13 იანვარს, 13 საათზე, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის #34) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას, რომელიც 2013 წლის ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის შედეგებს მიეძღვნება. კვლევა, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა წარმოადგინა ეყრდნობა საქართველოში მოქმედი 37 თეატრის (თბილისის, დამოუკიდებელი, რეგიონული) 2013 წლის მონაცემებს.
პრესკონფერენციაზე გამოვლინდება წარმატებული თეატრები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
• პრემიერებით გამორჩეული თეატრები,
• საერთაშორისო გასტროლებით გამორჩეული თეატრები,
• ქვეყნის შიგნით ყველაზე ხშირად გასტროლიორი თეატრები,
• საუკეთესო მასპინძელი თეატრები,
• თანამედროვე ქართველი დრამატურგი, რომლის პიესაც ყველაზე მეტჯერ იდგმება ქართულ სცენაზე,
• ფუნქციურად დატვირთული თეატრები
• მაყურებლის აქტივობით გამორჩეული თეატრები
• 2013 წლის ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები, თეატრის მხატვრები, მსახიობები.
კვლევა მომზადებულია მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით და ის არ ასახავს სპექტაკლებისა და მსახიობთა მიერ შესრულებული როლების მხატვრულ ხარისხს.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე და კავშირის "კულტურა" პრეზიდენტი მაკა ვასაძე.
კვლევის შედეგების და სრული მონაცემების ხილვა შეგიძლიათ ქართული თეატრის ინტერნეტ პორტალზე - www.georgiantheatre.ge
2013 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები
2013 წელი მნიშვნელოვანი, წარმატებული და გარდამტეხი წელი იყო ქართული თეატრისათვის. საქართველოს თეატრებმა ფუნქციონირება დაიწყეს ახალი კანონის "პროფესიული თეატრების შესახებ" შესაბამისად. 2013 წელს საქართველოს 50-მდე თეატრში დაინიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შექმნაზე.
წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ახალი სპექტაკლი დაიდგა საქართველოს 48 სახელმწიფო და კერძო თეატრში, რაც შარშანდელ წელთან შედარებით 46%-ით მეტია.
მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენა, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის აზრით, წელსაც რჩება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" აღდგენა და თეატრალური პრემია "დურუჯის" დაჯილდოების ცერემონიალი, გაიხსნა ახალი სათეატრო სივრცეები - "ახალი სცენა" და "თეატრი ფაბრიკა".
წელს დიდი წარმატება ჰქონდა ქართულ თეატრს საერთაშორისო ასპარესზე. საქართველოს 10-ზე მეტი თეატრი საგასტროლოდ იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელთაგან აღსანიშნავია მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე ევროპაში ლევან წულაძის სპექტაკლით "როგორც გენებოთ", სპექტაკლი წარმოდგენილი იყო მეორე მიწვევით შექსპირის თეატრში "გლობუსი" ფესტივალის "მსოფლიო გლობუსში" ფარგლებში.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლმა "ფეხმარდი ცხენი" სლავური კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს რაინდი" გრან-პრი დაიმსახურა. გრიბოედოვს თეატრს მიენიჭა ასევე პრემია "თეატრალის ვარსკვლავი" ნომინაციაში "საუკეთესი რუსული თეატრი საზღვარგარეთ".
2013 წელს განხორციელებულ დადგმებს შორის სათეატრო კრიტიკის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლებმა: "ტროელი ქალები" (სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე), "გრონჰოლმის მეთოდი" (მარჯანიშვილის თეატრი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე), "ზამთრის ზღაპარი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე), "კალასი" (თეატრი ფაბრიკა, რეჟისორი რობერტ სტურუა), "ტარტიუფი" (მარჯანიშვილის თეატრი, რეჟისორი ლევან წულაძე).
2013 წლის განმავლობაში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ფოთის, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრებში. ახალი წლიდან ეს თეატრები რეკონსტრუირებულ შენობებში გამართავენ პრემიერებს.
2013 წელს ქართულმა თეატრმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ საღარაძე, რეზო თავართქილაძე, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, ლევან მირცხულავა, სცენოგრაფი თემურ ნინუა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04