თბილისის თეატრალური ფესტივალი "რეალობის ნატიფი გრძნობით"...
10-07-2013, 17:06

9 ივლისს, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, როგით მეხუთე და წესით საიუბილეო, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორებმა, მხარდამჭერებმა და დამფინანსებლებმა საზოგადოებას მომავალი საფესტივალო გეგმები გააცნეს.

 

„რეალობის ნატიფი გრძნობით“ - ფესტივალის ეს სლოგანი გარკვეულ ემოციურ და იდეურ გარსს ქმნის ყველაფრისთვის რაც 19 სექტემბრიდან -8 ოქტომბრამდე მოხდება. საფესტივალო პროგრამა ტრადიციულად საერთაშორისო და ქართული შოუქეისისაგან შედგება. საერთაშორისო სპექტაკლების ავტორებს შორის არის რამდენიმე ყველაზე ცნობილი გვარი თანამედროვე თეატრალურ სამყაროში: თბილისის ფესტივალს ისევ ესტუმრება პოლონური  თეატრი „ოპოლე“ და მაია კლეჩევსკა, რომელმაც გასულ წელს „ღმერთების დაცემით“ და მისი სისასტიკის მსგავსებით მიმდინარე თბილისურ მოვლენებთან, მაყურებელი შოკში ჩააგდო. ამჯერად ფესტივალი კლეჩევსკას რეჟისურით შექსპირის „მაკბეტს“ წარმოგვიდგენს. თბილისი ასევე მასპინძლობს იტალიის პიპო დელბონოს დასს სპექტაკლით „ბრძოლის შემდეგ“ და აღიარებული კანადელი რეჟისორის რობერ ლეპაჟის „მთვარის შორ მხარეს“.  2013 წლის მთავარი საფესტივალო მოვლენა, ალბათ, სწორედ ეს უკანასკნელი გახდება!

 

რაც შეეხება ქართული სპექტაკლების პროგრამას, ბევრი აღნიშნავს, რომ ფესტივალის დაარსების დღიდან თვალსაჩინოა, რომ ის სულ უფრო უკეთესი ხდება. ვერ ვიტყვი ეს დასკვნა კონკრეტულად რა მონაცემებსა თუ კვლევებს ეფუძნება, მაგრამ, უდავოა, ყველა შემოქმედებითი ჯგუფი ელოდება თბილისის საფესტივალო პროგრამით საკუთარი პროდუქციის ჩვენებას  და როგორღაც ემზადება ამისათვის. ეს კი, კარგი სტიმულია ზოგადად, მომავალი შემოქმედებითი ზრდა-განვითარებისათვის.  აქვე შევნიშნავთ, რომ ქართული შოუქეისის 30 სპექტაკლიდან კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის მიერ 9 სპექტაკლია რეკომენდირებული.         

წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ახალ ინიციატივასაც გვთავაზობს. ის ახალი სპექტაკლების შესაქმნელად თანადაფინანსების ახალ პროექტებს გამოაცხადებს 2014 წლისათვის უცხოელი პარტნიორების მოზიდვის მიზნით!

 

ასევე,  19 სექტემბრიდან  8 ოქტომბრამდე,  გაიმართება სემინარები, ვორქშოფები, შეხვედრები მაყურებელთან. ფესტივალის მონაწილეებს ყოველ საღამოს უმასპინძლებს ფესტივალის კლუბი.

 

ჩვენი ვებ ჟურნალი ულოცავს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ხუთი წლის იუბილეს, უსურვებს ეფექტურად დაეძლიოს დროისა და ფინანსების მუდმივი გამოწვევები და რაც მთავარია,  მაყურებელსა და შემოქმედებით ჯგუფებში ყოველთვის  შეექმნას ცოცხალი ინტერესი, დისკუსიის შესაძლებლობა და მომავალი განვითარების აუცილებელი იმპულსი!

 

და ბოლოს, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მთელი ქართული თეატრალური სამყარო მოუთმენლად ელოდება ფესტივალის გახსნას - „რეალობის ნატიფი გრძნობით“!

 

დაწვრილებითი ინფრომაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს თბილისის საერთაშორისო ფესტივალი

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა