ცვლილებები ჭიათურის თეატრში
15-01-2014, 11:38
ავტორი:  თეა კახიანი

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან ინტერვიუების სერიას ვაგრძელებთ ჭიათურის თეატრში, წლის დასაწყისში, შექმნილი ვითარების გარკვევით. სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ, ახალი პირობები შესთავაზა დასს, რამაც თეატრში არსებული დაძაბულობა და კონფლიქტური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. განხორციელებულ ცვლილებებს მსხიობების ნაწილი და სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსში მამუკა ცერცვაძის კონკურენტი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩნევს. გადავწყვიტეთ ორივე მხარისათვის მოგვესმინა:
გ.ქ. – ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მამუკა ცერცვაძემ 3 იანვრის ბრძანებით 7 მსახიობს შეუწყვიტა ხელშეკრულება და გადაიყვანა შტატგარეშე სახელშეკრულებო ფორმაზე, რეგიონის თეტრში ეს მსხიობის თეატრიდან გაშვებას ნიშნავს, ვინც არ უნდა თქვას რომ გამოსვლებზე მათ 100 ან 200 ლარს მისცემენ, ეს იქნება უბრალოდ ტყუილი, დემაგოგია! ჭიათურის თეატრში, რომელსაც გეგმაში წელიწადში სამი სპექატკლის დადგმა აქვს, როგორც მე ვიცი, ესათი რამ შეუძლებელია
თ.კ. - კი მაგრამ, შენ როგორც რეჟისორს ძალიან კარგად გესმის რომ დასს სჭირდება ხოლმე განახლება და თუ  რეჟისორი თვლის, რომ რომელიმე მსახიობს არ შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანა, შეიძლება გაუშვას დასიდან. შეიძლება გადადგას ეს მტკივნეული ნაბიჯი და ამ ნაბიჯის ხარჯზე რაღაც უკეთესი შესთავაზოს თვითონ ამ თეატრის შემოქმედებითი ზრდის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.
გ.ქ. - მაშინ სულ მცირე უნდა იცნობდე ამ მსახიობებს და ერთ სპექტაკლზე მაინც უნდა იყო მათთან ნამუშევარი
თ.კ. - სამწუხაროდ მე არ მაქვს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რომელ მსახიობებზეა საუბარი...
გ.ქ. - ესენი არიან მსახიობები რომელთაგან მხოლოდ ერთთან იმუშავა მამუკამ. შვიდი მსახიობიდან მან იმუშავა ერთთან, დანარჩენ ექვსთან მას არ უმუშავია. თან განაცხადა რომ იქ არიან მსახიობები რომლებიც სამი წელიწადია სცენაზე არ მდგარანო, და ა.შ. მანდ შეიძლება სულ ორი ადამიანი არსებობდეს  ეგეთი, მაგრამ ამასაც თავისი წინაპირობა და ამომავალი მოვლენა აქვს. მათ ყოფილ მმართველთან და სამხატვრო კონსულტანტთან წინააღმდეგობები გაუჩნდათ სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული დამოკიდებულების გამო ხელმძღვანელობასთან მათ არ აკავებდნენ სპექტაკლებში.  თეატრიდან გაშვებული შვიდივე მსახიობი აღმოჩნდა, რომ სწორედ ის მსახიობები არიან, რომლებიც ედავებიან თეატრის ყოფილ მმართველს თავიანთი ხელფასებით მანიპულირებაში, და ადანაშაულებენ მას ფინანსურ მაქინაციებში. დანარჩენებს, 19 მსახიობს, ხელშეკრულებას უგრძელებს 2 თვით, არ ჩნდება კითხვა რატომ?  ეს ხომ აპრობირებული მეთოდია, უშვებ ნაწილს, ხოლო დანარჩენს, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს პროტესტი ხელშეკრულებას უგრძელებ ზუსტად ასე, ერთი ან ორი თვით, რომ მანაც არ იგრძნოს თავი დაცულად. ერთ-ერთ მათგანს ველაპარაკე, და სწორედ ამაზე წუხდა, მე კი გამოვთქვამდი ჩემს აზრსო, მაგრამ ორი თვის მერე რომ მან გამიშვას რა ვქნაო? მექანიზმი ძალიან გაუგებარია? 
ცვლილებები ჭიათურის თეატრში   
თ.კ. - მაგრამ ცალსახად  მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველას ვინც ედავებოდა ყოფილ მმართველს შეუწყვიტეს ხელშეკრულება...
გ.ქ. - ძალიან ბევრი დამთხვევაა, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ აქ განხორციელდა სადამსჯელო ღონისძიება იმ მსახიობების მისამართით ვინც ედავებოდა ყოფილ მმართველს და მხარს მიჭერდა მე.  ეს გაკეთდა იმიტომ რომ ჭიათურის თეატრში არ მომხდარიყო ცვლილებები. განა ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ინიშნება, რომელიც არ იცნობს თეატრს, არავითარი შეხება მასთან არ ქონია და დაახლოებით ორ კვირაში დირექტორის თანამდებობაზე წარადგენს ყოფილ მმარველს, რომელსაც ფინანსურ მაქინაციებში ედავებიან, ფინანსურ პოლიციაში კი საქმეა მასზე აღძრული. სამხატვრო ხელძღვანელი მთელ პასუხისმგებლობას ისე იღებს, რომ არ ატარებს აუდიტს, ელემენტარულად ინვენტარიზაციასაც კი არ ატარებს. ეს ყველაფერი ეჭვს არ ბადებს? როგორ შეიძლება ხელმძღვანელად შეხვიდე ორგანიზაციაში, რომელსაც არ იცნობ და ელემენტარულად არ გადაიბარო? არ ჩაატარო აუდიტი?
თ.კ. - ეტყობა ენდობა ყოფილ მმართველს, და იღებს პასუხიმგებლობას. ალბათ, მან მიიჩნია, რომ ასე უფრო სწორი იქნებოდა...
გ.ქ. - და სწორედ ეს ბადებს დიდ ეჭვს, და მეტყველებს იმაზე, რომ ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ჭიათურის თეატრში არაფერი შეცვლილიყო და დარჩენილიყო იგივე მდგომარეობა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სიტუაცია რჩება იგივე და თან იწყება რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ. ეს იმ დროს როცა მამუკა ცერცვაძის კანდიდატურა შეირჩა სწორედ იმ მოტივით, რომ ის შეძლებდა და გააერთიანებდა დასს. 
თ.კ. - ვინც ამას წაიკითხავს ან მოგისმენს, შეიძელბა გაუჩნდეს აზრი, რომ რადგან გეგამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა და ვერ გახდა სამხატვრო ხელმძღვანელი, ამიტომ იბრძვის და ამიტომ გამოთქვამს გარკვეულ პრეტენზიებს...
გ.ქ. - გეგა ქურციკიძე გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მსახიობებს, ჩემს მხარდამჭერ მსახიობებს საფრთხე დაემუქრათ. სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსის მერე მე გავაკეთე განცხადება, რომ პატივს ვცემ სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მაქვს გარკვეული კითხვებითქო. ამის შემდეგ მე არანაირი მიმართულებით არ მიაქტიურია. მაგრამ  ამ მოვლენაზე, რაც ჭიათურის თეატრის საიუბილეო წლის დასაწყისში მოხდა, მოგეხსენებათ ჭიათურის თეატრი წელს 120 წლის ხდება, მე უბრალოდ არ მაქვს უფლება ჩუმად ვიყო, რადგან არავის დედამიწის ზურგზე არ ეტკინება ჭიათურის თეატრი, როგორც მტკივა მე! რადგან მე იქ გავიზარდე. აქედან გამომდინარეობს ჩემი ასეთი მძაფრი დამოკიდებულებაც იმაზე რაც არასწორი და მიუღებელი მგონია. მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც მე მიჭერენ მხარს და ჩემი იმედი აქვთ, იყვნენ დაცული. მე ამ ადამიანების წინაშე ვარ პასუხისმგებელი და როგორ არ ამოვიღო ხმა, როგორ არ ვიაქტიურო, როცა მათ წინააღმდეგ რეპრესიები ხორციელდება? იქედან უმეტესობას სხვა გასაქანი არა აქვთ, სხვა შემოსავალი არა აქვთ. მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუ ჭიათურის თეატრში არ დავინიშნე, შიმშილით არ მოვკვდები, სხვაგან დავგდგამ და ვიმუშავებ...
თ.კ. - გეგა, რომ მიგიწვიონ ამ თეატრში სამუშაოდ, შენი პასუხი რა იქნება? გარკვეულწილად ეს განმუხტავდა შექმნილ დაძაბულობას...
გ.ქ. - სიტყვიერი მოლაპარაკება შედგა ჩვენს შორის, რომ მე, სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს სპექტაკლი უნდა დამედგა ჭიათურის თეატრში, უფრო მეტიც, მთავარ რეჟისორად უნდა დავნიშნულიყავი, ამით ჩემი მხარდამჭერები რასაკვირველია დაცულნი იქნებოდნენ და კონფლიქტი განიმუხტებოდა. მაგრამ გასულ წელს ეს არ მოხდა, მამუკა ცერცვაძემ დადებული პირობა დაარღვია და ახალი წელიც ასეთი ნაბიჯით დაიწყო, ამით ნათელია, რომ მე არავინ მიმიწვევს ჭიათურის თეატრში სამუშაოდ!
გეგა ქურციკიძესთან საუბრის შემდეგ,  კონკრეტული კითხვებით მამუკა ცერცვაძეს მივმართეთ:
ცვლილებები ჭიათურის თეატრში
თ.კ. - მამუკა, ჭიათურის თეატრის ირგვლივ კარგა ხანია არსებობს დაძაბული, კონფლიქტური ვითარება, რომელიც წლის დასაწყისში კიდევ უფრო გამწვავდა... სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსში შენი კონკურენტი გეგა ქურციკიძე, რომელსაც უკვე ვესაუბრე, კონკრეტულ ბრალდებებს გიყენებს. ის ამბობს, რომ მსახიობების გათავისუფლება თეატრიდან, შენი 3 იანვრის ბრძანებით, სადამსჯელო ოპერაციას გავს...
მ.ც. - 3 იანვრის ბრძანება უპირველესად გამოწვეული იყო იმით, რომ ხელშეკრულებებს, რითაც მსახიობები თეატრში აიყვანეს, ვადა გაუვიდა. აუცილებელი გახდა მათთვის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ახალი პირობებით ყველა მსახიობისთვის.
თ.კ. - და ეს შვიდი მსახიობი რატომ აღმოჩნდა ბორტს მიღმა?
მ.ც. - მათ შემოქმედებით ბიოგრაფიას ვიცნობ და ვინ რომელ სპექტაკლში იყო დაკავებული, კარგად ვიცი. სახელებს არ დავაკონკრეტებ. ამ შვიდი მსახიობიდან ორი თავდაპირველად განაწილებული მყავდა სპექტაკლში "ლამბალო და ყაშა", რომელიც 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოუშვით. აქედან ერთმა თავისი ნებით თქვა უარი მონაწილეობაზე და მიზეზი გახლდათ მეორე სამსახური, სადაც 700 ლარს იღებს. გამოდის, რომ წლების განმავლობაში  თეატრი მსახიობებს უნარჩუნებს ხელფასს და ისინი არ თამაშობენ. ასეთ შემთხვევაში, მე, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიორიტეტად რა უნდა ავირჩიო? შევინარჩუნო მსახიობები, რომლებიც სპექტაკლებში დაკავებაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარს აცხადებენ, თუ ვიმუშაო იმათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დღე და ღამე თეატრში რომ არიან და აქტიურად მუშაობენ? რომელია თეატრის შემოქმედებითი პროცესის განვითარებისთვის პრიორიტეტული? 
თ.კ. - გასაგებია, რომ ერთი თავისი ნებით არ კავდება. დანარჩენების მიმართ რა არგუმენტაცია გაქვს? 
მ.ც. -  მათი მდგომარეობა სათითაოდ შევისწავლეთ და განვიხილეთ. არც ერთი არ მიდის თეატრიდან! ამაზე რაც ითქვა, სიცრუეა! ისინი თეატრში რჩებიან. ზოგთან სატელეფონო საუბარი შედგა, ზოგთან კიდევ, პირადი. ზემოთ ერთზე აღვნიშნე და ახლა მეორეზეც ვიტყვი. მან უკვე შუა რეპეტიციების დროს მითხრა, რომ მუშაობას ოჯახური პირობების გამო ვეღარ გააგრძელებდა და გამოსვლებზე გადამიყვანეო, მთხოვა ჯერ კიდევ ნოემბერში (ამ საუბარს სხვაც ესწრებოდა). მაშინ გამოსვლებზე არ გადამიყვანია და რასაც ახლა გეგა ამბობს, არ მგონია შვიდივე მსახიობის აზრს გამოხატავდეს, რადგანაც აქედან რამდენიმეს პირადად ვესაუბრე და მათ არანაირი პრეტენზია არა აქვთ. პიესის წაკითხვისთანავე ერთი მსახიობი მოვიდა და მითხრა, რომ ნუ დამაკავებთ, სხვა სამსახურში ვმუშაობო. ვნახე მისი მონაცემები და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ სპექტაკლში თამაშობს. შეიძლება მსახიობი სამი წლის განმავლობაში ხელფასს იღებდეს და მხოლოდ ერთ სპექტაკლში იყოს დაკავებული? ეს პრობლემა მხოლოდ ერთის პრობლემა არ არის, შვიდივეს ანალოგიური მდგომარეობა აქვს. მათ ვუთხარი, თუ  დაგიგროვდებათ სპექტაკლები, ითამაშებთ, დაკავდებით, შეიძლება ახალი პირობები გადაიხედოს.
თ.კ. - მითუმეტეს მამუკა, თუ ასეთი მიდგომა გაქვს, იქნებ ცოტა უფრო მეტი დრო მიგეცა მათთვის, რომ უკეთ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები და მერე მიგეღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება. ჯერ ძალიან მცირე დროა გასული რაც სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნე!
მ.ც. -  ვუსმინე ბრიფინგს ტელევიზიით, სადაც გამოვიდა მსახიობი, რომელიც მინდა შევინარჩუნო და მასთან აღნიშნულ საკითზე კიდევაც ვისაუბრე. ბრიფინგზე განაცხადა, ერთმა  მსახიობმა დამირეკა და მითხრა, რომ შენც იმ გათავისუფლებულ შვიდ კაცში ხარო. არადა, არ არის გათავისუფლებული! არავინ არ არის გათავისუფლებული და მით უფრო ეს ქალბატონი. მასთან ხელშეკრულების გაგრძელების უფლებას კანონი არ მაძლევს, იმიტომ, რომ სხვა ძირითადი სამუშაო აქვს. ის არის საბავშვო ბაღის მენეჯერი და შეთავსება მხოლოდ იმ პირობებით შეიძლება, როგორც კანონსა და შრომის კოდექსში წერია!
თ.კ. - და აქამდე ხელშეკრულებით იყო ხომ თეატრში? აქამდე ირღვეოდა კანონი?
მ.ც. - აქამდე ალბათ ითვალისწინებდნენ მსახიობთა სოციალურ მდგომარეობას და ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ფაქტია, რომ რაღაც ცუდად არის გაგებული - მსახიობებს თეატრიდან არ ვუშვებთ, მათ სხვა ტიპის ხელშეკრულებები უფორმდებათ. ამჟამად რეპერტუარში 11 სპექტაკლია. ისინი თუ დაკავებულნი არიან, ადრე თუ გამოსვლებზე იღებდნენ 15 ან 20 ლარს, ახლა ეს თანცა გაეზრდებათ - მათი გამოსვლების თანხა ორმაგდება, რათა ფინანსურად შეღავათი ოდნავ მაინც იგრძნონ. ვიდრე ილაპარაკებენ და ბრიფინგებს მოაწყობენ, ხომ უნდა გაიგონ რას სთავაზობს მათ თეატრი?
თ.კ. -  აქ ალბათ, კომუნიკაციის პრობლემაა, ალბათ, მათ მეტი ინფორმაცია უნდა ქონოდათ იმ შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მათ შემოქმედებით მომავალს და უბრალოდ სოციალურ დგომარეობას განსაზღვრავს. ალბათ, წლის ბოლოს უნდა შემდგარიყო დასის შეკრება, სადაც მსახიობებს გააცნობდით თქვენს პირობებს. რადგან ეს ინფორმაცია მათ არ მიუღიათ ამიტომ გაჩნდა ეჭვები და ვარაუდები, რასაც თუნდაც იგივე გ. ქურციკიძე გამოთქვამს. ის ამბობს, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია იმ მსახიობების მისამართით ვინც სამხატვრო ხელძღვანელების კონკურსში მას უჭერდა მხარს...
მ.ც. - კარგით, ახლა გეტყვით: ჩვენი გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ გაუმჯობესდეს მსახიობების სოციალური მდგომარეობა. იანვრიდან დაგეგმილი იყო ხელფასების ზრდა და რაკი ვერ მოხერხდა, ამიტომ 19 მსახიობთან გაფორმდა 2 თვიანი ხელშეკრულება, რომლის შემდეგ მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულებები ხელფასების 40, 50, 100 პროცენტიანი ზრდით. ფინანსურ დარღვევებს რაც შეეხება, გავლილი თემაა, რადგან თითოეული დოკუმენტი კარგა ხანია ფინანსურ პოლიციაში დევს და მათი შესწავლა მიმდინერაობს. ამ პროცესის შედეგები მეორე მხარისათვის არასახარბიელო იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. სამწუხაროა, რომ გარკვეულ პირებს კონფლიქტის ინსპირირება უფრო აწყობთ, ვიდრე მისი გადაწყვეტა. 
თ.კ. - კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე თუ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი გზა ისიც იქნებოდა, რომ იგივე გეგა ქურციკიძე მოგეწვიათ თეატრში და მას სპექტაკლები დაედგა. როგორც ვიცი, ამის შესახებ მოლაპარაკებაც შედგა და თქვენს შორის ამ დრომდე არავითარი პიროვნული უთანხმოება არ ყოფილა...
მ.ც. - დიახ, ასეთი მოლაპარაკება არსებობდა მიუხედავად იმისა, რომ თეატრში არიან მსახიობები, რომელთათვისაც გეგასთან მუშაობა კატეგორიულად მიუღებელია იმდენი შეცდომა აქვს მათთან ურთიერთობაში დაშვებული. თუმცა, შევთანხმდით, რომ ის სპექტაკლს დადგამს და ეს ძალაშია. შარშან ვერ მოხერხდა, რადგან, სხვადასხვა მიზეზების გამო, 6 დეკემბრამდე სპექტაკლი ვერ გამოვუშვით, ახლა იგეგმება "თოვლის დედოფლის" პრემიერა და ამის შემდეგ მას შეუძლია პროექტი წარმოადგინოს. სხვა რეჟისორების მსგავსად, მასაც ყველა პირობას შევუქმნით, რომ სპექტაკლი დადგას! 
თ.კ. - ამ საკითხის გარდა, იქნებ ერთი სიტყვით შევეხოთ თეატრის მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებსაც. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით როგორი მდგომარეობაა თეატრში? 
მ.ც. - ძალიან ცუდი. განათების სისტემა, ხმა, სცენის მბრუნავი მექანიზმი, ფიცარნაგი -  ყველაფერი თანამედროვე სტანდარტებთან არის დასაახლოებელი. გარდა ამისა, ეს არის კლდეში შედგმული შენობა, რის გამოც ნესტია და მსახიობები სხვადასხვა დაავადებების რისკის ქვეშ არიან!
თ.კ. - მამუკა, მადლობას გიხდი ინტერვიუსათვის და გისურვებ გადაგეჭრას შენი და თეატრის წინაშე ყველა მიმართულებით წამოჭრილი სირთულეები,  მართლაც გაგეერთიანებინოს დასი და მიგეღწიოს შემოქმედებითი წარმატებებისათვის.
მ.ც.- მადლობა. მარტის თვეში გელოდებით მარჯანიშვილის თეატრში, სადაც ჭიათურის თეატრი მ. ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წარმოადგენს.
თ.კ. - აუცილებლად! 
 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა