ნინო ლიპარტიანი: - ექსპერიმენტების დრო არ მაქვს!
8-03-2014, 13:46
ავტორი:  თეა კახიანი

თეა კახიანი - ნინო, ჩვენ ვაკეთებთ ინტერვიუების სერიას რეგიონალური თეატრების სამხატვრო ხემძღვანელებთან, ასეთი ინტერვიუ უკვე შედგა ჭიათურის და ზუგდიდის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან. ძალიან მძიმე ვითარებაა ზუგდიდის თეატრში.  რა მდგომარეობაა თქვენთან, რა მდგომარეობაში  დაგხვდა ზესტაფონის თეატრი?

ნინო ლიპარტიანი - მე ვნახე გადაცემა ზუგდიდის თეატრზე და არანაკლებ მძიმე მდგომარეობა დამხვდა ზესტაფონშიც. მართალია ჩვენ არ გვაწვიმს და შენობა არ ინგრევა, მაგრამ სხვენი გამოკეტილი გვაქვს. არის ადგილები სადაც, ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა. გამგეობაშიც სულ ვჩივი ამის თაობაზე, ერთადერთი კულტურული ცენტრი აქვთ და ისიც მოუვლელი, სირცხვილი არ არის? თან ვერ ვიტყვი რომ არ უნდათ დახმარება, ძალიანაც მოსწონთ, თავი მოაქვთ და მეც ვეთანხმები, რომ ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, ისევე როგორც სხვა ქალაქები. რაზეც მივმართე ყველაფერი გამიკეთეს, მაგრამ ეს არის მინიმალური. მესმის მათი, მათაც უჭირთ ფინანსებში, ციტა აქვთ გამოყოფილი. იქედან რასაც მეხმარებიან დარბაზს, ფოიეს და ა.შ. ვერ გავარემონტებ. მაგრამ  გავარემონტე საგრიმიორო ოთახები, ის ადგილები, სადაც ჩვენ ძირითადად ვტრიალებთ. საერთოდ არ იყო სველი წერტილები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ტუალეტები. მე არ მესმის რა შემოქედებით მიღწევევბზე უნდა ვისაუბროთ თუ ელემენტარული პირობა არ შექმენი იმისათვის, რომ მუშაობა მოგინდეს, და რაც მთავარია ადამიანად ჩათვალო თავი.  მაყურებელთა დარბაზიც მძიმე მდგომარეობაშია, სავარძლებიდან ლურსმნები ერჭობა მაყურებელს, მაგრამ ამის მოწესრიგებას მეტი თანხა სჭირდება. კიდევ კარგი გათბობის სიტემა გამართული დამხვდა, ოღონდაც ვერ ვრთავთ.   იმდენად გაყინული იყო კედლები, რომ ღამითაც ვტოვებდით და თვეში 8 000 ლარი მოგვივიდა გადასახადი. და ეს ფაქტიურად მთელი ჩვენი საოფისე ბიუჯეტია. ახლა ეკონომიაზე გადავედით. მივხვდით, რომ ასე ვერ გავათბობთ თეატრს. არადა მაყურებელს თუ გამთბარ თეატრს არ დაახვედრებ, მერე ვიტყვით, რომ მისი თეატრში არ მოსვლა სპექტაკლების ხარისხის ბრალია. არადა ყველაფერი მარტივია, ერთხელ და ორჯერ რომ გავიყინები, მესამედ აღარ მივალ თეატრში. მათალია, ჩვენ ისეთ დროს დავამთავრეთ, ერთ ელექტრო პლიტას ვიყავით მიფიცხებული და არაფერი გვიკვირს, მაგრამ ხომ უნდა გადავლახოთ რაღაც? ახლა ხომ უკვე სხვა მოთხოვნები გვაქვს? ჩვენ 200 000 გვაქვს ბიუჯეტი, აქედან 15 000 სადადგმოს ეკუთვნის დანარჩენი ხელფასებია და 10 000 საოფისე, ამ თანხით გამორიცხულია რომ მთელი სეზონი გათბობა ჩართო თეატრში. 

 

.კ. - და დამატებითი თანხების მოძიების გზები და საშუალებები თუ არის რეგიონში?

.ლ. - ერთადერთი გზა სპექტაკლის გაყიდვაა. მთლიანად ყიდულობს ორგანიზაცია სპექტაკლს და მერე ბილეთებს თავის თანამშრომლებსა და ახლობლებში არიგებს. ამ მეთოდმა გაამართლა და ფული კარგად შემოგვივიდა, თეატრში ყველა გაოგნებული დარჩა, რასაკვირველია ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ საახალწლო სპექტაკლი იყო და ახალ წელს ბევრად უფრო მარტივია სპექტაკლის გაყიდვა, უკვე მე ამ ტერმინებით დავიწყე საუბარი (იცინის). ახლა, ჩვენ, თეატრის შემოსავლებზე ვართ დარჩენილი, ამიტომ  ამას მივაქციეთ ყურადღება, კარგად ამოვიღეთ თანხა.  ამავე დროს ჩვენთვის გასაგებია, რომ ყოველთვის ვერ ვიზამთ ამას, საახალწლო დღეები სხვა საქმეა და სხვა დროს მაყურებელი ნაკლებ აქტიურია.

 

.კ. - მართლაც მარკეტინგის კუთხით, ყველგან ერთი წესები მოქმედებს.  პაატა ციქურიშვილიც ამბობს, რომ ვაშინგტონში ის აუცილებლად ითვალისწინებს დროის და მაყურებლის მოთხოვნებს, ვალენტინობას „რომეო და ჯულიეტას“ დგამს,   „ჰელოუინის“ დროს „ფრანკენშტეინს“ და ა.შ.

.ლ. - დიახ, ასეა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ის დრო და გარემო სადაც რაღასაც აკეთებ. უნდა გაითვალისწინო მაყურებლის მოთხოვნა, რათქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უხარისხო და უგემოვნო პროდუქცია შექმნა. ამას ვერც გააკეთებ თუ შინაგანად არ ხარ ეგეთი.

 

.კ. - რასაკვირველია ყველაფერი კომერციამ  არ უნდა გადაწყვიტოს!

.ლ. - მაგრამ აუცილებლად მოგიწევს იმის გათვალისწინება, რომ ზესტაფონში ფსიქოლოგიურ დრამას, ამ ეტაპზე, ვერ დადგამ. ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის! ის სოციუმი აუცილებლად უნდა გაითვალსიწინო რომელშიც ტრიალებ. იმიტომ რომ მის გარეშე არაფერი  ხარ, არაფერი ხარ თუ მაყურებელი არა გყავს. ზესტაფონში იყო წლები, როცა მაყურებელი საერთოდ არ იყო, მთლიანად მაყურებელი გაქრა თეატრალური სივრციდან, მხოლოდ თბილისით ხომ ვერ ვიმსჯელებთ? მაყურებელი მოსაწვევითაც კი არ მოდის თეატრში.

 

.კ. - ეს იმას ხომ არ  ნიშნავს, რომ თეატრში სიარულის კულტურა დაიკარგა?

.ლ. - მაყურებელს არ უნდა მოსვლა, ეზარება. ამის ერთ- ერთი მიზეზი თუნდაც ეს არაკომფორტული გარემოა. ჩვეულებრივ, როცა ადამიანს  ცივა, როცა სავარძლიდან ლურსმანი ერჭობა და ამასთანავე შინ პრობლემები აქვს, თეატრში მისვლით სიამოვნებას ვეღარ გრძნობს. ამას წლები სჭირდება რომ თეატრს ისევ დაუბრუნდეს მაყურებელი. ამიტომ აღარ მაქვს ექსპერიმენტების დრო. ამიტომ გადავწყვიტე  მოვიწვიო რეჟისორები, ვისი სპექტაკლებიც ვიცი. ბოლო დროს კრიტიკის საგანი გახდა ის, რომ თბილისში  დადგმული სპექტაკლი  ზესტაფონშიც დაიდგა, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ კრიტიკას. ერთ ადგილას რომ დაიდგა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ დაიდგას იგივე. იქ ხომ სხვა შემადგენლობით იდგმება? რაც თავისთავად სხვა ამოცანებს უსახავს რეჟისორს.

 

.კ. - დიახ, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ამ კრიტიკის კონტექსტი სხვა რაღაც იყო, რომ სპექტაკლებს მხოლოდ სათაურებს უცვლიან და როგორც ახალს ისე ასაღებენო!

.ლ. - სათაური შეგნებულად შევუცვალეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ „დეჟავუ“ არ იყო ზესტაფონისთვის შესაფერი და გასაგები სათაური, დავარქვით „დაუსრულებელი რომანი“. მე  ამას შეგნებულად ვაკეთებ, როცა ზუსტად ვიცი, რომ რეჟისორმა კარგად იმუშავა და სპექტაკლი ასე ვთქვათ „გამოუვიდა“ თბილისში, „გამოუვა“ ზესტაფონშიც. მინდა მომავალშიც იმავე ხერხს მივმართო და გაგა გოშაძესაც ვთხოვო თბილისში დადგმული სპექტაკლი ზესტაფონშიც დადგას. ვთვლი, რომ ამაში ცუდი არაფერია, მითუმეტეს, რომ ამ მიდგომამ გაამართლა, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა,  როცა ვამბობ, რომ ექსპერიმენტების დრო არ მაქვს ამასაც ვგულისხმობ!  

 

.კ. - ნინო, ზესტაფონში სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, ეს იმ დაძაბულ ვითარებაში, რაც ზოგადად ამ კონკურსმა გამოიწვია, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.

.ლ. - დიახ, თან თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ  ზესტაფონში ყვალაზე დიდი კონკურსი იყო, ოთხ კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტაცია, სხვაგან 2 კანდიდატზე მეტი არ ყოფილა...

.კ. - თუმცა კულტურულად ჩაიარა პროცესმა

.ლ. -სწორედ ასე იყო, არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს და  არავის არ გაკვირვებია ჩემი დანიშვნა, თუმცა კომისიის  წევრებს შორის, როგორც მე ვიცი, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა

 

.კ. - ნინო, რა შინაარსის იყო შენს მიერ წარდგენილი პროგრამა?

.ლ. მასში ავსახე ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანმა თეატრს გაუკეთოს. ჩემს თავზე ავიღე ის რომ პირველად პრობლემებს მოვაგვარებდი და მოვაგვარე კიდეც. რასაკვირველია ჩემი ხარჯებით, როგორც ვთქვი, დიდ რემონტს ვერ გავაკეთებ, თუმცა მჯერა რომ ეტაპობრივად და ნელ-ნელა ყველაფერს შეიძლება მიაღწიო. მე თეატრში დამხვდა განწყობა, რომ ამ თეატრს არაფერი ეშველება თუ არ დაანგრიე და თავიდან არ ააშენე. მე ასეთი რადიკალური აზრების მომხრე არა ვარ !  ვმუშაობთ გასტროლების საკითხზე, ვიყავით გორში, გვინდა წავიდეთ ჭიათურაში და მე სულაც არ მგონია, რომ ეს ფულის შოვნის წყარო უნდა გახდეს.

.კ. - ეს თეატრის ცხოვრების წესი უნდა იყოს...

.ლ. - ეს აზარტი თავისთავად უნდა გაჩნდეს, გასტროლები უნდა იყოს თეატრის ცხოვრების გამოცოცხლების წყარო. მიდის თურქეთთან და ამერიკასთან მოლაპარაკებები, ჩვენი დირექტორი სერიოზულად მუშაობს ამ საკითხზე! იმასაც კი არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ახლა ამის ფული არ გვიდევს. ფულსა და გასტროლებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როდესაც ჩემი კოლეგები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩამოსვლა და მოდით ცუდად ვიტყვი, ფულის გაკეთება უნდათ ზესტაფონში, ეს არასწორი და არარეალურია. პირდაპირ ვამბობ, მდგომარეობა ისეთია, რომ  ჩვენივე სპექტაკლებზე გვიჭირს ბილეთების გასაღება, არ მოდის მაყურებელი. და ამ სიტუაციაში გასტროლის გაკეთება ფულის შოვნის იმედით საღ აზრს  არის მოკლებული. რათქმაუნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან სამი ლარი ღირს ბილეთი, ამხელა შრომას ვდებთ ჩვენს საქმეში, შემოიხედონ ერთი და ნახონ როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ მზადდება სპექტაკლი.  მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სამი ლარის გადახდაც კი ენანება ვიღაცას. თუმცა რასაკვირველია არიან ადამიანებიც, რომლებსაც ესმით თეატრის მნიშვნელობა. ზოგს კი, სამწუხაროდ,  თეატრი ტაშ-ფანდურა გონია და არ ესმის ამ ტაშ-ფანდურაში ფული რატომ უნდა გადაიხადოს. დასანანია, როცა თეატრალური წარმოდგენა კულტურის სახლის კონცერტებთან არის გაიგივებული

 

.კ. - პროფესიული თეატრის საწყისებთან ვბრუნდებით?

.ლ. - მე თითქმის ავკრძალე თეატრში ზედმეტი კულტურული ღონისძიებები. რასაკვირველია ჩვენც გვჭირდება დამატებითი თანხები და დარბაზს გავაქირავებთ, მაგრამ თეატრს კულტურის სახლად ვერ გადავაქცევ. დავდეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წელიწადში სამი ღონისძიების ჩატარების უფლება ექნებათ მხოლოდ, რას კიდევ ასატანია. ამით ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ განსხვავებას, რომელიც არსებობს კულტურულ ღონისძიებასა და სპექტაკლს შორის. საწყენია ასეთ საკითხებზე რომ მიწევს დროის კარგვა.

 

.კ. - ძალიან სამწუხაროა, ჩანს, რომ რეგიონებში რთული ვითარება და ბევრი პრობლემაა, პირველ რიგში ალბათ გარკვეული ნაბიჯებია გადასადგემლი მაყურებლის თეატრში  დასაბრუნებლად...

.ლ. - დადებითიც მინდა ვთქვა, ზესტაფონში არის მაყურებლის ის კატეგორიაც, რომელიც ზუსტად გრძნობს და ზუსტად აღიქვამს სპექტაკლს. ეს ძალიან სასიხარულო და მოულოდნელიც იყო ჩემთვის. ასევე, მე დამხვდა ძალიან კარგი დასი, საკმაოდ მაღალი პროფესიული დონით! და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი არ არის პროფესიონალი მსახიობი. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს.  ცოტა ხნის წინ ახალგაზრდების მოსაზიდად კონკურსი გამოვაცხადეთ. ავიყვანეთ ერთი გოგო და ერთი ბიჭი, ცოტა გაუჭირდათ   ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა პირობები შევუქმენით, გავურემონტეთ ოთახები, ცხელი წყლით, შხაპით. 4-5 ოთახი მაქვს სადაც შემიძლია მსახიობები ვაცხოვრო.. მთავარი  ის არის, რომ ძალიან ჯანსაღი გარემო შეიქმნა, არ არის ინტრიგები, მსხაიობები ამბობენ, რომ უხარიათ რეპეტიციაზე მოსვლა და ეს ბედნიერებაა!

ნინო ლიპარტიანი: -  ექსპერიმენტების დრო არ მაქვს!

.კ. - შენ როგორც რეჟისორს რა შემოქმედებითი გეგმები გაქვს?

.ლ. - მე დავიწყე  ვებერის „ბრიყვთა ვაშმის“ დადგმა, მაგრამ მერე გავაჩერე, რადგან ახალი წელი მოდიოდა. საახალწლოდ გამოვუშვი „მეფე შიშველია“. და აი ახლა ისევ ავდივარ სცენაზე „ბრიყვთა ვახშამით“. სამწუხაროდ არის იმის პრობლემა რომ რეპერტუარს გამართულად ვერ ამუშავებ, რადგან ერთხელ რომ დადგამ სპეტაკლს და მაყურებელს მოიყვან, მერე ახალი სპექტაკლი უნდა დადგა. როგორღაც იწურება  მაყურებელი ...

 

.კ. - „თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვითაც არასახარბიელო მდგომარეობაა, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  თეატრში საქართველოს მოსახლეობის 9,5% დადის, ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან  ცოტაა.

.ლ. - ამ კვლევებით მე არ ვიცი რამდენად ზუსტი შედეგები დგება. ვინ აწვდის ინფორმაციას კვლევისათვის? თეატრები? და მათ უნდა ვენდოთ? თუ თეატრები დაინახავენ, რომ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული თუ ვინ იქნება პირველი ადგებიან და დაწერენ იმას რაც თვითონ აწყობთ.

.კ. - კი, მაგრამ ამის გადამოწმება ხომ ძალიან მარტივია?

.ლ. - ჰოდა გადაამოწმოს ვინმემ!

 

.კ. - ე.ი. შენი რჩევაა ნაკლებად ვენდოთ თეატრებს და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩავატაროთ კვლევა?

.ლ. - რასაკვირველია!

 თ.კ. - დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ, თეატრცოდნეებს გვექნება საშუალება, უფრო აქტიურად დავაკვირდეთ რეგიონების თეატრებში მიმდინარე პროცესებს

 

.ლ. - კარგი იქნება, თანაც ახლა გამზადებული გვაქვს პროექტი, გვინდა ჩავატაროთ რეგიონალური თეატრების ფესტივალი ზესტაფონში. დაფინანსება „ფეროს“ ვთხოვეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფესტივალი შედგება და ზესტაფონის კულტურული ცხოვრება გამოცოცხლდება! რასაკვირველია ყველა თეატრმცოდნეს მოვიწვევთ!  ვიბრძოლებ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო, ზესტაფონისთვის ეს ნამდვილი საჩუქარი იქნება! 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა