მოჩვენებები
15-12-2013, 23:24

 დეპრესია, ფსიქოზი, მელანქოლია, მოჩვენებები. ვერასოდეს გაექცევი წარსულის აჩრდილებს, ისინი მუდამ შენს გვერდით არიან ერთგული მეგობრებივით. 27-28 ნოემბერს მუს-კომედიის სცენაზე, მიშა ჩარკვიანმა მოჩვენებები "ადამიანებად" აქცია, ორ მოქმედებიანი წარმოდგენა ჰენრიჰ იბსენის იგივე სახელწოდების პიესის (მოჩვენებანი) მიხედვით შექმნა. პრობლემის ახლებური გააზრება, აქტუალურობა და სიმძაფრე, სწორედ ის აუცილებელი და ფუნდამენტური ელემენტები აღმოჩნდა, რაზეც სპექტაკლი გახლავთ აგებული.

 

სცენოგრაფია სადა, მაგრამ ყოვლის მომცველია, ირგვლივ მძიმე აურაა, წითელსა და შავ ფერებში გადაწყვეტილი დეკორაცია იბსენისეულ სულს კიდევ უფრო ამძაფრებს და გვეხმარება მის ამოხსნაში. წითელი მაგიდა, რომელიც სცენის ცენტრში დგას, ხან სკამია, ხან მოსასვენებელი, ხანაც ადგილი საიდანაც ამბავს გვამცნობენ. მასზე განლაგებული ნივთები, ლოგიკურ ფუნქციებს ექვემდებარება, ის შემაღლებულ ფიცარნაგზეა მოთავსებული. ერთი შეხედვით არაფერია საგანგაშო, ამბავი ხომ უბრალოდ გოგონას (რეგინა - ანა წერეთელი) გამოჩენით იწყება, რომლის კოსტიუმიც თავიდანვე გვამცნობს მის სტატუსს, ის მოახლეა. შეშინებული და დაბნეული ჩანს, მალევე ენგსტრანდი (ალექსანდრე ბეგალიშვილი) ჩნდება ჩვენს წინაშე, მათ შორის გამართული დიალოგი ცხადყოფს, მათ მამა-შვილურ კავშირს, თუმცა ეს არაა სასიამოვნო ან სითბოთი აღსავსე ურთიერთობა, პირიქით არის მომენტი როცა მამა შვილს ჯიბეგასქელებული კაცის საყვარლობასაც კი სთავაზობს, კეთილდღეობისათვის. მისი აზრები თავიდანვე მლიქვნელური და არა ჯანსაღია. ოთახში შემოსულიPპასტორი (ზაალ ჩიქობავა)  ერთი შეხედვით, მშვიდი, გაწონასწორებული და კეთილშობილი პიროვნებაა, რეგინას მომავალზე მზრუნველი და მისი ბედის განმკარგავი, ის ხომ სწორედ იმიტომ მოვიდა ჰელენე ალვინგის (იგივე ფრუ ალვინგი, ბუბა გოგორიშვილი) ოჯახში, რომ გოგონას დაეხმაროს, თუმცა ეს მისი უფროსის ფრუ ალვინგის გარეშე წარმოუდგენელია. თანაც პანსიონის თაობაზე საბუთებს წესრიგში მოიყვანს და "სასიამოვნოს, სასარგებლოს შეუთავსებს". სცენაზე გამეფებულია იდუმალი ატმოსფერო, ადამიანები დაძაბულნი და შიშის ქვეშ მყოფნი ჩანან, ამას ემატება ნიკა ფასურის მშვიდ, მაგრამ მძაფრ ტემპო-რიტმზე შექმნილი მუსიკა რომელიც, არსებულ გარემოს კიდევ უფრო "საშიშს" და იდუმალს ხდის. სადა მაგრამ მუქ ფერებში გამოწყობილი მსახიობები, პირდაპირ გადმოსცემენ საკუთარ აწეწილ ცხოვრებას და სულიერ მდგომარეობას. ამაღლებული ფიცარნაგი ტრიალებს და ჩვენს წინაშე ფრუ ალვინგი ჩნდება, ამ ხერხით გადადის რეჟისორი ერთი სცენიდან მეორეზე, თეთრ სკაფანდრში გამოწყობილი, (ეზოდან დაბრუნებული) დახვეწილი და მაღალი წრის ქალბატონი, პასტორს გვერდით ჩამოუჯდება და გამყინავი ხმით იწყებს მასთან საუბარს, რაც მამაოს შეაკრთობს, ეს კოსტუმი რომელიც ბუბა გოგორიშვილის გმირს აცვია, თითქოს ერთგვარი სიმბოლოა თავდაცვის, ის ხომ მთელი ცხოვრება იცავს საკუთარ თავსა და შვილს მოსალოდნელი საფრთხისაგან, სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, რეჟისორი ამ კოსტიუმით გმირის ხასიათს უსვამს ხაზს. ხანძარი, დამწვარი პანსიონი, პასტორი და ქალბატონი საქმიანი საუბრით გვამცნობენ ახალი პანსიონის მშენებლობის შესახებ. ამ საქმიან დიალოგს წყვეტს მუსიკა და სცენაზე შემოსული ოსვალდი (კახა კინწურაშვილი), რომელსაც ხელში კამერა უჭირავს, ის სრულიად თანამედროვე ახალგააზრდაა დახეული ჯინსებითა და კედებით, საუბარიც ასეთივე თამამი და არააკადემიური აქვს. თავიდანვე ნათელია გათამამებული ბიჭის სახე, ის დედისა და პასტორის თვალწინ უკიდებს ჩიბუხს, ფრუ ალვინგს საჭმელს სთხოვს და იწყებს მამაზე პატარა ისტორიის გახსენებას, რომელმაც პირველად გაასინჯა მას ეს ჩიბუხი. რატომღაც ჰელენე იძაბება მისი გარდაცვლილი მეუღლის ხსენების დროს, მას ზარავს წარსულზე საუბარი, ის უხერხულობის გრძნობითაა სავსე. ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ღვთის მსახურს მორალისტის ფუნქცია შეუთავსებია და რატომღაც ბევრად უფრო ბნელი და უმეცარია, თუნდაც მის საქმიანობაში ვიდრე რიგითი სხვა. იგი ადამიანებს კანონების ენით ესაუბრება, თუმცა მის სულიერ სამწყსოს საერთოდ არ იცნობს. ის ვერასოდეს გახდება შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. სცენაზე  გაჩაღებული დიალოგები, ნათლად მიგვანიშნებს იმ სამყაროზე, სადაც დღეს ჩვენ ვარსებობთ. კვირა მამაოსათვის ღვთის მსახურების დღეა, მოკვდავთათვის დასვენების, ახალგაზრდების პროტესტი და თაობათა ბრძოლა, რელიგიური კლიშეები და დამახინჯებული სულიერი სამყარო. სცენაზე ყველაფერი დაბალ ტონებშია განათებული, მოჩვენებითობის ილუზია სულ უფრო და უფრო იზრდება, თითქოს ამ სახლში არაფერია რეალური, არაფერია ჩვეულებრივი. აქ ყველას თავისი წილი ცოდვა აქვს, ცოდვა პირველქმნილი თუ მშობლებიდან გადმოსული. ღვთის მსახური ვერ მალავს აღშფოთებას თავისუფლად მოაზროვნე ბიჭის გამო, ის ხომ რელიგიური სამართლით განსჯის ადამიანებს. რეჟისორი წინა პლანზე წევს ქალის როლს საზოგადოებაში, ეს ქმედება კი იკვეთება ნათლად, მაშინ როცა ის ჰელენს მოძღვრავს, რომ ვალდებული იყო და არის ატაროს ჯვარი, რომელიც ქმრის მორჩილებას აიძულებს, იცხოვროს სხვებისგნ დადგენილი წესებით. "ცოდვილი დედა" ოჯახის შეურაცხმყოფელი ქცევით გამორჩეული ქორწინების პირველ წელს, "იხსნა" მეუღლემ სახელის გატეხვისა და ოჯახის შერცხვენისაგან. 

 

პასტორი -  ,,თქვენი ქორწინება კანონიერად მოხდა.

 

ფრუ ალვინგი - საქმეც ეგ არის, კანონიერად, - ხშირად მებადება აზრი, რომ სწორედ ესაა ყველა უბედურების მიზეზი დედამიწაზე" არც მამაოსა და მისი სულიერი შვილის ქცევაა წმინდა, ქალისა რომლისთვისაც ,,ოჯახი" მხოლოდ გარეგნული ნიღაბია, სინამდვილეში კი უდიდესი ტანჯვა-ჯოჯოხეთი, ოჯახის წევრებისთვის, საშინელი იმედგაცრუება და სულიერი ტკივილი. ბუბა გოგორიშვილი თავის გმირს ბოლომდე ხსნის, მისი დაძაბული მონოლოგებით, მსახიობი ახერხებს მიმიკისა და თვალების მეშვეობით გადმოიტანოს სცენაზე ის უდიდესი ტკივილი, რაც ავტორს ამ პერსონაჟში აქვს ჩადებული, მისი ქმედება  ზომიერი და თავშეკავებულია, არაა სავსე პათეტიკით და ყალბი მოძრაობებით. ის არის ქალი, რომელიც სირცხვილს ემალება, ღირსებას უფრთხილდება. ის წარსულს იგონებს და განიცდის თითოეულ სიტყვას, პასტორი შეძრწუნებული ისმენს, როგორ მოარიდა დედამ მამას შვილი, ოჯახური ტრაგედიაა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა, სცენის სიღრმეში დამონტაჟებულ პროექტორზე ჩანს მოახლე გოგონა როგორ ჩეთაობს ლეპტოპით, პარალელური მოქმედება ვითარდება ჩვენს თვალწინ. მსუბუქი განათების ფონზე შემოდის მოახლე და ოსვალდი, რომელიც ვიდო კამერით უღებს რეგინას, მოქმედების ცენტრი ახლა ეკრანია, ხან დედა, ხან პასტორი, მძიმე ტონები, ისევ ეკრანი. რეჟისორი იყენებს ორმაგი ექსპოზიციის ხერხს და მოქმედება სამზარეულოში გადადის, სადაც ვხედავთ როგორ ძალადობს რეგინაზე ოსვალდი, რომელსაც შემთხვევით ფრუ ალვინგი დაინახავს, დედა სწორედ მაშინ მიხვდება იმ გენეტიკური სიმახინჯის არსებობის სიცოცხლეს, რომლისგანაც ცდილობდა დაეცვა შვილი ამდენი წლის მანძილზე, სული რომელიც საიქიოდან კვლავ დედამიწელში ჩასახლდა. შემზარავია დედისთვის მამის აჩრდილის ასოცირება. სცენა ისევ ტრიალებს, ახლა ეკრანზე პასტორი, ჰელენი და რეგინა არიან, ისინი თითქოს სადილობენ, თუმცა ეს სადილი სექსუალურ აღვირახსნილობას უფრო გაქვს, ორგიას, პასტორი და ჰელენი ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან, სუფრაზე სამი თევზია, რელიგიური თემატიკა ისევ გვახსენებს თავს. თევზები რომლითაც ქრისტემ ხალხი დააპურა, რეგინა სხეულზე ისვამს, ეს მისთვის სექსუალური გასართობია, ბინძური თამაში. ეს სცენა კი რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ოსვალდის ბნელი გონების პირმშოა. აქ ყველაფერი მოჩვენებითია, ნივთები, ურთიერთობები, გრძნობები, ზოგადად ამ ადამიანების ყოფა. შთამომავლობას "საჩუქრად" ყველაფერი "საუკეთესო" ერგო, ჯერ სულიერი აშლილობა, შემდეგ გაუაზრებელი ინცესტი, დანაშაული, თითქმის ოიდიპოსის ტრაგედიის ანალოგი ხდება ეს ყოველივე. ადამიანებს აგიჟებს კანონი, ისინი მისი მონები ხდებიან. სწორედ ასეა პასტორიც, რომელიც ყველას გადაიყოლებს ამ სიგიჟეში. სიმხდალე, ტყუილი, აღვირახსნილობა, შიში, ეს ის რეალობაა სადაც ოსვალდს, რეგინას და მათ წინამორბედებს უხდებათ არსებობა. "მხსნელი" ეკლესიის მუშაკი ჩვეულებრივი ბრიყვია, როგორი თანადროული და რეალურია ეს ჩვენს ყოფაში. ის "ეშმაკისეული წიგნების" შემეცნების მოწინააღმდეგეა, სამაგიეროდ მორჩილი სამწყსოა მისთვის პატიოსნების მაგალითი. ჰელენეს მიმართ აღძრული ვნებები, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ "მუშაკისადმი" ცინიზმსა და სიბრალულის გრძნობას მაყურებელში. მოახლე გოგონას თემიდან ისინი საკუთარ წარსულში გადაეშვებიან. არაფრით განსხვავდებიან პასტორი მანდერსი და ენგსტრანდი, ისინი ხომ თანამოაზრენიც შეიძლება იყვნენ. ალექსანდრე ბეგალიშვილიც სწორად პოულობს მის გმირს, მიმიკითა და ხმის ინტონაციით, ფამილარული ქცევით სხვა პერსონაჟებთან ზუსტად გამოხატავს, მატყუარა, მლიქვნელი ადამიანის რეალურ სახეს, ის მზადაა ყველა და ყველაფერი აცდუნოს, მისი კეთილდღეობის გამო, რაოდენ მდაბიოცაა მისი პიროვნება, მდაბიურია მისი სურვილებიც შესაბამისად.

სცენა კვლავ ტრიალებს, დამძიმებული აკორდები კიდევ უფრო ამუქებს ნელ-ნელა მოქმედებას, რეჟისორს მძაფრად მაგრამ დოზირებულად შევყავართ იმ ტრაგიკულ გარემოში სადაც ხდება მოქმედება. ამას ემატება მინის კედლებზე წყლის წვეთები და ჩაბნელებული გარემო, რომელსაც მხოლოდ ერთი პროჟექტორი ანათებს, სცენის სიღრმიდან, სადაც უჩინარდება ფრუ ალვინგი. მელანქოლია, გაუთავებელი სმა, მოწევა. ოსვალდის მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, სცენა კვლავ ტრიალებს, კვლავ წვიმის წვეთებია მის კარებზე, აღარ შრება, თითქოს აღარასოდეს გამოიდარებს. მძაფრი მუსიკის ფონზე, ოსვალდი უხმობს დედას, მოქმედება ოთახიდან ოთახში ხდება და პროექტორის საშუალებით ჩვენ ამას ვხედავთ. დიდი დედის კომპლექსი თუ უბრალოდ შიზოფრენია ან ფსიქოზი. დედასა და შვილს შორიდ არის ფიზიკური სიახლოვე თუმცა უდიდესი სულიერი უფსკრული, იტანჯებიან ორივენი, ოსვალდის ხელები დედის კისერზე სანუგეშოდ კი არა თითქოს დასახრჩობად არის ჩამოკიდებული. დრო და დრო ახალგაზრდა კაცი საშიში დემონის სახით წარმოჩინდება. კახა კინწურაშვილისა და ბუბა გოგორიშვილის ეს ტანდემი, ძალიან რეალურს ხდის პრობლემას, არავითარი პათეტიზმი, ორივე არტისტს სრულიად გათავისებული აქვს პერსონაჟის მდგომარეობა და სულიერი სამყარო. თვალები, ხმა, ქმედება, მიმიკა დაძაბული და შეშინებულია. ჩვენს წინ სწორედ რომ სიგიჟის შიშით შეპყრობილი ორი ადამიანია, მამისეული ცოდვების მტვირთავი უძღები შვილი. დამნაშავეა ჰელენე, მან შვილს ბედნიერების ილუზია შეუქმნა, ტყუილი წლიდან – წლამდე, ასე აცხოვრა ოსვალდი. ვიდრე გაუსაძლისი არ გახდა ეს ყოველივე. უმძიმესია დედა-შვილის დიალოგი სადაც ფრუ ალვინგი იგებს შვილის ცუდად ყოფნის ნამდვილ მიზეზს, ეჭვები მართლდება, იქ, პარიზშიც მიაგნო იმან, რისგანაც იცავდა დედა. ოსვალდი რეგინაში ხედავს გამოსავალს, თუმცა დედა არ ანებებს, ცდილობს გადააფიქრებინოს, ახლა კიდევ ერთი საფრთხისგან იცავს შვილს, თუმცა შვილი გაუმაძღრად ეტანება რეგინას სხეულს და ეფერება. ანა წერეთლის გმირი შეშინებულია, მან აღარ იცის სად უკეთესია, ეს ახლობელი ადამიანებიც თითქოს ერთ წამში გაუცხოვდნენ მისთვის. პასტორთან ერთად ფრუ ალვინგი ცდილობს ნათელი მოჰფინოს სიმართლეს, ეჭვები სულ უფრო და უფრო მძაფრდება, რომ მოახლე გოგონა და "ბატონი" და-ძმა არიან. ისევ მუსიკა, სცენა ტრიალებს, პანსიონი იწვის, სცენის სიღრმეში აჩრდილები ჩანან, პროექტორზე ჩნდებიან პასტორი, ენგსტრანდი, რეგინა და ჰელენე, ისინი სათითაოდ უკიდებენ ასანთის ღერებს და აი პანსიონიც იწვება, თუმცა ეს მოჩვენებაა თუ რეალობა? ცინიკოსი ენგსტრანდი ბრალს სდებს პასტორს ხანძარში, ფრუ ალვინგი შემოდის გაყინული მზერით. ყველა თავის ამპლუაშია. მამაოს სახე კიდევ უფრო სულმდაბალი და მდაბიო, მეამიტი და სულბნელია, რომლის გაცუცურაკება, ყველაზე სულელ ადამიანსაც კი ძალუძს. ვიოლინოების დაჭიმული მუსიკის ფონზე წარმოჩინდება, დაწყევლილი სახლი მთელი თავისი "მშვენიერებით". სცენა ტრიალებს, შემოდის ოსვალდი კამერითა და ცეცხლის ჩამქრობით, რომელსაც აფრქვევს მთელს სცენაზე, ურევს ყველაფერს, ისე როგორც მის ცხოვრებას, მოჩვენებები არ ანებებენ თავს, ოსვალდს დედა და რეგინა ტანსაცმელს ხდიან, ის ინფანტილია, მას მოვლა და მზრუნველობა ჭირდება, თავის მფარველს კალთაში უდებს თავს. მამის ნაანდერძები ისტორიები სააშკარაოზე გამოაქვს ალვინგს, ამ ანდერძს კი რეგინა მოყვა "საჩუქრად" როგორც და ოსვალდისა. რეჟისორმა მინის კარები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ამ დადგმაში, სხვა ფუნქციითაც დატვირთა, მაყურებელი სცენიდან ხედავს თუ როგორ ირეკლება ამ პერსონაჟების სახეები მასში ისე მახინჯად როგორიც სული აქვთ. ოსვალდი კარგავს ერთადერთ მხსნელს, ის ავადაა, აქ ყველა "ჯანმრთელია" მაგრამ ამავდროულად ავადმყოფი.

 

 

მოჯადოვებული სახლისაგან რეგინა თავს გაქცევით შველის. მსუბუქი მუსიკა, ალვინგის ტკივილიანი სახე, განწყობა მძიმე. აქ არავის აქვს შანსი გადარჩეს, ყველა დაიღუპება, ისიც დაიღუპება მიუხედავად იმისა, რომ გაიქცა. ოსვალდს შთამომავლობით ერგო მამისგან ძალადობა, რომელიც ახლა დედას "უწილადა". კიდევ ერთი საშინელი წრე, აირია სამყარო, დრო, ეპოქა, წამი, კვლავ დიალოგი, ჯერ ძალადობა, მერე დამშვიდება, პანიკური აგონია, ტვინის დარბილება, წართმეული რეგინა, დედა ხან მტერია, ხან ერთადერთი მხსნელი რეგინას შემდეგ. სიცოცხლე აჩუქა, მაგრამ ისევ უნდა წაართვას, შვილის თხოვნაა მოუსწრაფოს ეს მტანჯველი ყოფა, იღებს მორფიან შპრიცს და უწვდის დედას, დაბადება ხომ მას არ უთხოვია, მაგრამ სიკვდილს თხოვს. ისევ შეტევა, ისევ გათიშვა, მძიმე მუსიკა, მკრთალი განათება, ჩაშავებული და არეული ფიცარნაგი, აგონია, მარჯვენა კულისიდან განათება. დედა ვერ იმეტებს შვილს სიკვდილისათვის, მაგრამ ამას თავად ოსვალდი შვება, მუსიკა იმატებს, დედა-შვილი ერთად წვებიან, სცენა ბნელდება და მოქმედება მთავრდება. მოჩვენებები დაიხოცნენ, მუსიკამ გადაფარა მათი არსებობა.

 რეჟისორის მთავარ დამსახურებად მაინც მიმაჩნია იბსენისეული სულისა და ესთეტიკის არ დაკარგვა, ახალგაზრდა შემოქმედი ახერხებს სცენაზე ათამაშოს ადამიანები სწორედ ისე, როგორც ეს პიესაში აქვს ავტორს გადმოცემული და თანაც ამავდროულად შექმნას, თავისი ინდივიდუალური ხელწერით დაბადებული ახალი გმირები. ხერხები, რომლებიც გამოყენებული აქვს სპექტაკლში გამართლებული და გამართულია, მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ მოქმედება დუნე და გაწელილი მეჩვენა, საერთო ჯამში მიშა ჩარკვიანი ერთ მთლიან ორგანიზმად კრავს წარმოდგენას, აქ არ იყო დაჩეხილი და ჩავარდნილი მომენტები. საგანგებოდ ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკა კი კიდევ უფრო ორიგინალურსა და თვითმყოფადს ხდის სპექტაკლს. არც სცენოგრაფიით გვტვირთავს ავტორი, არც კოსტიუმების ფერებით. წარმოდგენის თემატიკა იმდენად აქტუალური გახლდათ, რომ აშკარად ვიგრძენი დღევანდელ საქართველოსთან და ზოგადად კაცობრიობის ყოფიერებასთან მჭირდო კავშირი, მასში წამოჭრილი პრობლემები, რომლებსაც ხაზი გაუსვა რეჟისორმა, სწორედ რომ თანადროული და მეტად აქტუალურია ჩვენი სოციუმისათვის.

მოჩვენებები მოგვეჩვენენ, მემკვიდრეობით მიღებულმა სიმახინჯეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თავი, მათ ასე უკვალოდ ვერ დაწვავ, ვერ გაანადგურებ, წარსული ხომ მუდმივად მკვებავია აწმყოსა და მომავლის. ირგვლივ თითქოს ყველაფერი დაბალანსდა მაგრამ, დღეს ჩვენ ისევ ვიმკით მამათა ცოდვებს, ჩვენ ის უძღები შვილნი ვართ, ოსვალდის სახით რომ გვესაუბრება სცენიდან. მიშა ჩარკვიანმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, გვამსჯელა დაგვიტოვა მოჩვენებებით სავსე ემოცია, მუსიკისა და დრამის სცენაზე.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა