16 აპრილს მინის თეატრმა, რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა კიდევ ერთი სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს, ეჟენ იონესკოს "მაკბეტტ". პრემიერა გაიმართა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე.
საინტერესო სცენოგრაფია, რომელიც პირველივე წუთებშივე იპყრობს ჩვენს ყურადღებას, თემატურად და პრაგმატულად არის შეთავსებული მოქმედებასთან, ჰაერში ჯაჭვებით დაკიდებული წიგნები, სცენის სიღმრეში კი ერთიმეორეზე ასხმული გაზეთები, ჩემოკიდებული კარები, მწვანე ბუშტები, სცენის ცენტრში განლაგებული პისუარები, კიბეები, ღამის ქოთნები... სცენოგრაფიაში აქტიურად გამოყენებული რუსუდან ფეტვიაშვილის ბავშვობისდროინდელი ნამუშევრები - სავსე მითიური, გამოგონილი არსებებით. ეს ხაზი მსახიობების ჩაცმულობასაც გასდევს ლაითად.
სპექტაკლი იწყება ღამის ქოთნებზე შემომსხდარი, ბალერინის "პაჩკებში" გამოწყობილი ბებერი ალქაჯებით, წელს ზემოთ შიშველი, ზურგით მდგარი მამაკაცებით, სწორედ მათ ზურგზე დაწერენ ალქაჯები სისხლით სპექტაკლის დასახელებას ოდნავ მოგვიანებით, მანამ კი კუდიანების შექსპირული დიალოგი იმთავითვე გზარავს და მიგანიშნებს რომ აქ მშვიდობა არ დაისადგურებს, ბოროტების აღვირახსნილობა სულ უფრო და უფრო რთულ სტადიაში გადავა. იწყებენ რიტუალს, სცენაზე შემოდის შექსპირისეული მაკბეტი (ლაშა მელაშვილი), მაგრამ სატელეფონო ზარი მალევე ამცნობს ალქაჯებს რომ უნდა ითამაშონ იონესკოს "მაკბეტტ" და არა - შექსპირის, რომელსაც ისინი თამაშობენ. ამ სვლით რეჟისორი ჩვენ გვამცნობს რომ მოქმედება თეატრში ხდება - "თეატრი თეატრში". შექსპირის მაკბეტი მალე სცენაზე ზურგით მდგარი მამაკაცების რიგში ჩადგება, რათა კვლავ შემოტრიალდეს - უკვე იონესკოს მაკბეტტთან ერთად, რათა მათ მკერდზეც დაიწეროს - ტ ტ...
პროლოგს მოსდევს შურისძიებით, ბოღმით ანთებული კავდორისა და გლამისის სცენა (ნიკა ჩხაიძე და გიორგი იარაჯული), მათ აღარ სურთ დანკანის მეფობა, ჩვენ მოწმე ვხდებით როგორ ისახება შეთქმულება, როგორ იფუთება მაღალი იდეალებით - დემოკრატიით, თავისუფლებით მათი პირადი ინტერესები ("უფლება უფრო და უფრო მეტი ფული ვაკეთოთ"), ვხედავთ როგორ ისახება შეთქმულება... საპირფარეშოში, პისუარებთან... პისუარები, ღამის ქოთნები - ეს რეჟისორული გადაწყვეტა მუდმივად გვახსენებს ამ სამყაროსა და ამ ქვეყნის მდგომარეობას, თვით ამ პროცესების (დამხობები, გადატრიალებები) ფეკალურ წარმომავლობას. სპექტაკლში აირწინაღითა და ესპანური "ფრეზით" შემოყვანილი მუნჯი მასხარა (პიესაში ის არ გვხვდება), სიმბოლოა იმის, თუ როგორ ხედავ, გესმის და არ შეგიძლია წინ აღუდგე იმას რაც ხდება...
ის თან ადამიანია, თან გამოგონილი მახინჯი არსება... ყველაფერს მწვანე, სიცოცხლის ფერი დაჰკრავს და მთელი ორი მოქმედების მანძილზე იმედს გვისახავს, რომ ოდესმე ამ ტირანიას ბოლო მოეღება, მაგრამ ბოლოს ირკვევა რომ ეს მწვანე სწორედ ტირანიისა და ძალაუფლებისაკენ დაუოკებელი ლტოლვის მარადიულობის სიმბოლოა...
მაკბეტი და ბენკო (ანდრია გველესიანი-ბექა კულიჯანაშვილი) ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება უერთგულესი ადამიანებიც კი გააგიჟოს ძალაუფლების წყურვილმა.
ანდრია გველესიანის გმირი ერთობ წარმოსადეგი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაა, რომელიც თავგანწირვით იბრძის დანკანისათვის (გიორგი გოგუაძე) მსახიობი ქმნის ინდივიდურ სახეს მებრძოლისა, რომელიც ძალიან ბუნებრივად გადაიზრდება სისხლისმსმელ ტირანში, თუმცა ხანდახან მისი ქმედება ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება, განსაკუთრებით იქ, სადაც მონოლოგები ან დიალოგები აქვს. თუმცა საბოლოო ჯამში ეს მსახიობი ახერხებს შექმანს ის სახე რომელიც პიესაშია მოცემული, მისი ხმის ტემბრი და ფიზიკური მხარე სრულიად აძლევს საშუალებას, რომ წარმოაჩინოს მაკბეტის გმირი მთელი თავისი "დიდებულებით". თეთრი მოსაცმელები რომლებიც წარმოდგენის დასაწყისში სრულიად სუფთაა, ნელ-ნელა სისხლით იღებება და ცოდვები რომელებსაც ისინი სჩადიან თავიანთი ბატონისათვის უფრო და უფრო ამძიმებს მათ.
დატრიალებული ამბის მთავარი გმირები კუდიანები არიან, მაგრამ ვინ არიან ეს კუდიანები? დედოფალი - ლედი დანკანი და მისი სეფექალი (მედეა ახალაძე და ნინო იოსელიანი). დიახ, ისინი გვევლინებიან კუდიანებად, ისინი ხლართავენ მთელ ამ ინტრიგებს, შავბნელ საქმეებს... ალქაჯი დანკანის ცოლია, ალქაჯი ლედი მაკბეტია, ალქაჯი დანკანის ქვრივია... და ეს პერიპეტიები უსასრულოდ გაგრძელდება. არაჩეულებრივია ამ ორი მსახიობის (მედეა ახალაძე და ნინო იოსელიანი) ტანდემი, ვინაიდან ისინი ახერხებენ ერთდროულად წარმოადგინონ სცენაზე ალქაჯები, შიშის მომგვრელი არსებები და დედოფალი და მისი სეფექალი.
საინტერესოა, როგორ შემოჰყავს რეჟისორს დანკანის პერსონაჟი სცენაზე, ის ერთი პატარა ადამიანია, რომელსაც ძალაუფლება ჩაუვარდა ხელთ და ახლა მზადაა ყველას და ყველაფერს გადაუაროს. ეს ინფანტილური, ჭირვეული ბავშვი, რომელიც დედის კალთას არ მოშორებია და მაშინაც კი როდესაც მის სიცოცხლეს პატარა საფრთხე დაემუქრება მზადაა ისევ "დედას"-ცოლს მიეკედლოს, ან კიბის ქვეშ შეძვრეს და ისე დაემალოს საფრთხეს. გარდა იმისა, რომ ეს პერსონაჟი თავად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, მსახიობი გიორგი გოგუაძე კიდევ უფრო ნათლად ხსნის მის ხასიათს სცენაზე და ყოველი მოქმედებით, მიმიკით, ხმის ინტონაციისა და ტემბრის ცვალებადობით, ერთიან სახეს ქმნის მლიქვნელი, მშიშარა და მედროვე ხელისუფალის, რომელიც თავისუფალ დროს ქსოვს, მაგრამ ამ უწყინარ საქმიანობას მშვენივრად უთავსებს მკვლელობასა და სისხლის ღვრას. არ გვტოვებს შეგრძნება რომ მოქმედება დღეს და აქ ხდება, ეს ყველაფერი ძალიან რეალურია, ძალინ ახლოს ჩვენთვის...
მაკბეტს და ბენკოს თავდაპირველად უდანაშაულოდ დაღუპული ხალხის სისხლი აწუხებთ, შემდეგ კი ეს სისხლი მათი საკვები ხდება და...იწყებენ კავდორისა და გლამისის მსგავსად, მათივე ტექსტებით, რეპლიკებით შეთქმულებას, ძალაუფლების სურვილი მოღალატეებად აქცევს მათ, აკარგვინებს ადამიანურ სახეს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში არსებობს ადამიანური სახე? რეჟისორი მთელი ამ სპექტაკლის მანძილზე მსუბუქად გვახსენებს, ვართ კი ჩვენ ის არსებები რომლებსაც შეგვიძლია ძალაუფლების გამო ადამიანების სისხლი არ ვსვათ, ერთმანეთი არ ვხოცოთ და საკუთარ ძმას სარეცელი არ შევუბილწოთ? საინტერესოდ აქვს რეჟისორს გადაწყვეტილი სცენა სადაც დანკანი მაკბეტსა და ბენკოს თანამდებობებს და მიწებს პირდება, ვხედავთ როგორ იწყება მაკბეტის ფერიცვალება, რომელსაც იმავდროულად აცდუნებს ლედი დანკანი... ამ სახელმწიფოში ჩაის იქიდან მიირთმევენ სადაც ისაქმებენ, ღამის ქოთნები მათი სავიზიტო ბარათია!
შემზარავია სცენა სადაც ალქაჯები უწინასწარმეტყველებენ მაკბეტისა და ბენკოს გმირებს მომავალს, საიდანაც იწყება მათი საბოლოო განადგურება, გარყვნა. მაკბეტი, ბენკო, ლედი დანკანი აწყობენ შეთქმულებას და თავიდან იშორებენ დაკნანს - ქსოვისას. გიორგი გოგუაძის დანკანი არასრულფასოვანი არსებაა, ის თითქოს საჭურისია, თითქოს არატრადიციული ორიენტაციის, გიჟი, მშიშარა რომელიც ხან ერთ მსახურს პირდება სიმდიდრეს ხანაც მეორეს, ოღონდ საკუთარი თავი გადაარჩინოს, მეტიც მზადაა საკუთარი ცოლიც კი გაწიროს, მაგრამ მას სწირავენ და უყენებენ სიკვდილის გზას. სანაცვლოდ თვითონ იკავებენ მის ადგილს. სისხლიანი სკამი ზეციდან ეშვება და ის დაუმსახურებლად გადაეცემა მაკბეტს, რომელიც სისხლში დგამს ფეხებს და ისე ადის სამეფო ტახტზე, ის იდგამს გვირგვინს თავზე და სულ უფრო და უფრო ეფლობა ამ ცოდვის მორევში,სადაცაა დადგება მისი მეგობრის აღსასრული...
ყველაფერი უფრო და უფრო პირქუში ხდება, სუნთქვა შეუძლებელი - თუ დანკანის დროს ერთი იყო აირწინაღით, ახლა ყველა აირწინაღშია, მხოლოდ მკვდრები ახერხებენ აირწინაღის გარეშე "გამოცხადებას". აირწინაღიანები ემსახურებოდნენ დანკანს, ახლა ემსახურებიან მაკბეტს, მოემსახურებიან შემდეგსაც, მაგრამ მაკბეტის შემდეგ უარესი ტირანი ევლინება ქვეყანას.
სცენაზე გაუთავებელი მკვლელობებია, თუმცა თეატრალურად სხვადასხვაგვარად გადაწყვეტილი - დანკანს საქსოვი ჩხირებით განგმირავენ და საკუთარი მეუღლე ძაფით მოახჩობს, ბენკოს მკვლელობისას მაკბეტი ჰაერში გამოკიდულ ბუშტს ხეთქავს და სცენაზე სისხლი იღვრება, მაკბეტის მკვლელობისას მაკოლი საჰაერო ბუშტებს ხეთქავს და წითელი ბუმბულები ეფინება სცენას... სპექტაკლის ბოლოს ლედი დანკანი მიწით სავსე ტომარას ხევს და ასამარებს მაკბეტს.... დიახ მაკბეტს და არა ბოროტებას. სპექტაკლის ფინალში შექსპირის მაკბეტი დაჰყურებს მკვდარ მაკბეტტს, ისმის ზურაბ ყიფშიძის ხმა - ზურაბ ყიფშიძე ახმოვანებს შექსპირის მაკბეტს, კითხულობს ცნობილ მონოლოგს, რომ ცხოვრება მხოლოდ ჩრდილი ყოფილა, მოარული ტაკიმასხარა....
ამ სამყაროში ყველაფერი ციკლურია, ცხოვრებას საზრისი არ აქვს, ბოროტებას კი დასასრული. ეს მასხარამაც იცის, რომელიც თავში ხელის ეფექტური შემორტყმით გვამცნობს ვაებას, იცის და გოდებს, რომ ამ მოჯადოვებულ წრეზე კიდევ ერთხელ მოუწევს გავლა თავიდან.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04