თავისუფალი თეატრი
21-01-2014, 11:23

თავისუფალი თეატრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სტაბილური, ორიგინალური და დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში, რომელსაც უკვე ათ წელზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისეთი პირმშოა, რომელიც არ ცვლის თავის მხატვრულ პრინციპებს და დევიზს - "თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს".

თავისუფალმა თეატრმა დაარსების დღიდანვე - 2001 წლის 31 მარტიდან - მიიზიდა მაყურებლის ფართო წრე და დღეს თავისუფალ თეატრს თავისი მაყურებლის დიდი წრე ჰყავს. პირველი სპექტაკლები "კომედიანტები", "პროვოკაცია" და "ტელემისტერია" მალევე მოექცა მაყურებლის, კრიტიკის, პრესისა და ტელევიზიის ინტერესის ქვეშ. ამ სპექტაკლების რეჟისორი თეატრის დამაარსებელი ავთანდილ ვარსიმაშვილი გახლდათ.

თავისუფალი თეატრი

ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლები ეპატაჟურ ხასიათს ატარებდა. "კომედიანტები" იყო პირველი სპექტაკლი, რომელიც შეიქმნა აფხაზეთის ომის თემაზედა პირველი გამოეხმაურა ამ პრბლემას. თავისუფალი თეატრის სცენაზე პირველად ჰპოვა მხატვრული ასახვა ქართულმა რეალობამ. ვარსიმაშვილი დაუფარავად აკრიტიკებდა მთავრობას, რომელიც უსუსური აღმოჩნდა მასთან ბრძოლაში. თავისუფალი თეატრი იმთავითვე იქცა პოლიტიკური თეატრის ყველაზე ეფექტურ, ხმაურიან თეატრალურ სივრცედ. "კომედიანტები" რამდენიმე წლის განმავლობაში ანშლაგებით მიდიოდა და ის ნახა ათასობით მაყურებელმა. სპექტაკლი 600-ჯერ მეტჯერ ითამაშეს, რითაც მოხსნეს რობერტ სტურუას ლეგენდარული სპექტაკლის "კავკასიური ცარცის წრე" რეკორდი. "კომედიანტებიც" თავის მხრივ ახალი დროის თეატრალური ლეგენდა იყო რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის და მსახიობების ნიკო გომელაურის, რამაზ იოსელიანის, ირინა მეღვინეთუხუცესისა და სლავა ნათენაძის წყალობით. მგრძნობიარე, მტკივნეულ და ემოციით გაჟღენთილ სპექტაკლს პოლიტიკური სატირა ავთანდილ ვარსიმაშვილის "პროვოკაცია" მოჰყვა. რეჟისორი გამოირჩეოდა რადიკალურობით, არ ერიდებოდა ხელისუფლების კრიტიკას. ცენზურისგან გათავისუფლებულ საქართველოში ძალიან ძნელი იყო რეფლექსებისგან გათავისუფლება. ავთო ვარსიმაშვილმა მაშინ ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა ამ კომპლექსის დაძლევა და მაყურებლისთვის ისეთი პროექტების შეთავაზება, რომელსაც პრეცედენტი არ ჰქონდა ქართულ სათეატრო ბაზარზე. "პროვოკაცია", რომელსაც მაშინ აკრიტიკებდნენ და უფრო აქციას უწოდებდნენ ვიდრე სპექტაკლს ძალიან ცდებოდნენ, რადგან სპექტაკლი თავისი არსით, შინაარსით და ფორმით უნდა იყოს მოქალაქეობრივი პოზიციის გამომხატველი, ერთგვარი აქცია, გარდა ამისა, "პროვოკაცია" პირველ ქართულ ვერბატიმის ჟანრის სპექტაკლადაც შეგვიძლია მოვიაზროთ, რადგან სპექტაკლის ტექსტი მთლიანად ეყრდნობოდა მონაწილე მსახიობების დოკუმენტურ მონათხრობს. ფორმა მაშინ უცნაური და ახალი იყო ტრადიციული ფორმის ქართული თეატრისათვის... 

 

თავისუფალი თეატრის მიზანი არასოდეს ყოფილა მაყურებლის მხოლოდ გართობა  (რეპერტუარიდან გამომდინარე), ამ თეატრში ყოველთვის მაყურებელს სთავაზობენ მწვავე, აქტუალურ, დრამატულ თემებს, რომელიც აღელვებს და აწუხებს მას. შესაბამისად, რეპერტუარიც არ არის აგებული ტაშ-ფანდურზე, იაფფასიან კომედიებსა და ვოდევილებზე. აქ, აუდიტორიას სხვა ღირებულებებით იზიდავენ. თავისუფალ თეატრში უმთავრესი მოქალაქეობრივი პოზიცია და მრწამსია პრიორიტეტული. 

 

თავისუფალი თეატრი ახალგაზრდების თავშეყრის საუკეთესო ადგილია. მისი სპექტაკლები არც მაშინ და არც დღეს ტოვებს გულგრილს არავის. თეატრის დამაარსებლის ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლების მიმართ მაყურებლის ასეთი ინტერესის "საიდუმლოება" იმაშიც არის, რომ ის ნებისმიერ ნაწარმოებს აქართულებს, მაქსიმალურად აახლოებს ჩვენს რეალობას და შესაბამისად, სცენაზეც აისახება ჩვენი ყოფა. 

 

თავისუფალმა თეატრმა მოახერხა პოპულარული გამხდარიყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი ხშირად მოგზაურობენ საგასტროლოდ საქართველოს ქალაქებში და უფრო მეტიც, მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში. 

თავისუფალი თეატრი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად განვითარებადი და აქტიური თეატრია, მიუხედავად იმისა, რომ ის კერძოა და სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ იღებს ახერხებს სეზონზე რამდენიმე ახალი სპექტაკლის შეთავაზებას მაყურებლისათვის, გარდა ამისა, თეატრს უკვე ჰყავს მისი დასი, რომელსაც კარგად იცნობს მაყურებელი, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა საზოგადოებამ. თეატრის მსახიობები ახალი თაობის ვარსკვლავები არიან, რომელსაც სულ სხვა ამპლუაში ეცნობა მაყურებელი. უფროსი თაობიდან თეატრს მხოლოდ სლავა ნათენაძე შემორჩა, შესაბამისად თავისუფალი თეატრის დასი მთლიანად ახალგაზრდა მსახიობებით არის დაკომპლექტებული. პირველი სეზონიდანვე ამ თეატრში დღემდე მოღვაწეობენ მაია დობორჯგინიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ჯაბა კილაძე, კახა მიქიაშვილი, მოგვიანებით მათ შეურერთდნენ: მარიამ ჯოლოგუა, გოგა ბარბაქაძე, თიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე, სანდრო მარგალიტაშვილი, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, ვანო ქურასბედიანი, მარიამ ნადირაძე, მიშა არჯევანიძე, ნათია კვაშალი, კახა გოგიძე, ლაშა გურგენიძე და სხვები. 

თავისუფალი თეატრი

თავისუფალი თეატრის სცენაზე ათობით სპექტაკლია დადგმული, მაგრამ მათგან გამორჩეულია თავად ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლები: "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ", "კავკასიური ცარცის წრე", "ვალსი ძილის წინ", "მშვენიერი ქართველი ქალი",  "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", "მექანიკური ფორთოხალი". მსურს ორიოდ სიტყვით შევჩერდე ამ უკანასკნელ სპექტაკლზე. ავთანდილ ვარსიმაშვილი განსაკუთრებულ რისკზე წავიდა, როცა მან ენტონი ბერჯესის ამ ცნობილი ნაწარმოების თეატრის სცენაზე დადგმა გადაწყვიტა, რადგან მოგეხსნებათ რომანიც და ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმიც ძალზეც პოპულარულია, გარკვეული ტრადიციაა შექმნილი, თუმცა რეჟისორმა შექმნა რადიკალურად განსხვავებული, დრამატურგიულად გამართული სპექტაკლი, რომელიც ქართულ რეალობას, არც ისე შორეულ წარსულს, გასული საუკუნის 90-აინ წლების საქართველოს მოარგო, ისე რომ არ დაკარგა პირველწყაროს ატმოსფერო. ვარსიმაშვილის სპექტაკლმა გაახსენა მაყურებელს არც ისე შორეული წარსული და დაგვანახა რეალობა, რომლითაც არ მოერიდა სიმართლის თქმას სცენიდან, მაშინ როცა იდეოლოგიური ცენზურისგან თითქოს გათავისუფლებული თეატრი, ფინანსურმა ცენზურამ ჩაიგდო ხელში. 

 

თავისუფალი თეატრი ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედებითი რეალიზების სივრცეცაა. აქ სპექტაკლებს დგამენ ახალგაზრდა რეჟისორები, რომელთა შორის უკვე გამოიკვეთა ლიდერი იოანე ხუციშვილის სახით, რომლის სპექტაკლები "თოჯინების სახლი" და "საძაღლე" პროფესიონალ კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 

თავისუფალი თეატრი თავისუფალი სივრცეა ნებისმიერი ხელოვანისთვის, სადაც არ ზღუდავენ და აქცევენ გავლენის ქვეშ თუნდაც დამწყებ რეჟისორებს, რომელთაც საკმარისი გამოცდილებაც კი არ აქვთ. მათი წარმატების საწინდარი და დადგმული სპექტაკლების სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ მაყურებლის ინტერესზეა დამოკიდებული. სწორედ მაყურებელი განსაზღვრავს მათ პროფესიონალიზმსა და მხატვრულ ხარისხს, რომელიც ბრძენია და ვერაფერს მოატყუებ.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა