ტყუილია, ბატონო მროჟეკ!
27-01-2014, 12:09
ავტორი:  ლელა არაბიძე

ისევ გვისმენენო, გვამცნო  ცოტა ხნის წინ რომელიღაც საინფორმაციო სააგენტომ. სტატიაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აგრერიგად  ნანატრი სამართლიანობის აღდგენამდე ჯერ ისევ შორია და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებმაც აღიარეს, რომ ჩვენი საუბრები ტელეფონით კვლავ ისმინება...
პოლიტიკური პოლიცია - სისტემა, რომელიც დასანგრევია, კიდევ არ დანგრეულა და ისევ მითებში ვცხოვრობთ, ყველაფერი ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება და მიუხედავად იმისა, რომ რკინის ფარდა 1991 წელს დაეშვა და მას შემდეგ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ვართ, საბჭოთა კანონებსა და მენტალიტეტსაც კი, თავი ვერ დავაღწიეთ. ახლაც, ამ დროშიც, ალბათ ისე როგორც არასოდეს, აქტუალურია ფრაზა - გაუმარჯოს ძალაუფლებას, მის აღმატებულება ძალაუფლებას, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.
ვინ იყო სანდრო ახმეტელი? რატომ ატარებს ეს თეატრი მის სახელს? - მკითხა პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეზერსკიმ თბილისში ჩამოსვლის პირველსავე დღეს. სლავომირ მროჟეკის ცნობილი პიესა "პოლიცია" ახმეტელის თეატრში სწორედ მან  განახორციელა.რეჟისორს მოკლედ ავუხსენი, რომ ახმეტელი, ქართული თეატრის ერთ-ერთი რეფორმატორი, 1937 წელს სტალინურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა და დახვრიტეს  როგორც სამშობლოს მტერი. "როგორი სიმბოლურია", - თქვა დარიუშმა. მართლაც ძალიან სიმბოლურია. ეს პიესაც ხომ სისტემის ნგრევაზეა, იმ სისტემის, რომელიც ასეთი მსხვერპლის, ტკივილის, ტანჯვის ფასად დაანგრიეს თავად პოლონელებმა. 
"პოლიცია" სლავომირ მროჟეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, პროვოკაციული დრამა, პოლიტიკური სატირა, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1958 წელი) ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჯერ  სოციალისტური პოლონეთის საზოგადოების ცნობიერებაზე, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაზე. ქვეყანაში ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს ხელი მოაწეროს აღიარებით ჩვენებას. უკანასკნელი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს და რა  ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური მოწინააღმდეგე აღარ რჩება? სისტემა ლპობას იწყებს . . . 
მაგრამ დარიუშ ეზერსკი სპექტაკლს, ახმეტელის თეატრში, სცენაზე მსახიობების გამოსვლამდე იწყებს: სტუდენტი გოგონები, პოლიციელის ხისტი მზერით და ფურცლებით ხელში, რომლებზეც წერია  "გაუმარჯოს ძალაუფლებას", მაყურებელს ფურცელს აწვდიან - "დაიმახსოვრეთ ტექსტი", - ამბობენ ისინი მენტორული, ძალაუფლებისმოყვარე ტონით.
ეზერსკი პოლონეთში ცნობილი რეჟისორია. დადგმული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი, არა მარტო პოლონეთში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. უყვარს ექსპერიმეტები და ახალი სათეატრო ფორმის ძიებაშია, რამაც  საქართველოში ჩამოიყვანა. ახმეტელის თეატრის მოწვევით მან საქართველოში ერთი თვე დაჰყო.
30 ნოემბერს დანიშნული პრემიერა მოულოდნელი და სამწუხარო ამბავის გამო გადაიდო - გარდაიცვალა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ გოლაძე -  ადამიანი, რომელმაც ახმეტელის თეატრისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და პოლონელი რეჟისორის მიერ განხორციელებულ პრემიერას დიდი ინეტერსით ელოდა…
დარიუშ ეზერსკის სპექტაკლი უდეკორაციო გარემოში თამაშდება. სცენაზე მხოლოდ განათების სამი  სისტემაა დამონტაჟებული. დგას მაგიდა და სკამი. მუსიკა იშვიათად ისმის.  მხოლოდ დიალოგი, მროჟეკის იუმორნარევი ტრაგიზმი, პატიმარი, რომელიც ციხის სარკმლიდან დანახული სამყაროს შემყურე შეხედულებებს იცვლის და აი, პირველი დიალოგიც იწყება, კახა ჯოხაძე- უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი ტოვებს ციხის საკანს...
გროტესკული, უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი პერსონაჟი შექმნა მსახიობმა აკაკი ხიდაშელმა, ირონიულია მისი  პოლიციის უფროსი. ხიდაშელმა მროჟეკის გენიალური პიესისგან სწორედ ისეთი გმირი გამოძერწა, ისეთი აქტუალური, ყველა დროს მორგებული, თანამედროვე, თან სატირული, თან საოცრად სევდანარევი და ცინიკური, როგორსაც ალბათ მროჟეკი ხატავდა 1958 წელს. 
არაჩვეულებრივად საინტერესო, განსხვავებულ  სახეს ქმნის ახმეტელის თეატრის გამორჩეული მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი. მისი გენერალი - სასაცილო, ინდიფერენტული გენერალი, როცა სიტუაციას ჭირდება ჭკვიანიც რომ ხდება და ზომიერიც, სრულიად უგერგილო დამოკიდებულებაშია ყველა პერსონაჟთან და სწორედ მისი  დამოკიდებულება, არაადეკვატურობა, პოლიციის უფროსის ღრმა გროტესკულობა, ჯერ პატიმრის, შემდეგ ადიუტანტის (კახა ჯოხაძე) ზღვარგადასული ცინიზმი და ახალგაზრდა მსახიობის - გიორგი ჭუმბურიძის საოცარი გარდასახვა პოლიციის სერჟანტობიდან პატიმრობამდე ქმნის ტრაგიკულ სიმშვიდეს სცენაზე. ისინი ყველანი თავისი თვისებებით, მათთვის დამახასიათებელი თუ დროის შესატყვისად მიღებული უცნაური თავისებურებებით  ნაწილნი არიან სისტემის, რომელსაც პოლიტიკური პოლიცია ქვია და რომლის ნგრევაც, ისევე როგორც ყველა მახინჯი სისტემის ქვეყანაზე, უაღრესად რთულია. 
ახმეტელის თეატრში განხორციელებულ სპექტაკლში დარიუშ ეზერსკიმ პერსონაჟი დაამატა. თათია თათარაშვილის გმირი სცენაზე ყველაფერს აკვირდება. არაფერს ამბობს, მაგრამ ყველაფერს ხედავს. ის ყველგანაა. მისი თვალები და გამომეტყველება მოწმობს, რომ მას ყველაფრის გადაწყვეტილება ძალუძს. ვინ არის ის? ხელისუფლება. რატომ მოკლე კაბით? იმიტომ რომ მთავრობას ყოველთვის ჭუჭრუტანიდან უნდა ვუყუროთო, ამბობს დარიუშ ეზერსკი. 
ტყუილია, ბატონო მროჟეკ!
ხელისუფლება ხმას მხოლოდ ერთხელ იღებს, სპექტაკლის ბოლოს, როდესაც გიორგი ჭუმბურიძის  გამარჯვების ეიფოორიით შეპყრობილი გმირი ყიჟინას დასცემს. მთავრობა მას ტყვიას ესვრის. "ტყუილია, ბატონო მროჟეკ, ტყუილი!" - ყვირის თათია თათარაშვილის პერსონაჟი. დარიუშ ეზერსკი ამბობს, რომ პიესის მთავარ სათქმელში, როდესაც მთავარი გმირი ამბობს : "დაე იყოს მშვიდობა", მროჟეკი შეცდა, რადგანაც ეგონა, როცა კომუნიზმი და დიქტატურა  დასრულდებოდა პოლიცია -პოლიტიკური სისტემა აღარავის ენდომებოდა, მაგრამ...
"დაე იყოს მშვიდობა, მშვიდობა, რომელიც ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია.  თქვენ ხომ ახლახან გამოიარეთ ომი. ჩვენი ხალხი ძალიან გედგათ გვერდში", - მითხრა დარიუშმა და 2008 წლის საშინელი აგვისტო გამახსენა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა,  სპექტაკლის ნახვის შემდეგ, როდესაც ჭუმბურიძის გმირს ძალაუფლება ესვრის, თბილისიდან 18-ე  კილომეტრზე მდებარე სოღალუღის მინდორი მომაგონდა, მინდორი, სადაც სწორედ ძალაუფლების ყველაზე სასტიკმა სისტემამ, 1937 წელს, გენიალურ ქართველ რეჟისორს,  სანდრო ახმეტელს სასიკვდილო ტყვია ესროლა . . .  

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა