გიორგი ყაჯრიშვილი
სექტემბერ-ოქტომბერი ფესტივალის თვეები აღმოჩნდა: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ელისო ვირსალაძის სახ. თელავის და ვ. კახიძის მუსიკალური ფესტივალები, დოკუმენტური კინოს ფესტივალი და აშ. ხელოვნების მოყვარულთ შეეძლოთ ენახათ ყველა ჟანრისა და დარგის შედევრები, მოესმინათ კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკის ვირტუოზული შესრულება, ასევე ენახათ სხვადასხვა დოკუმენტური კინოსკოლის ნაწარმოებები.
თითქმის ერთდროულად თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და მ. თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის თეატრალური პროგრამის არსებობა და მიმდინარეობა თავისთავად პარალელებისა და შედარებების განწყობას ბადებს, მაგრამ სუბიექტურობაში რომ არ ჩამეთვალოს, მხოლოდ მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების ფესტივალ „საჩუქრის“ თეატრალურ წარმოდგენებზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას, (იმის გათვალისწინებითც რომ თბილისის თეატრალური ფესტივალის არც ერთი წარმოდგენა არ მინახავს), რომელიც საერთაშორის დირექტორატისა და ედინბურგის ფესტივალის ხელმძღვანელობის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც წლევანდელი თეატრალური ფესტივალების საუკეთესო პროგრამად.
სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ამ წლის აფიშამ ცვლილებები განიცადა და რამოდენიმე კოლექტივი მოაკლდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია საშა ვალცის პლასტიკური თეატრის არჩამოსვლა, რომელმაც დეკორაციის ტრანსპორტიერებისთვის ორჯერ მეტი ანაზღაურება მოითხოვა, ვიდრე თვით სპექტაკლის საფასური იყო და მომღერალი ანუშკა შანკარის უარი, თითქმის იმავე მიზეზის გამო. ცხადია ფესტივალის ისედაც შემცირებული ბიუჟეტი ასეთ ცვლილებებს ვერ გაუძლებდა. ეს რასაკვირველია პროზაა, რაც შეეხება პოეზიას: ცვლილებების მიუხედავად აღდგენილი წლევანდელი „საჩუქარი“ მსოფლიო ვარსკვლავების სტუმრობით გამოირჩევა: პიტერ ბრუკისა და ირინა ბრუკის თეატრები, ა. კრიმოვის „დრამატური ხელოვნების სკოლა“, რომლის შემქმნელი ალ. ვასილიევია, მსოფლიოში ცნობილი შვედეთის კულბერგის ბალეტი, გაი მასტერსონი თავისი მონოსპექტაკლით და რასაკვირველია ქართული პროგრამაც. ფესტივალის ორგანიზატორებმა თავიდან უარი თქვეს ქართული სპექტაკლების ჩართვაზე პროგრამაში, მაგრამ ჩამოსულ სტუმართა მხრიდან ინტერესი იმდენად დიდი იყო ქართული თეატრის მიმართ, რომ მათი ჩართვა თითქმის აუცილებელი გახდა: რ. სტურუას ტერენს მაკნელის „მარია კალასი, გაკვეთილმა“, გ. სიხარულიძის „უსასრულობის ათვლა დაიწყო“ და „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“, ნ. კვასხვაძის „სტუმარმა“ და „ქალი და მამაკაცი“, ჰ. ვუდის „კაბის ისტორიამ“ უდიდესი ინტერესი გამოიწვია ჩამოსულ უცხოელ სტუმრებსა და თეატრალურ მოღვაწეთა შორის.
ფესტივალის გახსნის სპექტაკლი კენტ თემბას, მოტობი მუთლოატსეს და ბარნეი სიმონის მოტივებზე შექმნილი „კოსტუმი“ გახლდათ. პ. ბრუკის (თანარეჟისორები მარე-ელენ ესტიენი და ფრანკ კრავჩეკი) მიერ განხორცილებული აპართეიდის პოლიტიკური სისტემის დანაშაულებრივ ქმედებას მიძღვნილი, სამყაროს, სადაც ორ შეყვარებულ სხვადასხვა რასის ადამიანებსაც კი ერთად ცხოვრება ეკრძალებოდათ. დიდი ხნის წინ დადგმულ სპექტაკლში ფერადკანიანთა მიმართ დამოკიდებულების თემა ახლაც ძალიან აქტუალურად და მნიშვნელოვნად ჟღერს. თუ პირველი წარმოდგენა, ალბათ მსახიობების ნერვიულობის გამო ოდნავ მძიმედ მიდიოდა, სამაგიეროდა მეორე სპექტაკლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსახიობების მიერ როლების უზადო შესრულებამ, სპექტაკლის მუსიკამ თუ მაყურებელის ინტერაქტიულმა ჩართულობამ ეს თითქოს და „ძველი“ სპექტაკლი სრულად ახლებურად გამოაჩინა რუსთველის თეატრის სცენაზე. ანსამბლურობამ, სიმღერების და ცეკვების შესრულების მაღალმა ოსტატობამ მოხიბლა ქართველი მაყურებელი, რომელმაც მთელ დასის პატივისცემა ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატა.
ირინა ბრუკის „ოცნების თეატრის“ მიერ განხორციელებული ტრილოგია „ქარიშხალი“, „ოდისეა“, „მონათა კუნძულს“ მხოლოდ ის აერთიანებ ერთმანეთთან, რომ ყველაფერი ერთ მივარდნილ კუნძულზე მიმდინარეობს. თავისთავად გასაგებია, რომ ასეთი სხვადასხვა ავტორების შექსპირის, ჰომეროსისა და პიერ მარივოს ნაწარმოებთა ტრილოგიაში გაერთიანებას უნდა შეექმნა გარკვეული ეკლექტიკა, რაც ნამდვილად სახეზეა. სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ აქედან ყველაზე სუსტი მაინც უ. შექსპრის ყველაზე რთული პიესა „ქარიშხალი“ იყო, რომელმაც აქვე, თბილისში, იმდენი ცვლილება განიცადა, თუნდაც ტექსტის თვალსაზრისით, რომ მისგან თითქმის არაფერი დარჩა შექსპირისეული, თუმცა რაც დარჩა ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა. სამაგიეროდ მეორე და მესამე სპექტაკლმა, სადაც ჭარბობდა იუმორი, თავისუფლება და იმპროვიზაცია გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. ამ დასში უცილობელ ლიდერად მოგვევილია ჰოვნატან ავედიკიანი, რომელიც ყველგან მთავარ როლს ასახიერებდა და წარმატებითაც. მიუხედავად იმისა რომ სამივე სპექტაკლი ერთ დეკორაციაში მიმდინარეობდა, სცენოგრაფის (ნორლე გინეფრი-კორბელი) დამსახურებად უნდა ჩითვალოს ის, რომ ეს მხატვრული გაფორმება ყოველ მათგანში ახლებურად აღიქმებოდა და ზუსტად პასუხობდა ამ განსხვავებულ სიუჟეტებს.
ფესტივალის პროგრამის მწვერვალად უნდა ჩაითვალოს დიმა კრიმოვის „დრამატული ხელოვნების სკოლის“ სპექტაკლები. თეატრმა ასე ვთქვათ თბილისელ მაყურებელს აჩუქა „დიდი გასტოლები“ და ჩვენს წინაშე წარსდგა მთელი თავის მიმდინარე რეპერტუარით. ოთხი წარმოდგენა და რვა სპექტაკლი. ე. გროტოვსკის თეატრალური ესთეტიკის მიმდევარი, ა. ვასილიევის „დრამატული ხელოვნების სკოლის“ მემკვიდრე იზიარებს ამ ორი დიდი რეჟისორის თეატრალურ გამოცდილებას, ამდიდრებს მას და ახალ თანამედროვე თეატრს გვთავაზობს, სადაც როგორც ფერმწერსა და მხატვარს ყველაფერი ისე აქვს გათვლილი და გაანგარიშებული, რომ ყველა მისი სპექტაკლი ფერწერული ნამუშევარია, არა მხოლოდ სცენოგრაფიისა და გაფორმება-კოსტუმების თვალსაზრისით, არამედ რეჟისურითა და მსახიობთა ნამუშევრებით - ნოვატორული სპექტაკლები, სადაც ტექსტიც კი თვით დიმიტრი კრიმოვის მიერ არის შექმნილი - პატარ-პატარა ისტორიები რეჟისორისა და მხატვრის მიერ დანახული და მოთხრობილი. რუსი და უცხოელი კლასიკოსების ი. ბუნინის, ა. ჩეხოვის, ო. ბალზაკის „ძველ“ ტექსტებს ავტორი სრულიად თანამედროვე ჟღერადობას აძლევს, სადაც მხოლოდ პერსონაჟებიღაა ცნობადი, ხოლო ისტორიები ახალი.
ასე მაგალითად, სპექტაკლში „კატია, სონია, პოლინი, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“ ამ გმირთა ისტორიაა მოთხრობილი. წარმოდგენა იწყება მთავარ მომქმედ პირთა „კოსტუმიზირებით“ და გრიმის შემკობით. მალე ისინი ჩვენს წინაშე „ბნელი ხეივნების“ - მოგონილი სასიყვარულო ისტორიების პერონაჟებად გადაიქცევიან და საკუთარ მწარე და ხან სახალისო ისტორიებს მოგვიყვებიან. ძალიან არსებითია რომ მაყურებელი ამ ტრანსფორმაციას საკუთარი თვალით უყურებს და უფრო მეტიც, მათ დარბაზში ისინი ჩაივლიან ან ჩამოივლიან ვინც პირობითად ეს „პერსონაჟები“ შექმნეს, გრიმიორთა ჩემოდნებითა და სამაკიაჟო თუ საპარიკო აქსესუარებით. ყოველივე ეს იმ „თეატრალურ“ სამყაროს ქმნის, რაც შემდგომ მაყურებელს ქმედებაში ჩართავს, გასაგებსა და ახლობელს გახდის იმ გარემოს, სადაც ამ ადამიანთა ცხოვრება გათამაშდება. და აი მესამე ზარიც გაისმის. გრიმიორები საზეიმოდ ტოვებენ სცენას ... და პირველი სიუჟეტი „მგლები“- სიგარეტის მოწევით, ბოლით და ასანთის ალით, რამაც ეს ადამიანები მგლების თავდასხმიდან იხსნა.
დ. კრიმოვს უყვარს ცირკი, საცირკო ნომრები მრავლადაა მიმობნეული მის წარმოდგენებში, აქაც მაგალითად ქალის გახერხვა იგორ კიოს ცნობილი მეთოდით, ნატურალისტური სცენებით ან „ჟირაფის სიკვდილის“ პირველი ნაწილი, სადაც პირველი მოქმედების განმავლობაში მსახიობები გულმოდგინედ „აშენებენ“ ჟირაფს, რომლის ქვრივიც მეორე მოქმედებაში საკუთრი ბედის ისტორიას მოგვიყვება. რეჟისორის სპექტაკლებს ერთგვარი სიმფონიზმი ახასიათებს, სადაც თვითოეული მსახიობი სოლო პარტიასაც ასრულებს და მთელს ხმიანობაშიც აქტიურადაა ჩართული. ავიღოთ თუნდაც ჩეჩენი და პარიზელი ქალი, ჯაზის შემსრულებელი „ჟირაფის სიკვდილში“, გარდა იმისა, რომ ისინი სხვდასხვა ბედისა და ხასიათის პერსონაჟებს ასახიერებენ, რეჟისორის „დირიჟორობით“ (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თვით კრიმოვი ყოველთვის მაყურებელთა დარბაზიდან ადევნებს თვალს წარმოდგენას) ერთ მთლიან სიმფონიას ქმნიან. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მხატვარი და რეჟისორი (ერთსახიერებაში შერწყმული) ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ყოველი სპექტაკლისთვის. აქ მხოლოდ სცენოგრაფიაზე არაა ლაპარაკი, არამედ თვით მაყურებელთა განლაგებაზე, მათ ჩართულობაზე, შემსრულებლებთან ახლოს ყოფნაზე, როცა ზოგჯერ მათზე გადასხმული წყალიც კი ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ავტორისათვის. დიახ, ავტორისთვის, ვინაიდან დ. კრიმოვის შემოქმედებისას საქმე გვაქვს საავტორო სპექტაკლთან იმ გაგებით, რომ ყოველივე რაც სცენაზე ხდება დ. კრიმოვის დაგეგმილი, დახატული და განხორციელებულია, თვით მუსიკალური გაფორმებაც კი. თუნდაც რად ღირს იმ ხუთი თუ ექვსი როიალის ჭიდილი დ. შოსტაკოვიჩის „ლენინგრადული სიმფონიის“ ფონზე, სადაც რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მეტალის ღრჭიალი და შეჯახების ხმაურიც უკვდავ მუსიკად აღიქმება და პატარა მარიონეტი, თვით დ. შოსტაკოვიჩი ამ გრანდიოზულ სიმფონიასთან შედარებით ისეთი მცირეა, რომ ფინალისკენ მას ვერც კი ამჩნევ. „ჟირაფის სიკვდილში“ ვაჟა-ფშაველას ცხოველთა სამყაროს მსგავსად გაადამიანებული ჟირაფი მომხიბლავი, იუმორით აღსავსე ოდნავ ცინიკური პერსონაჟია. მსახიობთა მიერ უაღრესი სიზუსტით, ფერადოვნებით და თუ გნებავთ ფერწერულად შესრულებული სცენები სრულიად მომხიბლავია. „ჩეჩნურ“-რუსულ-ინგლისური მონოლოგები იმდენად გამომხატველი და ფილიგრანულია შესრულების თვალსაზრისით, რომ გაოცებს ის ტექნიკა, რომელსაც ასე ვირტუოზულად ფლობენ თეატრალური ინსტიტუტის გუშინდელი სტუდენტები. სპექტაკლის ვიზუალურ-მხატვრული ფორმა ეს ცალკე მოსაყოლი თემაა, რომლის აღწერაც ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენს. მხოლოდ მისი ნახვით შეიძლება იმ უდიდესი ესთეტური სიამოვნების მიღება, რასაც ეს მხატვარი განიჭებთ. „ჟირაფის სიკვდილიც“ პატარა მინიატურათა გაერთიანებაა, 5-6 ახალი ისტორია, რომელსაც რეჟისორი ერთად აერთიანებს და მომაკვდავი ჟირაფის ისტორიაში უყრის თავს. ყველა მსახიობი ისეთი ოსტატობით ასახიერებს თავის როლს, რომ ძნელია ისინი ერთმანეთისგან გამოყო. ეს მართლაც დიდი მსახიობური კოლექტივია, ხოლო სპექტაკლი სინთეზური - ამ სიტყვის სრული გაგებით - პლასტიკით, რიტმით, შუქ-ჩრდილებით, ვიდეო თუ აუდიო ეფექტებით, მსახიობური შესრულებითა თუ სცენოგრაფიული ფერწერილობით და მხატვრობით და სასცენო კოსტუმებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ მსახიობებს არ ყოფნით ზომიერების გრძნობა და იწყებენ მაყურებელზე თამაშს - შეძახილი „ხმელი სუნელი“ ორიგინალურად მოფიქრებული ზედმეტი გამოყენების გამო ბოლოსკენ ძალიან გაღიზიანებს. თუ ორი სპექტაკლი „კატია, სონია, პოლინი, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“ და „ჟირაფის სიკვდილი“ გროტესკულ-კომიკურ ჟანრშია გადაწყველი, მესამე, „ოპუსი N7“ ტრაგედიაა . ესაა ოდა შემოქმედ ადამიანზე, რომელიც საბჭოთა სისტემამ ისე გასრისა, რომ მისგან მხლოდ აჩრდილია დარჩენილი. სპექტაკლის პირველ ნაწილში (ავტორები დიმიტრი კრიმოვი და ლევ რუბინშტეინი) განსაკუთრებით ხაზგასმულია და ნაჩვენები ის ტრაგედია, რაც ამ ებრაელ ერს გადახდა. უტექსტო წარმოდგენაში, სადაც მხოლოდ მუსიკა და ვოკალური შესრულება თუ არღვევს დუმილს, თვალნათლივ გაცხადდა ის ტკივილი, რაც დ. კრიმოვს აწუხებს და ამ ტკივილში საკუთარი მამის ანატოლი ეფროსის ტრაგედიაც ამოიკითხება. ხოლო მეორე ნაწილში კი, სრულიად განსხვავებულში პირველისგან - დ. შოსტაკოვიჩის „ცხოვრება და შემოქმედება“ ამ ტრაგიკული მოვლენების კერძო მაგალითია; კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის ყრილობაზე წარმოთქმული ციტატებით რომაა „დასაბუთებული“. მართლაც მძიმე დრო იყო ყველასთვის - მსხვერპლისთვისაც და ჯალათისთვისაც, „სამშობლოს მტრისთვის“ და პარტიული ნომენკლატურისთვის - ინტელიგენციისთვის განსაკუთრებით, ვინაიდან ამ მოგონილი სახელით შემკული საზოგადოება ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. იქნებ მისი განადგურებისთვისაც გამოყვეს იგი და „კლასად“ ჩამოაყალიბეს, რომ ეს კლასი განსხვავებულობის გამო ადვილად მოეცილებინათ თვიდან? ფინალში უშველებელი „დედა რუსეთის“ თოჯინა-ფიგურა ლ. ზიკინას ცნობილი სიმღერის ფონზე სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს ყველას ვინც ამ „ბოროტების იმპერიას“ წინ აღუდგება.
შვედეთის კულბერგის ბალეტის წარმოდგენა „მაღალი ქუსლებიც“ (ქორეოგრაფი ბენუა რაშამბრე, კომპოზიტორი ჰან როუ) მხოლოდ ბალეტს ვერ დაარქმევ. ეს რაღაც XXII საუკუნის თეატრის საწყისია, სადავ მუსიკის, ფერწერის, მხატვრული სცენოგრაფიის, პლასტიკის, თუნდავ მაღალი ქუსლებით პირველ რიგში გამოყენებულია მსახიობთა სხეული, ლამაზი ფორმები, ორიგინალური განათება, წვიმის ილუზია და სხვ. წარმოდგენას თითქოს არც კი აქვს შინაარსი ან თუნდაც ფაბულა, მაგრამ სამაგიეროდ არის მუსიკა, პოეზია რაც ზედმიწევნით ემოციურსა და დინამიურ ხდის ამ წარმოდგენას. თვითმყოფადი მუსიკა ზუსტად ერწყმება მსახიობთა მოძრაობას, პლასტიკას და რიტმს. ზეკოსმიურ განწყობას ბადეს სპექტაკლის ფინალი, სადაც გრიმისა და კოსტუმთა ფერადოვნების მეშვეობით ჩვენ ვეღარც კი ვხედავთ მსახიობთა სახეებს, რომელებიც ახლა უკვე „უცხოპლანეტელებად“ და მომავალი საუკუნის ადამიანებად აღიქმებიან. ამ კოლექტივის მოწვევამ ძალზე გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა, თუმცა ერთი კი სამწუხაროა, მათ ქართველ მაყურებელს ვერ უჩვენეს მათი ყველაზე საუკეთესო პროგრამა და საუკეთესო სპექტაკლები.
ებრაელთა მსოფლის წინაშე დანაშაულებების გამო „ცოდვილად“ შერაცხული ერის ისტორიამ ორჯერ გაიჟღერა ფესტივალზე: „ოპუსი N7“ და მეორე სპექტაკლი კი, გაი მასტერსონის მონოსპექტაკლი „შაილოკი“ იყო, რომლის ავტორი და რეჟისორი გარეტ არმსტრონგია. სცენაზე ვიხილეთ სამი სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟი, თვით შაილოკი, თობალი და მსახიობი, რომელიც ხან ერთს განასახიერებს და ხანაც მეორე. ისტორია კი ისეთი ძველია როგორც თვით სამყარო. გაი მასტერსონი უდიდესი ენერგიით და გამომსახველობით ასრულებს ამ როლებს, თამაშობს არა შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ ახლებურ ინტერპრეტაციას, არამედ თვით შაილოკის - ებრაელი ვაჭრის ისტორიას იმ სამყაროში, სადაც კაენის ცოდვიდან დაწყებული, ქრისტეს ჯვარცმამდე ყველაფერი ებრაელებს ბრალდებათ. ვინ არის შაილოკი, მსხვერპლი თუ მოძალადე, დამნაშავე თუ პირმართალი - სპექტაკლის ავტორი და მსახიობი ჩვენთან ერთად ცდილობს გაერკვეს ამ პრობლემაში, პასუხი გასცეს კითხვას თუ რატომ დარჩა ყველასგან მიტოვებული შაილოკი მარტო - „სად არის შაილოკი?“ კითხულობს მსახიობი ფინალში და ამ ანტისემიტურ წარმოდგენაში ირღვევა ყველა ტრადიცია და ის შეხედულებათა სისტემა, რაც შაილოკს უდიდეს დამნაშავედ წარმოადგენდა.
და ბოლოს ფესტივალის დახურვის დღეს შედგა „დრამატული ხელოვნების სკოლის“ - ლაბორატორიის მსოფლიო პრემიერა ფესტივალი „საჩუქრისთვის“ სპეციალურად დადგმული წარმოდგენა „ონორე დე ბალზაკი, ჩანაწერები ბერდიჩევზე ანტონ პავლოვის „სამი დის“ მიხედვით“, სადაც იდეა, კომპოზიცია და რეჟისურა თვით დ. კრიმოვს ეკუთვნის. სპექტაკლი, რომელსაც თითქოს და არაფერი აქვს საერთო ამ პიესასთან თუ არ ჩავთვლით ჩეხოვის იმ ფრაზას, რომ „ბალზაკმა ჯვარი დაიწერა ბერდიჩევში“, ესაა სპექტაკლი- ექსპერიმენტი, კლოუნადა ჩეხოვის „სამი დის“ თემებზე, სადაც ყველაფერი ისე უკუღმაა ამოტრიალებული როგორც წაღმაამოტრიალებული ხელთათმანი. თუმცა გარემო, ჩეხოვისეულ ოპიმისტურ-პესიმისტურ გაწყობას ატარებს, პერსონაჟებიც იგივენი არიან, მაგრამ სახეშეცვლილი, ერთგვარად გაშარჟებული, რომლებიც დროდადრო უბრუნდებიან დრამატურგისეულ ტექსტს, რომლის დიდი ნაწილი ამოღებულია და ცდილობენ შეინაჩუნონ ქმედებათა თანმიმდევრობა, კეხიანცხვირიანი, უტრირებული მაშა, სახედასერილი მალჩანინი, რომელიც ამ სახლში ნაცემ ძაღლს უფრო გავს, რომელიც გამუდმებით თავის ქალიშვილებზე ფიქრობს, ირინას უკუღმა გადმოტრალება და მისი გაშიშვლება, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რომ როგორც წინა წარმოდგენებში, დ. კრიმოვი დიდ დრამატურგიულ ნაწარმოებსაც კი შლის პატარ-პატარა (ოლგას, მაშას, ირინას, მალჩანინის, ტუზენბახის და სხვათა) ისტორიებად შემდეგ კრავს ერთ წარმოდგენად და ასრულებს იმ იდეით, რომ არაფერი იცვლება და ყველაფერი მხოლოდ წინაა.
სამი წლის შემდეგ აღდგენილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორის ფესტივალიც დასრულდა და დ. კრიმოვის არ იყოს ყველაფერი წინაა, იმედია რომ მომავალში ეს ფესტივალი კიდევ საინტერესო წარმოდგენებს შემოგვთავზებს.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04