"ჩემი საუკეთესო მეგობარი” – პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებას
7-06-2013, 19:54

თამუნა კამლაძე

 

თავისუფალ თეატრში, ვაცლავ ჰაველის პიესის “ვერნისაჟის” მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ჩემი საუკეთესო მეგობარი” რეჟისორ ვანო ხუციშვილს  შემთხვევით არ შეურჩევია. სპექტაკლი საქართველოში არსებულ, მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს უსვამს ხაზს. დღეს, როდესაც მტყუან-მართალი ვერ გაგვირჩევია, როდესაც არ ვიცით ვისი მხარე დავიჭიროთ, როდესაც ერთი მეორეს გადაბირებისათვის ყველაფერზეა წამსვლელი, სპექტაკლი კიდევ უფრო მძაფრად გვიჩვენებს პოლიტიკის მანკიერ მხარეებს.

ვაცლავ ჰაველი, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ბავშვობიდან თავისი ოჯახის პოლიტიკურ მოვლენებში მძაფრი ჩართულობის გამო, მათი ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო იდევნებოდა. კომუნისტურმა რეჟიმმა ჰაველს გასაქანი არაფერში მისცა, ის მუდმივი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, შემდგომში, ჩეხეთის საზოგადოება ბევრ კეთილ საქმეს სწორედ მას უნდა უმადლოდეს, ჰაველის  პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად წინ წავიდა და დემოკრატიულ სახელმწოფოდ ჩამოყალიბდა.

ჰაველის თეატრალური კარიერა თეატრის ასისტენტობიდან დაიწყო. პარალელურად კი პრაღის თეატრალურ აკადემიაში დრამის ხელოვნებას სწავლობდა. მის კალამს არაერთი პიესა და ესსე ეკუთვნის. მის პიესებში ხშირია “აბსურდის დრამის” ელემენტების არსებობა, ისინი ხომ აბსურდის თეატრშიც იდგმებოდა. პიესა “ვერნისაჟშიც” მინიმალურად მაგრამ მაინც შეიმჩნევა აღნიშნული ხაზი, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ვანო ხუციშვილის სპექატკლში “ჩემი საუკეთესო მეგობარი” ეს ხაზი თითქმის მთლიანად უარყოფილია და ამბავი უფრო რეალისტურ ექსპრესიაშია გადაზრდილი.

ახალგაზრდა, უდაოდ ნიჭიერი რეჟისორი, ყოველთვის შესანიშნავად ართმევს თავს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოცილაისტური პრობლემების საპასუხოდ რეაქცია სცენაზე მოახდინოს და ეს ყველაფერი მაღალ მხატვრულ დონეზე აიყვანოს. დროულად და ზუსტი სიმძაფრით მოგვაწოდოს პროდუქტი, რომელიც ხალხს ამა თუ იმ პრობლემის უკეთ დანახვის, გააზრების საშულაებას მისცემს. მისი სპექტაკლები არ არის ზოგადად ყველა ტიპის მაყურებლისათვის, რადგან ისინი საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიურ, ალეგორიულ, სიმბოლისტურ დატვირთვაშია და ამ სპექტაკლებს სპეციფიური მაყურებელი სჭირდებათ, უფრო ინტელექტუალი და თეატრალურ სამყაროში ღრმად გათვითცნობიერებული. შეიძლება ითქვას ვანო ხუციშვილის სპექტაკლები შექმნილია თავად რეჟისორის მისწრაფებების, ახირებების, ინტიმური სურვილების თუ რეჟისორული ძიებების დასაკმაყოფილებლად.  ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მის სპექტაკლებს ნელნელა მაყურებელი ხელიდან ეცლება. მინდა გავიხსენო 20-ე საუკუნის უდიდესი პოლონელი რეჟისორი ტადეუშ კანტორი, რომელმაც უდიდესი წვილილი შეიტანა თეატრის ისტორიაში, მხატვრის თეატრის ჩამოყალიბებაში. არაჩვეულებრივ სპექტაკლებს ქმნიდა, თუმცა მაყურებლის სიმრავლით არ გამოირჩეოდა. ზოგჯერ ხდებოდა, რომ 5-10 კაციან დარბაზში თამაშობდნენ. ხანდახან კი სპექტაკლი რამოდენიმე წარმოდგენის შემდეგ იხსნებოდა. ამ ფაქტს არავითარი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია რეჟისორის შემოქმედების დიდებულებაზე და მისი სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა თეატრის ისტორიაში.

 

 "ჩემი საუკეთესო მეგობარი” – პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებას

 

ვანო ხუციშვილის ბოლო დპექტაკლი, რომლის პრემიერაც ამა წლის 22 მაისს შედგა, ვაცლავ ჰაველის “ვერნისაჟის” მიხედვით სახელწოდება და კონცეფციაშეცვლილი “ჩემი საუკეთესო მეგობარი” გახლავთ. წინა სპექტაკლებთან თანხმობაში (“თოჯინების სახლი”, “საძაღლე’) აქაც ნათლად ვხედავთ რეჟსორის განუმეორებელ ხელწერას: მასიური დეკორაცია, რეკვიზიტის სიმრავლე, ნახევრად ბნელი განათება და შეშლილი პერსონაჟები.

სპექტაკლს “ჩემი საუკეთესო მეგობარი” სამი პერსონაჟი ჰყავს: ვერა, მიხალი და ბედრჟიხი (იგივე ბედი). ვერა და მიხალი – ცოლ-ქმარი, სახელმწიფო ძალის სიმბოლო და მათი ბინა ყვეყნის დაპატარავებული სახეა. ისინი მთელი მონდომებით, სიფაქიზით და რუდუნებით აწობენ თავიანთ სამყოფელს სხვადასვა ძვირფასი ნივთებით, სადაც ასევე მნიშვნელოვანია ამ ნივთებისათვის შესაფერისი ადგილის გამოძებნა, რასაც შნო და ლაზათი სჭირდება. ისინი ამ ყველაფერით თავს იწონებენ და სურთ სხვებსაც დაანახონ რა კარგად და ბედნიერად ვცხოვრობთო. ალეგორია, რომელიც გვამცნობს ყველაყანაში არსებულ ერთ დიდ პრობლემას, სადაც შენდება ფეშენებელური შენობები, ნაგებობები, უახლესი მოდელის და დიზაინის ხიდები თუ სხვა, სახლები გარედან ნაირფერადაა შეღებილი, თუმცა იმ უბრალო საზოგადოებამ, რომელიც ამ ყველაფერი მიღმა ცხოვრობს კარგად იცის ასეთი “მოჩვენებითი სილამაზის” უკან რა იმალება - უბედურება, სიმარტოვე, სიდუხჭირე და სიბოროტე. ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლითაც ცდილობენ ხალხის მიზიდვას.

ვერა და მიხალი სტუმრად თავიანთ საუკეთესო მეგობარს ელოდებიან, რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულებით მათ ოპოზიციას წარმოადგენს. სპექტაკლის დასაწყისში ვხედავთ, რომ ისინი ბედთან შესახვედრად რეპეტიციას გადიან, ტექსტს იმეორებენ, თუ რა უნდა უთხრან მას, როგორ შეეცდებიან მის გადმობირებას. Dმიხალი ძლიერი ნებისყოფის, დიქტატორული ბუნების ადამიანია, თავისი მანიაკალური ფსიქოლოგიით თუ მანერებით, ის ოჯახში კატეგორიული და მომთხოვნია, მას თავისი ატმოსფერო აქვს შექმნილი, ის მოძალადეა და ზუსტად ისვე იქცევა როგორც ნებისმიერი მეთაური. (ამ შემთხვევაში ჩემი აპოლიტიკურობიდან გამომდინარე თავს შევიკავებ ზედმეტად ღია და პირდაპირი პარალელების გავლებისაგან დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთან). მიხალი ოჯახში ყველაფერს განაგებს, ყველა ნივთს და ასევე თავის მეუღლეს და ცდილობს თავისი საუკეთესო მეგობარიც თავის მხარეს მოაქციოს.

ვერა- ერთი შეხედვით ბედნიერი ცოლი მიხალისა, რომელსაც თითქოსდა ყველაფერი კარგად აქვს, ქმართან თანაცხოვრებით ბედნიერია, მას ყველა ახირებაში მხარს უბამს. თუმცა მისი კარგად ყოფნა მოჩვენებითია, მას ქმართან ნიღაბი უკეთია, სხვაგვარად არ შეიძლება. მათ ოჯახში ილუზიური ბედნიერება სუფევს, ის, რაც სხვებმა უნდა დაინახონ და მოიწონონ. ვერა არ არის ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამტკიცებენ, რომ საოცარი ცოლ-ქმრული, ინტიმური ურთიერთობა აქვთ, ის ღალატობს კიდევაც ქმარს, თითქოს მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა უნდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ის შეიძლება მსხვერპლადაც მივიჩნიოთ მთელს ამ სიბინძურეში.

აი ისიც, მოსალოდნელი სტუმარი ბედრჟიხი - კომუნისტი, საცოდავი გარეგნობის, გაუბედავი, თითქოსდა თავის ნაჭუჭში შეკეტილი პიროვნება, რომლით მანიპულირება სულ ადვილია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მშიშარაა, მას გამუდმებით აკონტროლებენ, აიძულებენ დავალების შესრულებას. ეს ის “შავი მუშაა”, რომელსაც ყველაზე ბინძურ საქმეებს ანდობენ ხოლმე. და ახლაც, ის თავის საუკეთესო მეგობართან არის  მოგზავნილი. მიხალი და ვერა მის გადარწმუნებას ცდილობენ, აიძულებენ კომუნისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ყველაფერს მიაფურთხოს და მათნაირად იცხოვროს. ისინი არწმუნებენ ბედს, რომ ცუდად ცხოვრობს, რომ უნდა მოიწესრიგოს ცოლთან ურთიერთობა და მოიწყოს ბინა ისევე, როგორც მათ აქვთ. ბედი კი გაუბედავად ირწმუნება რომ მას ყველაფერი ისედაც მოწესრიგებული აქვს და თითქოს ვერ ხვდება რაზე ელაპარაკებიან. ვერა და მიხალი ვერ ახერხებენ მის გადმობირებას.

აღსანიშნავია მიხალის როლის შემსრულებლის შაკო მირიანაშვილის საკმაოდ თამამი ნაბიჯი სამსახიობო ოსტატობაში. ის საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩენს მიხალის გმირს, როლში შეტანილი აქვს ისეთი შტრიხები, რომლებიც ეხმარებიან მას პერსონაჟის მეტად იდენტიფიცირებაში დღევანდელ რეალობაში არსებულ იდენტურ კანდიდატებთან. კერძოდ ის ფსიქო-მანიაკალური მანერულობა, უცნაური ხარხარი, ხმის ტემბრი, რომელიც ხანდახან უკონტროლო ტონალობას აღწევს, ზედა ტუჩის ხელით გამუდმებული წვალება და დაძაბული მზერა. მსახიობს ცსენაზე ნამდვილად ეტყობა, რომ როლზე დიდი მონდომებით აქვს ნამუშევარი. შეიძლება ითქვას სპექტაკლის ბოლომდე მისი პერსონაჟი დაურღვევლად მიჰყვება ხაზს. შაკო მირიანაშვილი საკმაოდ მიახლოებული სიზუსტით გვაჩვენებს გმირს, რომელიც მთელს ამ მარაზმში ჩაძირულია და აქედან თავის დაღწევა უკვე გამორიცხულია (ეს მას ალბათ არც სურს), მხოლოდ სხვების ჩათრევაა შესაძლებელი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაძიროს თავის წუმპეში, რომ უფრო გაძლიერდეს. თუმცა ამნაირი ადამიანების ბედი ყოველთვის ფატალური შედეგით მთავრდება.

ილია ქორქაშვილი (ბედრჟიხი) არაჩვეულებრივი ჰაბიტუსის მქონე მსახიობი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, უფრო კინოგმირად წარმომიდგენია, ვიდრე თეატრის მსახიობად. დასაწყისში თავს თავის ამოცანას ის მთელი სიზუსტით ართმევს, გვაჩვენებს მორიდებულ, პედანტ, სუსტ ადმიანს, რომელსაც სხვები მართავენ, ის იღებს და ათვალიერებს ყველა იმ ნივთს რასაც ცოლ-ქმარი წარუდგენს, დაეწვევა მათ “ვახშამზე”, თითქოს მათ მეგობრულ ურთიერთობაში უპრეტენზიოდ უბამს მხარს. მაგრამ ჩვენ ამ გმირის განვითარებას სპექტაკლში ვერ ვხედავთ, ყველაფრის მიუხედავად მისი პერსონაჟი თითქოსდა სპექტაკლში ჩაკარგულია, ამას ალბათ ტექსტისა და მოქმედების სიმცირეც განაპირობებს. უნდა ავღნიშნო, რომ ამ პიესაში ჩემთვის ყველაზე მეტად მოსაწონი პერსონაჟი ბედრჟიხია და მგონია, რომ დიდ არტისტიზმს მოითხოვს, მაგრამ რეჟისორმა, როგორც სჩანს, ამ როლისათვის ძალები დაიშურა. ილიას გმირზე ერთი გენიალური ფილმი გამახსენდა - სემ პეკინპას “ჩალის ძაღლები”, სადაც დასტინ ჰოფმანს არაჩვეულებრივი როლი აქვს შექმნილი. მისი პერსონაჟი დასაწყისში უსუსური, მორიდებული, უპრინციპო, გამაღიზიანებლად წყნარი და გაუბედავია, ხოლო ფინალისკენ ის საოცარ მეტამორფოზას განიცდის, მისი გმირი ვითარდება, ვხედავთ საოცარ სახეცვლილებას, ეს უწყინარი ადამიანი მებრძოლი სულისკვეთების ადამიანად გარდაიქმნება, იარაღსაც კი იღებს ხელში და თავისი პრინციპის დასაცავად სასწაულს სჩადის. მგონია, რომ ილიას პერსონაჟიც მას უნდა ჰგავდეს, მთელი სპექტაკლი ელოდები, რომ ახლა ამ პერსონაჟში რაღაც რადიკალური გარდატეხა მოხდება, როდესაც მასზე უკვე აშკარა ძალადობას და ზეწოლას აქვს ადგილი, როცა მას უკვე აშაკარა საშიშროება ელის,  თითქოს ის უნდა მივიდეს სიგიჟემდე, რომელიც მიხალსა და ვერსა გაუტოლდება, შეიძლება გადააჭარბებს კიდეც. შამწუხაროდ გმირის ამგვარ განვითარებას სპექტაკლში ვერ ვხედავთ. უნდა ითქვას, რომ ილიას შემთხვევაში საკმაოდ რთული ამოცანაა დასახული და არც ისე იოლია ამ ყველაფერს წერტილ-წერტილ მიჰყვე. მთლიანობაში მისი შექმნილი გმირი აკმაყოფილებს პერსონაჟის მიმართულებას.

 

"ჩემი საუკეთესო მეგობარი” – პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებას

 

რაც შეეხება ნუცა სულაბერიძეს (ვერა), მინდა საკმაოდ პოზიტიური შეფასება მივცე ამ მსახიობს. მიუხედავად იმისა რომ მის თამაშს ჯერ კიდევ გამოუცდელი მსახიობის ნიშნები ეტყობა, არაჩვეულებრივად ახერხებს პარტნიორულად აბსოლუტურად ზუსტად აუბას მხარი დანარჩენ ორ მსახიობს და არ ჩამორჩეს მათ. აღასანიშნავია მისი სცენა “ბავშვი”, ჩემის აზრით ყველაზე ემოციური სცენა სპექტაკლში (და ალბათ ერთადერთი). არ ვიცი რა მანქანების დახმარებით, მაგრამ მსახიობი აქ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გვიჩვენებს, დედისა და ჩვილის მონაცვლეობას, ხან ბავშვი ტირის ხანაც კი შეშლილი დედა ლაპარაკობს. საკმაოდ რთული ამოცანაა ერთი მსახიობი სწრაფი მონაცვლეობით განასახიერებდეს ერთად ორ გმირს, თანაც ისე რომ ერთმანეთში არ აერიოს, ან რომელიმეში არ შერჩეს. ბავშვის ხმით ტირილი, ეს ისეთი ამაღელვებელი და შემაძრწუნებელია. დედა განასახიერებს თავის არდაბადებულ შვილს, რომელიც მის ფანტაზიაში უკვე არსებობს. ამ სცენაში ნამდვილად სჩანს მსახიობის მაღალი ტექნიკის შესაძლებლობები.

რეჟისორს სპექტაკლში მთელი სისრულით აქვს გადმოცემული ქვეყანაში გამეფებული ჩახლართული სიტუაციები და ამბები. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებები. დაუნდობელი მხარეები. სპექტაკლში მოჩვენებითი ჰარმონია სუფევს, რის მიღმაც დიდი დაძაბულობა იმალება. ვანო ხუციშვილი გამოირჩევა არაჩვეულებრივი, სიღრმისეული და საინტერესო მიზანსცენებით. ავღნიშნავ სააღსარებოს სცენას, სადაც მსახიობებს სააღსარებო გამოაქვთ, რომელიც ერთი მღვდლისაგან შეიძინეს. ისინი სააღსარებოდან რიგრიგობით იღებენ ფურცელზე დაწერილ ცოდვებს და ხმამაღლა კითხულობენ. კითხულობენ ისე, თითქოს ეს მათ თარ ეხებათ და ეს ყველაფერი სადღაც, მათ მიღმა ხდება. არადა ეს ცოდვები მათია, ეს ის ცოდვებია რომლებსაც ყოველ კვირა ეკლესიაში ინანიებენ... ასევე “ბავშვის” სცენა, რომელიც ზემოთაც ავღნიშნე, საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა და რაღაც განსაკუთრებული და ახალია რეჟსიროის ხელწერაში. ბავშვი – მომავლის სიმბოლო, რომელიც ქვეყანას არ მოვლინებია, “სახელმწიფო”, რომელსაც მომავალი არ აქვს. მსგავსად იმ უმომავლოდ დატოვებული მანკიერი და მახინჯი საზოგადოებისა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს აქვს თავის პროზაულ ნაწარმოებში “კაცია-ადამიანი?!”. აქ ლუარსაბს და დარეჯანს მან მემკვიდრე არ მისცა და ასე დატოვა მომავლის გარეშე საზოგადოების ის მანკიერი მხარე, რომელიც ყველა დროში არსებობს.

სპექტაკლის დეკორაცია მასიური და მრავალგამოყენებადია. თავისი მოძრავი ნაწილებით, კარზე სარკმლებით და ა.შ. შეიძლება ითქვას ეს დეკორაცია ერთგვარი ნაზავია რეჟისორის წინა სპექტაკლების “თოჯინების სახლისა” და “საძაღლისა”. პირველი სპექტაკლის შემთხვევაში, როგორც სცენაზე სცენა და “საძაღლის” შემთხვევაში, როგორც წრეზე მოძრავი კონსტრუქცია. დასაწყისში დიდი მაგიდა, დროდადრო სხვადასვა დანიშნულებას იძენს. მიუხედავად არაჩვეულებრივი სცენის მხატვრობისა, რომელიც შესანიშნავად ერწყმის რეჟისურას, მგონია, რომ დეკორაციის ამდენი გადაადგილება, ფორმის შეცვლა თუ კარის დახურვა-გაღება, რასაც მთლიანად მსახიობები ართმევენ თავს, ხელს უშლით მათ მთელი ყურადღება როლზე გადაანაწილლონ, მეტიც, აგდებს მათ იმ რიტმიდან, რომელიც შესანარჩუნებელი აქვთ მთელი სპექტაკლის მანძილზე და წარმოქმნის ერთგვარ დისონანსს. სპექტაკლის მიმდინარეობის განმავლობაში საკმაოდ ხშირადაც კი  მოძრაობს კონსტრუქცია, მაყურებლის ყურადღებაც უნებლიედ გადადის დეკორაციის “რახა-რუხზე” და ეს ყურადღება აკლდება სპექტაკლის იდეის აღქმას. თუ გავითვალისწინებთ რეჟისორის წინა სპექტაკლებს, ამ სპექტაკლშიც მის ერთგვარ ხელწერას ვიგრძნობთ.

სცენის ცენტრში, უკანა კედელზე კიდია წითელი საათი, რომელიც მიმდინარე დროს აჩვენებს. კიდევ ერთი მეტაფორა, რომ ეს ყველაფერი რასაც სცენაზე ვხედავთ, დღეს - ჩვენს ყვეყანაში ხდება, ამ პროცესის პარალელურად. სპექტაკლის საფინალო ნაწილში ნათელი ხდება, რომ არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული. ვერა და მიხალი ჩაკეტილ სახლში გაზით იგუდებიან, ბედი კი იარაღით იკლავს თავს.

 საქართველოში მორიგი საპროტესტო აქციისას ინტერნეტ სივრცესი გამოქვეყნდა ერთი შეძრწუნებული მოქალაქის ამგვარი წერილი: “ქართულო თეატრებო რატომ დუმხართ? რატომ არ იღებთ უკვე ამდენი დღის მერე ხმას? თუ ეს ძალადობა თქვენ არ გეხებათ და თქვენი საქმე არაა? რატომ არ მოითხოვთ ძალადობის დაგმობას? თუ თქვენთვისაც ძალადობის დაგმობა შერჩევითაა და მარტო იმ პოპულისტურ დაგმობებს ემსახურება საითკენაც უმრავლესობის აზრია… რატომ ხართ ჩუმად და არაფერს ამბობთ ბარბაროსად ქცეული ეკლესიის ქმედებებზე და სახელმწიფოს მხრიდან ამაზე თვალის დახუჭვაზე?... ხმა ამოიღეთ!!! თქვენ ხომ შეგიძლიათ, ყოველშემთხვევაში ხომ უნდა შეგეძლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის მიმართულების მიცემა! რატომ ხართ ჩუმად? საითკენ ხართ?” – თეატრი არასოდეს არის ჩუმად, ის თავის სათქმელს სცენიდან ამბობს, დრამატურგები ყვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პიესებს ქმნიან, რეჟისორები კი სპექტაკლს აკეთებენ, რომელიც ერთგვარი რეაგირებაა რეალურად არსებული სიტუაციისა, პრობლემისა. ვანო ხუციშვილის ეს სპექტაკლიც ის ზუსტი და თანადროული საპასუხო რეაქციაა, ის პროტესტია და ის ამაღლებული სიტყვაა, რომელსაც საზოგადოება ასე მოითხოვს თეატრისაგან!

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა