ფრთხილად, ყველგან პოლიციაა!
23-01-2014, 13:08

ახმეტელის თეატრში ახალი, გარდამავალი ეპოქა ტრაგიკულად დაიწყო... მოულოდნელად გარდაიცვალა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ გოლაძე, დაგეგმილ პრემიერამდე სწორედ 3 დღით ადრე... ახლადარჩეული სამხატვრხო ხელმძღვანელი, აწ უკვე გარდაცვლილი თამაზ გოლაძე ბევრი ინოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავდა ახმეტელის თეატრში, მთავარ რეჟისორად მიიწვია ირაკლი გოგია, რომელმაც თეატრში სპექტაკლის დასადგმელად რეჟისორი პოლონეთიდან დარიუშ ეზერსკი მოიწვია.

დარიეუშ ეზერსკი თეატრის რეჟისორთან ერთად დრამატურგიცაა, ის არის თეატრების „New Art Theatre” და „Pro Form” დამაარსებელი. მსახიობთან მუშაობის რამდენიმე საავტორო სათეატრო მეთოდოლოგიის ავტორი. დაიბადა 1967 წელს ქალაქ გლივიცაში. მოღვაწეობა დაიწყო თეატრ “X” – ის სცენაზე. ოცწლიანი გამოცდილების მანძილზე დადგმული აქვს 40 ზე მეტი სპექტაკლი, როგორც პოლონეთში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ინტერესის სფეროა ექსპერიმენტები და ახალი სათეატრო ფორმის ძიება. დარიუშ ეზერსკის სპექტაკლი „შეშლილი ძაღლი“ – შესულია ყველა დროის  10 საუკეთესო პოლონურ მონოდრამას შორის. ევროპის სათეატრო სივრცეში პოპულარობით სარგებლობს დარიუშ ეზერსკის მიერ შექმნილი „მსახიობის ხმაზე მუშაობის სიტემა“  – მეთოდი აგებულია ხმისა და მოძრაობის სინქრონიზაციაზე.  მისი მოწაფეები წარმატებით მოღვაწეობენ პოლონურ თეატრში. სხვადასხვა წლებში ის  რომისა და ათენის თეატრალურ აკადემიებთან თანამშრომლობდა. არაერთგზის ხელმძღვანელობდა საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალების ჟიურის. მისი თეორიული ნაშრომები იბეჭდება პოლონურ და რუსულ სამეცნიერო გამოცემებში.

თავად ფაქტი, რომ პოლონელმა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი ახმეტელის თეატრში, ჩვენი სათეატრო სკოლისგან განსხვავებულმა რეჟისორმა იმუშავა ახმეტელის თეატრის მსახიობებთან და რეპერტუარში გაჩნდა სხვა ტიპის დრამატურგია, თეატრში, რომლის რეპერტუარი „ჭურსა“ და „ტაქსისტი გივის“ ისტორიას არ გასცდენია, თავისთავად დადებითი მოვლენაა. პროცესი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ახმეტელის თეატრში, პროექტში მონაწილე ორივე: ქართულ-პოლონური მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და ეს კარგად გამოჩნდა არა მხოლოდ სპექტაკლის მთლიაობაში, არამედ მსახიობთა ნამუშევრებში, ჩვენთვის ცნობილი მსახიობები, განსაკუთრებით აკაკი ხიდაშელი და ნუგზარ ყურაშვილი ჩვენთვის მოულოდნელ ამპლუაში წარსდგნენ. აშკარად ჩანდა, რომ ქართველმა მსახიობებმა და პოლონელმა რეჟისორმა თავიანთი ქვეყნის თეატრის გამოცდილებები გაცვალეს და სასიხარულოა, რომ ეს პროცესი დადებითად აისახა მათ შემოქმედებაზე.

„ პოლიცია“ სლავომირ მროჟეკის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, პოლიტიკურმა სატირამ გამოქვეყნებისთანავე დიდი ზეგავლენა მოახდინა 60 -იანი წლების სოციალისტური პოლონეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაზე. სცენები ჟანდარმერიის ცხოვრებიდან დღემდე აქტუალურ თემებს ეხმაურება და პოპულარობას არ კარგავს ევროპის მრავალი ქვეყნის თეატრის სცენაზე. არც ქართულ სცენაზე დაუკარგავს მროჟეკის პიესებს აქტუალობა. მისი ნაწარმოებები ხშირად იდგმება სხვადასხვა სცენებზე, ხოლო თავად „პოლიცია“ გასულ სეზონზე განხორციელდა კინომსახიობთა თეატრში ზურაბ გეწაძის რეჟისურით. ამ დადგმისგან რადიკალურად განსხვავდება დარიუშ ეზერსკის „პოლიცია“ - კონცეფციით, პიესის გადაწყვეტით, თეატრალური ფორმით და ჟანრობრივადაც კი.

ფრთხილად, ყველგან პოლიციაა!

დარიუშ ეზერსკი მიმართავს ბუფონადას, რათა პერსონაჟების ნაწილი კარიკატურებად აქციოს, ამაში მას სწორედ ჟანრი და მისივე შერჩეული კოსტიუმები ეხმარება, რომელიც მეოცე საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ ტირანთა ხასიათების ერთგვარ მიქს წარმოადგენს. ძნელია განსაზღვრო სპექტაკლის ჟანრიც, რადგან ბუფონადა გროტესკში მოულოდნელად და შეუმჩნევლად გადადის, ხოლო გროტესკი სატირაში, სატირა მძაფრ ირონიაში, ირონია კი უცნაურ დრამატულობაში და ასე დაუსრულებლად. ზღვარი იმდენად შეუმჩნეველია ჟანრების მონაცვლეობას შორის, რომ ძნელია დაადგინო საზღვარი. მსგავსი ხერხი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელია თანამედროვე თეატრის, ოღონდ ურთულესი მსახიობთათვის განსახორციელებლად და რა დასამალია, რომ ახმეტელის თეატრის მსახიობებმა დაკისრებულ ამოცანას პირნათლად გაართვეს თავი. მიუხედავად მეხსიერებაში ღრმად დალექილი სათეატრო გამოცდილებისა, რომელიც უნებლიედ ცოცხლობს მათში ახალი როლების განხორციელებისას, აკაკი ხიდაშელი და ნუგზარ ყურაშვილი სრულიად მოულოდნელ ამპლუაში წარსდგნენ ჩვენს წინაშე. განსაკუთრებით მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო აკაკი ხიდაშელის ხილვა პოლიციის უფროსის როლში, რადგან უკვე მივეჩვიეთ ამ მაღალი რანგის მსახიობის მიღებულ ამპლუასა და გმირებს, აი, პოლიციის უფროსი კი რადიკალურად განასხვავებს მას აქამდე გაცოცხლებულ გმირებისაგან. მსუბუქი, გემოვნებიან ბუფონადამდე დაყვანილი პოლიციის უფროსი ღიმილს იწვევს. დამდგმელმა ჯგუფმა ზუსტად ჩაავლეს სლავომირ მროჟეკის პიესის ჟანრობრივ არსს.

დარიუშ ეზერსკიმ სპექტაკლი თეატრის ფოიედან დაიწყო, როცა ვესტიბიულში უნიფორმაში გამოწყობილი პოლიციელები მოგვევლინენ, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი მკაცრები იყვნენ ჩვენს მიმართ, რომელთაც უნდა შეექმნათ ის ატმოსფერო, რომელიც პიესაშია, ისინი უფრო პარტერში გამკაცრდნენ და სიჩუმისკენ მოგვიწოდებდნენ. სცენა მთლიანად განმუხტულია დეკორაციისაგან. სივრცეს ოთხი პროჟექტორი და სტანდარტული კაბინეტის მაგიდა სკამით ავსებს. აქ განწყობას და ატმოსფეროს მხოლოდ მსახიობები ქმნიან. სპექტაკლის რიტმს პოლიციის უფროსი აკაკი ხიდაშელი განსაზღვრავს, რომელსაც რომაული ჩაფხუტის მსგავსი  შავი „ქუდი“ ჩამოუცვამს თავზე, რომელიც მას თითქოს ბოჭავს ზედმეტი ემოციურობისაგან. აკაკი ხიდაშელი სრულიად მოულოდნელი ამპლუით წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან ზუსტად ჩაავლო სპექტაკლის ჯანრს, შეიცვალა ხმის ტემბრი და უფრო გროტესკულ-კომიკური გახდა, სერჟანტის (გიორგი ჭუმბურიძე) გადარწმუნების დროს  ის თითქოს ჟანრს ცვლის, უფრო დრამატული ხდება. ჟანრებში მონაცვლეობა ურთულესი ამოცანაა მსახიობთათვის, რომელსაც ისინი წარმატებით ართმევენ თავს. კომიკურ-გროტესკული, ინფანტილური პერსონაჟია ნუგზარ ყურაშვილის გენერალი. ერთი შეხედვით მსუბუქი და ზერელე გენერალი, საკმაოდ გონებამახვილი და ჭკვიანია, საკმაოდ ცბიერიც. ამ ორი, უფროსი თაობის პერსონაჟის და მსახიობის თამაშინ მანერისაგან რადიკალურად განსხვავებული მანერით წარსდგებიან ჩვენს წინაშე კახა ჯოხაძე (პატიმარი, შემდგომში გენერლის ადიუტანტი), გიორგი ჭუმბურიძე (პოლიციის სერჟანტი, შემდგომში პატიმარი). სწორედ ეს კონტრასტულობა ქმნის ჰარმონიულობას მათ შორის, რომელიც ფინალისკენ ნათლად იკითხება. კახა ჯოხაძის პერსონაჟი ორსახოვანია, ერთი პატიმრის ამპლუაში და მეორე გენერლის ადიუტანტისა, ორივე კონდიციასა და მდგომარეობას მახვილგონიერება აერთიანებს. სავარაუდოდ, მომავალში ისიც გენერლისა და პოლიციის უფროსის ახალ პროტოტიპად იქცევა. გიორგი ჭუმბურიძესაც ორი ფსიქიკური მდგომარეობა აქვს - პოლიციის სერჟანტობიდან პატიმრობამდე, ის ნამდვილი მსხვერპლია აბსურდული რეჟიმისა და სისტემის, მისი მოკლული გვამი მაყურებელს  პარტერიდან გამოსვლისას  კიბის საფეხურებს შორის ხვდება. მსახიობი გულწრფელობითა და მხატვრული სიმართლით გამოირჩევა, წარმატებით ახერხებს, ზედმეტი ემოციურობის გარეშე გამოხატოს მისი პატიმრად გადაქცევის პროცესი, რომელიც რეჟისორმა პლასტიკის ენით გადმოგვცა. ამ სცენაში ჩანს აგრესიაც, ტანჯვაც, ფსიქოლოგიური გარდატეხის რთული პროცესიც. სწორედ ამ არავერბალურ კონცეპტუალურ სცენას მოსდევს ტექსტუალური განმარტება-ანალიზი პროცესისა. აკაკი ხიდაშელის ტექსტში - თქვენ პიროვნება ხართ უკვე, რომელიც ახალი პატიმრის მიმართ არის ნათქვამი უდიდესი ცინიზმი და ირონია იგრძნობა.

ფრთხილად, ყველგან პოლიციაა!

სპექტაკლში გაკვრით, მაგრამ ნათლად არის ნაჩვენები როგორ თრგუნავს ადამიანს, პიროვნებას პოლიციური რეჟიმი და მისი აბსურდულობა, რომელიც კომიზმამდე აღწევს. სპექტაკლში კიდევ ერთი დამატებითი პერსონაჟია - ვინ? სწორედ ასე ქვია რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფს, მოსიარულე ვინ-ს, რომელსაც თათია თათარაშვილი განასახიერებს, ის მთელი სპექტაკლის განმალობაში აკვირდება პროცესებს, თითქოს ის ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი არის სპექტაკლის პერსონაჟებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სულ მათ გვერდით დგას. ამ პერსონაჟის ფუნქციურობა ინდივიდუალურ ასოციაციას იწვევს, რომელსაც აქვს ერთგვარი დრამატურგიული ხაზი, რომელიც ფინალში კულმინაციას აღწევს. სწორედ ეს პერსონაჟი კლავს გიორგი ჭუმბურიძის ახალი დროის პატიმარს და გაშმაგებული მოგვმართავს ჩვენს მაყურებელს და ოპტიმიზმით განწყობილ დრამატურგს სლავომირ მროჟეკს (პიესის ფინალს ვგულისხმობ) - ტყუილია ყველაფერი ბატონო მროჟეკ!!! ტყუილია, რომ გაიმარჯვა თავისუფლებამ, დაისადგურა სიკეთემ, ყველაფერი დროებითია და წარმავალი, მიღწეული თავისუფლებაც, გამარჯვებული სიკეთეც და დასადგურებული მშვიდობაც. ყველა მოვლენა წრეზე ტრიალებს და წარსული აუცილებლად განმეორდება.

ახმეტელის თეატრის ახალი სპექტაკლი ამ თეატრის წარმატებაა, ექსპერიმენტების ძიება და ახალი თეატრის ფორმირება უნდა გაგრძელდეს, ეს დიდი სანდრო ახმეტელის შემოქმედებითი კრედოა, რომელსაც მისი სახელობის თეატრმა არ უნდა უღალატოს.

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა