VARNA SUMMER
10-07-2013, 21:15

თეა კახიანი

      

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  VARNA SUMMER ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში უკვე 20 წელია  იმართება. წელს, ფესტივალი 1-12 ივნისამდე მიმდინარეობდა და  თან ახლდა თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ახალგაზრდა კრიტიკოსთა სემინარი და კონფერენცია. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა კრიტიკოსებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: მოლდოვა, ჩეხეთი, კორეა, ჩინეთი, საფრანგეთი, მასპინძელი ქვეყანა - ბულგარეთი და საქართველო, რომელსაც კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის რეკომენდაციით მე და გვანცა გულიაშვილი წარმოვადგენდით.

 

თეატრის ახალგაზრდა კრიტიკოსთა სემინარი ფრანგულ და ინგლისურენოვან ჯგუფებად მუშაობდა.  ფრანგული ჯგუფის მონიტორი ჟან-პიერ ჰანი, ხოლო ინგლისურენოვანის - მარკ ბრაუნი გახლდათ.

 

სემინარის შედეგად მიღებული ინფორმაციით უნდა ითქვას, რომ სუბიექტური კმაყოფილება დამეუფლა. კმაყოფილება ეხება ორ ძირითად საკითხს რაც სემინარისა და დისკუსიების  მიმდინარეობისას გამომჟღავნდა: პირველი - კრიტიკის, როგორც პროფესიის პრობლემური მდგომარეობა მხოლოდ ქართული არ არის და ის მარკ ბრაუნის გონებამახვილური შენიშვნის არ იყოს უკვე ყველგან მხოლოდ პროფესიაა და არა საქმე (!) მართალია საქართველოში მდგომარეობა უფრო მძიმედ გვაქვს და პროფესიას თანდათან ჰობი დაერქვა, მაგრამ აქ განსხვავება პრობლემის ხარისხშია და არა არსში. და მეორე - კრიტიკის როგორც პროფესიის ფინანსურმა თუ სხვა ტიპის დაუცველობამ გამოიწვია დარგის ფემინიზაცია, რაც ასევე კმაყოფილების მიზეზად მივიღე, როგორც ქალთა ძლიერი ნებისყოფის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი.

 

რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას და სპექტაკლებს,  წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 სპექტაკლი, რომელთა საუკეთესო ნაწილის ნახვის შესაძლებლობაც მოგვეცა. რამოდენიმე მათგანზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. უნდა აღინიშოს  სოფიას თოჯინების თეატრის სპექტაკლი „HOLY“ (წმინდა).  მასში  ადამიანები, თოჯინები და არც მეტი არც ნაკლები, თანამედროვე ტექნიკის მიღწევები ერთად მოქმედებდნენ.  ქმნიდნენ განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეზავებულს შავი იუმორითა და დაუნდობელი პირდაპირობით. ბოლოს კი სიცოცხლის წარმავლობის განცდას უზარმაზარი, ფუმფულა ბავშვის თოჯინის გამოჩენით ცვლიდნენ...

 

VARNA SUMMER

 

ასევე საინტერესო ნამუშევარი იყო პოლონეთის სახელმწიფო თოჯინების თეატრის „IMMUREMENT (შეიძლება ითარგმნოს როგორც ამოქოლვა) რომელიც ადასტურებს მითოლოგიისა და იუნგის კოლექტიური ქვეცნობიერის უნივერსალურობას. პოლონური სპექტაკლის საფუძველი ზუსტად ისეთი მითია, როგორიც ჩვენი თქმულება სურამის ციხის შესახებ, ძალიან მცირედი კორექტივებით. წარმოდგენა თანამედროვე ცეკვითა და მოძრაობით გამოხატავდა მსხვერპლშეწირვის ამბავს, რომელიც პოლონურად ხიდის, ხოლო ქართულად ციხის აშენებას სჭირდება...

 

VARNA SUMMER

 

და ბოლოს საფესტივალო პროგრამის მოვლენა -  ლუბლიანას თეატრის სპექტაკლი ოსტროვსკის  „ქარიშხალი“  იერნეჯ ლორენცის რეჟისურით. წარმოდეგნა საუკეთესო სამსახიობო შესრულებით, გამორჩეული რეჟისორული გადაწყვეტითა და გამოყენებული ხერხებით, კლასიკისა და თანამედროვის გასაოცარი სინთეზით მიმდინარეობდა. სცენაზე მჯდომ კვინტეტს მრავლისმეტყველი დასახელება ქონდა - „ანსამბლი ვოლგა“.  მის მიერ ფანტასტიურად შესრულებულ კლასიკურ მუსიკას პერიოდულად ერწყმოდა  მოქმედების მანძილზე ყოფითი ცხოვრების მიერ წარმოქმნილი ხმები, რომელიც თავის აპოგეას  მტვერსასრუტის ხმაურით აღწევდა.    ფინალში მთავარი მოქმედი გმირი კატერინა ტანსაცმელს იცვლიდა, ინსტრუმენტს იღებდა და  სწორედ ამ ანსამბლს უერთდებოდა, ასე მოგვაწოდა რეჟისორმა მდინარე ვოლგაში კატერინას თვითმკვლელობის ამბავი, რაც უდავოდ ძალიან საინტერესო, ემოციური და იდეურად დატვირთული აღმოჩნდა.  

 

VARNA SUMMER

  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ ნანახი წარმოდგენების ძირითადი ნაწილის მხატვრული გამოსახვის ხერხი ე.წ. „ვერბათიმი“ იყო, რეჟისორების უმეტესობა ცდილობს შეულამაზებლად მოყვეს დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი, მაგრამ ამავდროულად იგივე რეჟისორები  ცდილობენ გაამდიდრონ გამოხატვის ეს ხერხი სხვადასხვა საშუალებებით, სლაიდშოუებით, პროექციის ახალი შესაძლებლობებით, ხმისა და რიტმის აქცენტირებით.  ფაქტია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში თამაშის პრიორიტეტის უარყოფას ახდენს.

 

სემინარების მიმდინარეობისას ასევე დაგვევალა ერთ-ერთი სპექტაკლის შესახებ მოკლე რეცენზიის დაწერა, რომელიც მოგვიანებით და მოულოდნელად გამოქვეყნდა ფესტივალის ინგლისურენოვან ბიულეტენში.

 

მოკლე შეფასებისთვის შეიძლება ითქვას, რომ   after  VARNA SUMMER  დაგვრჩა თანამედროვე ევროპული თეატრის შემოქმედებითი სახის მოკლე სურათი, უცხოელ კოლეგებთან ბევრი და საინტერესო კონტაქტი, ერთი გამოქვეყნებული რეცენზია, სერთიფიკატი და ბულგარეთის მბრწყინავი ზღვის სანაპიროს დარდი, რადგან დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო სულ ორჯერ მოვახერხეთ სანაპიროზე გასვლა.    

 

 

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს ვარნის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი          

 

          

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა