ორი სიყვარულის ამბავი: ერთი 30 წელს ითვლის და მეორე, რომელიც მხოლოდ ახლა იბადება - წარმოადგენს ნინო მირზიაშვილის პიესის „მაცეკვე ტანგოს“ მთავარ თემას. შესანიშნავი მსახიობების მიერ გათაშებული თანამედროვე კომედია ან ალბათ, უფრო ფარსი ან ვოდევილი, მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ძალიან დროული და აუცილებელიც კია დღევანდელ პოლიტიზირებულ ქვეყანაში. ლაღი იუმორით, კომიკური სცენებით, ვოდევილისთვის დამახასითებელი „პორსონაჟთა გათამაშებით“ აღსავსე სპექტაკლი ცოცხალ და დადებით ემოციას იწვევს მაყურებელში.
ნინო მირზიაშვილი ახალი გვარია ქართულ დრამატურგიაში, ისევე როგორც მაგ., მაკა ხარშილაძე, ლიკა მოლარიშვილი, ოთარ ქათამაძე, რომლებიც მ. თუმანიშვილის ფონდის (თავმჯდომარე მ. ანთაძე) მიერ იყო აღმოჩენილი. ამ კონკურსების შედეგად ბევრი ახალი შემოქმედი გამოვლინდა, რომლებიც შესაძლებელია, სულაც არ ფიქრობდნენ პიესების დაწერას.
დამწყები დარამატურგისთვის „მაცეკვე ტანგო“ ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, დაწერილია გამართული და თანამედროვე ენით, თუმცა მასში არის ერთგვარი ალოგიკურობაც, რაც თვალში ხვდება მკითხველსაც და მაყურებელსაც. მაგ. ეს „პერსონიფიცირებული“ აივანი, რომელიც ასეთი დიდი დატვირთვით ფიგურირებს მთელი ტექსტის განმავლობაში (მასზე ბარემ ოთხჯერ თუ ხუთჯერ გადადის თითქმის ყველა პერსონაჟი) უცბად სრულიად უმოქმედო ხდება, სწორედ მაშინ, როცა ის ყველაზე საჭიროა - მაშინ როცა წარმოდგენის ყველა წევრი უშედეგოდ ეძებს სახლში ჩაკეტილ, შეუძლოდ მყოფ თუ „დაკარგულ“ ნელის და არავის ახსენდება ეს სასწაულმოქმედი აივანი, რაზედაც პრინციპში აგებულია პიესის მთელი დრამატული კოლიზია. საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ მაგალითად გასაღები, რომელიც ავტორს ასევ სიმბოლური დანიშნულებით შემოაქვს ტექსტში, დრამატურგის საკმაოდ წარმატებული მიგნებაა და ახალისებს წარმოდგენას.
პიესამ გარკვეული ცვლილებები განიცადა ორიგინალთან შედარებით: შემცირდა მეორე მოქმედება და პირველთან გაერთიანდა და რაც მთავარია შეიცვალა ფინალი, რითაც დრამატურგიულმა ტექსტმა და თვით სპექტაკლმა აშკარად მოიგო. ყოფითი, ბანალური ფინალის ნაცვლად რეჟისორმა (მ. ტყემალაძე) (რასაკვირველია ავტორის თანხმობით) შემოგვთავაზა ლამაზი, ორიგინალური, რომანტიული და პარიზული ფინალი (სადაც ჩასვლას სულ ოცნებობდა პიესის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - ნელი) და ულამაზესი პარიზული ტანგო (ქორეოგრაფი მ. ალექსიძე), შესრულებული მსახიობების ნ. ჭანკვეტაძისა და ზ. მიქაშავიძის მიერ ეიფელის კოშკის წინა მოედანზე.
სპექტაკლის რეჟისორმა დამდგმელ მხატვართან (ნ. კიტია) ერთად გადაწყვიტა, რომ სრულად აეთვისებინა არც თუ დიდი მაყურებელთა დარბაზი და სცენა. ყოველი კარი და კულისაც კი „თამაშობს“. მოქმედებაც, აქ მაყურებელთა დარბაზში, ანუ პარტერში მიმდინარეობს, ხოლო მთავარი სცენა კი მხოლოდ რომანტიული, ნამდვილი სიყვარულის ასპარეზი ხდება, სადაც შეყვარებულებს ეთმობათ ადგილი. სპექტაკლი იმით თავდება, რითაც იწყება - მოსიყვარულე ადამიანთა სიხარულის ყველაზე ლამაზი წუთებით, მხოლოდ წყვილები ცვლიან ერთმანეთს - დასაწყისში ახალგაზრდები - ნატუკა და ბექა, დასასრულს ნელი და კოტე. რეჟისორმა ამით ყოფითი და რომანტიული გააცალკევა მათ ცხოვრებაში - სიყვარული მაღლა, ზედა, მთავარ სცენაზე აიყვანა, უაზრო კინკლაობა, კამათი, ეჭვიანობა და „შეცდომათა კომედია“ კი ძირს, ქვევით ჩამოიტანა - ასე ვთქვათ „დაამიწა“. მაყურებელიც სწორედ ამ სიბრტყეშია განლაგებული და თბილისისთვის დამახასათებელი ცნობისმოყვარეობით აკვირდება სხვათა ცხოვრებას.
ჩვენს წინაშეა თანამედროვე ქართული ოჯახი, რომელიც უკვე ოცდაათი წელია ერთად ეწევა ჭაპანს. კოტესა და ნელის ურთიერთობა არ უნდა იყოს რთული, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღეა და ამიტომაც ნელიც განსაკუთრებულად გაღიზიანებულია. არც უძილობა უნდა იყოს ამის მიზეზი, არც ზოგადად მოვლენების მიმართ ქმრის გულგრილი დამოკიდებულება. მიზეზი ის საუბილეო თარიღია - მათი შეუღლების დღე, რომელიც ნელის ჰგონია, რომ მხოლოდ მას ახსოვს.
მხატვარი (ნ. კიტია) და რეჟისორი მ. ტყემალაძე იმ გარემოს ქმნის, რაც ადვილად საცნობია თბილისელი მაყურებლისათვის და სადაც მსახიობები თავს ბუნებრივად
გრძნობენ. ერთი აივნით გაერთიანებული ორი მეზობელი ოჯახი, რომლებიც სპექტაკლის დასაწყისში არც კი იცნობენ ერთმანეთს, სულ მალე დიდ ვნებათაღელვაში გადაეშვება და თავისდაუნებურად ერთმანეთის პრობლემების გადაწყვეტით დაკავდება. ეჭვიანობის სცენებს მხარდაჭერისა და თანაგრძნობის,
დახმარებისა და ხელის გაწვდის სცენები ცვლის, ქართული ტრადიციული სუფრაც კი გაიშლება სადღეგრძელოებით, ქათინაურებით და დიასახლის ნელის მიერ თეატრალურად გათამაშებული სცენებით. ყოველივე ამას დიდი ემოციით, უზადო ტექნიკით და მაღლი მსახიობური პროფესიონალიზმით ასრულებენ ამ თეატრის უფროსი თაობის მსახიობები: - ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე და გია აბესალაშვილი. ცოცხალი იუმორით, გროტესკული ხერხებით, გარდასახვის უბადლო ოსტატობით შესრულებული ყოველი სცენა - ეს ეხება თუნდავ აივნიდან გადმოძრომას, თუნდაც ნელის „გაუჩინარებას“, თუნდაც კოტეს ეჭვიანობას თუ გიორგის გათამაშებას.
ნელი (ნ. ჭანკვეტაძე) მეოჯახე ქალია, ოდნავ დაჩაგრული და გულგატეხილი, ვინაიდან ვერ შეძლო საკუთარი კარიერისთვის მიეხედა. თუმცა ბედნიერია, თუნდაც იმიტომ, რომ კარგი ქართული ოჯახი შექმნა. დროდადრო განიცდის ქმრის უყურადღებობას, მაგრამ ყოველივე ეს სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადადის. ყურადღებიანი მეუღლეა და სხვათა გაჭირვების მიმართ გულისხმიერი. ბექასა და ნატუკას ისტორია, საკუთარი სიყვარულის ისტორიას ახსენებს და ამიტომ მაშინვე დგება ახალგაზრდების მხარეზე და მისი უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით იქმნება ახალი ოჯახი. რეჟისორ მამუკა ტყემალაძისთვის პირველი არაა ნინელი ჭანკვეტაძესთან მუშაობა და ამიტომ იგი ბოლომდე ენდობა მას და სრულ თავისუფლებას აძლევს მსახიობს, არ ცდილობს რეჟისორული ხერხებით დატვირთოს სპექტაკლი, ქმნის მსახიობური ანსამბლის წარმოდგენას. შედეგად მსახიობმა ნ. ჭანკვეტაძემ შეძლო ზუსტად გადმოეცა პერსონაჟის ავტორისეული ხასიათი. მას ერთნაირი სიძლიერით მიჰყავს ყველა სცენა თუ გამოსვლა. კოტე (ზ. მიქაშავიძე) სულითხორცამდე ქართველი მამაკაცია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს ცოლის გამუდმებულ შენიშვნებს და წუწუნს, ზოგჯერ არც კი უსმენს მას.
თუმცა ეს ორი ადამიანი მაინც ერთი სული და ხორცია - სიყვარულით შექმნილი ოჯახის ორი წევრი, რომლებიც ზუსტად უგებენ ერთმანეთს, ყოველგვარი ახსა-განმარტების გარეშე. კოტე ზომიერად ეჭვიანია, ტაქტიანი და თავმოყვარე. კარგად ახსოვს ისიც (თუმცა მალავს) რა საიუბილეო თარიღია დღეს, მაგრამ მამაკაცური ღირსება არ აძლევს უფლებას იოლად და ბანალურად ჩაატაროს ეს, ნელისთვის და მისთვისაც ღირსშესანიშნავი საღამო. კოტეს მიერ ორგანიზებული „პარიზული ფინალი“ - შეყვარებული წყვილი, იმავე ტანსაცმელში შემოსილი, როგორც პირველ დღეს, საზეიმოდ აღნიშნავს ამ თარიღს და ასრულებს წარმოდგენას.
გიორგი (გ. აბესალაშვილ) ძველი ყაიდის მარტოხელა მამაა, რომლის ერთადერთი საზრუნავი მისი ქალიშვილი ნატუკაა (ნ. ასათიანი). იგი ცდილობს მას თავიდან ააცილოს აბეზარ ყმაწვილთა შემოტევა და ამით ცოტა აჭარბებს კიდევაც - არც ბექას (ბ. ჯუმუტია) - ნატუკას შეყვარებულის სახელის გაგონება სურს. გ. აბესალაშვილი ქმნის ძალიან სახასიათო პერსონაჟს, კომიკურს, მოძველებული ტრადიციების მოტრფიალეს, პათეტიკური სადღეგრძელოების ოსტატს, მაგრამ ამავდროულად მოსიყვარულე და მზრუნველ მამას. მსახიობი გროტესკული ხერხებით გადმოგვცემს გიორგის ხასიათსა და ბუნებას. აივანზე გადაპარვის, მეზობლის ოთაში „შეჭრის“ ან იქ ნადიმის გამართვის სცენებში გ. აბესალაშვილი შესანიშნავად გადმოგვცემს ამ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ პარადოქსეული პერსონაჟის ხასიათს.
სამწუხაროდ გულდასაწყვეტია ახალგაზრდა მსახიობების არათანაბარი სცენური „ცხოვრების“ მომენტები. თუ მათი გამოსვლის პირველი და მომდევნო სცენა კარგადაა შესრულებული, დანარჩენი სცენები სუსტია და ხელოვნურობის ნიშანს ატარებს - მაგ. ნელისთან სტუმრობის, აივანზე გადასვლის სცენები, რასაც ალბათ კ. სტანისლავსკის ცნობილი „არ მჯერა“ მოუხდებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლის მეორე ნაწილში მასიური სცენა - ზედმეტი ყვირილით, ხმაურითა და გადაჭარბებული ემოციით, ცოტა გამაღიზანებლად მომეჩვენა. სპექტაკლში უხვად ჟღერს მუსიკა, (მუსიკალური გაფორმება ა. მურღულია) რომელიც მხოლოდ ფონი არაა, იგი დრამატურგიულ დატვირთვას ატარებს მაგ. პროლოგსა და ფინალში, ხოლო მსახიობების მიერ შესრულებული სიმღერა კი ამ თეატრის ცნობილ ტრადიციებს აგრძელებს. ძალზე სამწუხაროა, რომ თანამედროვე თეატრმცოდნეობა არაფერს წერს სპექტაკლების მუსიკალურ მხარეზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არსებით როლს თამაშობს მხატრულ გაფორმებაში, ვინაიდან სინთეტურ ხელოვნებაში, როგორც თეატრია, იგი რეჟისორის მხრიდან ისეთივე ნაფიქრალია, როგორც თუნდაც მისი მიზანსცენები.
და ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა შევნიშნო - ის დიდი განსხვავება, ზოგადად და არა მარტო ამ სპექტაკლში, რაც იგრძნობა უფროსი თაობის და ახალგაზრდა მსახიობების მეტყველების კულტურაში. სულ ახლახანს ლია კაპანაძის საიუბილეო სპექტაკლების დროს აღმოვაჩინე, რომ ამ მსახიობის ყოველი სიტყვა-ბგერა დარბაზის ბოლოშიც კი მკვეთრად და მრავალმნიშვნელოვნად ისმოდა, რასაც ვერ იტყვი ახალგაზრდა მსახიობებზე. ეს ალბათ თანამედროვე თეატრალური სკოლის ხარვეზია, რასაც სასწრაფოდ გამოსწორება სჭირდება. მახსენდება ასე, ოციოდე წლის წინ რუსთაველის თეატრის სპექტაკლში პ. კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“ (რეჟისორი რ. სტურუა) ნატა მურვანიძეს 4 თუ 5 წუთიანი მონოლოგი ჰქონდა, რასაც იგი ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვამდა და მისი ყოველი ფრაზა და სიტყვა გასაგები იყო ამ უშველებელი დარბაზის თითოეული ყურებლისთვის. აი, ნამდვილი სკოლა და მეტყველების კულტურის ვირტუოზული ფლობა. ეს გახლდათ ქართველი პედაგოგების: მ. მრევლიშვილის, ვ. ნიკოლიაშვილის, გ. საღარაძის, ზ. კვერენჩხილაძის, ლ. კაპანაძის და სხვათა უდიდესი ღვაწლი, რომელიც დღეს სამწუხაროდ სადღაც გაქრა.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04