ფინელი რეჟისორი, იარი იუუტინენი, საქართველოს ორი თვის წინ ეწვია, სადაც თავისუფალი თეატრის სცენაზე დაიწყო მუშაობა. მონო-სპექტაკლში "ჯულიეტა, ჯულიეტა" თავისუფალი თეატრის ერთ-ერთი მსახიობი ანი ალადაშვილი თამაშობს. სპექტაკლის შიდა ჩვენება მოწვეული სტუმრებისათვის 20 მარტს, ხოლო პრემიერა - 28 მარტს შედგა. პიესა ერთ მოქმედებადაა და რეალურ ამბავს ეფუძნება, რომელიც თავად რეჟისორმა შექმნა და სასცენო ინტერპრეტირებაც მას ეკუთვნის.
სპექტაკლი ერთ ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელსაც ბანკის დიდი ვალები დაედო, რის გამოც ჭკუიდან გადავიდა და ოჯახის წევრები ამოხოცა.
რეჟისორი ამ სპექტაკლით ქართულ რეალობაში უკვე საკმაოდ ცნობილ, სცენისათვის კი ჯერ ახალ პრობლემას ეხება. ქართულ სათეატრო სივრცეში ერთგვარად ახალი მოვლენაა სცენაზე მსგავსი პრობლემის წამოჭრა, როგორიცაა: ბანკის კრედიტებით, ვალებით, გადასახადებით შეწუხებული ადამიანი, რომელიც ფატალურ შედეგამდე მიდის. დღეს, რეალურად, მსგავსი პრობლემა საქართველოში ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს საკითხი ასე გლობალური სიმწვავის ფაზაში, საბედნიეროდ, ჯერ არ არის შესული, განსხვავებით იმისა, რაც აღნიშნულ სპექტაკლში ხდება.
სპექტაკლის დასაწყისში ჩაბნელებულ სცენაზე მხოლოდ ერთ განათებულ წერტილს ვხედავთ, რომლის ცენტრშიც პატარა მწვანე ხალიჩაზე სათამაშო სახლი დგას. სიბნელეში თოფის გასროლის ხმა ისმის, შემდეგ კი სატელეფონო ზარი პოლიციაში, კაცი ატყობინებს პოლიციას, რომ მის მეზობლად სროლის ხმა გაიგო და მგონი იქ რაღაც ცუდი ხდება. გვესმის პოლიციის სახლში შევარდნის ხმა, რომელიც შემზარავი სურათის მოწმე ხდება.
რეჟისორს სპექტაკლის ფინალამდე გამოგონილი ამბით მივყავართ, შექსპირისეული გმირების სასიყვარულო ისტორიით. ჯულიეტა, რომელსაც უყვარდება რაიმო (იგივე რომეო), ისინი ქორწინდებიან, რის შემდეგაც პრობლემები იწყება. რაიმო სამსახურს კარგავს, ჯულიეტა მთელი ოჯახის ფინანსურ განმკარგველობას საკუთარ თავზე იღებს. ის მიდის და ბანკში აკეთებს კრედიტს, რათა საოცნებო სახლი შეიძინონ, თუმცა ჯულიეტას უკვე აქვს მანამდე სწავლის კრედიტი აღებული, რომელიც არ დაუფარავს. ბანკის თანამშრომელს ამ ამბავს უმალავს, რადგან უარი არ მიიღოს მისგან ახალ კრედიტზე და არ დაკარგოს სასურველი სახლი. რაიმოს და ჯულიეტას ორი შვილი უჩნდებათ. მათი შემოსავალი ვეღარ სწვდება ყველაფერს, ეს კი დიდ პრობლემებს წარმოშობს. დადგა საშიშროება იმ დღის გათენებისა, როდესაც ყველაფერი დამთავრდება და მათ საოცნებო ბინასაც გაუყიდიან. დილამდე ფული უნდა იშოვონ კრედიტის გადასახდელად, თუმცა ეს შეუძლებელია. ჯულიეტა წუხს, რომ მან ოჯახის მმართველობა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ვერ შეძლო და დაღუპა ისინი. მას გათენების მოახლოების ეშინია, ეს ის საბედისწერო დილა იქნება, როდესაც ყველაფერს დაკარგავს. ქმარს და მის ორ შვილს საძინებლებში მშვიდად სძინავთ, მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ იციან. და აი, მზის სხივიც, ჭოტის ხმა, რომელნიც გათენებას გვამცნობენ. ჯულიეტას ფსიქიკა ამ ყველაფერს ვეღარ უძლებს, ის ჭკუიდან იშლება, როდესაც ხედავს დაგროვილ ქვითრებს, ჩეკებს, გაზის, დენის, ბინის გადასახადებს. ჯულიეტა იღებს თოფს, ფრთხილად შედის შვილების საძინებელ ოთახში, სადაც მის ორ მცირეწლოვან შვილს სძინავს და...
სწორედ აქ, ამ კულმინაციურ მომენტში, რეჟისორი ძალზედ საინტერესო, ერთგვარ ექსპერიმენტულ ხერხს მიმართავს. საძინებელში თოფით ხელში მდგარი ჯულიეტა უკან ბრუნდება და პირდაპირი მნიშვნელობით სპექტაკლს აჩერებს. გამნათებელს მიმართავს, რომ შუქი აუნთოს და ის სცენიდან მოგვმართვას უკვე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი-მთხრობელი, რომელიც არ განასახიერებს არანაირ პერსონაჟს და ნეიტრალური ემოციით მოგვითხრობს რა მოხდა შემდეგ. ის გვატყობინებს, რომ აქ მთავრდება გამოგონილი ამბავი და იწყება რეალობა. რომ შემდეგ ეს ქალი შევა შვილებთან, მერე ქმართან, მოკლავს მათ და საბოლოო გასროლას თვითმკვლელობის ფაქტი მოჰყვება. დედის მიერ ამგვარი საქციელი შედარებულია დედალ კატასთან, რომელიც საკუთარ კნუტებს ჭამს, როდესაც საფრთხის მოახლოებას გრძნობს. ჯულიეტამაც თითქოს საფრთხეს და საშიშროებას ააცდინა საკუთარი ოჯახი, ტანჯვისათვის ვერ გაიმეტა და ეს ამბავი ასე სავალალოდ დაასრულა.
სპექტაკლი თავისი სპეციფიკით, ერთი მსახიობის მიერ შესრულებული რამდენიმე როლით, პარალელს გვივლებს გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლთან "სათამაშო პისტოლეტი", სადაც ასევე მსახიობი ანი ალადაშვილი (და გიორგი აბაშიძე) თამაშობს. ორივე სპექტაკლში ვხვდებით, მსახიობის მიერ განსახიერებულ ჯერ მოზარდ გოგონას, შემდეგ კი გათხოვილ, შვილებიან ქალბატონს, პერსონაჟების ცვლის შესაბამისად ის სცენაზე კოსტიუმებს იცვლის. სპექტაკლში "ჯულიეტა, ჯულიეტა" მსახიობს ასევე დამატებული აქვს რამდენიმე სხვა ქალისა და მამაკაცის პერსონაჟი. კიდევ ერთი მსგავსება ამ სპექტაკლისა "სათამაშო პისტოლეტთან" არის მოზარდი გოგონას ერთგვარი კომიკურ-ბავშვური პრობლება, რომ მას არ ეზრდება მკერდი, ოჯახის წევრები კი ამშვიდებენ, რომ მას აუცილებლად გაეზრდება.
რაში მდგომარეობს მონო-სპექტაკლის სირთულე, როგორც რეჟისურაში, ასევე მსახიობთან. მსახიობმა და რეჟისორმა ერთიანი ძალებით უნდა მიაღწიონ იმას, რომ სპექტაკლი მაყურებლისათვის მოსაწყენი არ გახდეს. რადგანაც მონო-სპექტაკლში ერთი მსახიობი თამაშობს, ამის დიდი საშიშროებაა. სპექტაკლი რაც შეიძლება მეტი მოძრაობით უნდა დაიტვირთოს, გამდიდრდეს ეფექტებით, საინტერესო ამბით და ა. შ. "ჯულიეტასთან" მოქმედების საშუალებას, რომელსაც მსახიობთან ვერ ვხვდებით, დეკორაციაც არ იძლევა, რადგან ის მხოლოდ სხვადასხვა ზომის კარდონის ყუთის რამდენიმე გროვისაგან შედგება. დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ მაყურებელი არ მოწყდეს ამბავს და სპექტაკლიდან არ ამოვარდეს. სპექტაკლი "ჯულიეტა, ჯულიეტა" ბადებს იმის მოთხოვნილებას, რომ სანახაობრივად უფრო დატვირთული იყოს. აქ ვერბალურ ნაწილს ზედმეტად მეტი დრო ეთმობა, ნაცვლად იმისა, რომ ეს მოქმედებაში გადანაწილდეს. მსახიობი ამბავს ხან სკამზე შემომჯდარი, ხან სცენაზე წამოწოლილი, ხანაც კი სცენის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაადგილებისას გვიყვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სპექტაკლის ყველაზე დიდი ღირსება ამბავია, რომელიც ასე თუ ისე იჭერს მაყურებელს და იწვევს მასში დაინტერესებას.
მსახიობი ანი ალადაშვილი დიდი მონდომებითა და შემართებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ის განასახიერებს რამდენიმე სრულიად რადიკალურ პერსონაჟს: ნორჩი ჯულიეტა, ექსცენტრიული დედა და ლოთი მამა ჯულიეტასი, მოსიყვარულე რაიმო, ბანკის მაცდური თანამშრომელი ქალი...
სპექტაკლში გამოყენებულია პროექცია, თეთრი ზეწრით შექმნილი ერთგვარი ეკრანი, სადაც სპექტაკლის მსვლელობის დროს, რამდენჯერმე უჩვენებს კონკრეტული მოვლენის შესაბამის კადრებს. ფინალში კვლავ შემოდის პროექცია, სადაც ლუი არმსტრონგის სიმღერის What a Wonderful World” ფონზე ვხედავთ ფინანსებისა და სახლ-კარის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. ეკრანზე ასევე ჩანს ქუჩის პროსტიტუციის, მათხოვრობის, ექსპლუატაციის კადრები. ეს არის ფინალი, ერთგვარი ირონიული დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი. ძალზედ ოპტიმისტურ სიმღერაზე დადებული მძიმე კადრები.
რეჟისორმა იარი იუუტინენმა სცენიდან უდაოდ ახალი სიტყვა სთქვა, რომელიც აბსოლუტური სიახლე იყო ქართული სათეატრო სივრცისათვის. ეს პრობლემა, ალბათ, უფრო, რეჟისორის ქვეყანაში, ფინეთში, ბევრად მწვავედ დგას. საქართველოში კი საბედნიეროდ ბანკის ვალების გამო, მსგავს ფატალურ შედეგებს ძალზედ იშვიათად შევხვდებით. რადგან ქართული ოჯახები ასე თუ ისე მჭიდრო დამოკიდებულებით და სიმყარით გამოირჩევიან, სადაც ოჯახის წევრები ერთდროულად ცდილობენ გამოსავლის მოძებნას და მუშაობენ თავდაუზოგავად ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
სპექტაკლი ერთ დიდი კითხვაზე პასუხს ითხოვს, რომელიც ბ. ბრეხტის ფრაზით ჟღერს: "რომელი უფრო დიდი დანაშაულია: ბანკის გაძარცვა, თუ მისი დაარსება?!"