ქალები, ქალები...სამეფო უბნის თეატრის გლოვის დღის წინასწარმეტყველება...
7-06-2013, 15:13

გიორგი ყაჯრიშვილი

 

სამეფო უბნის თეატრის სცენაზე  გლოვას „თამაშობენ“. ყველას წრე შეუკრავს, მაყურებელსაც და მთავარ ჭირისუფალთაც- ისინი ხუთნი არიან - მგლოვიარე ქალები, მსოფლიოს ყველა ჭირისუფალ ქალს რომ განასახიერებენ. კატო კალატოზიშვილის სამგლოვიარო მოძახილი გრძელ და უხერხულ პაუზას არღვევს და გუგულის ხმის თანხლებით მწუხრ და გულის ჩამწვდომ ისტორიას მოგვითხრობს. ხუთივე მათგანს ხუთჯერ ხუთი ისტორია აქვს მოსაყოლი - „გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო?“. 

სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებთ - ალბათ თბილი განცდა იმისა, რომ ცოცხლები გადაურჩნენ ძალადობას, მაგრამ სულ მალე ეს ღიმილი ტანჯვითა და ცრემლებით შეიცვლება. შუაში მიცვალებული ასვენია და არა ერთი ... ჩვენ წინ ჩაივლის ყველა იმ ქვრივ, შვილ-ძმამკვდარ ქალთა ამბავი, რომელიც უხსოვარი დროიდან ლეგენდების სახით გადაეცემა თაობიდან თაობას:  ტროელი ქალები, ლისისტრატა და მისი მეგობრები, დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლ, გმირ ქალთა ტრაგედიები დღევანდელ დღემდე.

 

ქალები, ქალები...სამეფო უბნის თეატრის  გლოვის დღის წინასწარმეტყველება...

 

სპექტაკლის დამდგმელმა ჯგუფმა კლასიკური ნაწარმოებები (ევრიპიდე, აკუტაგავა) დოკუმენტური თანამედროვე ამბებით გააერთიანა და ერთ გრძელ და მძიმე ისტორიად ააგო. დრამატურგ დ. გაბუნიას არ გაჭირვებია ამ ისტორიების მოძიება - ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ხდება მთელს მსოფლიოში. პაციფისტური, ანტიმილიტარისტული სპექტაკლი - პერფორმანსი ერთგვარი აქციაა ასეთი მოძრაობისა და მსოფლმხედველობის მხარდასაჭერად.

სპექტაკლის შემდეგ ერთმა კინორეჟისორმა საუბარში შედარების მიზნით საავტორი კინო ახსენა - არ შემიძლია მხარი არ დავუჭირო ამ აზრს და დავამატებ რომ სამეფო უბნის თეატრის წარმოდგენა „ტროელი ქალები“ სწორედაც რომ საავტორო სპექტაკლია იმ გაგებით, რომ მთელმა შემოქმედებითმა კოლექტივმა (რეჟისორი, დრამატურგი, კომპოზიტორი, მსახიობები) შეძლო საკუთარი სათქმელი ზუსტად მიეტანა მაყურებლამდე, რომელიც მათი ჭირის გამზიარებელი, მათსავით ჭირისუფალი აღმოჩნდა და სულგანაბული უსმენდა და უცქეროდა ამ სანახაობას. ხუთივე მათგანის მოთხრობილი ისტორია იმ ფონზე მიმდინარეობს, რასაც ჩვენ გლოვას ვეძახით, როცა სიკვდილის, როგორც ასეთის, აღქმის შემდეგ ჭირისუფალი ერთიდაიმავეს გაჰყვირის გამუდმებით, ვინაიდან საკუთარი ტრაგედიის გამოსახატად სხვა სიტყვებს ვეღარ პოულობს. ეს სწორედ ის გლოვაა, რასაც ხშირად ვხვდებით ჩვენს გარშემო.  ტრაგიკული ამბები კი ერთმანეთს  ცვლის:  9 აპრილი, შვილის სიკვდილი, ძმაზე და ქმარზე თვდასხმა და მსხვერპლად შეწირვა, დის თვითმკვლელობა და აი, ჩვენს წინაშე ეს ჭირისუფალნიც იხოცებიან. ამ, საბედისწერო სამგლოვიარო წრეში თანდათან იზრდება მიცვალებულთა რიცხვი. რეჟისორ დ. თავაძეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს მაყურებელი იმ შეგრძნებამდე, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა და მხოლოდ საკუთარი გმირული საქციელით შეგიძლია იგი გაახანგრძლივო. ჩვენს წინაშე გმირ ქალთა ისტორიაა, რომელნიც ყველაზე ხშირად ხდებოდნენ და ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი - მაგრამ სამყარო მაინც იმ ტროელ, იაპონელ, ქართველ და მთელი მსოფლიოს ქალებზე დგას, რომელთაც ეს ქვეყანა ჩვენამდე მოიტანეს.

 

ქალები, ქალები...სამეფო უბნის თეატრის  გლოვის დღის წინასწარმეტყველება...

 

დათა თავაძის რეჟისურა  თანდათან იკრებს ძალებს - დ. გაბუნიას „სხვისი შვილები“ ა. სტრინბერგის „ფრეკენ ჟული“, ახლა კი დ. გაბუნიას „ტროელი ქალები“ უდაოდ იწვევს ინტერესს და ადასტურებს, რომ ჩვენს წინაშეა ნიჭიერი, უკვე ჩამოყალიბებული საკუთარი ხელწერის რეჟისორი, რომელსაც ხელეწიფება როგორც კლასიკა - მსოფლიო დრამატურგია, ასევე თანამედროვე პიესის ხორცშესხმა. „ტროელ ქალებში“  მან შეგნებულად აარიდა თავი დეკორაციას, ზედმეტ დეტალებსა თუ ტექნიკურ საშუალებებს. სცენაზეა მხოლოდ ის, რაც მსახიობებს სჭირდებათ - ყვავილები - სამგლოვიარო პროცედურების აუცილებელი ატრიბუტი და წყალი (სულის მოსათქმელად და ზოგჯერ გონზე მოსაყვანადაც) – „წყალი აპკურეთ!“.

 

ქალები, ქალები...სამეფო უბნის თეატრის  გლოვის დღის წინასწარმეტყველება...

 

რეჟისორი და მსახიობები ახერხებენ მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ ჟესტით, მხოლოდ გამომეტყველებითა და პლასტიკით, და რასაკვირველია ქმედებით მიაღწიონ იმას, რაც  ჩვენში თანაგრძნობას, თანაგანცდას, სიბრალულს და ამ  ქალთა მთელი კოჰორტის პატივისცემას იწვევს. ნ. კახიძე, კ. კალატოზიშვილი, მ. ლებანიძე, ს. მაისაშვილი,  ქ. შათირიშვილი ერთი წუთითაც არ არიან უმოქმედოდ. მათ მიერ ჩატარებული ყველა ეპიზოდი თუ სცენა ცალკ-ცალკე ან წყვილში, ან  ერთად, გამოირჩევა უდიდესი ფილიგრანული  სამსახიობო ტექნიკით და გიკვირს კიდევაც როგორ აღწევენ ამას მსახიობები, რომლებიც  სულ ცოტა ხანი (სამი-ოთხიოდე წელი) დგანან სცენაზე. მაგ. ანტიკური თეატრის ფორმით შესრულებული ქოროსა და ქეთა შათირიშვილის - პროტოგონისტის დაპირისპირება; შესანიშნავი სცენა სტროფისა და ანტისტროფის გამოყენება და კონფლიქტი პიროვნებასა და ქოროს შორის; ს. მაისაშვილის მიერ უმაღლეს ემოციურ დონეზე შესრულებული ერთ-ერთი საფინალო სცენა, მაგიდაზე დის თვითმკვლელობის შესახებ, სადაც მსახიობი ისეთ დამაჯერებლობას აღწევს, რომ ცოცხლად წარმოიდგენ აყვავებულ მსხლის ხეზე ჩამოკიდებულ უსულო სხეულს, რომელსაც ერთი „ტუფლი“ დავარდნია ძირს და წრეც შეიკვრება. მ. ლებანიძის  „აბდა-აბდად“- ნერვიულად  მოყოლილი, ქმრის სახლში დაბრუნება, შემდგომ მისი დაპატიმრება, მოკვლა და თვითაბორტი და იმ გრძნობათა ბუნების „გადმონთხლევა“ მაყურებლის წინაშე რაც მისი პერსონაჟის სულში ტრიალებს; კ. კალატოზიშვილის მიერ მოთხრობილი პირველი მენსტრუაციის შედეგად განცდილი განგაში და შიში, ქეთა შათირიშვილის უდიდესი ტრაგიზმით აღსავსე შვილის მსხვერპლშეწირვის სცენა, ნ. კახიძის მიერ ექსპრესიითა და შინაგანი მღელვარებით გათამაშებული ქალაქის დაბომბვის ამბავი და აშ და აშ.  მაგრამ გლოვაც მოითხოვს ამოსუნთქვას, ერთგვარ განტვირთვას და მსახიობებიც  იწყებენ ამჯერად „ფერთა თამაშს“ - აქტიურ ქმედებას  თეატრალური ფორმით, მაყურებლის (თუმცა პასიური) ჩართვით, ამავდროულად ცდილობენ სული მოითქვან გაერიდონ რეალობას.

 

დათა თავაძის რეჟისურაში,  ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ერთი მხრივ ფსიქოლოგიური თეატრის ელემენტებთან, მეორე მხრივ ამ გრძნობათა ბუნების გამოხატვის ახალ ფორმათა ძიებასთან. რეჟისორი მსახიობებს ისეთ ამოცანას აძლევს რომ პლასტიკა, მიმიკა, გამომეტყველება და რაც მთავარია მოძრაობა საშუალებას აძლევთ ჩაუღრმავდნენ პერსონაჟის ხასიათს, მონახონ მისთვის საჭირო შინაგანი რიტმი (ვს. მეიერხოლდი), მოძრაობა და ტემპერამენტი (ა. ახმეტელი) ფსიქოლოგიური (კ. მარჯანიშვილი - მ. თუმანიშვილი) განსხეულება. ამით იგი ძალზე ახლოს დგას მის ერთ-ერთ საყვარელ რეჟისორთან მ. მარმარინოსთან, ვისმა გაკვეთილებმაც („R+J, მესამე განზომილება“) ძლიერი კვალი დატოვა დ. თავაძის  ამჟამინდელ შემოქმედებაზე.

დ. გაბუნიას დრამატურგია არაა მოკლებული მისტიკურობას და ფანტასმაგორიულ საწყისებს - „საპნის ოპუსი“ „სხვისი შვილები“, თუმცა შემდგომი ეტაპი - „რამოდენიმე დამამძიმებელი გარემოება“, „Holland, Holland“  უფრო რეალისტურ-ყოფითი თეატრისკენ იხრება, „ტოელი ქალებიც“ რეალისტური და დოკუმენტური თეატრის ნიშნებს ატარებს, რაც თანადროულობას მატებს მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს.

 

ცოცხალი ისტორია, მოთხრობილი სცენიდან, განსაკუთრებით მათ, ვინც ეს ამბავი ძალიან კარგად იცის, აბრუნებს იმ რეალობაში, რომ „ცხოვრება თეატრია“. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რატომ უნდა აღელვებდეს ესოდენ ახალგაზრდა რეჟისორსა და დრამატურგს მსგავსი, ურთულესად გადასაჭრელი პრობლემები, რომლებსაც ეს წლები მიუძღვნეს? პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი კი უდაოა. ორივე შემოქმედი ზუსტად გრძნობს დროსა  და მოვლენებს. უმალვე ეხმაურება დღევანდელი დღის მიერ „თავსმოხვეულ“ თუ „შემოგდებულ“, წამოჭრილ თუ ბუნებრივად გაჩენილ პრობლემებს და ადექვატური რეაგირების გზით ასახავს  საკუთარ შემოქმედებაში.

 

 ქალები, ქალები...სამეფო უბნის თეატრის  გლოვის დღის წინასწარმეტყველება...

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა