დაგვიანებული ჰაველი
29-05-2013, 21:50

 

 

გიორგი ყაჯრიშვილი

 

 „სამყარო არსებობს, მის გამეორებას აზრი არა აქვს“

კაზიმირ ედშმიტი.

 

ყველაფერი თავის წრეზე ბრუნდება.  ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ „ჰარი-ჰარალო“, დიმპი-ტაურ-ტაურ-ტაურ და ინფორმაციულ, კომპიუტერულ-მობილურ-აიპედურ სამყაროში ვიხილავდით ისეთ სპექტაკლს, რომელიც ჩაგაფიქრებდა, თუნდაც გონზე მოგიყვანდა და რაც მთავარია გარდასულ დროთა მიმართ ადრე განცდილ  სიძულვილს გაგახსენებდა. დაიშალა კომუნისტური სამყარო - თან წიღო ძველი ტკივილი და ჩვენი ახალგაზრდობის წლებიც... ვისწავლეთ კი რაიმე, გამოვიტანეთ თუ არა დასკვნები?

 „თავისუფალ თეატრში“ დადგმული ახალი სპექტაკლი „ჩემი საუკეთესო მეგობარი“  სწორედ ამ დროში გვაბრუნებს. დროშიც და ადგილშიც, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა ხომ ჩეხოსლოვაკიისგან არაფრით განსხვავდებოდა.  ვაკვირდები ახალგაზრდა რეჟისორის ვანო ხუციშვილის შემოქმედების დასაწყისს და ასე მეჩვენება რომ იგი „კომფორტულად“ გრძნობს თავს „თავისუფალი თეატრის“  მეტად უცნაურ თეატრალურ  გარემოში.  კულისებისა და  ფარდის არქონა, ნაკლებად  ღრმა სასცენო სივრცე სულაც არ უშლის  მას განახორციელოს თავისი ჩანაფიქრები. ორმაგი სცენები სცენაზე, უკანა იარუსები და ასევე სხვადასხვა ტექნიკური სასცენო საშუალებები სრულადაა გამოყენებული რეჟიოსორისა და სპექტაკლის მხატვრის მიერ. ის თეატრალური ფორმა და ხშირად პირობითობაც, რაც ამ სათეატრო სივრცეში არსებობს განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს, როგორც პირველ რიგში მსახიობების, ასევე მაყურებელთა წინაშე. „ნახევრად“ ინტიმური გარემო (მხედველობაში მაქვს პერსონაჟთა სიახლოვე დარბაზთან) საპასუხისმგებლოცაა და სარისკოც. სცენასთან სიახლოვის გამო მსახიობთა მიერ დაშვებულ შეცდომებს ან უზუსტობას მაყურებელი ზუსტად ისევე აღიქვამს, როგორც თვით შემსრულებელი. „თოჯინების სახლისა“  და „საძაღლის“  შემდეგ ვ. ჰაველის პიესის დადგმა ვ. ხუციშვილის მიერ კიდევ ერთი წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯია. ჩემი აზრით რეჟისორმა გაიზიარა XX საუკუნის დასაწყისის გერმანული ესპრესიონისტული თეატრის ტრადიციები და ამ სტილში შექმნა ვ. ჰაველის „ვერნისაჟის“ ქართული ვერსია - „ჩემი  საუკეთესო მეგობარი“-ს  სახელით. სცენაზე განლაგებულ დეკორაციასა და უამრავ, ყველგან მოფენილ ნივთებს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ ეპოქაში გადავყავართ. კედელზე წითელი საათი წიკწიკებს და ცოცხალ დროს გვიჩვენებს (სადღაც უკვე ვნახე  ეს - მგონი პ. ციკოლის სპექტაკლში „Holland,  Holland“). მალე ცოცხალი გმირებიც გამოჩნდებიან. ისინი სამნი არიან, ალბათ წარსულში ყოფილი „სამკუთხედიც“  კი. თუმცა ამას მხოლოდ რამოდენიმე მინიშნება ადასტურებს. მათი გამოჩენა შეხვედრა და საუბარი ორ პლანზი მიმდინარეობს და ზოგჯერ ეს საუბრები ემთხვევა და იკვეთება, იქამდე ვიდრე ბედრჟიხი - ილია ქორქაშვილი კარებზე არ მიუკაკუნებთ და სტუმრად არ ეწვევა მიხალი - შაკო მირიანაშვილის და ვერა - ნუცა სულაბერიძის ოჯახურ წყვილს. ჩვენ ვეშვებით დეტექტურ-მისტიკურ-აბსურდულ გარემოსა და მოვლენებში, რომელიც პიესის ავტორმა საკუთარ ბიოგრაფიაში მოიძია და შესანიშნავ მხატვრულ ფორმაში მოაქცია. აი, რამდენად აქტუალურია იგი დღეს ეს სხვა თემაა და ამაზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ის, რომ სახეზეა ანტიკომუნისტური, პოლიტიკურად შეფერადებული, ფსიქოლოგიური დრამის ფორმით მოწოდებული პიესა ეს უდაოა. სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს ახასიათებს მეტაფორული აზროვნება და ამიტომაც სცენის გარემო, მუსიკა, უამრავი დეტალი, ტექნიკური საშუალებები და რაც მთავარია მსახიობთა თამაში ამას ადასტურებს. შემსრულებელთა გრიმასები, ხმის ტონალობა და ტემბრის ცვლა, გახდა-ჩაცმა, პარიკის მოხსნა და დახურვა - ყველაფერი თავისთავად რეჟისორის მიერ მიგნებული და აწყობილი მეტაფორაა და მათ ამოცნობას ზოგ შემთხვევაში დიდი ძალისხმევა სჭირდება. რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ ყველა მაყურებელი ხვდებოდეს დამდგმელი რეჟისორის ამგვარ წიაღსვლებს. ასევე შეიძლება ვცდები, მაგრამ მომეჩვენა, რომ არა ერთი მათგანი ხელს უშლის კიდევაც მსახიობს უფრო ჩაუღრმავდეს საკუთრ პერსონაჟის ხასიათს და მის გრძნობათა ბუნებას. ზედმეტი ყურადღების გადატანა გარეგან ფაქტორებზე არღვევს შინაგან რიტმს და იქმნება საშიშროება, რომ შემსრულებელი რეჟისორის „მარიონეტად“ იქცეს. (ასეთი შემთხვევები თანამედროვე ქართულ  თეატრში არც  თუ იშვიათია). ჩვენ ვნახეთ დამღლელი (და არა მოსაწყენი) სპექტაკლი - არ მინდა რომ ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ვიყო რეჟისორის მიმართ, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია, მაგრამ ამდენადვე არ მინდა რომ ეს მას სტილად ექცეს - მშვენიერება უბრალოებაშიც  გამოიხატება. 

 

დაგვიანებული ჰაველი

 

 ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებები რომელიც შეიძლება შენიშვნად ამოიკითხონ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რაც სცენაზე ხდება ჩემთვის მოუღებელი იყო. პირიქით - სპექტაკლის შემოქმედმა ჯგუფმა დიდი წარმატებით გაართვა თავი რეჟისორის ჩანაფიქრს და მის მიერ დასახულ ამოცანას. ამ დავალებათა სირთულის მიუხედავად ყოველი მსახიობი თამაშობს მოზღვავებული  ენერგიით, ექსპრესიით და უდიდესი სიზუსტით. როგორც უკვე აღვნიშნე მათ იმდენი „სამუშაო“ აქვთ ერთდროულად შესასრულებელი, რასაკვირველი არა მხოლოდ რეჟისორის მიერ შეთავაზებული, არამედ საკუთარიც, როლის ინტერპრეტაციიდან მომდინარე, რომ ბევრს სხვას ალბათ გაუჭირდებოდა ასეთი რთული ამოცანის  ასე წარმატებით გადაწყვეტა. მიუხედავად სპექტაკლის ხანმოკლეობისა სამივე მათგანი სულ სცენაზეა, სულ ქმედებაში ასე ვთქვათ სულ „შემოქმედებით წვაშია“,  რაც დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია.

 

მიხალი - შაკო მირიანაშვილი ნერვიული, ექსტაზური, ზოგჯერ დემაგოგიური და ძალიან კატეგურიულია. მკაცრია ყოფილი მეგობრის და მეუღლის მიმართაც. იგი ერთი მხრივ „კომუნისტების“  წინააღმდეგია, მაგრამ საკუთარ თავში მაინც ვერ თოკავს დიქტატორულ თვისებებს. ძალადობას ძალადობით ვერ შეცვლი. თუ „მათთან“, როგორც თვითონ ამბობს, თანამშრომლობა ძალადობით არის მიღწეული, მიხალის ბედრჟიხზე ზემოქმედებაც ძალადობის გზით ხორციელდება. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა შედეგს ვერ აღწევს. ბედრჟიხი აქ მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ „არ შეისმინოს“ მათი შთაგონება და უფრო მეტიც მიაღწიოს სწორედ იმ ფინალს, რითაც ეს წარმოდგენა სრულდება. ძნელია იპოვო ვინაა მართალი და ვინაა დამარცხებული. ცხადია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით ვ. ჰაველმა მონახა ამაზე პასუხი.  

 

პოლიტიკური „სრულყოფილების“ მიუხედავად  ვერა - ნუცა სულაბერიძე მსხვერპლია, ისევე როგორს ალბათ  ევა (ბედრჟიხის  მეუღლე, რომელიც არც ჩნდება სპექტაკლში). მისი ხშირი სახეცვლილებები (ფეხსაცმლით და პარიკით მანიპულირება) გაშიშვლება და სახეზე ნიღბის ჩამოფარება იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ შერჩენია გაბრძოლების უნარი, თუმცა არა ყოველთვის.

 

„ნიღაბი“ შემთხვევით არ ვახსენე: მიხალი ისევე როგორც ბედრჟიხი ნიღბებს ატარებენ - ექსპრესიონისტული თეატრის დამახასიათებელ ნიშანს.  მიხალის ნიღაბი შეშლილის გამოხატულებაა, გადმოკარკლული თვალებით, ავადმოყოფური სიფითრით სახეზე, ასევე ავადმყოფური ჟესტებით - გავიხსენოთ თუნდაც ვაშლის „შთანთქმის“  სცენა  და ქვედა ტუჩის გამუდმებული ხელით წვალება.

 ბედრჟიხის  ნიღაბიც ფერმკრთალია, მაგრამ ფრთხილი, მაცდური, თითქოს დაბნეული და უცოდველი, მაგრამ შეშინებული, რომელიც გაფაციცებით ელოდება მომენტს, რომ მზაკვრული გეგმა - „კომუნისტების“ მიერ შეკვეთილი დავალება განახორციელოს.

 ვერას ნიღაბი აგრესიულია, ცოცხალი, იდეურად მძლავრი, ხშირად ცვალებადი, მაგრამ არა რბილი და სენტიმენტალური. იგი კ. ტარანტინოს ცნობილი ფილმის „მაკულატურის“ ნარკოტიკებით გაბრუებულ პერსონაჟს ჩამოგავს, მასსავით იარაღად ქცეულს სხვის ხელში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის შუა ნაწილი - სცენა ბავშვით. სამივე მსახიობმა შეძლო უნაკლოდ გაეთამაშებინა ეს მისტიკურ-სიმბოლისტური ეპიზოდი, სადაც შინაგანი ექსპრესია უმაღლეს დონეს აღწევს და დამაჯერებლობის ხარისხი მაქსიმუმამდეა აყვანილი. მაყურებელიც იჯერებს, რომ ჩვენს წინაშე მართლა ბავშვია, რომელზედაც  ასე ზრუნავენ მშობლები და მათი სიტყვებით რომ ვთქვათ - ოჯახი საზოგადოების აუცილებელი უჯრედი სრულია მაშინ, როცა იქ ბავშვია - თუნდაც ასეთი.

 

დაგვიანებული ჰაველი

 

პიესის ტექსტში ვლინდება დრამატურგის გენიალური ნიჭი მეტაფორული ხერხებით წარმოაჩინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა. თავისთავად  სპექტაკლშიც ყოველივე ამას და პოლიტიკურ ალეგორიებს განსაკუთრებული ადგილი  ეთმობა: სახლის მოწყობა - ქვეყნის მოწყობად ასოცირდება, მოწესრიგებული ადამიანი, სახლში რომ დროზე ბრუნდება, სამაგალითო ქვეყნის სამაგალითო ოჯახად, ეკლესია - აღსარებისა და განწმენდის მაგალითად, ცინიზმი კომუნისტურ მორალზე - ოჯახი ქვეყნისა და საზოგადოების ბურჯია, არასწორი ცხოვრება - „აპოლიტიკურობაა“  და აშ და აშ.  ქარხანაში - „მათთან“ მუშაობა კომუნისტობას რომ ნიშნავდა დრამატურგმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ამდენად მისი პროტესტი მსგავსი მსოფლმხედველობის მიმართ გასაგებია,. სწორედ ეს ორი  მსოფლმხედველობა ეჯახება ერთმანეთს მიხალი-ვერას და ბედრჟიხის  სახით.

 ბედრჟიხი თავიდანვე მართვადია - მას ხშირად აკონტროლებენ „ჩემები“ - როგორც თვითონ მოიხსენიებს - ოჯახის წევრები კი არა კომუნისტები უნდა იყვნენ, რომელიც მისგან დავალების შესრულებას მოითხოვენ, ხოლო ძველი მეგობრები კი ცდილობენ იმ საქმიდან გამოიხსნან, სადაც „თავისდაუნებურად“ აღმოჩნდა.

 

რეჟისორი მარჯვედ იყენებს მხატვრის  თეო კუხიანიძის მიერ შესრულებულ და აგებულ კონსტრუქციებს. მისი მეშვეობით ვ. ხუციშვილი ქმნის სხვადასხვა გარემოს განსხვავებული აზრებისა და მოქმედებების გამოსახატად. მაგიდაზე ასვლა - უპირატესობის მოპოვება, კარადაში დამალვა - მზაკვრული აზრების განსახორციელებლად, ქვევით ჩაძრომა - დამალვა, მოულოდნელობის, თავდასხმის ეფექტის მისაღწევად, კარადის სარკმელიდან გამოჭვრეტა - აღსარების სათქმელად და სხვისი ჩანაწერების გამოსამზეურებლად. ამ დეფორმაციულ  სამყაროში (კვლავ ექსპესიონიზმის ნიშანი) ყველაფერი მოსულა, სადაც უზნეობა სუფევს, სადაც ასე ადვილია „შენს საუკეთესო მეგობარს“ ჯიბიდან იარაღი მოპარო და ვაზნები ამოაცალო, სადაც ასევე ადვილია კარები ჩაკეტო  და იქ დარჩენილები გაზით გაგუდო. ასეთი ტიპის კინემატოგრაფიულობაც ისევ ექსპრესიონისტული თეატრის ელემენტებს შეიცავს. ხომ ცნობილია რომ ეს მიმართულება განსაკუთრებით იმდროინდელ გერმანულ კინოში გამოვლინდა, სადაც შიშის, ნიღბის მორგების, დეფორმაციის, ფორმათა სტილიზაციის, ეგზალტაციისა  და გროტესკის  ეფექტი  კინოკამერის მეშვეობით უფრო ადვილად მიიღწეოდა.

სპექტაკლის დასასრულს ჩემმა ერთმა კოლეგამ მითხრა -  „ძალიან დავითრგუნეო“ - ექსპრესიონისტული თეატრის  კიდევ ერთი ნიშანი. მან მაყურებელში აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სიძულვილი!

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა