„ახალი დრამის“ ახალი სახე
1-01-2014, 11:40

 ჰ. იბსენისადმი და საერთოდ "ახალი დრამის" მიმართ ინტერესი სრულიად გასაგებია მაშინ, როცა  ჩვენს ქვეყანაში ასეთი მძაფრი ემოციები ბატონობს - პოლიტიკურმა პროცესებმა სრულად დაიპყრო ადამიანთა ფსიქიკა. გავიხსენოთ დიმიტრი უზნაძის  პოსტულატი, რომლის მიხედვით   ყოველ ინდივიდში "ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით, სიტუაციით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს". შესაბამისად  არარეალიზებულობის (უმუშევრობა, გაჭირვება, დაუსაქმებლობა, პროფესიის არამოთხოვნადობა) განცდამ ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსები გააჩინა, რაც  ფსიქოლოგიურ ასპექტშიც აისახა და უმეტეს შემთხვევაში სახეზე გვაქვს გაღიზიანებული, გაბრაზებული, გაბოროტებული საზოგადოება, რომელიც  სოციალური ქსელების მეშვეობით "ანთხევს "  ბოღმას და უმეტესწილად  სხვათა შეურაცყოფითაა  დაკავებული. ხელოვანებიც და კერძოდ თეატრიც "ნატურალიზმისა" და ფსიქოლოგიური თეატრისკენ მიბრუნდა და ჩემი აზრით სწორედ ამან განაპირობა ა. სტრინბერგისა და ჰ. იბსენისადმი ინტერესი. შედეგად ქართული თეატრების რეპერტუარში გამოჩნდა  "ხალხის მტერი " (რეჟისორი გ. ქავთარაძე),  "თოჯინების სახლი" (რეჟისორი  ი. ხუციშვილი),  "ფრეკენ  ჟული" (რეჟისორი  დ. თავაძე),  და "მოჩვენებანი" ჯერ ნ. დუმბაძის  სახ. თეატრში (რეჟისორი მ. შენგელია) და ახლახან ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრში (რეჟისორი მ. ჩარკვიანი).  ზოგადად ამ ნაწარმოებებს აერთიანებს  სწორედ ის, რაც ზემოთ აღვწერე -  ამ პერსონაჟთა ქცევა განპირობებულია "იმ სიტუაციით, რომელმაც მათი მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს."  სარგებლობს თუ არა შექმნილი მდგომარეობით   პეტერ  სტოკმანი, რომ საკუთარ ძმას გაუსწორდეს,  სარგებლობს თუ არა ნორა იმ სიტუაციით, რაც მის გარშემო შეიქმნა და უჩნდება თუ არა მოთხოვნილება სახლიდან  გაქცევის?  სარგებლობს თუ არა ფრეკენ ჟული ასევე უმძიმესი გარემოთი, რაც მის სახლშია შექმნილი, "ავადმყოფური მემკვიდრეობით" და იყენებს თუ არა თავის საკეთილდღეოდ  ჟანის  ამბიციურ ბუნებას?  და ბოლოს სარგებლობს თუ არა ფრუ ალვინგი იმით, რომ არავინ იცის სიმართლე  და ტყუილებით მართავს საკუთარ ოჯახსა და მისი ქმრის შვილების ცხოვრებას?  დიახაც, ყველა მათგანი სიტუაციის მსხვერპლია და გამოსავალი სწორედ  მათ  (ალბათ  უფრო ავტორთა) მიერ ისეთია ნაპოვნი, რომელიც ამ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს - პეტერ სტოკმანისთვის დაწინაურება, ნორასთვის თავისუფლების მოპოვება, ფრეკენ ჟულისთვის ჟანზე - მამაკაცზე გამარჯვების  და სახლიდან წასვლისათვის  ლტოლვა.  მხოლოდ  ფრაუ ალვინგი აღმოჩნდა "სამართლიანად"  დასჯილი, ყველასგან მიტოვებული ავადმყოფ შვილთან შერჩენილი, მძიმე ტანჯვაში გაატარებს სიცოცხლეს უკანასკნელ დღეებს. ფრაუ ალვინგი - თავისი გამუდმებული შიშისა და უმოქმედობის გამო ვერ გახდა ნორა  და  ვერ შეძლო სახლიდან გაქცევა (თუმცა ჰქონდა ამის მცდელობა) და ვერც თვითმკვლელობით დაასრულა  სიცოცხლე ჰედა გაბლერივით. თუმცა  იგი იბსენის მიერ დახატულ ქალთა პორტრეტების ერთ-ერთ წევრია, ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე ცოდვილი. 

 

ავგუსტ სტრინბერგის დრამატურგია  ნიცშეს სერიოზულ გავლენას განიცდის. "ფრეკენ ჟულის" მოქმედი პირები ავტორმა განსაზღვრა  როგორც "ხასიათები-კონგლომერატები", რომლებიც თავის თავში შეიცავენ მხატვრული ასახვის არცთუ ცოტა  პოტენციალურ შესაძლებლობებს. "მასში ბიოლოგიური, სასიყვარულო და სოციალური მოტივები ისეა   ჩახლართული, რომ რთულია მათი ერთმანეთისგან გამოცალკევება. ჟანისა და ჟულის შეჯიბრი - ისევეა მამაკაცისა და ქალის პაექრობა, როგორც სხვადასხვა ფენათა ბრძოლა და მას ისევე აქვს დამოკიდებულება სქესის პრობლემესთან, როგორც საზოგადოების ფენათა არათანაბრობის პრობლემასთან." მიუხედავად იმისა, რომ ა. სტრინბერგს  მიაჩნდა რომ "სიცოცხლის სიხარული მდგომარეობს "გააფთრებული ბრძოლის ძალაში" და მისი აზრით  დრამატურგს შესაბამისად ევალებოდა რთულ ადამიანთა გამოხატვა, სტრინბერგის პიესებში პირიქით აღმოჩნდა - თითქმის ყველგან  იმარჯვებს უბრალო (მარტივი) ხასიათები, ხოლო ისინი ვინც "სულით უფრო ფაქიზია და მდიდარი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, ხდებიან დეპრესიის მსხვერპლნი (რა ნაცნობი სურათია და რა ახლოსა დღევანდელობასთან!), გიჟდებიან კიდევაც". ჟანი და ჟულის ბრძოლაშიც ჟანი სჯობნის, ვინაიდან იგი უბრალო, ელემენტალური ნატურაა, რომლის ქცევა განისაზღვრება ერთი, ორი საკმარისად ცხადი მოტივებით.

სტრინბერგის წინამორბედს ჰენრიკ იბსენს  "თეატრის  ფროიდსაც" უწოდებენ.  ორივე მათგანი მეოცე საუკუნის დასაწყისის ბუნება-განწყობას გადმოგვცემს - ქალთა ემანსიპაცია, დეკადანსური განწყობა, ნატურალიზმის გავლენა და საერთოდ ადამიანთა სულებში ჩაღრმავება, სექსუალურ თუ ზნეობრივი დანაშაულებებით მოტივირებული  ყოფა ხდება მათი ძირითადი სამიზნე. '

 

ჰ. იბსენის "მოჩვენებანი" (პირველად იგი შ. აღსაბაძემ დადგა ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით) ერთ-ერთი რთული დრამაა, რომლის დადგმისას რეჟისორს დიდი სიფრთხილე მართებს, რომ მელოდრამატულობისაკენ არ გაექცეს, რაც თავისთავად დაარღვევს პიესის არსს და ავტორისეულ ჩანაფიქრს. ფსიქოლოგიური თეატრი გრძნობების თეატრია და მაყურებელში თავისთავად უნდა იწვევდეს სიბრალულსაც და თანაგრძნობასაც. ნორვეგიელი დრამატურგის პიესებში "ადამიანი თავის თავს გარემოსთან კონფლიქტში მოიაზრებს - გარემოსთან, რომელიც უმრავლესობის მიერაა შექმნილი და ცდილობს იმ გარეგან ძალადობას გაუმკლავდეს, რომელიც ყოველ საათში  ძლიერდება. იგი ცდილობს საკუთარი თავის, როგორც თავისუფალი სუვერენული პიროვნების მიმართ - ზნეობრი მოვალეობის შესაბამისად იმოქმედოს სამყაროზე გამეფებული გიჟური აუცილებლობის საპირისპიროდ" - წერდა ბ. ზინგერმანი თავის წიგნში ჰ. იბსენის შესახებ. თავიდან იყო თუნდაც "ბოლშევიზმის" მიერ შექმნილი სამყარო, გერმანული ფაშიზმი, შემდგომ ტოტალური ევროპული "სოციალიზმი", საბჭოთა კავშირი, ჩინური "კულტურული რევოლუცია" და აშ.  როცა ინდივიდუალიზმი ხშირად საგანგებოდ ისჯებოდა. 

 

მარჯანიშვილის თეატრის  1976 წლის "მოჩვენებანი" (რეჟისორი თ. ჩხეიძე)  დადგმული იყო მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლისათვის:  ვ. ანჯაფარიძე, ა. ვასაძე, ს. ჭიაურელი, ნ. მგალობლიშვილი, გ. ბერიკაშვილი. ეს ის დროა, როცა საშუალო თაობასთან კონფლიქტის შედეგად რუსთავში წასული ახალგაზრდობა მშობლიურ, მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. ეს წარმოდგენა ერთგვარად შერიგება იყო შუა თაობის მსახიობებს - ვ. ანჯაფარიძესა და ა. ვასაძესა და (ს. ჭიაურელის გამოკლებით) ახალგაზრდობასთან. თუმცა სავარაუდოა, რომ არსებითად ეს სპექტაკლი ვ. ანჯაფარიძესთვის დაიდგა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის ხანდაზმულობა (76 წ.) თითქმის არ შეეფერებოდა ფრუ ალვინგის წლოვანებას. ეს იყო მძაფრი, პირქუში, მაგრამ  ვნებათაღელვით აღსავსე, უდაოდ საინტერესო სპექტაკლი, მნიშვნელოვანი წარმოდგენა არა მხოლოდ თეატრისათვის, არამედ მსახიობებისათვის და რაც მთავარია თემურ ჩხეიძისათვის, ერთგვარი პროტესტი გაბატონებული "საზოგადოებრივი ცნობიერების" და პიროვნების, როგორც ინდივიდის მიჩქმალვისა და დაკნინების საპირწონე ნამუშევარი. 

 

ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის "მოჩვენებანი" (რეჟისორი მ. ჩარკვიანი) და  ალვინგების ოჯახის ტრაგედია ძუნწი სცენოგრაფიის - შავისა და წითელი ფერების შეხამების ფონზე თანამედროვე ნორვეგიის მივარდნილ ქალაქში მიმდინარეობს. ამ პირქუშ გარემოში ჯერ კიდევ მოჩვენებანი დაძრწიან. წითელი სავარძელი მძიმე, ძველებულ საწერ მაგიდასთან ერთად რამოდენიმეჯერ ხდება მძაფრი ვნებების ასპარეზი. პასტორი მანდერსისა და ფრუ ალვინგის, ოსვალდისა და რეგინას, დედისა და შვილის  შეხვედრები, უმძიმესი საუბრები და ძალადობაც კი ამ დივანზე მიმდინარეობს. სავარაუდოა რომ  სწორედ "სისხლისფერ" დივანზე ხდებოდა ის აღვირახსნილი ქმედებებიც, რაშიც ბრალი ედება  ოჯახის უფროსს - კამერგერ ალვინგს. პიესაში დადებითი  პერსონაჟი არც კი მოიძებნება: ინცესტისა და ღალატის, სისხლის აღრევისა და დანაშაულებრივი სიყვარულის, აკრძალული ქმედებებისა და ტყუილების "სუნი"  ასდის ყოველივეს ირგვლივ. კამერგერ ალვინგის გამუდმებითი ღალატი, უკანონო შვილი, ფრუ ალვინგის ფარული ტრფობა პასტორ მანდერსისადმი, მამის არათუ ორაზროვანი ლტოლვა საკუთარი ცოლის ქალიშვილისადმი და ბოლოს ოსვალდის მემკვიდრეობითი განუკურნავი სენი. ყოველივე ეს იმ გაუკუღმართებული ცხოვრების წესის შედეგია, რითაც ამ "ძალით" შექმნილმა ოჯახმა იარსება.

სპექტაკლის რეჟისორი მიშა  ჩარკვიანი ზუსტად აკეთებს აქცენტებს და მსახიობებს ისეთ ფუნქციებს აკისრებს, რომ თვითეული მათგანის ქცევა ზუსტად შეესაბამება ავტორისეულ ჩანაფიქრს. ნერვიული, ყოველთვის დაძაბული ფრუ ალვინგი - ბ. გოგორიშვილი და მისი საუბრის მანერა (ერთ-ერთ თეატრმცოდნეს ეს არაბუნებრივად და არადამაჯერებლად მოეჩვენა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები) სწორედ რომ იმ სიყალბის გამოხატულებაა, რაშიც ეს ქალი გამუდმებით ცხოვრობდა. ამ სიყალბეს, უნდობლობას და  გაუცხოებას  გამოხატავს ის  სამუშაო კოსტუმიც, რომლითაც ფრუ ალვინგი პირველად მოგვევლინება (სკაფანდრი, "მეფუტკრის ნიღაბი" ან რაღაც მსგავსი, თუ უცნაური ვუალი, რომელიც სახეს უფარავს) მას იმ გარემოსგან თავდაცვისათვის შეუქმნია, რომლის მსხვერპლიცაა. წარმოდგენის მხატვარი (ლევან ოჩხიკიძე) ზუსტად მიჰყვება ავტორისეულ რემარკებს და სცენაზე აგებულ მინის კედლების მიღმა, რომელიც ამავდროულად სხვადასხვა მიზანსცენებს ერთმანეთისგან გამოყოფს, მოსაწყენი და ბნელი სამყარო ამოიკითხება, რაც ამ სახლს გარს არტყია. გამუდმებით წვიმს და წყლის წვეთები ხშირად აირეკლება ამ მინის კედლებზე. მათგან შემოფარგლული, სცენაზე არსებული სცენა  ტრიალებს (ზოგჯერ ზედმეტადაც). რეგინასა (ა. წერეთელი)  და ენგსტრანდის (ა. ბეგალიშვილი) შეხვედრის სცენაში იგრძნობა ნერვიული ფონი, რაც ამ საუბარს ახლავს. რეგინა, რომელიც ცდილობს დროულად მოიცილის თავიდან აბეზარა მშობელი უფრო დაძაბული სჩანს, ვიდრე ენგსტრანდი. ამ ორი ადამიანის საუბარში ნათლად იკვეთება, რომ ფულისადმი ინტერესი ორივე მათგანში საკმაოდ  ძლიერია.  არ შეიმჩნევა მათ შორის "ახლობლური"  ურთიერთობაც. გაიძვერა და ფლიდი  ენგსტრანდი არცთუ ორაზროვან წინადადებით მიმართავს ქალიშვილის. რეგინა დათრგუნული და შეურაცხყოფილია.  თავიდანვე იგრძნობა, რომ იგი ძალადობის მსხვერპლია, მის ყოველ ჟესტში და მოძრაობაში  მორჩილება და მოკრძალება გამოსჭვივის. სრულიად უსუსურია (მე ვიტყოდი გადაჭარბებულადაც კი) და აქ პირველი განსხვავება იბსენისეულ რეგინასა და მ. ჩარკვიანის რეგინას შორის. მეჩვენება, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვერ ვლინდება მისი ინდივიდუალობა, თუნდაც ნებისყოფა - ცხადია რეჟისორის დავალებით იგი მსხვერპლს თამაშობს, თუმცა მიმაჩნია, რომ პიესის მიხედვით რეგინა უფრო ძლიერია, უფრო მიზანდასახულია და არც თუ ისეთი გულუბრყვილო, როგორსაც  ამ სპექტაკლში ვხედავთ. ამდენად მისი უკანასკნელი საქციელი, ალვინგების სახლიდან გაქცევა პიესით გამართლებულია, სპექტაკლით კი ნაკლებად. ავიღოთ თუნდაც  ის ფრაზა, რომ ახალგაზრდა ქალს მის წლოვანებაში არ შეჰფერის მარტოხელა მამაკაცთან დიასახლისობა ადასტურებს აზრს, რომ მას უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. გარდა ამისა რეგინას საკმაო ეშმაკობაც გააჩნია - პასტორ მანდერსისადმი მის თხოვნაში, სადმე ქალაქში კარგ ოჯახში მოაწყოს, სადაც შვილადაც კი მიიღებენ და ალბათ მემკვიდრეობასაც დაუტოვებენ  მის ორმაგ თამაშზე მეტყველებს, ვინაიდან მას ოსვალდისგან პარიზში ერთად გამგზავრების წინადადება უკვე მიღებული აქვს. თუმცა ეს ყოველივე პიესაშია, სპექტაკლში კი ეს აქცენტები არ შეიმჩნევა. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბ. ზინგერმანის კიდევ ერთი ფრაზა: "იბსენის ... პიესებში მარტოხელა გმირები ხშირად იმათზე უკეთესნი ვეღარ არიან, ვინც სინამდვილეს შეეგუა. მეშჩანური ყოფიერების დამკვიდრების ფონზე, მასობრივი სოციალური ძალების წინაშე გმირთა ინდივიდუალური თვისებები ხშირად გაუკუღმართებულ და გართულებულ ხასიათს ღებულობს. რაც უფრო შორს მიდიან, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველები ხდებიან იბსენის ეს გმირი-ინდივიდუალისტები და უფრო და უფრო ნაკლები შანსი აქვთ წარმატების."

ამ ხუთეულში ყველაზე წარმატებული მაინც ენგსტრანდი აღმოჩნდა. ქალიშვილისადმი ფარული ლტოლვა (რომელიც საერთოდ არაა მისი შვილი და ცხადია მან ეს იცის) და მისი ყოველი ქცევა ანგარებითაა  ნაკარნახევი. პიესის მიხედვით ეს ლოთი, დაჩაჩანაკებული, ფეხნაღრძობი მოხუცი მამაკაცი, სპექტაკლში სრულიადაც არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებს. ა. ბეგალიშვილი - ენგსტრანდი ენერგიული, მიზანდასახული და ფლიდი მამაკაცია, რომელსაც დიდი გეგმები აქვს დასახული და მათი განხორციელებისათვის  სხვის - პასტორ მანდერსის დანაშაულსაც კი თავის თავზე  იღებს. ამაში თავისთავად  "გარიგების" ელემენტი მუშაობს, ისევე როგორც მის პირველ ქმედებაში  იოჰანას ცოლად მოყვანის შემთხვევაში. ამიტომ ენგსტრანდიც იმ დანაშაულებათა ჯაჭვშია, ჩართული რომელიც კამერგერმა ალვინგმა, პასტორმა მანდერსმა და თვით ფრუ ალვინგმა ჩაიდინეს.  ენგსტრანდი-ბეგალიშვილი მშვენივრად გრძნობს დროსა და მომენტს და არცთუ ცუდად ერკვევა ადამიანებში. ჯერ რეგინასთან, შემდგომ კი ფრუ ალვინგთან და პასტორ მანდერსთან საუბრისას ახერხებს ორივე მათგანის დარწმუნებას თავის უდანაშაულობაში, რაც საშუალებას აძლევს, რომ ამ  მძიმე სიტუაციიდან მხოლოდ ის გამოვიდეს  გამარჯვებული. ა. ბეგალიშვილი-ენგსტრანდი მკვირცხლია, ოსტატურად და დროულად იყენებს ავადმყოფ ფეხსაც. მსახიობი ქმნის ძალიან საინტერესო სახეს, თანამიმდევრულს, მიზანდასახულს, იგრძნობა რომ ა. ბეგალიშვილმა დამდგმელი რეჟისორის მეშვეობით მთლიანობაში სწორად მიაგნო ავტორის მიერ შემოთავაზებული პერსონაჟის ბუნება-ხასიათს, მაგრამ ამავდრულუად ორიგინალი და თანამედროვე ფორმა მისცა მას.

ოსვალდ  ალვინგიც  მსხვერპლია, ისევე როგორ რეგინა. პიესაში რასაკვირველი იგი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ხოლო სპექტაკლში ამავდროულად ის მოქმედი პირია, რომელზედაც მ. ჩარკვიანმა მთელი რეჟისორული ხერხების კასკადი ააგო. ჯინსებში და თანამედროვე სტილში ჩაცმული ოსვალდი - კ. კინწურაშვილი გამოჩენისთანავე ყურადღებას იპყრობს ვიდეოკამერით, რომელსაც თვალიდან არ იშორებს. ამ რეჟისორული სვლით ჩვენ, მაყურებელი არსებულ სიტუაციებს თუ მოვლენებს ოსვალდის თვალით ვხედავთ. ეს უდაოდ სანტერესო რეჟისორული მიგნებაა, რასაც განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი. ვიდეოინსტალაციები ხშირად გვინახავს თანამედროვე ქართულ თეატრში და აქაც მუსიკისა და დრამის თეატრში, თუმცა მ. ჩარკვიანის "მოჩვენებანში" იგი სხვა ფუნქციურ და აზრობრივ დატვირთვას ღებულობს. ესაა ავადმყოფი, ფსიქიკამოშლილი ოსვალდის ზმანებანი, რომელსაც საფუძველიც აქვს და არცთუ შორსაა სინამდვილისგან, თუმცა უტრირებულია, ჰიპერტროფირებული, ისეთი როგორიც მის ფიზიკურ და გონებრივ  მდგომარეობას შეესაბამება.  ეს  მისი მესამე "თვალია". სპექტაკლიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ სადილის სცენა, სადაც ისევ ახალ რეჟისორულ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე,   რამაც  უდაოდ ძალზე გამომსახველი და ზუსტი ელფერი შესძინა წარმოდგენას. პიესაში სადილის სცენა არ არსებობს, არც ისეთი, როგორსაც ჩვენ ოსვალდის თვალით ვხედავთ და საერთოდ არანაირი. მხოლოდ რეპლიკებით ვხვდებით, რომ მან უღიმღამოდ, თითქმის უსიტყვოდ ჩაიარა, ვინაიდამ მას წინ უძღოდა პასტორ მანდერსისთვის ფრუ ალვინდის მიერ იმის აღიარება, რომ რეგინა კამერგერ ალვინგის შვილია. სპექტაკლში სადილის სცენა მეტად მეტყველად, ორიგინალურად და ბრწყინვალედაა გადაწყვეტილი. იმ ორგიას, რომელსაც ვხედავ,  ოსვალდის ქვეცნობიერში უდევს ბუდე, მამის მიერ მასზე  ძალადობის გამოძახილია და ამავდროულად შესაძლებელია ბავშვის თვალით დანახული სექსუალური სცენების  ანარეკლიც შეიძლება იყოს. გავიხსენოთ თუნდაც ჩიბუხის მოწევის ისტორია, ჩიბუხისა, რომელსაც მოგონებების აშლის მიზნით ასე დაწაფებია სახლში დაბრუნებული ოსვალდი.   უმცროსი ალვინგი - კ. კინწურაშვილი თავიდან სულაც არ სტოვებს მძიმე ავადმყოფის შთაბეჭდილებას. დაბრუნების შემდეგ იგი ხალისიანია, ხუმრობს რეგინასთან და არა მარტო ...  ბედნიერია რომ  სახლში დაბრუნდა. მსახიობი გვიჩვენებს თანამედროვე ხელოვან კაცს, რომელიც დროებით დედის მოსანახულებლად ჩამოვიდა,   თავიდან   ეს "თამაში"  გამოსდის კიდევაც. იგი არც ოჯახში "მეგობრად და ბრძენად" მიჩნეულ პასტორ მანდერსთანაც არ თაკილობს  კამათს და ძალიან  მძაფრად და თვითდაჯერებულად იცავს პოზიციას ე.წ. "თავისუფალი წყვილების"  შესახებ.

ოსვალდი - კ. კინწურაშვილი   ევროპაში  გაზრდილი   თანამედროვე შეხედულებების ახალგაზრდაა, რომელსაც ადვილად    შესწევს "მამათა" მოძველებული    იდეების ნგრავა.   მაგრამ იგივე სადილის სცენა-ზმანებამ საერთოდ შეცვალა ოსვალდი-კინწურაშვილი. ალკოჰოლს მიძალებული, განცალკევდება და მძიმედ განიცდის თავის ფიზიკურ მდგომარეობას და  სიკვდილის შიშით მოზღვავებულ გრძნობებს.

ფრუ ალვინგის, ოსვალდისა და შემდგომ შემოსწრებული რეგინას სცენა, რომელიც იმავე წითელ დივანზე მიმდინარეობს ფინალურ სცენასთან ერთად ერთ-ერთი ძლიერი სცენაა სპექტაკლში, სადაც სამივე მსახიობმა შეძლო ზედმიწევნით გადმოეცათ    პერსონაჟთა გრძნობათა ბუნება. დედისა და შვილის ეს პაექრობა ერთდროულად სიყვარულის,  ურთიერთდაპირისპირების და ურთიერთსაყვედურის გამოხატულებაა, სადაც ამ ფრეიდისტულ სცენაში ("ოდიპოსის კომპლექსი") ბრწყინავს სამივე მსახიობი - ბ. გოგორიშვილი და კ. კინწურაშვილი. რეგინას კი უნებურე მოწმის როლი მიეკუთვნა და მსახიობიც მორჩილად ასრულებს ამ ფუნქციას. ტანსაცმელშემოღლეტილი ოსვალდი-კინწურაშვილი ადგილს ვეღარ პოულობს ვერც დივანზე და ვერც ამ სამყაროში. მოძალებულმა ავადმყოფობამ ოსვალდი ეგოისტად, შურისმაძიებლად და გაბოროტებულ ადამიანად აქცია. არც რეგინასთანაა იგი გულწრფელი, რომელიც მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ დროულად გაუკეთოს მორფინი, ვინაიდან საკუთარ დედის იმედია არ აქვს,  რომ იგი ამას შეძლებს. ჩვენ წინაშე ოსვალდი-კინწურაშვილი რაფინირებული ევროპელი ხელოვანიდან ნევრასტენიკად, ნახევრად შეშლილად  გადაიქცევა. მსახიობს თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევართ ამ  ტრაგიკული დასასრულისკენ და ტრანსფორმაციის ეს გზა უზუსტესად,  მაღალი მსახიობური ტექნიკითა და სცენური გამომსახველობის მრავალფეროვანი  ხერხებითაა შესრულები, რაც თავისთავად ამ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მსახიობის ნიჭიერებაზე მეტყველებს.

ფრუ ალვინგი - ბუბა გოგორიშვილი, ისევე  როგორც იბსენის პიესების ბევრი სხვა გმირი "საკუთარ თავს გარემოსთან და უმრავლოსობასთან კონფლიქტში" მოიაზრებს: - "კანონი და წესრიგი - ხშირად თავში მომდის აზრი, რომ დედამიწაზე ყველაფერი უბედურების მიზეზი ესაა" - და მისი ცხოვრებაც ბრძოლაა ამ ძალადობის წინააღმდეგ. ეს იგრძნობა ყოველ მის ფრაზაში, ყოველ მის გამოსვლასა თუ საქციელში. ფრუ ალვინგი სახლიდან კი გაიქცა, მაგრამ "ოჯახის მეგობარმა" პასტორმა მანდერსმა (ზ. ჩიქობავა), რომელშიც  ფრუ ჰელენე ალვინგი უაზროდ იყო შეყვარებული სახლში - იმ ჯოჯოხეთში დააბრუნა, სადაც ლოთი და გახრწნილი მეუღლის გვერდზე უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. პასტორი მანდერსი ცდილობს ფრუ ალვინგს  ბრალი დასდოს შვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, თუმცა ამ პაექრობაში ფრუ ალვინგი - ბ. გოგორიშვილი იმარჯვებს. ამ დროს მსახიობს სიამაყის გრძნობა დასთამაშებს სახეზე, თუმცა განსაკუთრებულად საამაყო არაფერი აქვს. უბრალოდ ამ მომენტში პასტორზე გამარჯვება სამაგიეროს გადახდა უარყოფილი სიყვარულის გამო, როდესაც მან ფრუ ჰელენე ალვინგს საკუთარი სამღვდელოებითი კარიერა ამჯობინა და ამით დაღუპა არა მხოლოდ შეყვარებული და გაუბედურებული ახალგაზრდა ქალი, არამედ მისი მომავალიც - ოსვალდიც.

ბ. გოგორიშვილის ფრუ ალვინგი რთული წარსულისა და უფრო მძიმე მომავლის ქალია. იძულებითი წესით შექმნილ ოჯახს კეთილი პერსპექტივა ვერ ექნებოდა. იგი ამას სულ მალე მიხვდა და სახლში მობრუნებული ახალ ცხოვრებას იწყებს უკვე შვილის  გარეშე და მისი ყოველდღიური ცხოვრება  შრომაში, ფარისევლობაში და გამუდმებით ტყუილებში გადის. ბ. გოგორიშვილი-ფრუ ალვინგი ჩვენს წინაშე  პასტორ მანდერსთან საუბრისას ხელახლა გაივლის თავისი მწარე  ცხოვრების ამ ნაწილს. მისი ყოველი სიტყვა დამაჯერებელია და ჩვენც თანაუგრძნობთ მას - ადამიანს, რომელმაც ყველა დამცირებას გაუძლო შვილის გადარჩენის მიზნით. ფრუ ალვინგი-გოგორიშვილის  ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ის მშიშარაა და ეს შიში არ აძლევს საშუალებას მკვეთრი, გადამწყვეტი ქმედებები განხორციელოს და "საზოგადოებრივი აზრი" – "რას იტყვის ხალხი" ხდება დომინანტი. სასოწარკვეთამდე მისული, განწირული, სამუდამოდ დადუმებული შვილის ცოცხალ ცხედარს ჩახუტებული ფრუ ალვინგი-ბ. გოგორიშვილი ისევე ელოდება მზის ამოსვლას, როგორც მისი დამბლადაცემული ისვალდი.

 

პასტორი მანდერსი - ზაალ ჩიქობავა უკვე ხანდაზმული მამაკაცია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ფრუ ალვინგის ცხოვრებაში. ამდენად საწერ მაგიდაზე აღმოჩენილი თანამედროვე ლიტერატურა, რასაც ოჯახის დიასახლისი კითხულობს, ერთობ აკვირვებს  მას და ზ. ჩიქობავა - პასტორი გვიჩვენებს ამ გაოცებას და ამავდროულად მიგვანიშებს, რომ სულაც არ სიამოვნებს ის, რომ თანამედროვე აზროვნებით გატაცებული ფრუ ალვინგი კარგავს მის ზეგავლენას. სწორედ ეს ფაქტი აჩენს პირველ ბზარს მათ ურთიერთობაში. ზ. ჩიქობავა თამაშობს რესპექტაბელურ, თავისთავში დარწმუნებულ პასტორს, რომელსაც  რჩევასაც ეკითხებოდნენ და მის აზრებსაც იზიარებდნენ. თუმცა დრომ გაუსწრო მის იდეებს და ოსვალდთან შეკამათება ფრუ ალვინგთან გასულ დროთა ისტორიის მოყოლის სურვილს აღუძრავს.  ოჯახის დიასახლისის მიერ ახალ ფაქტორთა გამოაშკარავებას მასზე დიდი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, თუმცა მსახიობს ეს განწყობა თუ აღშფოთება ჩვენამდე ვერ მოაქვს. ამ კამათში  ფრუ ალვინგი უფრო  დამაჯერებელია, არგუმენტირებული და ბევრჯერ ნაფიქრი მოსაზრებებით, ვინაიდან სიმართლე ნამდვილად მის მხარეზეა. პასტორმა მანდერსმა, რომელმაც იურისტის მოვალეობებიც კი აიღო თავის თავზე სრული კრახი განიცადა აქ ჩამოსვლისას. თავშესაფარში მომხდარმა ხანძარმა კი, რომელიც მისი დაუდევრობის ან შეგნებული ქმედების შედეგია სამუდამოდ დაასრულა მისი ალვინგებთან მეგობრობა. პასტორი მანდერსი თითქოსდა სულაც არ განიცდის ამ დანაკარგს, უფრო მეტიც- შემდგომში მისი "კომპანიონი"  ახლა უკვე ენგსტრანდი ხდება, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა. შესაძლებელია ფრუ ალვინგის ნაცვლად ახლა რეგინა გახდეს მისი მზრუნველობის საგანი. იგი ფრუ ალვინგთან გამომშვიდობებისას ცივია და არაფრისმეტყველი. ორივემ თავისი ფუნქცია შეასრულა და მათი გზებიც სამუდამოდ გაიყო. თავშესაფრის დაწვის სცენას, რომელიც ვიდეოინსტალაციის სახით ხდება, ისევ ოსვალდის კამერის მეშვეობით ვხედავთ, სადაც "ხანძრის გამჩაღებელნი" ენგსტრანდი, პასტორი მანდერსი, ფრუ ალვინგი და რეგინა არიან და ყველა მათგანს საკუთარი ინტერესი ჰქონდა მონაწილეობა მიღო ამ ქმედებაში. ფრუ ალვინგისა და პასტორ მანდერსის კამათი დაზღვევის თაობაზე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში ორივეს ნაკლებად აწუხებდა ამ თავშესაფრის ბედი - ხანძრის შემდეგ ორივემ შვებით ამოისუნთქა, ვინაიდან უბედურმა შემთხვევა ეს საზრუნავიც თავიდან ჩამოაცილა და სადარდებელიც არაფერია. რეგინას გულზე სულაც არ ეხატება იქ მომვლელად მუშაობა, როცა პარიზისკენ მიუწევს გული, ხოლო ენგსტრანდი სიამოვნებით დაწვავდა ყველაფერს,  რათა რეგინა ხელში ჩაეგდო.

მ. ჩარკვიანს - ახალგაზრდა რეჟისორს, გარდა რეჟისორული ნოვაციებისა აშკარაა, რომ უკვე შესანიშნავად ხელეწიფება მსახიობებთან მუშაობა, როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ პლანში. ეს სპექტაკლი ანსამბლური და სინთეტურია, სადაც მხატვრობაც, კოსტუმებიც, მუსიკაც (ნ. ფასური), პლასტიკაც, ძალადობის სცენებიც და სხვა გამომსახველი საშუალებებიც ერთიდაიმავე  ამოცანას ემსახურება - ზუსტად მიიტანოს ავტორისა და რეჟისორი ნააზრევი მაყურებლამდე. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სპექტაკლის მუსიკა. კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა (მინდა აღვნიშნო რომ გ. ყანჩელის და გ.ძოძუაშვილის შემდეგ, რომელიც უკვე დიდი ხანია თეატრში აღარ მოღვაწეობს) შეძლო შეექმნა მუსიკა, რომელიც მხოლოდ ფონი ან გაფორმება  არაა, არამედ ეს არის დრამატული სუიტა, რომელიც ზუსტად შეესაბამება არა მხოლოდ  დრამატურგიას, არამედ პერსონაჟთა ხასიათებსაც.  მე მას  "ალვინგების სიმფონიას" დავარქმევდი, სადაც, რამოდენიმე ნაწილიანი რთული კომპოზიცია, რომელიც ცალკე აღებულიც კი უკვე ღირშესანიშნავი ნამუშევარია, ზუსტად მიესადაგება სიტყვასაც და ქმედებასაც, განსაკუთრებით კი სპექტაკლის ფინალში.

და ბოლოს მინდა დავუბრუნდე იმას, რითაც დავიწყე. ისევ მივუბრუნდები დ. უზნაძეს და დასკვნის  სახით ვიტყვი, რომ იბსენის ამ პიესის პერსონაჟთა  მოთხოვნილებათა დააკმაყოფილება, შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე სრულად განხორციელდა: ენგსტრანდი, პასტორი მანდერსი, რეგინა გარბიან "მოჩვენებების" სახლიდან. და იმ "საზოგადოებას" შეერევიან, ვისი ღვიძლი შვილებიც არიან,  ხოლო "გმირი-ინდივიდუალისტები"- ფრუ ალვინგი და ოსვალდი, დაავადებულნი და განადგურებულნი რჩებიან იქ, და სადაც მოჩვენებანი ალბათ ისევ დაბრუნდებიან, ვინაიდან ოსვალდისა და დედამისის ცხოვრება და ტანჯვა ისევ გრძელდება - უფრო მძიმე, უფრო სასტიკი და ტრაგიკული.

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა