სტაბილურად განვითარებადი თეატრალური კერა
23-01-2014, 00:26

ვისაც ჰგონია, რომ თანამედროვე ქართულ თეატრში საინტერესო შემოქმედებითი პროცესები არ მიმდინარეობს, ნება მომეცით ამ აზრს დასაბუთებულად შევეწინააღმდეგო, ქართული თეატრი ვითარდება და ამას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე თბილისში ჩამოტანილი სპექტაკლების წარმოდგენებიც მოწმობს. მართალია, ჩვენი თეატრი გარდამავალ ეპოქაშია, მაგრამ აშკარაა, რომ ის  ისწრაფვის ახალი ფორმების ძიებისა და თამამი ექსპერიმენტებისაკენ, თანამედროვე ქართული თეატრი ეძებს ახალ საკომუნიკაციო ენას თავის მაყურებელთან. ამ პროცესებში გამორჩეული და წამყვანი ადგილი უჭირავს სამეფო უბნის თეატრს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თვითდაფინანსებაზეა სრულებით არ ცდილობს თეატრის კომერციალიზაციას. სამეფო უბნის თეატრი არ ეძახის პოპულარულ მსახიობებს იმისთვის, რომ მაყურებელი მოიყვანოს და არ არჩევს პიესას მხოლოდ მისი სკანდალური სიუჟეტისა, თუ მოტივების გამო. ამ თეატრისთვის მთავარი მხატვრული პრობლემების გადაჭრა, ახალი ტიპის დრამატურგიისა და თეატრალური ფორმების ქართულ თეატრალურ სივრცეში ადაპტაციაა და რაღა თქმა უნდა, ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეატრში დგამენ ნიკა თავაძე, ნინი ჩაკვეტაძე, მიხეილ ჩარკვიანი და სხვები თეატრის მხატვრულ მიმართულებას და სახეს ახალგაზრდა, შემოქმედებითად სტაბილურად მზარდი რეჟისორის დათა თავაძის სპექტაკლები განსაზღვრავენ.

 

დათა თავაძემ შემოიკრიბა ენთუზიასტი ახალგაზრდები: დრამატურგი დავით გაბუნია, კომპოზიტორი ნიკა ფასური და მსახიობები: სალომე მაისაშვილი, ნატუნა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, ქეთა შათირიშვილი, მაგდა ლებანიძე, ანა წერეთელი, იაკო ჭილაია, გიორგი ყორღანაშვილი, გაგა შიშინაშვილი, პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე და სხვები,  სპექტაკლები გააფორმეს მხატვრებმა ლევან ოჩხიკიძე და ქეთი ნადიბაიძემ. ახალგაზრდების შემოქმედებით ძიებებში აქტიურადაა ჩართული მხატვარი მურაზ მურვანიძე, რომელიც ამ გუნდში ლოგიკურად „ჩაეწერა“. რამდენიმე საინტერესო სპექტაკლის განხორციელების შედეგად გუნდის წევრები უკვე გადანაწილებულები არიან სხვადასხვა თეატრებში და ეწევიან შემოქმედებით მოღვაწეობას, თუმცა მათი ანსამბლურობა სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლებში მაინც განსაკუთრებულია, რადგან იქ ყველა ერთ ენაზე საუბრობს.

 

სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლები გამოირჩევა დრამატული ტექსტების განსაკუთრებული არჩევითობით. ამ თეატრში ხორციელდება ის პიესები, რომლებიც არასდროს დადგმულა ქართულ სცენაზე და ამავდროულად არის აქტუალურიც და თანამედროვეც. შემოქმედებითი ჯგუფი არასდროს სცდება პიესის არჩევანში, რომელიც მომავალი სპექტაკლის წარმატების საწინდარს ამყარებს, ისინი ზუსტად არჩევენ იმ დრამატურგიას, რომელიც მასში დასმული პრობლემით არის აქტუალური და ახლოს ჩვენს თანამედროვე ყოფასთან.

სტაბილურად განვითარებადი თეატრალური კერა

სამეფო უბნის თეატრში ვერ ნახავთ სპექტაკლებს, რომელსაც ნაფტალინის სურნელი ასდის, აქ მუდამ ცდილობენ შემოგთავაზონ რაღაც ახალი, განსხვავებული, საინტერესო... გაგვიზიარონ ევროპული თეატრის არც თუ ისე შორეული წარსულის მიღწევები, გააცნონ ქართველ მაყურებელს ის ექსპერიმენტები, რომელმაც განვითარება ჰპოვა თანამედროვე დასავლურ თეატრში.

 

სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლები სლავომირ მროჟეკის „სტრიპტიზი“, აუგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“, რაინერ ვერნერ ფასბინდერის „კატცელმახერი“, მარიუს ფონ მაიენბურგის „მახინჯი“, დავით გაბუნიას „ტროელი ქალები“ გამოირჩევიან აქტუალური გლობალური პრობლემატიკით, ორიგინალური ფორმისა და შინაარსის თანხვედრულობით, საინტერესო სცენოგრაფიული გადაწყვეტით, ცოცხალი და გააზრებული არტისტული ანსამბლით და კონცეპტუალური მუსიკალური გაფორმებით, რომელსაც აერთიანებს დახვეწილი, ოდნავ სტილიზებული ორიგინალური (ამ სიტყვის ორმაგი მნიშვნელობით) რეჟისურა.

 

სამეფო უბნის თეატრს კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დათა თავაძის სპექტაკლებს დიდი წარმატება ხვდა მოლდოვაში თეატრის ახალგაზრდა მოღვაწეთა საერთაშორისო ფორუმზე და შვედეთში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. არაერთი აღფრთოვანების წერილი გამოაქვეყნეს ამ თეატრის სპექტაკლებზე თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა კრიტიკოსებმა და თეატრმცოდნეებმა... სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი წლევანდელი თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატიც გახდა.

 

სათეატრო წრეებში ხშირად გაიგონებთ, რომ თანამედროვე ქართულ თეატრში კარგი ახალგაზრდა მსახიობი ქალების დეფიციტია. ამ მოსაზრებას მთლიანად არღვევს დათა თავაძის მიერ, სამეფო უბნის თეატრში,  ამ თეატრალურ სეზონში დადგმული სპექტაკლი „ტროელი ქალები“, რომელიც რეჟისორმა დათა თავაძემ დრამატურგ დათო გაბუნიას ლიტერატურულ კომპილაციაზე დაყრდნობით და ხუთი მსახიობის - ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, კატო კალატოზიშვილის, სალომე მაისაშვილის და ქეთა შათირიშვილის თანხლებით დადგა. სპექტაკლის მუსიკალურ პარტიტურაზე კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა. ეს ის გუნდია, რომელზედაც „დგას“ სამეფო უბნის თეატრის მიმდინარე რეპერტუარი. სამეფო უბნის თეატრი კი თანამედროვე ქართულ თეატრში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათეატრო კერა-ლაბორატორიაა, რომელიც ქმნის იმ პროდუქციას, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად ქართული თეატრის განვითარებას. ეს ის თეატრია, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ შემოქმედებით ძიებებზე. ამ გუნდის მიერ მაყურებლისთვის შემოთავაზებულ სპექტაკლებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებითი პროცესი ამ თეატრში თანმიმდევრულად ევოლუციური და სისტემურია.

სტაბილურად განვითარებადი თეატრალური კერა

თვალში საცემია ის გარემოებაც, რომ თვით დათა თავაძის ძიებების არეალი სიტყვისა და მოქმედების ჭიდილ-სინთეზისა უფრო მასშტაბური, ღრმა და მიმზიდველი ხდება. მოაზროვნე ახალგაზრდა რეჟისორის ამ სპექტაკლში ერთდროულად პრიორიტეტულია თემა და პრობლემა (აქტუალურობით), ტექსტი (თეატრალურობით), მსახიობი (უნივერსალური შესაძლებლობებით), მუსიკა (კონცეფციით), სივრცე და მისი გამოყენება (მოქმედების შექმნის უნიკალური შესაძლებლობებით) და რაც მთავარია მაყურებელი (ინტერაქტიულობით).

 

დრამატურგმა დათო გაბუნიამ რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად იმუშავა ტექსტზე. ბევრი მათგანი რეალურ მონათხრობზე და ისტორიებზეა დაფუძნებული, ნაწილი კი ევრიპიდეს „ტროელ ქალებზე“. ომგამომვლილი ქალი-პერსონაჟები ემოციურად, დრამატულად, ზოგჯერ კი შესაშური სისადავით გვიამბობენ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და მათ გამოცდილებაზე ომებში სხვადასხვა ეპოქებში. მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიას და მისი თანაგუნდელების ტექსტი ჩვენი ეპოქის რეალური ადამიანების მონათხრობებს ეფუძნება და სპექტაკლში ევრიპიდეს ტექსტის ნაწილიც არის გამოყენებული, სინტაქსურ- სტილისტური თვალსაზრისით მათ შორის რადიკალური სხვაობა არ იგრძნობა. მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს არის დრამატურგის ოსტატობა-ლიტერატურის სათეატრო ტექსტად ქცევასთან ერთად მისი ერთ სტილისტიკაში მოქცევა.

 

რეჟისორიც თხრობის (ქართული თეატრისთვის მიუჩვეველ და იშვიათ) უცნაურ ფორმას გვთავაზობს. უცნაურობა კი მიზანსცენათა კონტრასტულ აწყობის პრინციპში ვლინდება, რომელშიც საინტერესოა არა მხოლოდ შინაარსი, არამედ ფორმაც. (პარალელური ტექსტი და ქმედება). სპექტაკლის მთავარი გმირები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც ომმა მოცელილ ყვავილებს დაამსგავსა, ამ მხატვრულ შედარებას სპექტაკლში ვხვდებით. სასოწარკვეთის მიუხედავად სპექტაკლის გმირები, ჩვენი თანამედროვენი, მაინც ოპტიმისტებად რჩებიან და არც ირონიაზე ამბობენ უარს მონოლოგებში.

 

დათა თავაძის ახალ სპექტაკლში ახალგაზრდა ქალ მსახიობთა ნამდვილი ანსამბლია, რთულია მათ მიერ შექმნილი მხატვრული სახეებიდან რომელიმეს გამორჩევა, თუმცა ამ კონკრეტულ სპექტაკლში თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალურობა აქვს. შეუდარებელი სიმარტივით და ბუნებრიობით გამოირჩევა მაგდა ლებანიძე, ხასიათის სიმტკიცითა და შინაგანი ძლიერებით კატო კალატოზიშვილი, ღრმა მგრძნობელობით ქეთა შათირიშვილი და ნატუკა კახიძე, სიხისტით და შინაგანი ტრამვის შეფარული ჩვენებით სალომე მაისაშვილი. თითოეული პერსონაჟი ჩვენს წინ დგას როგორც გმირი ქალი, რომელიც ომის მსხვერპლია, გლოვობს, მაგრამ მაინც თამაშობს, გაურბის მძიმე მოგონებებს და სათქმელს თითქოს შეგნებულად წელავს. განმანსხვევბელი გამომსახველობითი საშუალებების გარდა მათ ბევრი რამ აერთიანებთ. სპექტაკლის თითოეულ მონაწილეს შეუძლია კარგად და სწორად სიმღერა, თავისუფლად მოძრაობა, მკაფიოდ მეტყველება, აზროვნება ...

თითოეული პერსონაჟის მონოლოგი განზოგადოებას ექვემდებარება, შესაბამისად ტექსტი პოლიტიკურ კონტექსტს იძენს, ამის გამო პირადი პირადულის ჩარჩოს სცილდება და ის საყოველთაო ხდება. სამეფო უბნის თეატრის სცენიდან სცენაზევე განლაგებულ მაყურებელს ჩვენი თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზე ხმამაღლა, მკვეთრად, გასაგებად და საკუთარ თავთან ჩასაღრმავებლად გვესაუბრებიან.

 

სტაბილურად განვითარებადი თეატრალური კერა

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა