღირებულებების თავს მოხვევა და მანიპულირება, სპექტაკლი _” ჩემი საუკეთესო მეგობარი”, თავისუფლად, შეიძლება ჩაითვალოს, საუკეთესო მეგობრულ რჩევად რეჟისორისგან.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა