გიორგი ყაჯრიშვილი
თეატრის მოღვაწეთა კავშირი უკვე ორი წელია ორ თარიღს ზეიმობს: 14 იანვარს ქართულ და 27 მარტს - საერთაშორისო თეატრის დღეს. „ზეიმობს“ სამწუხაროდ პირობითი შეფასებაა, ვინაიდან რაც ჩვენ, მომსწრეებმა, ამ დღეებში ვნახეთ ნამდვილად ზეიმს ვერ დაარქმევთ. პრაქტიკულად ერთიდაიმავე რეჟისურით და ერთიდიგივე წამყვანით ჩატარებული საღამოები იმდენად უღიმღამო იყო, რომ მიჭირს კიდეც მისი დეტალების გახსენება. თუმცა, როდესაც ორი სხვადასხვა მსახიობის შემოქმედების გასაშუქებლად ერთიდაიმავე ვიდეოკოლაჟს ატრიალებ (14 იანვარს ნინელი ჭანკვეტაძეს და გოგა პიპინაშვილს) დამეთანხმებით, ნამდვილად სატირალი იყო ვინაიდა სიცილის თავი უკვე არავის ჰქონდა. თავს იმართლებენ ტექნიკური შეცდომის გამოო. ამიტომ არსებობს რეჟისურა, რეპეტიცია და სხვა რამ, რათა მაყურებლის წინაშე ასეთი „შეცდომები“ არ გაცხადდეს. აღარაფერს ვამბობ იმ მოძველებულ ხერხებზე, რომელიც ნეტავ პომპეზურ „საბჭოთა ღონისძიებებს“ მაინც დამსგავსებოდა, სადაც ზეიმი ზეიმს გავდა, ტირილი - ტირილს. ნუ გეგონებათ, რომ „კომუნიზმის“ ნოსტალგია მაწუხებს - სულაც არა. იქ სადაც ქართული თეატრალური საზოგადოება სრული შემადგენლობითაა თავმოყრილი მათი ასეთი უპატივცემულობა საგანგაშოდ მიმაჩნია. რა შეიძლებ იყოს ეს? დარგის, მოვლენის, თარიღისა თუ ზოგად თეატრალური ხელოვნების უგუნვებელყოფა? ჩატარებული „ღონისძიებები“ არ ეკადრება ქართული თეატრალური ხელოვნების არც მიცვალებულ და არც ცოცხალ კორიფეებს. ჩვენ ამ შეხვედრებზე ხომ მხოლოდ იმიტომ დავდივართ, რომ ფართო მაყურებელმა და საზოგადოებამ გავიხსენოთ ამ უდიდეს ტალანტთა შემოქმედება და პატივი მივაგოთ მათ.
მე არ შევუდგები ზოგადად დარიგებული პრემიების შესაბამისობის ანალიზს. ეს არაა ჩემი საქმე. ამისთვის არსებობდა კომპეტენტური ჟიური (ი. ღოღობერიძე, მ. გეგეჭკორი, მ. გურგენიძე, ზ. სოფრომაძე, გ. ბათიაშვილი მ. გეგია, ჯ. ფაჩუაშვილი) რომელთაც ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი და არ შემიძლია არ აღვნიშნო „გადაცდომა“ თუ გნებავთ საკონკურსო ეთიკის დარღვევა უწოდეთ, როდესაც პატივცემულმა ჟიურიმ თავისსავე წევრს კრიტიკის პრიზი მიანიჭა. აქაც შეიძლება შემედაონ, წესდება ამ ფაქტს არ ითვალისწინებსო. ჯერ ერთი წესდება (ავტორი ს. მრევლიშვილი) აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ფაქტორებს, რომელიც შესაძლებელია კონკურსის მიმდინარეობის დროს შეიქმნას. მეორე მხრივ, წესდებაშიც მართლაც და ყველაფერი ვერ ჩაიწერება. მაგრამ ის შემთხვევა, რომ კონკურსის ჟიურის წევრი ამავე კონკურსის მონაწილე ხდება, აპრიორო გადაცდომაცაა და დანაშაულიც. ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ნებისმირი კონკურსის დემოკრატიულობას, ან დახურული კენჭისყრის ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კანის კინოფესტივალის გასული წლის ჟიურის თავმჯდომარეს შონ პენს საკუთარი თავი დაეჯილდოებინა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, რა სიცილსა და აურზაურს გამოიწვევდა კონოდარბაზში. თუმცა მოყვანილი ფაქტი ჟიურის და ამავე ჟიურის მიერ დაჯილდოებული კრიტიკოსის სინდისზე იყოს. დავსძენ, რომ თეატარის მოღვაწეთა კავშირმა ან საქართველო თეატრალურმა საზოგადოებამ, უკვე დავიბენი რა სახელით მოვიხსენიო, თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიბრუნოს და ზუსტად განსაზღვროს ვის ემსახურება თეატრის მოღვაწეებს ანუ შესაბამის თეატრალურ საზოგადოებას თუ საკუთარ თავს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04