გვანცა გულიაშვილი
თეა კახიანი
გასული ზაფხულიდან მოყოლებული, თეატრალურ საზოგადოებაში (და არა მხოლოდ) მთავარი განხილვისა თუ კამათის თემაა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსის საკითხი. საგანგებოდ შერჩეულმა სარეკომედაციო საბჭომ კონკურსის შედეგად ყველა სახელმწიფო თეატრში წარადგინა გამარჯვებულები, რომლებიც ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული და გაურკვეველია რამდენიმე რეგიონალურ თეატრში. ჩვენი ვებ-ჟურნალი აღნიშნულ საკითხს ვერ დატოვებდა ყურადღების მიღმა, ამიტომ 18 სექტემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა დასწრებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. საწყენია, რომ უშუალოდ საბჭოს წევრებიდან, შეხვედრას დაესწრო მხოლოდ აჭარის კულტურის სამინისტროს სასარეკომენდაციო საბჭოს წევრი-მანანა ტურიაშვილი.
შეხვედრის მოდერატორი იყო გიორგი ყაჯრიშვილი. მან შეხვედრის დასწაყისშივე გამოთქვა აზრი, რომ სარეკომენდაციო საბჭოს შეკრებამდეც, რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, აღინიშნა ისიც, რომ ოცდათხუთმეტი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიდან ოცდაერთმა შეინარჩუნა თანამდებობა. შეხვედრას ესწრებოდა რეჟისორი გიორგი შალუტაშვილიც, რომელიც არ დამტკიცდა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, თუმცა კი მისი კანდიდატურა კონკურსზე საბჭომ აღიარა გამარჯვებულად. ამ შემთხვევაში ბატონი გიორგი უშუალოდ საკრებულოს მისამართით გამოთქვამდა საყვედურს და ზოგადად, ადგილობრივ თვითმმართველობებზე თეატრების დაქვემდებარების მიზანშეუწონლობაზე აკეთებდა აქცენტს.
რობერტ სტურუას კანდიდატურა, ფორმალური სახითაც კი არ განუხილავს საბჭოს და ის უკონკურსოდ დარჩა თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არავის ჰქონია პრეტენზია ან ნეგატიური დამოკიდებულება ბატონი სტურუას მიმართ და ყველა იქ მყოფი (ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი) აღიარებს მის დიდ ღვაწლს ქართული თეატრის და კერძოდ რუსთაველის თეატრის წინაშე, მაინც გარკვეულ უხერხულობას ქმნის მსგავსი სიტუაციები, რადგან თუ კანონის ფარგლებში და კანონის სახელით მუშაობდა საბჭო, ეს კანონი თანაბრად უნდა შეხებოდა ყველა სამხატვრო ხელმძღვანელს და ასაკისა თუ ღვაწლის გათვალისწინება ამ შემთხვევაში ან უადგილო იყო, ან ცალკე ქვეპუნქტად უნდა მიეთითებინათ კანონპროექტში. შეხვედრაზე გამოითქვა ეჭვი, რომ მსგავსი ტიპის სუბიექტური დამოკიდებულებით შესაძლოა სხვა თატრებშიც შერჩეულიყო კანდიდატურები და ცხადია, ამ ეჭვს არსებობის უფლება აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა თუნდაც ბათუმის თეატრში რვაწლიანი სარეჟისორო მოღვაწეობის მიუხედავად გოგა თავაძეს აჯობა თეატრმცოდნე თემურ კეჟერაძემ და საბჭომ სწორედ მისი კონცეფციები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია ვიდრე თავაძის, თუნდაც რვა წლის მანძილზე დადგმული, საკმაოდ წარმატებული სპექტაკლები. ბატონი თემური მზად იყო აღნიშნულ შეხვედრაში სკაიპის საშუალებით მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო კომუნიკაცია ვერ შედგა, რისთვისაც მას, ჩვენი ვებ-გვერდის სახელით გვინდა ბოდიში მოვუხადოთ. მითუმეტეს, რომ ვთვლით, ბათუმის თეატრში შექმნილი ვითარება მეტ დისკუსიასა და ანალიზს მოითხოვს. საჭიროა ნათლად გამოვლინდეს ის ხარვეზები რამაც დაუშვა მარტივი ალბათობა დროის მოკლე მონაკვეთში, წარმატებული თეატრალური პროცესის გაუარესებისათვის. ფაქტია, რომ თეატრალების უმრავლესობისათვის გაუგებარი აღმოჩნდა საბჭოს გადაწყვეტილების განმაპირობებლი ფაქტორები. დრამატურგმა ირაკლი სამსონაძემ, რომელიც საგანგებოდ ესწრებოდა შეხვედრას, აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი წარმოუდგენელი და მიუღებელია, რადგან მსგავსი პრეცედენტის დაშვებაც კი დანაშაულს წარმოადგენს და მაღალ კულტურასა და ხელოვნებაზე ჩვენი შეხედულებების გადახედვას მოითხოვს. ამავე თეატრის საკითხზე, აჭარის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრთაგან, მრგვალი მაგიდის ერთადერთმა დამსწრემ, მანანა ტურიაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ საშუალება რიგიანად გაცნობოდნენ კანდიდატების შესახებ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს დოკუმენტაცია მოითხოვა კიდეც!
შეხვედარაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო კანდიდატებისათვის დაწესებული ოთხწლიანი სავალდებულო გეგმის წარდგენის არსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ შემთხვევებში, კანონში მითითებული პუნქტი სრულიად აცდა რეალობას. მაგალითისათვის-კანდიდატის წარდგენის უფლება კანონის მიხედვით აქვს, საკონსულტაციო საბჭოს, მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ კანდიდატის წარდგენის უფლება ასევე, ჰქონდათ როგორც თეატრის დასებს, ისე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სრულიად გაურკვეველ, შემოქმედებით კავშირებს და ეგრეთ წოდებულ შპს-ებსაც კი.
გიორგი შალუტაშვილი იყო ერთ-ერთი მონაწილე კანონის შექმნის პროცესში, კანონი თეატრების შესახებ არც ისე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, საქართველოში მისი არსებობის აუცილებლობა დადგა მას შემდგე, რაც, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, აღმოჩნდა რომ ნებისმიერ, საკრებულოს წევრს, გამგებელსა თუ გუბერნატორს ჰქონდა უფლება გაეთავისუფლებინა სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრიდან, ანუ ამ კანონის მთავარი არსი სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელების დაცვა უნდა ყოფილიყო. ასევე კანონი ითვალისწინებს მსახიობის უფლებებსაც და ხელშეკრულების დადების ვადა განისაზღვრა 5 წლით მსახიობის შემთხვევაში, ხოლო ოთხი წლით რეჟისორების შემთხვევაში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია შალუტაშვილის მოსაზრებამ, რომ თუ წარმატებულია თეატრის რეჟისორი(ის რობერტ სტურუასა და ლევან წულაძის მაგალითებს იშველიებდა) სრულიად უსაფუძვლოა მათი კონკურსის წესით არჩევა ან გადარჩევა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით კანონთან შეუსაბამობას, თუ კი ასეთი შენიშვნა ან ჩანართი უშუალოდ არ არის კანონში ჩადებული. გარდა ამისა, მიკერძოებულობისა და სუბიექტურობის დაშვების ალბათობა ასეთი მიდგომის შემთხვევაში გაცილებით მაღალია.
კანონით გათვალისწინებული ოთხწლიანი ვადა, ითვალისწინებს ყოველი წლის ბოლოს ისევ სარეკომენდაციო საბჭოს წევრთა შეფასებებს და ასევე დასის ორ მესამედსაც აქვს უფლება განიხილოს და მინისტრის წინაშე წარადგინოს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნისა თუ გადაყენების საკითხი. ამდენად გიორგი შალუტაშვილის აზრით აღნიშნული საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა და არსებობს უამრავი ბერკეტი, რითაც თუნდაც უკვე არსებული გადაწყვეტილებების შეცვლაა შესაძლებელი, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. თავად ბატონი გიორგი საბჭოს მიერ წარდგენის მიუხედავად არ დამტკიცდა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და ამის მიზეზად მან საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე დაასახელა, ანუ გამოდის რომ კანონი უამრავ ხარვეზთან ერთად ელემენტარულ დონეზეც კი ვერ ახერხებს რეჟისორების დაცვას და ძირითადი ფუნქციის შესრულებას. გიორგი შალუტაშვილმა ასევე განიხილა თვითმართველობების საკითხი, აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე გამგებელი აძლევდა ორ კონკურენტ კანდიდატს დადებით შეფასებას, იყო აზრთასხვადასხვაობა გამგებელსა და საკრებულოს თავჯდომარეს შორის, რაც საბოლოოდ ისევ კანდიდატებს აზარალებდა. შალუტაშვილმა ღიად დასდო ბრალი თვითმართველობებს, რომ ისინი მხოლოდ პირადი და პარტიული ნიშნით იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
მრგვალი მაგიდის ირგვლივ შევეცადეთ მოგვეწვია საკონკურსო პროცესებითა და შედეგებით ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები. შეხვედრას ესწრებოდნენ გიორგი თავაძე, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, არ აირჩია საბჭომ ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად; ჭიათურის თეატრის ყოფილი მმართველი ნანა წერეთელი, ამავე თეატრის უკვე დამტკიცებული სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე და მისი კონკურენტი გეგა ქურციკიძე. გორის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი სოსო ნემსაძე, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელად დამტკიცებამდე მსახიობ რამაზ იოსელიანთან ხმაურიანი დაპირისპირების გადატანა მოუხდა. ბატონი რამაზი მოწვეული იყო მრგვალ მაგიდაზე, სადაც შეძლებდა საკუთარი მოსაზრებების კიდევ ერთხელ გამოთქმას, მაგრამ ის, ჩვენთვის გაურკვევლი მიზეზების გამო, არ გამოცხადდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი ანდრო ენუქიძე და ამავე თეატრის რამოდენიმე მსახიობი, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ უკვე ყოფილ მმართველს თამაზ გოლაძეს. მათი აზრით სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დადებით შეფასებას, მხოლოდ მენეჯმენტის წარმოების კარგი უნარი არ უნდა საზღვრავდეს, ამ შემთხვევაში შემოქმედებით უნარს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა აღმოჩნდა რომ საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებები ხშირად სწორედ პირველ ვარიანტს ეყრდნობოდა. ახმეტელისა და ბათუმის თეატრების მაგალითით ეს ცალსახაა, კარგმა მენეჯერებმა(საბჭოს აზრით) აჯობეს რეჟისორებს, მოთხოვნად, კონკურენტუნარიან რეჟისორებს. კანონი კი ვის იცავდა, ან ვინ უნდა დაიცვას ასეთ შემთხვევაში, გაურკვეველია.
შეხვედრის მიმდინარეობისას, გამოითქვა არაერთი განსხვავებული აზრი, საუბარი შეეხო როგორც რეჟისურის, ასევე თეატრმცოდნეობით და სახელოვნებო განათლების ზოგად პრობლემატიკასაც. შეხვედრის ძირითად თემასთან დაკავშირებით, ზოგისთვის ისიც საკამათო აღმოჩნდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო მხოლოდ თეატრმცოდნეებით სარეკომენდაციო საბჭოს დაკომპლექტება. ისევე როგორც გოგა თავაძის შემთხვევაში, ანდრო ენუქიძესაც ახმეტელის თეატრში აჯობა კარგი მენეჯერის ავტორიტეტის მქონე თამაზ გოლაძემ, რომელიც სარეკომედაციო საბჭოს მიერ იქნა წარდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ახმეტელის თეატრი ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და მისი წარდგენის პრეროგატივა მერიასთან არსებულ საბჭოს ეკუთვნის. მსახიობთა გარკვეული ნაწილი სასტიკად ეწინააღმდეგება სამინისტროს სარეკომედაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. მათი აზრით, კარგი საპირფარეშოს არსებობა ვერ განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებას და აქ, უკვე, კარგი რეჟისორია საჭირო და არა კარგი მეურნე. ამ შემთხვევაში, იქნება თუ არა თეატრის დასის წევრთა უმრავლესობის მოსაზრებები გათვალისწინებული ან თბილისის მერიის ან კულტურის სამინისტროს მიერ უცნობია. მსგავს ვითარებაში, ახალციხის თეატრში შექმნილი კონფლიქტი კულტურის სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ჩვენ ვეცადეთ მოგვესმინა ამ თეატრში დამტკიცებული სამხატვრო ხელმძრვანელის, ლია სულუაშვილისა და მისი კონკურენტი თემურ იმნაძისათვის, რომელსაც ობიექტური მიზეზით ვერ ვთხოვეთ შეხვედრაზე დასწრება (მას მამა გარდაეცვალა), ხოლო ქალბატონ ლიას, მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა, მობილური ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გამორთული ჰქონდა.
რაც შეეხება თეატრმცოდნეებით კომისიის დაკომპლექტების საკითხს, ეს წინადადება უშუალოდ კულტურის სამინისტროდან წამოვიდა, მართალია თავად თეატრმცოდნეები თეატრებმა წარადგინეს, მაგრამ აქ, ძირითად ხარვეზს შეხვედრის დამსწრეთა უმრავლესობა იმაში ხედავს, რომ თეატრმცოდნეები უშუალოდ მმართველების პირადი მოსაზრებებით დასახელდა, რაც თავისთავად პირად კავშირებსა და სუბიექტურ დამოკიდებულებებზე დაყრდნობას გულისხმობს და არა რაიმე ობიექტურ მონაცემებს. საბჭოს გარეთ დარჩენილი თეატრმცოდნეები მიიჩნევენ, რომ მიუხედავდ იმისა საბჭოს გადაწყვეტილებებში სამინისტრო უშაუალოდ ჩაერევა თუ არა, საბჭო ვერ იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რადგან სამინისტროს ნებისმიერ დროს შეუძლია საბჭოს წევრების დათხოვა. აღნიშნული ბერკეტი კულტურის სამინისტროს უტოვებს გადაწყვეტილებების კონტროლის მექანიზმებს, რისი არგუმენტიც შესაძლოა ძალიან ბანალური და მარტივი იყოს, კულტურის სამინისტრო აფინანსებს სახელმწიფო თეატრებს და ცხადია, მას გარკვეული პრეტენზიაც აქვს ამ თეატრებში არსებული ვითარების განსაზღვრის თვალსაზრისით.
ფაქტია, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები არ ნიშნავს ავტომატურად გადაჭრილ და ამოწურულ პრობლემებს, ფაქტია, რომ რამოდენიმე თეატრის საკითხი ჯერ ან ისევ ღიაა, ან განხეთქილების კერად რჩება. სოციალურ ქსელებში და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული გამოხმაურებები სიუჟეტების, ინტერვიუების, ღია წერილებისა და სტატუსების ჩათვლით, ვითარების სიმწვავეზე მეტყველებს. ცალსახაა, რომ მრავალი პრობლემის სათავე არსებული კანონის ინტერპრეტირების შესაძლებლობაშია, რაც აუცილებელ დაზუსტებას მოითხოვს. ასევე საკამათოა თეატრების დაქვემდებარების საკითხები, რაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში პროცესების გართულების მიზეზი ხდება.
დასასრულისათვის, გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ ნებისმიერი სათეატრო პროცესი იქნება უფრო დახვეწული და გახსნილი საჯარო დისკუსიებისათვის, რომელიც მით უფრო სასარგებლო და საინტერესოა, რაც მეტად წარმოაგდენს თითოეული მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაციას. დარწმუნებული ვართ, ჩვენი შეხვედრაც სარეკომენდაციო საბჭოს წევრების თანდასწრებით მეტად ნაყოფიერი იქნებოდა. ვწუხვართ, რომ მათ არ გაითვალისწინეს საზოგადოების მსგავსი მაღალი ინტერესი და თავის მხრივ არ გამოიყენეს შესაძლებლობა პასუხი გაეცათ კონკრეტული კითხვებისათვის.
ასევე, გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მრგვალი მაგიდის თითოეულ მონაწილეს, ვისი სახელი და გვარი ან გამოთქმული მოსაზრება ვერ აღვნიშნეთ ამ მოკლე, შემაჯამებელ წერილში.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04