„ნეტავ ვიცოდე რისთვის ვკვდები“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში
19-02-2014, 00:28

ოცდამეერთე საუკუნის თეატრმა უარი თქვა საუკუნეების წინ დამკვიდრებულ ფარდაზე, რომელიც მოქმედების დაწყების წინ იხსნება.  ამით რასაკვირველია დაიკარგა მოულოდნელობის ის ეფექტი, რაც ამ ფარდის ახდას მოჰყვებოდა ხოლმე  - როდესაც უეცრად აღმოჩნდებოდი მხატვრის მიერ გაფორმებულ გარემოში, სადაც სპექტაკლის გმირებს უნდა ეცხოვრათ. ახლა კი, შედიხარ თუ არა მაყურებელთა დარბაზში,  უკვე იმ სამყაროში ხარ, სადაც მოქმედება უნდა განვითარდეს. სპექტაკლის დაწყებამდე უმზერ  ამ სივრცეს, განსაკუთრებით კი ისეთი მცირე ფორმების თეატრში, როგორიცაა „თავისუფალი თეატრი“, „სამეფო უბნის თეატრი“  ან ილიაუნის თეატრი - თეატრები, რომელიც  „გროტოვსკისეულ“  სტილს ამკვიდრებს  და სადაც მაყურებელი ისე ახლოს ზის მსახიობთან, რომ წარმოდგენის უშუალო თანამონაწილეც კი ხდება, სადაც მსახიობი შეიძლება ხელით შეგეხოს, წამოგაყენოს, გვერდით მოგიჯდეს, ჩაგრთოს ქმედებაში. ამიტომაც ცხადია სპექტაკლზე  პირველ წარმოდგენას სცენოგრაფი გიქმნის და მის ავ-კარგიანობაზე ფიქრი წარმოდგენის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, სწორედ მხატვრის ნამუშევრიდან იწყება. ასე იყო ილიაუნის თეატრის ჟ. ანუის  „ანტიგონეს“ პრემიერაზეც. შავ ფერებში გადაწყვეტილ სცენა-თეატრონზე (მხატვარი გ. აგაშენაშვილი)   მხოლოდ უშველებელი აიწონა-დაიწონას ტიპის საქანელა დგას, რაზეც  გათამაშდება ეს უკვდავი ტრაგედია და ის აქსესუარები, რაც დროდადრო დასჭირდებათ მსახიობებს : აკვარიუმი ოქროს თევზით (ჩაკეტილი სივრცის  სიმბოლო, მასში „დამწყვდეული“ თევზით), ვენური სკამები  და საკიდი, საბეჭდი მანქანა  (ჟან ანუისთვის ან კრეონის ბრძანების დასაბეჭდად),  ჩაის ჭიქები და პლუშის სათამაშო დათუნია - მაცნე ანტიგონეს ტრაგიკული ნაბიჯების დასაწყისისა.

რასაკვირველია დამდგმელი რეჟისორი გ. გოშაძე (რეჟისორი ა. ვაჭრიძე) ტრადიციას არ არღვევს და წარმოდგენას ქორო, უფრო სწორად წამყვანი ან თუ გნებავთ თვით დრამატურგი  ჟან ანუი  (მსახიობი  ა. ვაჭრიძე) იწყებს. მაყურებელთა დარბაზთან შეთამაშებისა და გაშინაურების შემდეგ იგი ამ ტრაგედიის მოკლე შინაარს გვაცნობს,  რისი მოწმეებიც ახლა უნდა გავხდეთ. წამყვანი - მსახიობი ა. ვაჭრიძე დანარჩენებისგან  გასხვავებული ჩაცმულობით, გარეგნობით, სათვალით, მართლაც რომ დრამატურგ ჟან ანუის მოგვაგონებს, გამუდმებით სცენაზეა. იგი ანტიკური ქორის შესაბამისად დამკვირვებელიცაა და შემფასებელიც, დამხმარეც და მოწინაღმდეგეც - „კრეონ, არ მოკლა ანტიგონე“ - მოუწოდებს თებეს მბრძანებელს, თუმცა ეს მხოლოდ ფრაზაა, რომელიც უნდა წარმოითქვას, მაგრამ არ შესრულდეს.

თეატრონის უკანა კედელზე თანმიმდევრულად ჩნდებიან მთავარი მოქმედი პირების აჩრდილ-სილუეტები. ისინი ხომ მართლაც სულები არიან, რომლებიც  დრამატურგმა დროებით ამ ქვეყანაზე დააბრუნა და ჩვენს წინაშე მიუჩინა ადგილი, რომელთა დიდი ნაწილი  სულ მალე  ისევ ზეცას ამაღლდება.

სილუეტები თანდათან ცოცხლდებიან, რეჟისორი ანტიგონეს  (თ. ნავროზაშვილი) იმ  ჯურღმულის კარიბჭეს უხსნის, სადაც  სამუდამო განსვენება  ჰპოვა. პოლენიკესა და ეთეოკლეს სისხლით მოსვრილი პერანგები, კარიბჭის სხვადასხვა მხარეს რომ ჩამოკიდებს  წამყვანი, ვერასდროს გაცოცხლდებიან - ისინი, რომელთა სიკვდილი იმ ბუნტის მიზეზი ხდება, რაც კრეონთან ბრძოლის საბაბად გაიხადა ანტიგონემ და რაც ასე აღაშფოთებს თებეს მბრძანებელს.

„ანტიგონეს“ ქართულ სცენაზე იმდენად  დიდი და გრძელი ისტორია აქვს, რომელშიც ყოველთვის უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ, რომ არ დავიწყებთ ამ ისტორიის მოყოლას. იგი მართლაც რომ ყველასთვის ცნობილია. არც ისაა გასაკვირი, რომ რომელიმე რეჟისორს მისი დადგმის სურვილი გასჩენოდეს - მთავარი ისაა, შეძლებს თუ არა იგი რაიმე ახლის თქმას, შეძლებს თუ არა ახალი ფურცელი შესძინოს ამ სპექტაკლის ისტორიას.

თუ ანტიგონეს თებეს ციკლის ბერძნული მითიდან ტრაგიკოსმა სოფოკლემ  ამ მითის  სცენური ვერსია შექმნა, ჟან ანუისთვის იგი მხოლოდ ფონია, რაზეც უნდა განვითარდეს ორი პიროვნების - ბიძისა და დისშვილის, ქვეყნის მართველისა და მისი ერთ-ერთი ქვეშევრდნომის - მომავალი რძლის, კრეონისა და ანტიგონეს დაპირისპირება და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ჟან ანუის პიესა თამაშის თამაშია და ავტორი არც კი ცდილობს ამის შენიღბვას - ღია ტექსტით აძლევს დავალებებს პერსონაჟებს თუ როდის დაიწყოს პატარა ანტიგონემ - გმირი ანტიგონეს და ოჯახსა და  საკუთარ სამშობლოზე მზრუნველმა კრეონმა - დიქტატორი და მბრძანებელი კრეონის თამაში.  ეს პიესის მოცემულობაა და ამგვარი  მონაცვლეობა გამუდმებით გრძელდება.

რეჟისორმა არ გადაღალა არც თავისი თავი და არც მაყურებელი „ზედმეტი“ პერონაჟებისაგან. გაქრნენ ევრიდიკე, მსახური, ჩაფრები, ზოგიერთი მათგანი კი ერთ პერსონაჟში გაერთიანდა. მაგ ქორო და მსახური;  ჩაფრების  ნაცვლად ერთი მცველი (დ. ველიჯანაშვილი) - თავისი მორჩილებით, მონური ფსიქოლოგიით, უსუსურობით და სიმხდალით -  ერთადერთი  კომიკური ფიგურა სპექტაკლში.  

ყველაფერმა ამან უფრო შეკრა წარმოდგენა, რათა  გ. გოშაძეს კონცენტრაცია გააკეთებინა ანტიგონე-კრეონის დაპირისპირებაზე. მან   სწორედ ამ თამაშის  თამაშის წინ წამოწევა დაისახა მიზნად და ბოლომდე მისდევს მას. სცენაზე მედიდურად „გაწოლილი“  აიწონა-დაიწონაც ამის დასტურია და იმისა, რომ ანტიგონე და კრეონი ყოველთვის მის სხვადასხვა მხარეს არიან.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამდგმელის  ზოგიერთი რეჟისორული ხერხები სწორხაზოვანი და ილუსტრაციულია, კარგი იქნება  თუ იგი შემდგომში თავიდან აიცილებს მას.

სცენაზე კი დილაუთენია დაბრუნებული ანტიგონეა, რომელიც საგანგებოდ მალავს სად იმყოფებოდა ღამით. კრეონის საყვარელ აკვარიუმზე იბანს მიწით მოთხვრილ ხელებს. ესეც გარკვეულწილად მისი პროტესტია და იმის დასტური, თუ როგორ აღიზიანებს მას ყველაფერი ის, რაც სასახლეში მიმდინარე,  თითქოს და ბედნიერი ცხოვრების გამოხატულებაა. არც ისმენეს (მ. ძაგანია) დ არც ძიძას (თ. მაყაშვილი) არ ანდობს თავის საიდუმლოს, განსაკუთრებით კი ისმენე აღიზიანებს - გაპრანჭული, შავ-თეთრ სამეჯლისო კაბაში, ფერუმარილნაცხები, საგანგებოდ დავარცხნილი, თითქოს უმაღლესი რაუტის შეხვედრაზე მიდიოდეს. მედიდური, გამუდმებით მბრძანებლური ტონით რომ საუბრობს - ზედგამოჭრილი დედამისი იოკასტაა. ანტიგონე კი უბრალო  ჩითის ბალახონში, უხეში ჩექმებით, გამხდარი და თმაარეული. ისინი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, განსხვავებული იდეალებით, ამიტომაც ისინიც აიწონა-დაიწონას  სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. თუმცა ისმენე მაინც  ცდილობს საერთო ენა იპოვოს დასთან, გვერდით მიუჯდება და არწმუნებს რომ „მაღალი იდეალები კაცების საქმეა“- თუმცა მათ შერიგებამდე კიდევ დიდი დროა. ანტიგონეს საუბარი ძიძასთანაც იმის დასტურია, რომ მისი გადაწყვეტილება ურყევია - მან უკვე საკმარისად „იცხოვრა“ და ახლა უკვე თავგანწირვით სიკვდილის დრო დამდგარა.

ჰემონთან (გ. ჭუმბურიძე) შეხვედრაც ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული. თუ ჰემონი ამ შეხვედრით დიდი გეგმებს აწყობს, ბეჭედს ჩუქნის და მომავალი ოჯახის ბედნიერებას სახავს, ანტიგონესთვის ეს მასთან განშორებაა და გამომშვიდობების სცენა. აქ იგი უბრალო ანტიგონეა, გულუბრყვილო, რომანტიული, შეყვარებული - ამიტომაც ტრაგიზმით აღსავსე. სამაგიეროდ სულ მალე, კვლავ ისმენესთან შეხვედრისას იგი ახლა იმ გმირ ანტიგონედ გადაიქცევა, რომელმაც თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ბოლომდე მიიყვანოს ის რაც ჩაიფიქრა.

კრეონი (გ. როინიშვილი) შავ-თეთრებში შემოსილი, გამოსვლისთანავე ჟილეტს გაიხდის და საყვარელ აკვარიუმს მიაშურებს, რუდუნებით მოვლილი თევზების ცქერით ტკბება - მათ გამოაღვიძებს,  შეეთმაშება კიდევაც - მოხდენილად მალავს  შინაგან აღელვებას,  აწი უკვე ჩადენილ ქმედებას.  ცდილობს შექმნას იდეალური გაწყობისა და ოჯახური სიმშვიდის ილუზია, თუმცა მიცვალებულის ნეშტთან ნაპოვნ სათამაშო დათუნიას, რომელიც სავარაუდოა თვითონვე აჩუქა დისშვილს, ამ ილუზიიდან გამოყავს - მის წინაშე საქანელაზე თოკით მიბმული ანტიგონეა და იწყება მათი, გაუთავებელი, მართლაც რომ სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინება.

მთელი სპექტალის განმავლობაში ორივე მსახიობს  დიდი ექსპრესიით და ემიციური დატვირთვით მიჰყავს ეს  სცენები - თუ  გია როინიშვილისთვის  - დიდი თეატრალური გამოცდილების, წარმატებული მსახიობისთვის  ეს ადვილი და მარტივია, მას წილს არ უდებს ახალბედა, დამწყები და ახალგაზრდა შემსრულებელი.

დასაწყისში კრეონს სახეზე ღიმილიც კი დასთამაშებს. აქ იგი მზრუნველი ბიძაა და მომავალი მამამთილი. გ. როინიშვილის კრეონი ჯერ დიქტატორ  მმართველად არ ქცეულა. იგი მის ხელთ არსებული  ყველა ხერხებით ცდილობს ანტიგონეს დაყოლიებას. თავიდან, თავისთავში დარწმუნებულს ეჩვენება რომ ადვილად მიიჩნევს საწადელს - მირთმეულ  ჩაის დააგემოვნებს, ანტიგონესაც სთავაზობს, მსახურთანაც საუბრობს და მის მიერ  მომზადებული  ჩაის  შეუქებს, თუმცა მაინც იგრძნობა  ნერვიული ფონი. ისინი ხომ  აიწონა-დაიწონას სხვადასხვა მხარეს არიან. ანტიგონე დაუნდობელი  და თვითნებაა - საქანელაზე შეხტება და ზევიდან დასცქერის კრეონს. ბრძოლა უპირატესობის მოპოვებისათვის აპოგეას აღწევს, კრეონის აზრით ანტიგონე ზედგამოჭრილი მამამისია.  ოიდიპოსის აუგად ხსენებას  ვერ აპატიებს ანტიგონე - თ. ნავროზაშვილი - ეს ხომ მისი ის პატარა ქალიშვილია, რომელიც თვალებდათხრილ ოიდიპოსს  კოლონოს ქუჩებში დაატარებდა და ბოლომდე პატრონობდა მას. ეს ხომ ის ანტიგონეა, რომელსაც ბაბუამისის, თებეს მეფე ლაიოსის ცოდვამ უწია და ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია, ვიზეც უნდა დამთავრდეს ღმერთების რისხვა წინაპართა  მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო.

უეცრად გ. როინიშვილს - კრეონს ღალატობს თავშეკავება და ყვირს, ყვირის ისტერიულად, თუმცა მალე გონს მოეგება. სიტუაცია ზამბარასავით დაძაბულია, თუმცა არის მომენტი, როდესაც შერიგებამდე სულ ცოტა დარჩა - ანტიგონე მიუახლოვდება, უკანიდან ეხვევა და კოცნის კიდევაც  საკუთარ ბიძას, მაგრამ ეს არაა შერიგება, პირიქით ბრძოლის შემდგომი ეტაპის დასაწყისია, და კვლავ ტრალებს  საქანელა. კრეონი და ანტიგონე მის სხვადასხვა მხარეს ჩამომსხდარან და  საპნის ბუშტების გაცვლა-გამოცვლით „ერთობიან“ - ცხოვრება ილუზიაა, იდეალების მსხვრევა, რომელსაც ხელით ვერ დაიჭერ  და  საპნის ბუშტივით სკდება.

კრეონმაც და ანტიგონემაც ხომ შესანიშნავად იციან, რომ ვერც კრეონი დაიხევს უკან და ვერ შეცვლის თავის ბრძანებას და არც ანტიგონე იტყვის უარს თავის განზრახვაზე. ის აუცილებლად უნდა დაიღუპოს. ეს ორივეს ბედისწერაა და ორივე უდრტვინველად მიყვება ამ გზას. მაშინ რატომაა საჭირო ყველაფერი დანარჩენი, რატომ ცდილობენ ისინი ერთმანეთს სიმართლე დაუმტკიცონ?  მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ესეც თამაშია - თამაში ერთმანეთზე გამარჯვებისა. და ცხადი ხდება მთავარი - ამ სპექტაკლში ანტიგონე მხოლოდ იმიტომ იბრძვის რომ მოკვდეს, მხოლოდ იმიტომ რომ კრეონმა მუდმივი სიცოცხლე არ მიუსაჯოს, რომელიც ასე ზარავს მას, მიხედავად იმისა რომ ჰემონი უყვარს.

რატომ უნდა უნდოდეს სიკვდილი ანტიგონეს? იმიტომ ხომ არა რომ არ უნდა მონობაში ცხოვრება? თუ  ხედავს რომ კრეონი დიქტატორად ყალიბდება, იცის რომ ჰემონი სუსტია და ვერ გაუწევს მამამის წინააღმდეგობას და არც მაინცდამაინც დიდ პერსპექტივად მიაჩნია თავისი მომავალი და ის ტანჯვა რომელიც ელის, მაშინაც კი, თუ ვაჟი გაუჩნდება?  ხომ სავარაუდოა,  რომ ისიც  სახელმწიფო მანქანის და „პოლიტიკის“ მსხვერპლი გახდებს?

კრეონი - გ. როინიშვილი ჯერ დათმობას არ აპირებს. კიდევ ერთ ხერხს მიმართავს - ამჯერად ძმების ისტორიას ყვება - ემოციურად, უმაღლესი მსახიობური ოსტატობით,  სადაც მთხრობელიც და მთავარი როლის შემსრულებელიც იგია, აფრიალებს  ძმათა სისხლიან პერანგებს - „ყველაფერი პოლიტიკაა“  ამბობს კრეონი - გ. როინიშვილი (როგორი ორმაგი სიმძლავრით ჟღერს ეს ფრაზა პარლამენტის ყოფილი წევრისგან! ) და კულმინაცია - უეცრად ანტიგონე საქანელის თავზე მოექცევა. კრეონი კი ქვევით,  თითქოს მიწაზეა გართხმული და უკვე მათი ბრძოლა ფიზიკურ შეტაკებაში  გადადის. კრეონი  ანტიგონეს მწარედ  ნაკბენს აკვარიუმის წყლით იშუშებს და გადაწყვეტილებაც მიღებულია.  კრეონის ბრძანებით ანტიგონე მიჰყავთ.

დილეგში მოხვედრილი ანტიგონე, როგორც კი გამოდის ამ თამაშიდან, მისთვის ჩნდება კითხვა - „ნეტავ ვიცოდე რისთვის ვკვდები?“ - ის კვდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ იცოცხლოს. ბოლოს და ბოლოს კრეონიც მიხვდება ამას. ჰემონთან საუბარში ამბობს კიდევაც -„მან სიკვდილი აირჩია“ და აქ, ერთადერთხელ ხდება ამ ორი დაპირისპირებული ადამიანის თანხვედრა, ისინი აღარ იბრძვიან, ანტიგონემ აჯობა კრეონს. მან თავისას მიაღწია - კრეონისაგან მოიპოვა სიკვდილის უფლება  და კრეონიც დათანხმდა - ანტიგონე მშვიდად უბრუნდება ჯურღმულს და თან ჰემონსაც „გაიყოლებს“.

ჰემონს (გ. ჭუმბურიძე)  მხოლოდ ორი სცენა აქვს წარმოდგენაში - ორივე მნიშვნელოვანი: ანტიგონესთან და საკუთრ მამასთან. ორივე მათგანს მსახიობი დიდი ემოციითა ატარებს - უნდა ითქვას ოდნავ ზედმეტადაც. ანტიგონესთან შეხვედრისას ვერც ხვდება რა ტრაგედია ელის წინ. ჰემონი - გ. ჭუმბურიძე ტახტის მემკვიდრე და შეყვარებული ყველაფერში ენდობა ანტიგონეს, აღმერთებს მას, აფასებს მის სიძლიერეს და თავისუფლებისკენ ლტოლვას - თუმცა ძალზე აკვირვებს  მისი უცნაური ტექსტები. რაც შეეხება მამასთან საუბარს - იგი თავიდან თითქოს კატეგორიულიცაა, უხეშიც, მომთხოვნიც, თუმცა ვერაფერს აღწევს და არც ყვირილი შველის - „ნუ მოკლავ ანტიგონეს“ - ერთს კი ხვდება - გამოსავალი არ არსებობს. ყველაფერი გადაწყვეტილია.

თ. მაყაშვილი თამაშობს მკაცრ, მაგრამ სამართლიან და მოსიყვარულე ძიძას. ანტიგონე მისი ფავორიტია, რომელიც იოკასტას სიკვდილის შემდეგ მის ხელში აღმოჩნდა და მისთვის მზრუნველობა არ მოუკლია. უთენია შეხვედრისას  ხვდება, რომ ანტიგონე  რაღაცას ატყუებს - კარგად იცის მისი ხასიათი და ისიც, რომ პაემანზე სვლისთვის არ დახარჯავდა დროს. თუ ამ საუბრის შედეგად ვერ აღწევს სიმართლის გაგებას, მეორე სცენაში მისთვის ყველაფერი ნათელია. ამიტომ განიცდის თ. მაყაშვილი - ძიძა ასე მწარედ ანტიგონეს თხოვნას, მის ძაღლს მოუაროს,  ზუსტად ხვდება, რომ ანტიგონეს გადაწყვეტილება საბოლოოა - მის მიერ უდედოდ აღზრდილი საყვარელი პირმშო ემშვიდობება მას. ასევე უაღრესად ემოციური და ტრაგიკულია მისი გამომეტყველება, მაშინ როცა  ართმევენ ანტიგონეს. მის სახეზე უდიდესი ტკივილი და ტანჯვაა აღბეჭდილი. დამუნჯებულს, შეძრწუნებულს და განადგურებულს აღარაფერიღა დარჩენია, მდუმარედ გამოემშვიდობოს ანტიგონეს.

მ. ძაგანიას ისმენე - მედიდური, მამაკაცების ყურადღებით განებივრებული, ქარაფშუტა ქალია. კრეონის წინაშე მორიდებამ და ალბათ პატივმოყვარეობამ მის ერთგულად აქცია. ოჯახში ლიდერობს და ცდილობს ანტიგონე „გონზე მოიყვანოს“. არა გადაარჩინოს და იხსნას განსაცდელიდან, არამედ გადაარწმუნოს, დააბრუნოს „სამუდამო ტყვეობაში“. და მხოლოდ მაშინ, როცა ხვდება რომ ანტიგონეს ბედი გადაწყვეტილია, მძაფრად იმაღლებს ხმას და ამბობს იმას, რაც ყველაზე  ძალიან აშინებს კრეონს - „შენთან ერთად წამოვალ, მერე სხვებიც ...წამოვლენ“. მ. ძაგანია - ისმენე იცვლება და იგიც ასევე კატეგორიული და ძლიერი ხდება, როგორც მისი და ანტიგონე იყო.

კვლავ იბანენ ხელს  აკვარიუმის თავზე, ახლა კი კრეონი და აკვარიუმის წყალი სისხლით იღებება - ჰემონის სისხლით.

თეატრონის დროებითი სტუმრების აჩრდილები:   ევრიდიკა, ეთეოკლე, პოლენიკე, ჰემონი თანდათანობით ზეცას უერთდებიან. სისხლისფერ წითელ კამზოლში გამოწყობილი კრეონიც სტოვებს თეატრონს, სადაც ეს წარმოდგენა გათამაშდა და რომელიც  ასევე წითლადაა გაფერადებული. მაყურებლისკენ ზურგშექცევით ნელ-ნელა ადის მაღლა, თუმცა ეს საფეხურები დაღმავალი კიბეა, რომელსაც იგი ქვემოთ დაცემისკენ, უფსკრულისკენ მიაქანებს და მსახიობის ზურგზე აღბეჭდილია ის ტანჯვა და ვაება, ის სიმწარე და ის კატასტროფა, რაც მის გულში ტრალებს,  რაც მან განიცადა და რისი თავიდან აცილებაც  ბედისწერამ  არ არგუნა.

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა