განიმუხტეთ, დაისვენეთ და იცეკვეთ ტანგო!
4-03-2014, 02:04

თანამედროვე ქართველ მაყურებელს დღეს, მგონი, აღარაფერი აოცებს. ქართული თეატრი ეტაპობრივად ჭრის ვიწრო თეატრალურ სივრცეს და მიმართავს ნებისმიერ ექსპერიმენტს, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით. შესაბამისად, მაყურებელს დღეს აღარაფერი უკვირს, რომელიც ხან სცენიდან, ხანაც დარბაზიდან ადევნებს თვალს მსახიობის თამაშს, ხანაც სცენის გვერდითა სათავსოებიდან გათამაშებულ ეპიზოდებს, რომელსაც სცენაზე ეკრანის საშუალებით ვუცქერთ. უკვე ჩვეულებრივ ამბად (ტრივიალურადაც კი) იქცა მონიტორის, ანიმაციის, მულტიმედიის სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება თანამედროვე ქართველ რეჟისორთა სპექტაკლებში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტექნიკურად გაუმართავია და შედეგად რეჟისორის ჩანაფიქრი მხატვრულ ხარისხში მაყურებლამდე ვერ აღწევს.

მაყურებლის უჩვეულო განლაგებითა და მულტიმედიური ხერხებით გაჯერებული მორიგი ახალი სპექტაკლი განხორციელდა თუმანიშვილის თეატრში. ნინო მირზიაშვილის პიესა „მაცეკვე ტანგო“ რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ განახორციელა. ამ სპექტაკლშიც, რეჟისორმა მიმართა უკვე მრავალგზის აპრობირებულ ხერხებს, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ წარმოდგენაში ყველაფერი ლოგიკურია და მხატვრულად გამართული, დახვეწილი, ე.წ. „ჭუჭყის“ გარეშე. თუნდაც ვიდეო გრაფიკა, რომელიც სცენის უკანა ფონზე არაერთხელ „ინთება“ სხვადასხვა ხედებითა და გამოსახულებით. (ვიდეო - გრაფიკა ირაკლი ზურაბიშვილის). მულტიმედიური ხერხი ამ შემთხვევაში ლოგიკურად და ტალღისებურად „შემოდის“ სპექტაკლში, როგორც ფიქრი, წარმოსახვა და თან (რაც ძალიან მნშვნელოვანია) ტექნიკურად გამართულად, მათემატიკური სიზუსტით.

რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ „სცენა“ მაყურებელთა დარბაზში შეჭრა და „პარტერი“ მის ირგვლივ, დიაგონალზე განალაგა. ფორმით გადაჭრელებულ ქართულ თეატრში სცენური სივრცე ამგვარად ჯერ არავის გადაუჭრია, მაყურებლის ერთი ნაწილი სცენის შუაგულშია და არა გასწვრივ. მსახიობსაც საკმაოდ რთულ, ექსპერიმენტულ და ვფიქრობ, საინტერესო ხერხით უწევს ურთიერთობა მაყურებელთან. სპექტაკლში ბევრი რამ პირობითია, ბევრიც რეალისტური. ამ სტილისტიკის აღრევას მაყურებელი ვერ გრძნობს, ყველაფერი მისაღებია და ლოგიკური, არ ჩნდება ზედმეტი და პასუხგაუცემელი კითხვები. მაყურებელი იოლად, ბრმად, ნიჰილიზმის გარეშე მიჰყვება რეჟისორისა და მსახიობების მიერ შემოთავაზებულ ხერხს, რომელიც იმდენად დამაჯერებელია და გულწრფელი, რომ გადამოწმების სურვილი არ გიჩნდება, თანაც პიესის სიუჟეტი ისე სწრაფად, თანმიმდევრულად და დინამიკურად ვითარდება, რომ მას მიჰყვები და ყველაზე კრიტიკულ მაყურებელსაც კი არ რჩება დრო „ინტრიგნობისთვის“.

თუ არ ვცდები, ნინო მირზიაშვილისთვის „მაცეკვე ტანგო“ დებიუტია დრამატურგიაში და ახლა უკვე, შესაბამისად, ქართულ თეატრშიც. ის თუმანიშვილის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ (ხელმძღვანელი ამავე თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე მანანა ანთაძე) აღმოჩენაა. სასიხარულოა, რომ თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში კიდეც ერთი ახალი სახელი გამოჩნდა, რომელმაც ამ სივრცეში დასამკვიდრებლად ერთი წარმატებული ნაბიჯი უკვე გადადგა პიესით „მაცეკვე ტანგო“, რომელიც ფრანგულ ბულვარულ კომედიას გვაგონებს. ქართული რეალობა და თანამედროვეობა, ქართველი გმირები - კაცები და ქალები, მათი ურთიერთობები ერთმანეთთან და თაობებთან ოსტატურად არის წარმოჩენილი პიესაში. დებიუტანტი  დრამატურგი აშკარად ფლობს დრამატურგიის ხერხებს, ტექნიკას, სწორად, თანმიმდევრულად და ლოგიკურად ავითარებს მოვლენებს პიესაში, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ რეჟისორს მსახიობებთან ერთად ამ პიესის ატმოსფეროს წარმატებით აცოცხლებს და სხვა მხატვრულ ხარისხში აჰყავს.

სპექტაკლში გათამაშებულია შეყვარებული წყვილის სიყვარულის წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორია, რომელშიც უნებლიეთ მეზობელად მცხოვრები ცოლ-ქმარი ერთვება და იქმნება უამრავი კომიკური სიტუაცია. მსახიობის ოსტატობის ნამდვილ მასტერკლასს ჰგავს ნინელი ჭანკევტაძისა და გია აბესალაშვილის თითოეული გამოსვლა სცენაზე. მსახიობები დეტალებით, ნიუანსებით სვამენ აქცენტებს, მათ მიერ შექმნილი მხატვრული სახეები გლობალურია, ახლობელი და რეალური. სამსახიობო ანსამბლში ლოგიკურად ჩაეწერენ ახალგაზრდები: ქეთი ასათიანი (ნატო) და ბექა ჯუმუტია (ბექა), რომლებიც ახალგაზრდული ტემპერამენტით დაუოკებელნი იბრძვიან სიყვარულის გადასარჩენად, ისინი ხატავენ მეოცნებე, მებრძოლ, დადებით პერსოაჟებს, რომლებსაც არც ისე შესწევთ უნარი გონივრულად მოაგვარონ პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, რაც ლოგიკურია, მათში, როგორც ახალგაზრდებში ემოციურობა უფრო სჭარბობს, ვიდრე რაციონალიზმი და სიდინჯე. გია აბესალაშვილი (გიორგი) ნატოს მამის მხატვრულ სახეს მდიდარი გამომსახველობითი ხერხების საშუალებით ქმნის, მისი გმირი სახასიათო ტიპაჟია, ბობოქარი, ემოციური, მკაცრი მამა, მაგრამ ძალიან კეთილი და გულუბრყვილო, იმპულსური. აივნის მეზობლებს განსახიერებენ ზაზა მიქაშავიძე (კოტე) და ნინელი ჭანკვეტაძე (ნელი), რომლებიც რამდენიმე ათეული წელია ცოლ-ქმარი არიან და მათი ისტორია მეზობელი ნატოს სიყვარულის ისტორიას გავს. ნინელი ჭანკვეტაძე იმ ქალის ტიპაჟს ხატავს, რომელმაც ოდნავ სასოწარკვეთილია და გულგატეხილი, რომელიც ცდილობს მისი ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. მსახიობი ამ როლშიც მოწოდების სიმაღლეზე დგას და დიდად ეხმარება სპექტაკლის საერთო წარმატებას.

 

მამუკა ტყემალაძის სპექტაკლი მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკასა და პოლიტიკურ ქვეტექსტებს, მასში უფრო სოციალური, მენტალური სახის პრობლემები შეიმჩნევა, რომელიც პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების წყალობით სპექტაკლში გადაიჭრება. სპექტაკლის პერსონაჟები როდი არიან იდეალურები, მათაც ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული, აწუხებთ და სტიკავთ ყველაზე მნიშვნელოვანი - ურთიერთობის დეფიციტი. სპექტაკლში ყველაზე მწვავედ კომუნიკაციის პრობლემა დგას, დიალოგის გაუმართაობას ადამიანები კრიზისამდე, ჩიხამდე მიჰყავს, მეორე მხრივ, ზედაპირული ინფორმაცია არსებულ, ხელოვნურად შექმნილ პრობლემაზე ანგრევს ჭეშმარიტ და გულწრფელ ურთიერთობებს. მართალია, სპექტაკლზე  „მაცეკვე ტანგო“ მისული მაყურებელი ბევრს იცინებს, ისიამოვნებს, დაისვენებს, მაგრამ თეატრიდან გამოსულს აუცილებლად მოუწევს ფიქრი იმ დეტალებზე, რომელიც მას, ან მის გარშემომყოფთა ცხოვრებიდან ეცნო. აბა, ქართული თეატრი ტრადიციას ხომ არ უღალატებს, მსუბუქი კომედიითაც კი გარკვეულ პრობლემაზე არ დაგაფიქროს.

 

P.S. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა