ვინ უშლის ხელს რუსთავის თეატრის სეზონის გახსნას?!
27-09-2013, 13:54

ლაშა ჩხარტიშვილი

 

უკვე საქართველოში არსებულ ყველა თეატრში დაინიშნულია სამხატვრო ხელმძღვანელები. ხელმძღვანელის გარეშე კი, მხოლოდ რუსთავის თეატრი დარჩა, სადაც სარეკომენდაციო საბჭომ, რომელიც პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი შეარჩია, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასანიშნად წარედგინა. დანიშვნის პროცესს თეატრის დასი, სარეკომენდაციო საბჭო და სრულიად თეატრალური სამყარო თვენახევრის განმავლობაში ელოდა. საბოლოოდ, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, რომელიც ლიგიტიმური ადრესატი არ გახლავთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან ლეილა აფციაურისგან მიიღო ოფიციალური უარი (აქ კიდევ ერთმა პროცედურულმა დარღვევამ იჩინა თავი - მოადგილე არ არის უფლებამოსილი ისაუბროს საკრებულოს თავმჯდომარის სახელით), რომ შერჩეული კანდიდატურა შეუსაბამოა რუსთავის თეატრისთვის, რასაც არ ახლავს არავითარი დასაბუთება და განმარტება.

 

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი  თვითმმართველი ორგანო უხეშად და სრულიად არაკომპეტენტურად ერევა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში. სხვადასხვა სარეკომენდაციო საბჭოების ისტორიაში არ მომხდარა პრეცედენტი, რომ საქართველოს, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის მინისტრებს, ასევე თბილისის მერს, არ გაეზიარებინა თეატრებში სამხატვრო ხელმძრვანელების წარმდგენი სარეკომენდაციო საბჭოების რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, კონკრეტული მინისტრი უჭერდა თუ არა მხარს რეკომენდირებულ კანდიდატურას, არც ერთ მინისტრს (რომლებიც გაცილებით კომპეტენტურები და უფლებამოსილები არიან, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები) არ შეუტანია ეჭვი სარეკომენდაციო საბჭოს მუშაობაში.

შესაბამისად, ჩნდება მოტივირებული ეჭვი, რომ ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელობისთვის თავად თეატრი, მასში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესი ნაკლებად საინტერესოა და ის მიზანმიმართულად უშლის ხელს მის განვითარებას, ხმაური რუსთავის თეატრის ირგვლივ  არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო წლებში იქ პროცესები უმართავია და არაჯანსაღი. ქალაქმა ვერ უზრუნველყო ჯანსაღი ატმოსფეროს და პირობების შექმნა თეატრის მუშაობისთვის. უკვე წლებია რუსთავის თეატრში პროცესები (ადმინისტრაციულ-შემოქმედებითი) სტაბილური არ არის, რაც ხელს უშლის შემოქმედებით პროცესს.

სწორედ ამ პრობლემების დაძლევის მიზნით, რუსთავის თეატრისთვის საქართველოს თეატრალური საზოგადოების სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შეირჩა რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის კანდიდატურა, რომელსაც რეჟისორთა ლიგის გარდა, მხარს უჭერს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირი და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი. გიორგი შალუტაშვილის კანდიდატურის წარდგენა რუსთავის თეატრში ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სხვადასხვა თეატრალური დაჯგუფებები განსხვავებული ხედვის და მოსაზრებების მიუხედავად გაერთიანდნენ, რაც შემდეგი მოტივებით არის განპირობებული: პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად, გიორგი შალუტაშვილი ის რესურსია, რომელიც ამ კრიტიკულ სიტუაციაში სჭირდება რუსთავის თეატრს. გარდა ამისა, გიორგი შალუტაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული პედაგოგია, რომელიც მსახიობის ხელოვნებას და ოსტატობას ასწავლის „თეატრალურ უნივერსიტეტში". მისი ეს გამორჩეული უნარი საგრძნობლად გამოადგება სტაგნაციაში მყოფ რუსთავის თეატრს, რადგან გარკვეულ პერიოდში უმოქმედობამ დასს დიდი დაღი დაასვა პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სამხატვრო ხელმძღვანელი გამორჩეული უნდა იყოს სწორედ პედაგოგიური უნარ-ჩვევებითაც, რათა მუდმივად იზრუნოს დასის პოტენციალის დახვეწასა და მუდმივ განვითარებაზე. გიორგი შალუტაშვილი ეროვნული პრინციპების, ფასეულობების პატრონი, პატრიოტულად მოაზროვნე რეჟისორია, მისი პოზიცია არაერთხელ გამოკვეთილა მისსავე სპექტაკლებში...

თუკი რუსთავს სურს გამართული, სტაბილური შემოქმედებითი ცხოვრებით დატვირთული, მუდმივად განახლებადი და მზარდი თეატრი, რომელიც მოწყვეტილი არ იქნება გარესამყაროს, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა დანიშნოს გიორგი შალუტაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთავის თეატრის დასის სრული შემადგენლობა (რაც იშვიათი გამონაკლისია ამ თეატრის კონფლიქტების ისტორიაში) სეზონის გახსნაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.  

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა